Facebook Twitter

საქმე №ას-642-2022 22 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.რ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ.რ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 37 028,00 აშშ დოლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის (რეგისტრაციის თარიღი: 07/04/2011) დირექტორად რეგისტრირებულია მ.გ–ია; წილის მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან: მოპასუხე, მ.გ–ია, ვ.ც–ი;

2.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 06 მაისის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის დირექტორად რეგისტრირებულია მ.გ–ია, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრედ - ვ.ც–ი;

2.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 17 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის დირექტორად რეგისტრირებულია დ.რ–ძე, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრედ - ვ.ც–ი;

2.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 18 მაისის ამონაწერის თანახმად, შპს „ბ–ას“ (რეგისტრაციის თარიღი: 18/05/2015) დირექტორად რეგისტრირებულია მ.გ–ია, ხოლო წილის მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან: მოპასუხე და მ.გ–ია (ს.ფ. 17-19; 22-23; 24-25; 20-21);

2.5. სს „ს.ბ–ის“ საბანკო ანგარიშის ნომერზე - GE94BG0000000548040000, 2015 წლის 09 დეკემბრიდან 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით, მოპასუხის სასარგებლოდ, არაერთჯერადად ფიქსირდება თანხის ჩარიცხვა „ O. T. S.“-ის მიერ, კერძოდ: 2015 წლის 09 დეკემბერს - 9 988,00 აშშ დოლარი; 2016 წლის 28 იანვარს - 4 988,00 აშშ დოლარი; 2016 წლის 1 თებერვალს - 4 988,00 აშშ დოლარი; 2016 წლის 25 მარტს - 4 988,00 აშშ დოლარი; 2016 წლის 28 აპრილს - 4 988,00 აშშ დოლარი; 2016 წლის 13 მაისს - 7 088,00 აშშ დოლარი, ჯამურად - 37 028,00 აშშ დოლარი (ს.ფ. 60-75);

2.6. მოპასუხემ „ O. T. S.“-ისაგან 37 028,00 აშშ დოლარი შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მიიღო, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის - მოსარჩელე კომპანიისათვის დაბრუნებას.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე კომპანია მოპასუხისაგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 37 028,00 აშშ დოლარის დაბრუნებას ითხოვს. მოსარჩელე უთითებს, რომ 2015 წლის 04 მაისს მ.გ–იამ და მოპასუხემ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კომპანიაში წილი ვ.ც–ს გადასცეს, თუმცა 2016 წლის ივნისში ჩატარებული შიდა ფინანსური შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსარჩელე კომპანიის დებიტორული მოთხოვნები ირიცხებოდა მ.გ–იასა და მოპასუხის პირად ანგარიშებზე. კერძოდ, 2014 წლის 08 აგვისტოს ინვოისის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილი - 37 028 აშშ დოლარი „ O. T. S.“-მა მოპასუხის პირად ანგარიშზე ჩარიცხა, რითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 983-ე მუხლით და მოპასუხის მიერ „ O. T. S.“-ის შესრულების მიღების იურიდიული საფუძვლის შეფასების მიზნით, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მ.გ–ია (40%-იანი წილი), მოპასუხე (20%-იანი წილი) და ვ.ც–ი (40%-იანი წილი) მოსარჩელე კომპანიის პარტნიორებს წარმოადგენდნენ. მ.გ–ია იმავდროულად კომპანიის ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი იყო (ს.ფ. 17-19). 2015 წლის 04 მაისს მ.გ–იამ და მოპასუხემ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მათი კუთვნილი წილები მოსარჩელე კომპანიაში ვ.ც–ს გადასცეს, შესაბამისად, 2015 წლის 17 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეს ვ.ც–ი, ხოლო დირექტორს, მ.გ–იას ნაცვლად, დ.რ–ძე წარმოადგენს (ს.ფ. 20-21). თავად მ.გ–ია რეგისტრირებულია შპს „ბ–ას“ დირექტორად, რომლის მესაკუთრეები არიან: მოპასუხე (25%-იანი წილი) და მ.გ–ია (75%-იანი წილი) (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 18 მაისის ამონაწერი, ს.ფ. 24-25).

5. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო პერიოდში ორივე მეწარმე სუბიექტი - მოსარჩელე კომპანია და შპს „ბ–ა“ კომპანია „ O. T. S.“-სთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა. კერძოდ, მხარეთა შორის ალკოჰოლური სასმელების ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, სადაც კომპანია „ O. T. S.“ - მყიდველს, ხოლო მოსარჩელე კომპანია და შპს „ბ–ა“ მიმწოდებლებს წარმოადგენდნენ.

6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ 2016 წლის 21 მარტის წერილზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელე კომპანიის დირექტორის სახელით, მ.გ–ია BC Liquor Distribution Branchs-ს (BC სასმელების გამანაწილებელ ფილიალს) ატყობინებს, რომ „ღვინის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით, მოსარჩელე კომპანიის უფლებები და პასუხისმგებლობები ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, კანადაში, გადაეცა შპს „ბ–ას“. შპს „ბ–ა“ არის მოსარჩელე კომპანიის რეგისტრირებული შვილობილი, როგორც მისი განაყოფი ბრიტანეთის კოლუმბიაში ღვინის ექსპორტის ბიზნესის გამოსარჩევად და ახალი ადგილობრივი პოლიტიკისა და კანონმდებლობის თანახმად, ბრიტანეთის კოლუმბიის ღვინის ბაზარზე, კონკურენტუნარიანი უპირატესობების მოსაპოვებლად“. ამავე წერილის თანახმად, „2016 წლის 10 თებერვალს, კანადის ტერიტორიაზე ყველა მყიდველისათვის, დასახელება - შპს „მ–ი“ შეიცვალა სახელით შპს „ბ–ა“. დანართად ერთვის ახალი უფლებამოსილების წერილი შიდა წარმომადგენლისათვის“ (ს.ფ. 58). იმავე შინაარსს შეიცავს მოსარჩელე კომპანიის სახელით, მ.გ–იას მიერ უშუალოდ ს.ო–სათვის 2016 წლის 21 მარტს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება (ს.ფ. 187). დასახელებული წერილის გაგზავნის მომენტისათვის - 2016 წლის 21 მარტის მდგომარეობით, მ.გ–ია მოსარჩელე კომპანიის დირექტორს აღარ წარმოადგენდა, თუმცა, მიწერილობა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ „ O. T. S.“-ის დირექტორი - ს.ო. ინფორმირებული იყო იმგვარად, რომ მოსარჩელე კომპანია და შპს „ბ–ა“ წარმოადგენდნენ არა დამოუკიდებელ, არამედ ერთსა და იმავე მეწარმე სუბიექტებს, მხოლოდ დასახელების შეცვლითა და წინა ხელმძღვანელის შენარჩუნების პირობით. აღნიშნულს ადასტურებს თავად „ O. T. S.“-ის დირექტორის - ს.ო–ს მიერ შპს „ბ–ას“/შპს „ბ–ას“ მარანისათვის 2016 წლის 18 მარტს გაგზავნილი წერილის შინაარსი (ს.ფ. 185-186) და მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლისათვის - დ.ჯ–თვის 2016 წლის 16 ივლისს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ, როგორც ს.ო–სათვის ცნობილია, მოსარჩელე კომპანიის დირექტორის - მ.გ–იას მოთხოვნით, მოსარჩელე კომპანიის პროდუქციის ექსპორტზე უფლება-მოვალეობები მის შვილობილ საწარმოს L.B-ს გადაეცა. ამასთან დაკავშირებით, „გარდამავალი პერიოდის დროისათვის“ კუთვნილი გადახდის გადარიცხვისათვის, ს.ო–მა კომპანია BERIKA-ს დირექტორის - ბატონი რ–ის საბანკო რეკვიზიტები მიიღო (ს.ფ. 219).

7. სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული წერილის შინაარსი მიუთითებს სწორედ სადავო თანხების გადმორიცხვის მიზნობრიობასაც. წერილით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდა ს.ო–ს მიერ განხორციელდა ექვსჯერ - 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისის პერიოდში, მ.გ–იას მიერ მითითებულ მოპასუხის პირად ანგარიშზე. გადმორიცხულმა საერთო თანხამ შეადგინა 37100 აშშ დოლარი. წერილში დასახელებული ფაქტის გათვალისწინებით, „ O. T. S.“-ის დირექტორმა - ს.ო–მა ითხოვა, რომ მოსარჩელე კომპანიისგან შეძენილი პროდუქციის დებიტორული დავალიანება შემცირებულიყო 37 100 აშშ დოლარის ოდენობით (ს.ფ. 55). 2020 წლის 17 თებერვლის წერილის თანახმად კი, დაზუსტებულია გადმორიცხვის თარიღები და თანხის ოდენობა: 07/12/2015 – 9 988,00 აშშ დოლარი, 27/01/2016 – 4 988,00 აშშ დოლარი, 18/02/2016 - 4 988,00 აშშ დოლარი, 24/03/2016 - 4 988,00 აშშ დოლარი, 27/04/2016 - 4 988,00 აშშ დოლარი, 11/05/2016 – 7 088,00 აშშ დოლარი და ასევე დაკონკრეტებულია, რომ ეს თანხები გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოსარჩელე კომპანიის დებიტორული დავალიანების დასაფარად, რომელიც წარმოიშვა ადრე მიწოდებული პროდუქციის შედეგად, 2014-08-08 №138 ინვოისის საფუძველზე (ს.ფ. 219).

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2014-08-08წ. №138 ინვოისი, სასაქონლო ზედნადები №138 და შემოსავლების სამსახურის დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება „ O. T. S.“-ის დირექტორის - ს.ო–ს 2020 წლის 17 თებერვლის წერილში დავალიანების წარმოშობის საფუძვლად მითითებული 2014-08-08 №138 ინვოისის საფუძველზე, მოსარჩელე კომპანიის მიერ „ O. T. S.“-ისათვის პროდუქციის მიწოდების ფაქტი (ს.ფ. 27-34).

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, ს.ო–ს 2020 წლის 17 თებერვლის წერილში მითითებული თანხები მოპასუხის №GE94BG0000000548040000 საბანკო ანგარიშზე ნამდვილად ასახულია (ს.ფ. 64-75). მოპასუხის მიერ თანხების მიღება სადავო არც გამხდარა. მოპასუხე გადაწყვეტილებას იმ მოტივით ასაჩივრებს, რომ თანხების მიღებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, თანხები მის ანგარიშზე „ O. T. S.“-სა და შპს „ბ–ას“ შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე ირიცხებოდა და იგი მხოლოდ თანხის ე.წ. „ტექნიკური გამტარი“ იყო. მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2016 წელს შპს „ბ–ამ“ „ O. T. S.“-ს მიაწოდა 42 576,00 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის მიწოდებამდე ჩასატარებელი იყო მნიშვნელოვანი სამუშაოები (ეტიკეტების შეთანხება-დამზადება, ღვინის დამზადება და ა.შ), მხარეთა შეთანხმებით, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების დიდი ნაწილის გადახდა ეტაპობრივად, მიწოდებამდე მოხდა და ეს არის სწორედ ის სადავო თანხა, რომელიც მოპასუხის ანგარიშზე ჩაირიცხა და გადაეცა შპს „ბ–ას“.

10. სააპელაციო სასამართლომ თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობასთან მიმართებით, ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ „ O. T. S.“-ის 2016 წლის 10 თებერვლის წერილზე, რომლის მიხედვით, კანადური კომპანია შპს „ბ–ას“ ატყობინებს, რომ კოლუმბიის ალკოჰოლური სასმელების გამანაწილებელ ოფისში კომერციული გადაზიდვის მიზნით, 16080 ბოთლი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 42576.00 აშშ დოლარის ღირებულების ღვინის შეძენა სურთ. შეკვეთის ხელშეკრულების ნომრად მითითებულია №04-CN, ხოლო გადახდის პირობად - „ვანკუვერში განბაჟების განხორციელებიდან 90 დღის განმავლობაში“ (ს.ფ. 178). აღნიშნული შეთავაზება შესაბამისი გადახდის პირობით - „ვანკუვერში განბაჟების განხორციელებიდან 90 დღის განმავლობაში“ - მიღებულ და დადასტურებულ იქნა შპს „ბ–ას“ მიერ, რასაც ადასტურებს დირექტორი - მ.გ–ია თავისივე ხელმოწერით (ს.ფ. 180-182).

11. სააპელაციო პალატის მითითებით, „ O. T. S.“-ის მიერ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე სადავო თანხა ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისის პერიოდში ირიცხებოდა (რამდენიმე დღის დაგვიანებით ისახებოდა საბანკო ანგარიშზე). შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლიობით, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლოგიკური მსჯელობითა და ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვით, შეუძლებელია დადგინდეს, რომ 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისის პერიოდში გადმორიცხული სადავო თანხები „ O. T. S.“-ის მიერ შპს „ბ–ასათვის“ 2016 წლის 10 თებერვალს გაკეთებულ შეთავაზებას და მისგან გამომდინარე ურთიერთანამშრომლობას ემსახურებოდა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 10 თებერვალს გაკეთებული შეთავაზების შესაბამისი მიწოდება მაისში განხორციელდა და თავად „ O. T. S."-ის დირექტორი კი გადმორიცხული სადავო თანხების მიზნობრიობაზე პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს - „მოსარჩელე კომპანიის დებიტორული დავალიანების დასაფარად“.

12. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების მიზნით, მყიდველი მეწარმე სუბიექტის მიერ თანხის გადმორიცხვის მიზნობრიობისა და კონკრეტული საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა, კერძოდ, „ O. T. S.“-ის დირექტორის წერილი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ თანხა განკუთვნილია მოსარჩელე კომპანიის დებიტორული დავალიანების შესამცირებლად. წარმოდგენილი წერილის გამაბათილებელი სხვა რაიმე რელევანტური მტკიცებულება, თუნდაც „ O. T. S.“-ისათვის თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით შეპასუხების ანდა შედავების თაობაზე მიწერილობა, მოპასუხეს არ წარუდგენია. უფრო მეტიც, არ დგინდება თანხის გადმორიცხვის დროისათვის შპს „ბ–ასათვის“ შესასრულებელი ვალდებულების არსებობა. გარდა ამისა, ვალდებულებათა სიმრავლის პირობებში შესასრულებელ ვალდებულებას მოვალე ირჩევს, შესაბამისად, შპს „ბ–ასათვის“ იმ დროისათვის შესასრულებელი ვალდებულების შემთხვევაშიც, მოვალემ ცალსახად მიუთითა, თუ რომელი ვალდებულება დაფარა, რასაც შპს „ბ–ა“ ანდა თავად მოპასუხე არ შედავებია.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

18. საკასაციო საჩივრის თანახმად:

18.1. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინების კანონიერების საკითხს შპს „ბ–ას“ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ;

18.2. შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული სადავო თანხა განკუთვნილი იყო შპს „ბ–ასათვის“ და მოპასუხე იყო მხოლოდ შუამავალი რგოლი. მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ ეს თანხა გადაეცა, მიიღო და გამოიყენა შპს „ბ–ამ“. ეს გარემოება შპს „ბ–ამ“ წერილობით აღიარა, რაც საქმეშია წარდგენილი;

18.3. თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებული სახით შევა კანონიერ ძალაში, ის არსებით გავლენას მოახდენს შპს „ბ–ას“ უფლებებსა და მოვალეობებზე. კერძოდ: მოპასუხეს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება შპს „ბ–ას“ მიმართ და შპს „ბ–ა“ ვალდებული იქნება გადაუხადოს ეს თანხა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე; თუ დადგინდა, რომ სადავო თანხა მიღებულია არა კომპანია „ O. T. S.“-სა და შპს „ბ–ას“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მაშინ აღმოჩნდება, რომ კანადურ კომპანიას ვალდებულება არ შეუსრულებია და შპს „ბ–ას“ მის მიმართ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება;

18.4. ამასთანავე, მოცემულ დავაში შპს „ბ–ას“ მესამე პირად ჩართვის შემთხვევაში პროცესზე ის დამატებით აღიარებდა ამ სადავო თანხის მიღებასა და გამოყენებას (წერილობითი აღიარება საქმეშია წარმოდგენილი). აღნიშნული კი სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად საშუალებას მისცემდა მოპასუხეს დაეყენებინა შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე. გამომდინარე იქედან, რომ დავა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან, პასუხისმგებელია ის პირი, რომელიც სხვის ხარჯზე გამდიდრდა. მოცემულ დავაში კი რეალურად ასეთი პირია შპს „ბ–ა“ და არა - მოპასუხე;

18.5. სადავო თანხა რეალურად მიიღო შპს „ბ–ამ“, რაც დასტურდება მისივე წერილით, სადაც მითითებულია, რომ „ O. T. S.“-ის უფლებამოსილი პირის ს. ო–ის მიერ ჩვენთვის განმარტებული იყო, რომ ვიდრე შპს „ბ–ას“ ღვინოების რეგისტრაცია არ მოხდებოდა კანადაში, მანამდე ის თანხებს კომპანიის ანგარიშზე ვერ გადმორიცხავდა და შემოგვთავაზა თანხის ჩარიცხვა კერძო პირის ანგარიშზე. შესაბამისად, მე, როგორც შპს „ბ–ას“ დირექტორმა, ვთხოვე თანხა ჩარიცხულიყო კომპანიის პარტნიორის ლ.რ–ის პირად ანგარიშზე, რაც განხორციელდა კიდეც. შპს „მ–ის“ მიერ სადავოდ გახდილი თანხა ლ.რ–ს არ განუკარგავს, ეს თანხა სრულად იქნა შემოტანილი შპს „ბ–ას“ საბანკო ანგარიშზე და მოხმარდა კომპანიის საქმიანობას. აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ თანხის მიღებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სადავო თანხა მას კანადურმა კომპანიამ ჩაურიცხა შპს „ბ–ას“ მითითებით და ეს თანხა შპს „ბ–ას“ გადაეცა მოპასუხის მიერ;

18.6. 2016 წლის 26 ივნისის ფინანსური შემოწმების შედეგების აქტი საეჭვო მტკიცებულებაა, რადგან გაურკვეველია რა დავალიანებაზეა ამ აქტში საუბარი. აქტს ხელს არ აწერენ არც სავარაუდო მოვალეები - მოპასუხე და გ–ა, არც შპს „მ–ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. აქტში აღნიშნულია, რომ მასში მითითებული დავალიანების თანხა დასტურდება წარმოდგენილი საბანკო ამონაწერიდან, თუმცა გაურკევეველია, მოპასუხის საბანკო ამონაწერის საფუძველზე, რომელიც გაცემულია 2016 წლის 19 ივლისს, 2016 წლის ივნისში დავალიანების არსებობა როგორ დაადგინეს;

18.7. კრიტიკულად შესაფასებელია ს.ო–ის 2016 წლის 16 ივლისის წერილი, რომლის სანდოობაც ასევე საეჭვოა. კერძოდ, გაურკვეველია როდის არის იგი შედგენილი, ვინაიდან წერილის თავში წერია 2016 წლის 15 თებერვალი, ხოლო წერილის ბოლოს - 2016 წლის 16 ივლისი. თუ ეს ინფორმაცია მოსარჩელეს 2016 წელს ჰქონდა, მაშინ იმავე საკითხის გასარკვევად რატომ მიმართეს 2019 წლის აპრილში განმეორებით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წელს იმიტომ მიმართეს, რომ სასამართლოსთვის სჭირდებოდათ. ამით პრაქტიკულად დადასტურდა, რომ 2016 წლიდან 2019 წლამდე ასეთი მტკიცებულება არ გააჩნდათ და ეს დოკუმენტები შეიქმნა სარჩელის შემოტანის წინა პერიოდში, ხოლო ო–ის წერილს იმიტომ დაუსვეს 2016 წლის 16 ივლისის თარიღი, რომ იგი დაამთხვიეს მოსარჩელე კომპანიის 2016 წლის 26 ივნისის გაურკვეველი ფინანსური შემოწმების შედეგების აქტს;

18.8. ს. ო–ი 2016 წლის 16 ივლისის წერილში მითითებულ გარემოებას, რომ თანხები ჩარიცხულიყო მოპასუხის ანგარიშზე, ამყარებს მოსარჩელე კომპანიის სახელით მ.გ–გან მიღებულ 2016 წლის 21 მარტის წერილზე, რომლის ადრესატიც არის სასმელების გამანაწილებელი ფილიალი (B. L.D.B). საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტი, რომლის თანახმად მ. გ–ა ს.ო–ს სთხოვს, მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი თანხა ჩარიცხოს მოპასუხის ანგარიშზე, არის მ. გ–ას 2016 წლის 21 მარტის წერილი. ამ წერილის ადრესატი კი ს.ო–ის კომპანია არ არის და ამასთან, ამ წერილში არც ფინანსურ საკითხებზეა საუბარი;

18.9. სარჩელის შესაბამისად, ს. ო–ის კომპანიას მოსარჩელის ვალი ჰქონდა 2014 წლის 8 აგვისტოს გადატვირთული ღვინის აუნაზღაურებელი ღირებულების გამო. აღნიშნული დავალიანება უნდა დაფარულიყო დაახლოებით 2014 წლის ბოლოს. შესაბამისად, იბადება კითხვა, რატომ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე კომპანიამ 2015 წლიდან 2019 წლის აპრილამდე მოითხოვა მისი კუთვნილი თანხის ანაზღაურება. ამასთან, ს. ო–ის 2016 წლის 16 ივლისის წერილი მოსარჩელე კომპანიას ჰქონდა 2016 წლის ივლისში. შესაბამისად, მოსარჩელე კომპანიამ 2016 წლის ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე რატომ არ მოითხოვა მოპასუხისაგან თანხის დაბრუნება? ამავე პერიოდში თუნდაც ო–მა მოპასუხეს ან შპს „ბ–ას“ რატომ არ მიმართა ვითარების გასარკვევად და არ მოსთხოვა თანხის დაბრუნება ან მოსარჩელე კომპანიისათვის გადარიცხვა;

18.10. საინტერესოა ასევე 2016 წლის 21 მარტის წერილით როგორ შეიყვანეს შეცდომაში ს. ო–ი, როდესაც სადავო თანხებიდან სამი ტრანში განხორციელებულია ამ წერილის შედგენამდე 2015 წლის დეკემბერში, 2016 წლის იანვარსა და თებერვალში;

18.11. რაც შეეხება მ. გ–ას 2016 წლის 21 მარტის წერილის შექმნას, ის შედგენილია პირადად ს. ო–ის მითითებითა და მოწოდებული ტექსტის შესაბამისად. 2016 წლის 10 თებერვალს შპს „ბ–ამ“ ს. ო–ზე გასცა მინდობილობა, რათა მას ალკოჰოლური სასმელების გამანაწილებელ ოფისში (BC L. D.B.) განეხორციელებინა შეკვეთის რეგისტრაცია. სწორედ ს. ო–მა 2016 წლის 17 მარტს ელექტრონულად გამოაგზავნა აღნიშნული წერილის ტექსტი, ხოლო 18 მარტს ახალი ტექსტი და მიუთითა, რომ ინგორირებული ყოფილიყო 17 მარტის წერილი. ს. ო–ის მითითებით, აღნიშნულის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ, როდესაც წარადგინა დოკუმენტები შეკვეთის დასარეგისტრირებლად, მას შესთავაზეს ასეთი წერილის წარდგენა, რაც გაამარტივებდა რეგისტრაციის პროცესს. 2016 წლის 21 მარტის წერილის შინაარსი და მისი განთავსება მოსარჩელე კომპანიის ბლანკზე, მოსარჩელე კომპანიის ყოფილ პარტნიორებს შორის იმჟამად არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეთანხმებულ იქნა მოსარჩელე კომპანიის ერთადერთ პარტნიორთან - ვ.ც–თან;

18.12. შპს „ბ–ას“ დირექტორის 2016 წლის 21 მარტის წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელე კომპანიამ შეიცვალა სახელი და ოპერირებას ახორციელებს შპს „ბ–ას“ სახელით. შესაბამისად, ს. ო–ისათვის, როგორც გამოცდილი ბიზნესმენისათვის, კარგად იყო ცნობილი, რომ კომპანიის სახელის შეცვლა ამ კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას არ იწვევს. შესაბამისად, თუ მას მოსარჩელე კომპანია და შპს „ბ–ა“ ერთი და იგივე კომპანიები ეგონა, რატომ დასჭირდა შპს „ბ–ას“ პროდუქციის რეგისტრაცია კანადაში, მაშინ როდესაც საკმარისი იყო მოსარჩელე კომპანიის პროდუქციის რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა. გამომდინარე აქედან, მან კარგად იცოდა, რომ მოსარჩელე კომპანია და შპს „ბ–ა“ სხვადასხვა კომპანიები იყო და ამ შინაარსის წერილი მას სჭირდებოდა რეგისტრაციის უფრო იოლი ფორმით განხორციელებისათვის;

18.13. ვინაიდან შპს „ბ–ა“ სულ სამი თვის შექმნილი კომპანია იყო, მას წინასწარ სჭირდებოდა თანხები შეკვეთის დასამზადებელი სამუშაოების მოსამზადებლად (ეტიკეტების შეთანხმება-დამზადება, ღვინის დამზადება და ა.შ.). მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობიდან და ურთიერთნდობიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ, რომ მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების ძირითადი ნაწილი ეტაპობრივად წინასწარ ჩაირიცხებოდა შპს „ბ–ას“ პარტნიორის - მოპასუხის ანგარიშზე, რაც მოხმარდებოდა „ O. T. S.“-ის შეკვეთის დამზადება-მიწოდებას. 2016 წლის 10 თებერვალს შპს „ბ–ამ“ ს.ო–ზე გასცა მინდობილობა, რათა მას ალკოჰოლური სასმელების გამანაწილებელ ოფისში (BC L.D.B.) განეხორციელებინა შეკვეთის რეგისტრაცია და სწორედ ამავე დღეს „ O. T. S.“-მ ბ–ას გაუფორმა შეკვეთა (Order Contraqt №04-CN) 42 576 აშშ დოლარის ღირებულების მიწოდებაზე. აღნიშნული პროდუქცია დამზადდა და გაიგზავნა 2016 წლის 25 მაისს და გაგზავნის დოკუმენტებში მითითებულია, რომ ის გაიგზავნა 2016 წლის 10 თებერვლის Order Contraqt №04-CN-ის საფუძველზე;

18.14. თუ გამოირიცხება ს. ო–ის საეჭვო 2016 წლის ივლისის წერილი, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შპს „ბ–ასადმი“ ჩარიცხვის მიზნობრიობა დგინდება საქმეში წარდგენილი ელექტრონული მიმოწერით: 1. 2016 წლის 28 იანვრის წერილი, რომლითაც ს. ო–ი შპს „ბ–ას“ ელექტრონულ მისამართზე აგზავნის სითიზენბანკიდან თანხის 10000 აშშ დოლარის გადმორიცხვის დოკუმენტს; 2. 2016 წლის 18 თებერვლის წერილი, რომლითაც ს. ო–ი შპს „ბ–ას“ ელექტრონულ მისამართზე აგზავნის სითიზენბანკიდან თანხის 5000 აშშ დოლარის გადმორიცხვის დოკუმენტს. ამავე წერილს თან ერთვის 2016 წლის 15 თებერვლის შეკვეთის ხელშეკრულება №05-CN, რომელიც შპს „ბ–ასადმია“ მიმართული; 3. 2016 წლის 25 მარტის წერილი, რომლითაც ს. ო–ი მ. გ–ას ატყობინებს, რომ უგზავნის მარტის თვის გადახდის დოკუმენტს და ურთავს სითიზენბანკიდან თანხის 5000 აშშ დოლარის გადმორიცხვის დოკუმენტს. ამ ელექტრონული წერილით ცალსახად დგინდება, რომ ჩარიცხული თანხა არის შპს „ბ–ასთან“ არსებული ურთიერთობის ფარგლებში შეთანხმებული თანხა. ო–ი თუ ამ თანხას რიცხავდა მოსარჩელის ძველი დავალიანების დასაფარად, მიუთითებდა, რომ გადახდის დანიშნულებაა ძველი დავალიანების დაფარვა. ამის საპირისპიროდ ის უთითებს, რომ რიცხავს მარტის თვის თანხას, რაც ადასტურებს შპს „ბ–ასთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობას და მხარეთა შეთანხმებას მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების წინასწარ ჩარიცხვაზე; 4. 2016 წლის 27 აპრილის წერილი, რომლითაც ს. ო–ი მ.გ–ას ატყობინებს, რომ უგზავნის აპრილის თვის გადახდის დოკუმენტს და ურთავს სითიზენბანკიდან თანხის 5000 აშშ დოლარის გადმორიცხვის დოკუმენტს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია კონდიქციური სარჩელი.

20. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).

21. სსკ-ის 983-ე მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოვალეა მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.

22. მოცემული ნორმით დადგენილია უფლებამოსილი პირის უფლება იმ პირის მიმართ, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ფული ან გვაროვნული ნივთი, მოითხოვოს ამ სიკეთის კრედიტორისათვის დაბრუნება, დადგენილია ასევე არაუფლებამოსილი პირის ვალდებულება, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მან უსაფუძვლოდ მიიღო. კანონმდებელი აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს შესრულების მიღების ნამდვილობის დადგენას, რადგანაც კანონისმიერი ამ ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითად საფუძველს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღება წარმოადგენს, რაც მსგავსად ვინდიკაციური სარჩელისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების უალტერნატივო წინაპირობაა (იხ. სუსგ საქმე №ას-107-103-2012, 21 ივნისი, 2012 წელი).

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ „ O. T. S.“-ისაგან 37 028,00 აშშ დოლარი შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მიიღო, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის - მოსარჩელე კომპანიისათვის დაბრუნებას.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

25. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

27. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოება სააპელაციო სასამართლომ დაადგინა თავად „ O. T. S.“-ის დირექტორის წერილის საფუძველზე. საქმეში განთავსებული 2020 წლის 17 თებერვლის წერილით დაზუსტებულია გადმორიცხვის თარიღები და თანხის ოდენობა: 07/12/2015 – 9 988,00 აშშ დოლარი, 27/01/2016 – 4 988,00 აშშ დოლარი, 18/02/2016 - 4 988,00 აშშ დოლარი, 24/03/2016 - 4 988,00 აშშ დოლარი, 27/04/2016 - 4 988,00 აშშ დოლარი, 11/05/2016 – 7 088,00 აშშ დოლარი, ასევე დაკონკრეტებულია, რომ ეს თანხები გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოსარჩელე კომპანიის დებიტორული დავალიანების დასაფარად, რომელიც წარმოიშვა ადრე მიწოდებული პროდუქციის შედეგად, 2014-08-08 №138 ინვოისის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი). ამდენად, თავად „ O. T. S.“-ის დირექტორის წერილით დასტურდება, რომ მის მიერ გადმორიცხული თანხა განკუთვნილი იყო მოსარჩელე კომპანიის დებიტორული დავალიანების შესამცირებლად და არა - შპს „ბ–ასთან“ ურთიერთობის ფარგლებში. მოპასუხემ კი, მიუხედავად საკასაციო საჩივრის მოცულობისა, ვერ მიუთითა სათანადო და რელევანტურ მტკიცებულებაზე, რაც გააბათილებდა ზემოაღნიშნული წერილის შინაარსს და გააქარწყლებდა „ O. T. S.“-ის დირექტორის განმარტებას.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 5 369 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 43,08 ლარი და დარჩენილი 5 325,92 ლარის 70% – 3 728,14 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.რ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ლ.რ–ს (პ/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 24 მაისის №13394546205 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 5 369 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 43,08 ლარი და დარჩენილი 5 325,92 ლარის 70% – 3 728,14 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი