Facebook Twitter

საქმე №ას-522-2022 25 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ.მ–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.წ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით ზ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.წ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 10 მაისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №190513320) და მასში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2020 წლის 06 მარტის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №200242668); დადგინდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს/კ ....., საკუთრების უფლებით აღირიცხოს საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის 10 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხის წარმომადგენელს - ნ.ვ-მ–ძეს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 16800 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად 2020 წლის 10 მარტამდე გამოსყიდვის უფლებით მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს/კ ....... (ს.ფ. 20-23);

2.2. ხელშეკრულების 1.6. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი რჩება გამყიდველის ფაქტობრივ მფლობელობაში. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის უძრავი ნივთის გადაცემა მოხდება გამოსყიდვის ვადის გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში;

2.3. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, მყიდველის წარმომადგენელმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე;

2.4. 2019 წლის 10 მაისს სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის სახელზე შეზღუდული საკუთრების უფლებით (ს.ფ. 24-25);

2.5. 2020 წლის 06 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხის წარმომადგენელს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების ვადა შეიცვალა და 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით განისაზღვრა; გაიზარდა ნასყიდობის ფასი 2050 აშშ დოლარით და 16800 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 18850 აშშ დოლარით. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები და პუნქტები დარჩა უცვლელი (ს.ფ. 38);

2.6. 2019 წლის 10 მაისს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო 14 000 აშშ დოლარი, საიდანაც 700 აშშ დოლარი გადაუხადა შუამავალს (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი);

2.7. 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისთვის ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის თანხა არ გადაუხდია;

2.8. მოსარჩელე დღემდე ფლობს სადავო უძრავ ქონებას;

2.9. 2020 წლის 06 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის დამატებით 2050 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება საქმეში წარმოდგენილი არცერთი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება.

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი სადავო ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, კვალიფიკაციის საფუძველს ქმნის, რის გამოც იგი ბათილია.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ სადავო გარიგებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

5. სააპელაციო პალატამ 2021 წლის 29 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო.ა–ის ჩვენების გამოკვლევით, მიიჩნია, რომ გარიგების დადებისას მოსარჩელის, როგორც ოფერენტის, ნება აშკარად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისკენ იყო მიმართული.

6. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ყოველთვის სესხსა და იპოთეკას არ ფარავს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენ გარემოებათა წრეს წარმოადგენს ისეთი ფაქტები, როგორებიცაა, სესხისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, მაგალითად, სარგებელი (ყოველთვიური პროცენტი), ქონების ფასი, სესხის სახით აღებული თანხის ოდენობა და მისი გონივრული შესაბამისობა ქონების ღირებულებასთან და ა. შ.; პალატამ ყურადღება მიაქცია ხელშეკრულების საგნის ფასს. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სსკ-ის 319.1. მუხლი მხარეებს აძლევს უფლებას, რომ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გარიგებით განსაზღვრული ფასი შეუსაბამო და არაგონივრული იყო ნივთის საბაზრო ღირებულებასთან და აღნიშნული გარემოება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ წარდგენილ შესაგებელში. აღნიშნულთან ერთად სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე დღემდე ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით, შესაბამისად, ნასყიდობის საგანი მყიდველს მფლობელობაში არ გადასცემია. ამასთან, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2020 წლის 06 მარტის ხელშეკრულების მიხედვით გაიზარდა ნასყიდობის ფასი 2050 აშშ დოლარით და 16800 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 18850 აშშ დოლარით. სასამართლოს დასკვნით, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები დამატებით ადასტურებდა იმას, რომ გარიგებაში მითითებული ფასი არა ნასყიდობის საზღაური, არამედ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოცულობა იყო.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა ისიც, რომ საქმის მასალებში არსებობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გარიგებები, რომლებიც საჯაროა და საჯარო რეესტრის სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული გარიგებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს გაფორმებული აქვს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებები სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან, რაც სასამართლოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და გარემოებებთან ერთად უქმნის გამყარებულ შინაგან რწმენას, რომ მხარეების ნება არა სადავო ქონების ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისკენ იყო მიმართული და გამოსყიდვის უფლებით რეალურად გამსესხებელმა თავისი უფლების დაცვის მეტი გარანტიები შექმნა. ამდენად, სასამართლოს გაუჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ წინადადების მიმცემმა ნება სესხის დადებაზე გამოავლინა, მეორე მხარემ კი თანმხვედრი ნების ტრანსფორმირება ისე მოახდინა, რომ მსესხებელს სესხის სახით მოთხოვნილი თანხა გადასცა, თუმცა, სესხის დაბრუნების გარანტიად მსესხებლის ქონება იპოთეკით კი არ დატვირთა, არამედ სესხის დაბრუნების უფრო მყარი გარანტიის შესაქმნელად აღნიშნული ქონება გამოსყიდვის უფლებით საკუთარ თავზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ დასკვნას კიდევ უფრო ამყარებს გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, კერძოდ, ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. ამასთან, სადავო ქონების დაუფლების ფაქტს მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 623-ე და 286-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა. განსახილველი დავის საგანი სრულად შეესაბამება თვალთმაქცური გარიგებების მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რაც სსკ-ის 50-ე, 52-ე და 56-ე მუხლების საფუძველზე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მოხდა სასესხო ურთიერთობის დაფარვა, მით უმეტეს, არანაირი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება სასამართლოს არ გააჩნია მოპასუხის ნებელობის მტკიცების ნაწილში. მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილობის დასადასტურებლად მიუთითებს მხოლოდ მოწმის ჩვენებაზე, ასევე ნასყიდობის ფასზე.

14.2. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სესხის ხელშეკრულებად მიჩნევის მიზნით არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმის ჩვენება, ვინაიდან იგი სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მიმდინარე მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა, არ იცოდა, რა გარიგების დადება სურდა მოპასუხეს და რა გარიგება დაიდო ფაქტობრივად, მისი ჩვენება ეფუძნება მოსარჩელის მეუღლისგან მოსმენილ სიტყვებს, რომ იღებდა თანხას ბინის გაყიდვის სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებით. ამასთან, მოწმეს არ ჰქონდა კომუნიკაცია მოპასუხესთან და არც მის წარმომადგენელთან. მეტიც, მან განაცხადა, რომ ამ პიროვნებებს არ იცნობს და არ იცის, ვინ არიან. ასევე აღსანიშნავია, რომ იგი არ იცნობს მოსარჩელეს;

14.3. რაც შეეხება ნასყიდობის ფასს, ფაქტია, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ თანხა მოსარჩელემ მიიღო. ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ გადაიხადა 16800 აშშ დოლარი და დამატებით გადასცა 2050 აშშ დოლარი. მხოლოდ მოსარჩელის პოზიცია, რომ მან არა 18850 აშშ დოლარი, არამედ 14000 აშშ დოლარი მიიღო, სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში გაზიარებული ვერ იქნება;

14.4. ხელშეკრულების საგანსა და მის ღირებულებას შორის არსებითი სხვაობა გარიგების მოჩვენებითად ცნობის ერთადერთ საფუძველს არ შეიძლება წარმოადგენდეს, თუმცა სხვა ნიშნებთან ერთად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, რაც განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება;

14.5. მოპასუხეს არ გამოუხატავს სესხის ხელშეკრულების დადების სურვილი და, თუ მას ეს სურვილი ექნებოდა, არ არსებობდა ხელშემშლელი გარემოება დაედო ამ ტიპის ხელშეკრულება.

15. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ 2019 წლის 10 მაისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2020 წლის 06 მარტის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებებია [სსკ-ის 56-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)].

16. დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დროს ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

17. რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, საკასაციო პალატის განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ საქმე №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმე №ას-474-455-2016, 7 ივლისი, 2016 წელი).

18. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს (იხ. სუსგ საქმე №ას-84-84-2018, 22 ივლისი, 2020 წელი).

19. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად (მოცემულ შემთხვევაში თვალთმაქცურად) მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას (თვალთამაქცურობისას) კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1021-982-2016, 17 მაისი, 2018 წელი).

20. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის მე-4 მუხლი]. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

21. განსახილველ შემთხვევაში, გარდა მოწმის ჩვენებისა, საქმეზე დადგენილი გარემოებები ერთობლივად, კერძოდ, ხელშეკრულების საგნის ფასი, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დღემდე ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით და ნასყიდობის საგანი მყიდველს მფლობელობაში არ გადასცემია, ასევე ის გარემოება, რომ 2020 წლის 06 მარტს გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით გაიზარდა ნასყიდობის ფასი 2050 აშშ დოლარით და 16800 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 18850 აშშ დოლარით, სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ გარიგებაში მითითებული ფასი არა ნასყიდობის საზღაური, არამედ სესხის თანხა იყო.

22. მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს, უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი გარემოებები ერთად ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სადავო ხელშეკრულებები თვალთმაქცურია. ხოლო, მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ მხარეთა რეალურ ნებას წარმოადგენდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი