Facebook Twitter

საქმე №ას-594-2022 22 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ც–ძე, ნ.პ–ი, ქ.პ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით ვ.გ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ნ.ც–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ნ.პ–ისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ქ.პ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2013 წლის 31 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე 2001 წლის 20 აგვისტოდან, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, დარეგისტრირდა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ....... მესაკუთრედ;

2.2. 2018 წლის 16 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე 2016 წლის 22 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ამავე თარიღის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ქ. თბილისში, .......-ის მესაკუთრედ;

2.3. მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა პირველი მოპასუხე;

2.4. პირველი მოპასუხე ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის შემდეგ, სადავოდ ხდიდა ამ ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ გარიგების ნამდვილობას (იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დადგინდა ამ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია). მან განცხადებით მიმართა შესაბამის ორგანოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით იმ პირის მიმართ, რომელმაც, მისი განმარტებით, მოატყუა და მიიღო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის თანხა. 2005 წლის 19 მაისს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კალისტრატე კაპანაძის მიმართ პირველი მოპასუხისაგან მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის თაღლითური გზით, მოტყუებით მიღების ფაქტზე. 2014 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება;

2.5. სადავო ბინის გასაღებს ფლობს პირველი მოპასუხე და საცხოვრებელ ფართში განთავსებულია მისი კუთვნილი ნივთები;

2.6. 2017 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, პირველი მოპასუხისა და მისი შვილების - მეორე და მესამე მოპასუხეების რეგისტრირებული მისამართია: ქ. თბილისი, ......;

2.7. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „უ.ქ.ე–ის“ მიერ შედგენილი შეფასების თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ბინის ქირავნობის საბაზრო ღირებულება 2007 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში, ჯამურად, შეადგენს 56 600 აშშ დოლარს. ამავე შეფასების მიხედვით, 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სადავო ბინის ქირავნობის საბაზრო ღირებულება შეადგენს 500 აშშ დოლარს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 15-20);

2.8. შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია „ ი–ის“ 2001 წლის 23 მაისის აქტის თანახმად, შეფასების დროისთვის ბინა გაურემონტებელ მდგომარეობაში იყო (ტომი 1, ს.ფ. 125);

2.9. 2018 წლის 09 ოქტომბრის შპს „თ.ა–ის“ დასკვნის მიხედვით, ბინა N31-ში მდებარე ფართი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. კომუნიკაციების არარსებობა, მათ შორის წყლის და კანალიზაციის, დანაგვიანებული ფართი, ობის სპეციფიკური სუნი, დანესტილი და დაბზარული კედლები, ცარიელი ღიობები და ა.შ. უკარგავს ბინას ფუნქციონალურ დანიშნულებას;

2.10. მოპასუხეები სადავო ბინაში არ ცხოვრობენ.

3. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მოპასუხეები 2001 წლის 20 აგვისტოდან მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ ცხოვრობენ მის კუთვნილ ბინაში, რითაც 2007 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში მოსარჩელეს მიაყენეს 56 600 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი. მოსარჩელის განმარტებით, ეს ის თანხაა, რომელსაც იგი მიიღებდა მისი კუთვნილი ბინის გაქირავებით. აღნიშნულ თანხასთან ერთად სარჩელით მოთხოვნილია ასევე 2017 წლის 01 სექტემბრიდან ბინის დაცლამდე პერიოდში, ბინის ქირავნობის ღირებულების - ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სხვისი კუთვნილი ნივთით უსასყიდლოდ სარგებლობა მიღებული სიკეთეა, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია, თუმცა იმისათვის, რომ მოსარჩელეს სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე წარმოეშვას მოთხოვნის უფლება, დასადგენია, უფლებამოსილი პირის კუთვნილი ნივთით სარგებლობით გამდიდრდა თუ არა მოპასუხე.

5. სააპელაციო პალატამ მითუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, შპს „უ.ქ.ე–ის“ 2017 წლის 14 სექტემბრის შეფასებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. ქვეპუნქტი), რომლის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი, რომელშიც ფოტოსურათების საშუალებით ასახულია ბინა N31-ში არსებული მდგომარეობა 2017 წლის 12 დეკემბრისათვის. ფოტომასალის შესწავლით დგინდება, რომ ბინა გაურემონტებელ მდგომარეობაშია, კედლები და ჭერი დაზიანებულია, კედლებზე ბზარებია, სველ წერტილში კაფელი დაზიანებულია, სამზარეულოს კედლები გაულესავია, ერთი-ერთი ოთახი დანაგვიანებულია და მხოლოდ შავი კარკასის მდგომარეობაშია, ღიობები ცარიელია და ა.შ. (ტომი 1, ს.ფ. 136-148). პალატამ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ბინის იგივე მდგომარეობა დადასტურებულია მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 09 ოქტომბრის შპს „თ.ა–ის“ კვლევაშიც, რომლის მიზანიც იყო ბინის საიჯარო ფასის დადგენა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბინის ფართი საცხოვრებლად გამოუსადეგარია: კომუნიკაციების, წყლის და კანალიზაციის არარსებობა, დანაგვიანებული ფართი, ობის სპეციფიკური სუნი, დანესტილი და დაბზარული კედლები, ცარიელი ღიობები და ა.შ. ბინას უკარგავს ფუნქციონალურ დანიშნულებას. ის გარემოება, რომ ბინა გაურემონტებელი იყო ჯერ კიდევ 2001 წლიდან, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია „ ი–ის“ 2001 წლის 23 მაისის აქტით, რომელიც შეიცავს მითითებას იმ დროისთვის ბინის მდგომარეობის შესახებ.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ბინის ქირის საბაზრო ფასის დასადგენად სპეციალისტმა ადგილზე დაათვალიერა ბინის მდგომარეობა, შეამოწმა კომუნიკაციები და აღნიშნულის გათვალისწინებით დაასკვნა, რომ სადავო ბინას ქირავნობის თვალსაზრისით არ გააჩნდა ღირებულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ კვლევაში კი არ არის ასახული ის გარემოება, რომ ქირის საბაზრო ფასის დასადგენად სპეციალისტმა ადგილზე შეისწავლა ობიექტის მდგომარეობა. აქტის შინაარსიდან დგინდება, რომ კვლევის ჩასატარებლად სპეციალისტმა გამოიკვლია პრივატიზაციის ხელშეკრულებასა და 2001 წლის 23 მაისის „ ი–ის“ ქონების შეფასების აქტში ასახული მონაცემები ოთახების რაოდენობისა და ფართების მოცულობის შესახებ.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ ბინა საცხოვრებლად არის უვარგისი. მოსარჩელის მხრიდან კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას დაკარგული აქვს ფუნქციური დანიშნულება და უვარგისია საცხოვრებლად. ამასთან, ის გარემოება, რომ მოპასუხეები მითითებულ ბინაში არ ცხოვრობენ, ამყარებს აზრს, რომ ბინა საცხოვრებლად უვარგისია. აქედან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა შპს „უ.ქ.ე–ის“ შეფასება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავების შედეგად, 2007 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ყოველთვიურად 350 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე ოდენობით ქირის მიღების მოლოდინის თაობაზე.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. 2018 წლის 09 ოქტომბრის შპს „თ.ა–ის“ დასკვნა არის უკანონო, ვინაიდან ეწინააღმდეგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. უკანონო დოკუმენტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს;

13.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/18206-19 მოპასუხეები გამოსახლებული იყვნენ სადავო ბინიდან. ამიტომ არასწორია დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში არ ცხოვრობენ.

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს კონდიქციური სარჩელი [სსკ-ის 982.1. მუხლი: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი], რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ხელყოფილი სანივთო უფლება, რომელმაც ქონების ტიტულოვანი მესაკუთრისთვის გარკვეული ზიანი გამოიწვია, ხოლო ხელმყოფი პირი აღნიშნულის შედეგად გამდიდრდა. ე.ი. სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიღებული ზიანის ანაზღაურება. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურების კლასიკურ შემთხვევასთან, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანს შეეხება და შესაბამისი ნორმებით რეგულირდება, არამედ იმ არასახელშეკრულებო, სამართლებრივ კაზუსთან, რომელიც სამართლებრივ დოქტრინაში ხელყოფის კონდიქციით არის ცნობილი და მისი მარეგულირებელი ნორმები გამდიდრების გათანაბრებას, ანუ დაზარალებულის ქონებრივი უფლების აღდგენას ისახავს მიზნად (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-504-2019, 13 მარტი, 2020 წელი).

15. განცდილი ზიანის ანუ მოპასუხეთა მიერ დაზოგილი სიკეთის (დაზოგილი ქირა, რომლებსაც ისინი გადაიხდიდნენ, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან სამართალურთიერთობაში იქნებოდნენ) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურება ანუ გამდიდრების გათანაბრება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.

16. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის მე-4 მუხლი]. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

17. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას დაკარგული აქვს ფუნქციური დანიშნულება და საცხოვრებლად უვარგისია.

18. კასატორი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ უთითებს იმაზე, რომ 2018 წლის 09 ოქტომბრის შპს „თ.ა–ის“ კვლევა, რომელიც ერთ-ერთი მტკიცებულების სახით საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გარემოების დადგენას, უკანონოა და შედგენილია არასერტიფიცირებული შემფასებლის მიერ.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს მხოლოდ კანონის ნორმებს, თუმცა არ აქვს წარმოდგენილი კვალიფიციური შედავება, დასაბუთება, რის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სადავო დოკუმენტი გაცემულია არასერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. მის მიერ წარმოდგენილი შედავება არასაკმარისია აღნიშნული დოკუმენტისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის გამოსარიცხად.

20. ამასთან, სადავო ფართის საცხოვრებლად გამოუსადეგობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით, რომელშიც ფოტოსურათების საშუალებით ასახულია ბინა N31-ში არსებული მდგომარეობა 2017 წლის 12 დეკემბრისათვის. ფოტომასალის შესწავლით დგინდება, რომ ბინა გაურემონტებელ მდგომარეობაშია, კედლები და ჭერი დაზიანებულია, კედლებზე ბზარებია, სველ წერტილში კაფელი დაზიანებულია, სამზარეულოს კედლები გაულესავია, ერთი-ერთი ოთახი დანაგვიანებულია და მხოლოდ შავი კარკასის მდგომარეობაშია, ღიობები ცარიელია და ა.შ.; ასევე შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია „ ი–ის“ 2001 წლის 23 მაისის აქტით, რომლითაც დასტურდება, რომ შეფასებისას ბინა გაურემონტებელ მდგომარეობაში იყო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

21. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში მოპასუხეები გამოსახლებული იყვნენ სადავო ბინიდან, აღნიშნული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, იგი მოცემულ საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან არ მოდის წინააღმდეგობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ბინის გასაღებს ფლობს პირველი მოპასუხე და საცხოვრებელ ფართში განთავსებულია მისი კუთვნილი ნივთები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 ქვეპუნქტი), თუმცა დადგენილია ისიც, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში არ ცხოვრობენ. სსკ-ის 155.1 მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მფლობელობა არ გულისხმობს მხოლოდ ნივთის პყრობას (მაგალითად, ბინაში ცხოვრება), მფლობელს ნივთის მართვა უშუალოდ მისი პყრობის გარეშეც შეუძლია (მაგალითად, ბინაში ნივთების განთავსება) და ორივე ასეთ შემთხვევაში, პირი ნივთის მფლობელია (იხ. სუსგ საქმე №ას-676-2021, 10 სექტემბერი, 2021 წელი). მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიღებული ზიანის ანაზღაურება, რომლის დაკმაყოფილებისათვის არსებითი იყო იმ ფაქტის დადგენა, რომ ბინა საცხოვრებლად გამოსადეგია, რაც წინამდებარე საქმეში არ დადასტურდა.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

23. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი