Facebook Twitter

საქმე №ას-521-2023 20 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.კ–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 31.08.2021წ. N385 ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - ყოველთვიურად დარიცხული 1 375 ლარის ოდენობით, 2021 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სარჩელი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 22.04.2019წ. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 01 მაისიდან დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში.

2.2. 22.04.2019წ. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და გამოსაცდელი ვადა:

2.1 მუხლი: წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება მოქმედებს 01.05.2019-დან 01.11.2019-მდე (აღნიშნული თარიღის ჩათვლით);

2.2 მუხლი: მხარეები თანხმდებიან, რომ შესასრულებელ სამუშაოებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დასაქმებული ექვემდებარება 6-თვიან გამოსაცდელ ვადას, რომელიც აითვლება მუშაობის დაწყების თარიღიდან;

2.5 მუხლი: თუ 2.2 მუხლში აღნიშნული ვადის მოქმედების ამოწურვამდე არანაკლებ 07 დღით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ურთიერთობის (წინამდებარე ხელშეკრულების) შეწყვეტის შესახებ, წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდება მომდევნო 1 (ერთი) წლის ვადით;

2.6 მუხლი: იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი (და ყოველი მომდევნო) 1 (ერთი) წლის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 07 დღით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ურთიერთობის (წინამდებარე ხელშეკრულების) შეწყვეტის შესახებ, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდება მომდევნო 1 (ერთი) წლიანი პერიოდებით;

2.7 მუხლი: კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და პირობებით წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ დადებულად.

2.3. მხარეთა შორის 2020 წლის 12 თებერვალს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელემ დაიკავა ბიზნეს ცენტრის მართვის დეპარტამენტის მთაწმინდა - კრწანისის ფილიალის ზონის მენეჯერის პოზიცია. ხელშეკრულების 4.1 მუხლის მიხედვით, დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 1 375 ლარით განისაზღვრა.

2.4. ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგინდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა:

2.1 მუხლი: წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება მოქმედებს 17.02.2020-დან 17.02.2021-მდე (აღნიშნული თარიღის ჩათვლით);

2.2 მუხლი: თუ 2.2 მუხლში აღნიშნული მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 07 დღით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ურთიერთობის (წინამდებარე ხელშეკრულების) შეწყვეტის შესახებ, წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდება მომდევნო 1 (ერთი) წლის ვადით;

2.3 მუხლი: იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი (და ყოველი მომდევნო) 1 (ერთი) წლის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 07 დღით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ურთიერთობის (წინამდებარე ხელშეკრულების) შეწყვეტის შესახებ, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდება მომდევნო 1 (ერთი) წლიანი პერიოდებით;

2.4 მუხლი: კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და პირობებით წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ დადებულად.

2.5. ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ადგილია ქ. თბილისი. კონკრეტული ადგილსამყოფელი განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ.

2.6. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა შვებულების გამოყენების წესი:

7.1 მუხლი: დასაქმებულს ყოველწლიურად მიეცემა ანაზღაურებადი შვებულება სულ მცირე 24 სამუშაო დღის ოდენობით;

7.2 მუხლი: დასაქმებულს შეიძლება შვებულება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ. დასაქმებულს უფლება აქვს შვებულება მიიღოს მუშაობის პირველი 11 თვის გასვლის შემდეგ ან მანამდეც, დამსაქმებელთან შეთანხმების შემთხვევაში;

7.5 მუხლი: შვებულებაში გასვლის, მისი გამოყენებისა და გადატანის წესი რეგულირდება დამსაქმებლის მიერ მიღებული შრომის შინაგანაწესით.

2.7. 12.02.2020წ. შრომით ხელშეკრულებაზე დადასტურებებისა და თანხმობების შესახებ დანართი N1-ის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებული სრულად გაეცნო თანამდებობრივ ინსტრუქციას, შრომის შინაგანაწესს და დამსაქმებელთან მოქმედ სახანძრო და შრომის უსაფრთხოების წესებს, რომელთა განუხრელად დაცვა და შესრულება მისთვის სავალდებულოა.

2.8. კომპანიის შრომის შინაგანაწესის 21-ე მუხლით დადგენილია შვებულებით სარგებლობი წესი:

21.1 მუხლი: კომპანიის ყველა დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება აქვს მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ;

21.3 მუხლი: შვებულების შესახებ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს უნდა ეცნობოს მინიმუმ 02 კვირით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა შვებულების შესახებ არ დაკმაყოფილდება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას გადაუდებელი აუცილებლობა მოითხოვს);

21.4 მუხლი: თუ კომპანიის მიზნებიდან და საწარმოო პროცესის აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაქმებული ვერ სარგებლობს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების დღეებით, შვებულების დღეების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ დამსაქმებლის გადაწყვეტილებით მომდევნო წლის მარტის თვის ჩათვლით, პირველ აპრილამდე;

21.6 მუხლი: უშუალო ხელმძღვანელისა და კურატორი დირექტორის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნის ფორმა (იხ. დანართი N5) შვებულებაში გასვლის თაობაზე წარედგინება ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს;

21.7 მუხლი: შვებულებაში გასულ დასაქმებულთა სამუშაოს შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაეკისროს: სხვა დასაქმებულს, დროებით დაქირავებულ დასაქმებულს.

2.9. შინაგანაწესის 36.1 მუხლის თანახმად, დისციპლინური დარღვევისათვის დასაქმებულის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იყოს შემდეგი სასჯელი: გათავისუფლება - უხეში დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, რომელმაც გამოიწვია ან/და შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი ან/და ზემოთ ჩამოთვლილმა დისციპლინარულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და თანამშრომელი აგრძელებს ხარვეზებით მუშაობას.

2.10. მოსარჩელესთან მიმართებით დამსაქმებლის მხრიდან წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების მიცემის რიგითობა წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული არ ყოფილა; ამასთან, არც ორმხრივი წერილობითი შეთანხმება ყოფილა წარდგენილი მოსარჩელის მიერ 2021 წლის ანაზღაურებადი შვებულების სექტემბრის თვეში გამოყენების თაობაზე.

2.11. მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი იყო თ.წ–ძე, ხოლო კურატორი დირექტორი - გ.ს–ი.

2.12. მოსარჩელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სტრუქტურული ხელმძღვანელის მითითებით, ახორციელებდა ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში: ……, ……, …… და …..

2.13. მოსარჩელის მიერ 2021 წლის 02 აგვისტოს მოთხოვნილი შვებულება 2021 წლის 09 აგვისტოდან 12 სამუშაო დღით, გაუქმდა.

2.14. მოსარჩელემ 2021 წლის 09 აგვისტოს უშუალო ხელმძღვანელს, თ.წ–ძეს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,თ., სალამი, 16 რიცხვში უნდა გავიდე შვებულებაში. უფრო მეტს ვერ გადავწევ ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე...“; ამავე დღეს მოსარჩელემ კომპანიის ბიზნეს ცენტრების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნ.დ–ვას გაუგზავნა შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,ნ., სალამი, 16 რიცხვში უნდა გავიდე შვებულებაში. უფრო მეტს ვერ გადავწევ ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე...“.

2.15. მოსარჩელემ 2021 წლის 09 აგვისტოს კურატორ დირექტორს, გ.ს–ს გაუგზავნა ელექტრონული გზავნილები, სადაც აღნიშნა, რომ ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, უწევდა ქვეყნის დატოვება, რის გამოც, ითხოვდა შვებულების გამოყენებას (16.08.21-31.08.21). დასაქმებულმა მის არყოფნაში მოვალეობის შემსრულებლად მიუთითა ჟ.ბ–ძე და ო.მ–ი.

2.16. ადრესატისგან მიღებული პასუხის შესაბამისად, მოსარჩელემ 2021 წლის 10 აგვისტოს კურატორ დირექტორს დამატებით განუმარტა, რომ 09.08.21წ.-დან 24.08.21წ.-ის ჩათვლით ჰქონდა შევსებული შვებულების მოთხოვნის ფორმა (ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე), თუმცა ხელმძღვანელობის თხოვნით გააუქმა, როგორც მოთხოვნის განაცხადი, ისე ავიარეისების ბილეთები. ამჯერად მოთხოვნის ფორმაში მითითებული აქვს 16.08.21წ.-დან 31.08.21წ.-ის ჩათვლით პერიოდი, თუმცა განაცხადს მისი ხელმოწერის გარდა არაფერი აკმაყოფილებს.

2.17. მითითებულ გზავნილზე მოსარჩელემ იმავე დღეს მიიღო შემდეგი შინაარსის პასუხი: ,,მ., ველაპარაკე ნ–საც და თ–საც ამ თემაზე. შენ გაბარია ზედა ზონა, რომელსაც დედა არ ჰყავს, რომელიც იმ დღეს მე პირადად მოვიარე და რაც ვიდეოები და ფოტოები ჩააგდე შენ ჩანთში ჩემი და რ–ოს გადაღებული იყო, ასევე, მაქვს ინფორმაცია რომ იქ ერთი ავარიის გარდა არაფერი გაკეთებულა და კიდე 3 ცალი დაემატა, მაგრამ ამის შესახებ შენგან უნდა ვიგებდეთ და არა სხვა ხალხისგან. როგორც თ–ომ და ნ–ამ მითხრეს, შეთანხმება გქონდათ, რომ შვებულებაში წახვიდოდი სექტემბერში (ზედა ზონა სეზონურია და მიხედვა უნდა), ამ შეთანხმებას ეხლა შენ არ ასრულებ, რაც ჩემთვის პირადად მიუღებელია. არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ გიშვებენ შვებულებაში ამ პერიოდში, ჩემთვის მისაღებია და ვეთანხმები. აქედან გამომდინარე, ის რაზეც შეთანხმდით უნდა შესრულდეს, მე ასე მიმაჩნია”.

2.18. მოსარჩელემ 2021 წლის 11 აგვისტოს კომპანიის ბიზნეს ცენტრების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნ.დ–ვას კვლავ გაუგზავნა შემდეგი შინაარსის ტექსტური შეტყობინება: ,,ნ., ვიცი შეწუხდი ამ საკითხით, მაგრამ უნდა წავიდე, ბილეთსაც ვერ ვაუქმებ და გამიგეთ, გთხოვთ... არ მინდა უპასუხისმგებლო ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო და ესე ავდგე წავიდე. ვცდილობ აგიხსნათ, იქით კვირას ფიზიკურად ვერ მოვალ... თ–მ გადაწყვეტილება შენ და გ–ის დაგაკისრათ... ველოდები პასუხს... ბილეთს ვერ ვაუქმებ, ვადა 24 საათი ჰქონდა და ძალიან ძვირი მაქვს გადახდილი. გთხოვ, შეხვიდე ჩემ მდგომარეობაში, მარტო ხო არ გავუშვებ მეუღლეს და შვილს... დისტანციურად კავშირი მექნება ო–ნაც და ჟ–ნაც..”.

2.19. მოსარჩელე 2021 წლის 16 აგვისტოდან სამუშაო ადგილას არ გამოცხადებულა.

2.20. 26.08.2021 წლით დათარიღებული გზავნილით მოსარჩელემ კომპანიისაგან მიიღო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნულია შემდეგი: ,,2021 წლის აგვისტოს თვეში, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, კომპანიის მხრიდან უარი გეთქვათ კუთვნილი შვებულებით დროებით სარგებლობაზე (სექტემბრის თვემდე). შვებულების გამოყენებაზე უარის მიზეზი არაერთხელ იქნა თქვენთვის ახსნილი, როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მიუხედავად ამისა, თქვენ სცადეთ უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე დაგეწერათ შვებულების განცხადება, რომელიც არ დაკმაყოფილდა როგორც თქვენი უშუალო ხელმძღვანელის, ასევე, კურატორი დირექტორის მხრიდან. ამის შემდგომ თქვენ თვითნებურად მიატოვეთ სამუშაო და 15 აგვისტოს შემდგომ აღარ ცხადდებით სამუშაო ადგილას და არ ასრულებთ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას, რაც ჩვენი მხრიდან განიხილება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 2021 წლის 01 სექტემბრიდან [მოპასუხე] წყვეტს თქვენთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. (ზ) მუხლის საფუძველზე”.

2.21. 2021 წლის 30 აგვისტოს კომპანიის უსაფრთხოების დირექტორს უსაფრთხოების დეპარტამენტის ვიდეო მონიტორინგისა და ობიექტების უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიმართა შემდეგი შინაარსის მოხსენებითი ბარათით: ,,მოგახსენებთ, რომ [მოპასუხის] უსაფრთხოების დეპარტამენტის ვიდეო მონიტორინგისა და ობიექტების უსაფრთხოების სამსახურს 2021 წლის 17 აგვისტოს მთაწმინდა - კრწანისის ბიზნეს-ცენტრიდან მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ,,ცენტრის“ თანამშრომელმა, [მოსარჩელემ] მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან თვითნებურად მიატოვა სამსახური და, მათი ინფორმაციით, გაემგზავრა ესპანეთში დასასვენებლად; აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, 2021 წლის 17 აგვისტოდან ამავე წლის 30 აგვისტოს ჩათვლით (სამსახურის თვითნებურად მიტოვების პერიოდი) კომპანიის თანამშრომლის [მოსარჩელის] საპასუხისმგებლო უბანზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სოფლებთან მიმართებით - ….., ….., ….. და …., განხორციელდა კონტროლი/ მონიტორინგი და ზემოაღნიშნული სოფლების მოსახლეობის შემოსული შეტყობინებების გადამოწმება".

2.22. კომპანიის 31.08.2021წ. N385 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს მიეცა გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურება 16 სამუშაო დღის ოდენობით.

2.23. მოსარჩელემ 2021 წლის 03 ნოემბერს მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, რომელიც მოსარჩელეს გადაეცა 2021 წლის 09 ნოემბერს.

2.24. მოპასუხის მთაწმინდა-კრწანისის ფილიალის ზონის მენეჯერმა, გ.ი–მა 2021 წლის 02 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო ამავე ზონის მეორე მენეჯერმა, რ.ო–იმა - 2021 წლის 18 აგვისტოდან 02 სექტემბრის ჩათვლით.

2.25. კომპანიის ბიზნეს ცენტრის მართვის დეპარტამენტის მთაწმინდა - კრწანისის ფილიალის ზონის მენეჯერის პოზიცია ვაკანტური არ არის.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მუშაობის დაწყებიდან გასული იყო 11 თვეზე მეტი ვადა და, შესაბამისად, მას წარმოშობილი ჰქონდა შვებულების მოთხოვნის უფლება; ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელეს 2021 წლისათვის ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია; დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ გააუქმა 2021 წლის 02 აგვისტოს მოთხოვნილი შვებულება, ხოლო მოგვიანებით ოჯახური მდგომარეობის მითითებით კვლავ მიმართა დამსაქმებელი კომპანიის უფლებამოსილ პირებს 2021 წლის 16 აგვისტოდან შვებულების გამოყენების მოთხოვნით. მის მიერ შვებულების განცხადების შევსება დასტურდება ელექტრონული მიმოწერის შინაარსით, სადაც იგი მიმართავს თხოვნით ადრესატს მასზე თანხმობის დამადასტურებელი ხელმოწერის მისაღებად. შესაბამისად, მომდევნო პერიოდზე ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების თაობაზე დასაქმებულის ნება დამსაქმებელთან წარდგენილია.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილია კურატორი დირექტორის პასუხი შვებულების მოთხოვნაზე, სადაც საუბარია ზოგადად ზედა ზონაში არსებულ პრობლემებზე, რის გამოც გ.ს–ი დაეთანხმა სხვა ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებას მოსარჩელის შვებულებაში გაშვებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა უარში კონკრეტულად და გარკვევით, დასაქმებულის პოზიციისა და უფლება-მოვალეობების დაზუსტებით, არ არის მითითებული ის გადაუდებელი საოპერაციო მოთხოვნები, რაც უშუალოდ მოსარჩელის არყოფნით ვერ განხორციელდებოდა და რითაც საფრთხე შეექმნებოდა კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამგვარი ზიანი, თუ საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელშეშლა, რაც უშუალოდ მოსარჩელის არყოფნას უკავშირდებოდა, არც შემდგომ, გათავისუფლების ბრძანებით დაზუსტებულა. კონკრეტულ ზიანზე ვერც მოწმეებმა შეძლეს მითითება.

5. სააპელაციო სასამართლომ ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია საქმეში წარდგენილი დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, მოხსენებითი ბარათი მიყენებული ზიანისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ. სასამართლოს მითითებით, მოხსენებითი ბარათი არ არის აღნიშნული 31.08.2021წ. ბრძანებაში. ამასთან, მხოლოდ ამ დოკუმენტით ვერ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი დასაქმებულის არყოფნასა და დოკუმენტში დასახელებულ ზიანს შორის.

6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის საქმიანობა მიემართება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებას (წყალმომარაგება) და, შესაბამისად, დამსაქმებლისათვის მნიშვნელოვანია მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება, თუმცა აღნიშნა, რომ შვებულება სოციალური უფლებაა და მისი გამოყენების გამო კონკრეტულ პირთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მისი მართლზომიერების დასაბუთება დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს ზრდის. დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცებას და მიუთითებს სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნაზე, თვითონვეა ვალდებული წარადგინოს მტკიცებულებები, რომელთა სამართლებრივი წონადობა და ვარგისიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი გახდება.

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია დასაქმებულის მიერ სამუშაოს თვითნებურად მიტოვებასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელემ ხელმძღვანელობის მითითებით ერთხელ გააუქმა შვებულება, განმეორებით კი, ოჯახურ მდგომარეობაზე მითითებით, 2021 წლის 16 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით შვებულების მოთხოვნით არაერთი კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდა, მათ შორის, ყველაზე გვიან 2021 წლის 11 აგვისტოს, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელე მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის ფარგლებში და მის თვითმიზანს დამსაქმებლის გაუფრთხილებლად ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა არ წარმოადგენდა. ამდენად, დასაქმებულმა კუთვნილი შვებულებით სარგებლობა მეორეჯერ მოითხოვა, რის თაობაზეც უფლებამოსილ პირს დასაბუთებული უარი (უშუალოდ მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებისა და მასთან მიმართებით გადაუდებელი საწარმოო აუცილებლობის დასაბუთებით) არ უთქვამს. ამასთან, დამსაქმებლის მიერ გაცემული უარი არ შეიცავდა კატეგორიულ გაფრთხილებას შვებულების გამოყენების შემთხვევაში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

8. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები, უნებართვოდ გავიდა შვებულებაში და არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით, 31-32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 48.8, 48.9, 58-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408.1, 411-ე მუხლებით და ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიის ბიზნეს ცენტრის მართვის დეპარტამენტის მთაწმინდა - კრწანისის ფილიალის ზონის მენეჯერის პოზიცია არ იყო ვაკანტური, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით; ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად დარიცხული 1375 ლარის ოდენობით, 2021 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო საჩივრის თანახმად:

18.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად განმარტა კანონი;

18.2. მოსარჩელის მოვალეობაში შედიოდა ქალაქ თბილისში, ....., ...., ...., .... და .... 24-საათიანი წყალმომარაგების (ასევე, წყალარინების) მომსახურების 24-საათიანი კონტროლი, ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მომხდარი ავარიების გამოვლენა და მისი აღმოფხვრის კონტროლი. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული სოფლების წყალმომარაგების ქსელზე ირიცხებოდა ავარიები და მისი ხელმძღვანელი (დირექტორი გ.ს–ი) ითხოვდა მოსარჩელისგან წყალმომარაგების ქსელზე აღმოჩენილ ავარიებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას (რაც მოსარჩელის მოვალეობას წარმოადგენდა) და ამავე საფუძვლით ეუბნებოდა უარს შვებულებაში იმ დროისთვის გასვლაზე, მოსარჩელემ თვითნებურად მიატოვა სამსახური და ესპანეთში გაემგზავრა დასასვენებლად;

18.3. მოსარჩელის მიერ სამსახურის თვითნებურად მიტოვების პერიოდში ზემოაღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. კერძოდ, სოფელ ........ წყალმომარაგების ქსელის ჰაერგამშვები ვანტუსი გამოვიდა მწყობრიდან და იმის გამო, რომ დროულად ვერ მოხერხდა უწყლობის იდენტიფიცირება, რაც მოსარჩელის მოვალეობას წარმოადგენდა, ........ მოსახლეობა დარჩა უწყლოდ (იხ. საქმეში არსებული მტიცებულებები: კომპანიის უსაფრთხოების სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსების ანგარიში);

18.4. სარჩელიდან დგინდება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო შვებულების მოთხოვნის წესი (სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება). მიუხედავად ამისა, მას დადგენილი წესით არ მოუთხოვია დამსაქმებლისგან შვებულება, რაც დამსაქმებელს საშუალებას მისცემდა, მოეხდინა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული რეაგირება. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს მოთხოვნილიც კი არ ჰქონდა შვებულება;

18.5. სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში წარდგენილ მოსარჩელისა და მისი დირექტორის (გ.ს–ის) ელ. მიმოწერაზე, რომლითაც ეს უკანასკნელი მოსარჩელისგან ითხოვდა წყალმომარაგების ქსელზე აღმოჩენილ ავარიებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას და ამავე საფუძვლით უარს ეუბნებოდა იმ ეტაპისთვის შვებულებაში გასვლაზე;

18.6. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსარჩელემ სამსახურის თვითნებურად მიტოვებით დამსაქმებელსა და ქალაქ თბილისის ნაწილის წყალმომარაგებას. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც კი უხსენებია აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით კომპანიის უსაფრთხოების სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსების მიერ მომზადებული ანგარიში;

18.7. სასამართლომ არ იმსჯელა მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ, მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ცდილობდა სასამართლო შეეყვანა შეცდომაში და მიუთითებდა, თითქოს მან სთხოვა თავის კოლეგებს მისი მოვალეობის შესრულება. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა კატეგორიულად უარყვეს მოსარჩელესთან რაიმე სახის შეთანხმების არსებობის ფაქტი.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.

20. მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებლის სადავო 31.08.2021წ. N385 ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

21. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

22. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

23. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

24. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით/ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს, თუმცა მან ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ამ გარემოების სათანადოდ დადასტურება.

25. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძველს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მან დადგენილი წესით არ მიმართა დამსაქმებელს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით და თვითნებურად მიატოვა სამსახური, რამაც დამსაქმებლის საქმიანობის შეფერხება და მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შვებულება საქართველოს შრომის კოდექსითა და საერთაშორისო შრომის სამართლით დასაქმებულის აღიარებული უფლებაა. შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის მიერ უკვე ნამუშევარი დროის - შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მოპოვებულ დასვენების უფლებას, რა შემთხვევაშიც დასაქმებულს მიეცემა ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ შვებულების განმავლობაში სამუშაოს არ ასრულებს.

27. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით; იგივე წესია დადგენილი მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 7.1 მუხლითა და დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის 22.1 მუხლით.

28. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს მუშაობის მეორე წლიდან შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

29. შვებულების უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს (იხ. სუსგ საქმე Nას-836-1122-09, 26 მარტი, 2010 წელი). დასაქმებულმა უნდა მიმართოს დამსაქმებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შესახებ, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. გამონაკლისია გადაუდებელი საოპერაციო მოთხოვნიდან გამომდინარე შემთხვევა, რაც რეგლამენტირებულია სშკ-ის 25-ე მუხლით. მოცემული ნორმის საფუძველზე, ანაზღაურებადი შვებულების გადატანა დასაშვებია, თუ მისი გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. ამასთან, აუცილებელია დასაქმებულის თანხმობა შვებულების გადატანაზე (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ. 215-216).

30. ამდენად, იმისათვის რომ დადგინდეს, დაცული იყო თუ არა შვებულებით სარგებლობის წესი, უნდა გაირკვეს: ა) წარმოეშვა თუ არა დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება (ანუ, ფაქტობრივად ნამუშევარი 11 თვე ან დამსაქმებელთან შეთანხმება ამ ვადის გასვლამდე შვებულების მიცემის შესახებ); ბ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელს ხომ არ ჰქონდა დადგენილი დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა; გ) მიუვიდა თუ არა დამსაქმებელს შვებულებით სარგებლობის შესახებ დასაქმებულის ნება; დ) დამსაქმებელი ხომ არ იდგა ე.წ. გადაუდებელი საოპერაციო მოთხოვნების წინაშე, როცა დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემას შეიძლება უარყოფითად ემოქმედა სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, თუ აცნობა მან დასაქმებულს აღნიშნულის თაობაზე და მიიღო მისგან შვებულების გადატანაზე თანხმობა. დამსაქმებელი აღნიშნული პირობით ვერ ისარგებლებს, თუ დასაქმებულის წინა წლის შვებულება ამ საფუძვლით უკვე იყო გადატანილი (იხ. სუსგ საქმე Nას-6-2020, 06 ნოემბერი, 2020 წელი).

31. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 7.5 მუხლის თანახმად, შვებულებაში გასვლის, მისი გამოყენებისა და გადატანის წესი რეგულირდება დამსაქმებლის მიერ მიღებული შრომის შინაგანაწესით; ხოლო, შრომის შინაგანაწესის 21.3 და 21.6 მუხლების თანახმად, შვებულების შესახებ უნდა ეცნობოს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს, რომელსაც წარედგინება დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელისა და კურატორი დირექტორის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნის ფორმა შვებულებაში გასვლის თაობაზე.

32. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს წარმოშობილი ჰქონდა ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება, რომლითაც მას 2021 წელს არ უსარგებლია; სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა დადგენილი არ ჰქონია; ამასთან, საქმეში წარდგენილი ელექტრონული მიმოწერის შინაარსით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 16.08.2021წ.-დან 31.08.2021წ.-მდე ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით შრომის შინაგანაწესით დადგენილი ფორმით მიმართა როგორც მის უშუალო ხელძღვანელს, თ.წ–ძეს, ისე კურატორ დირექტორს, თუმცა მათ უარი განაცხადეს შვებულების მოთხოვნის ფორმაზე ხელმოწერაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.14 - 2.17 პუნქტები). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მხრიდან ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის ნება დამსაქმებელს დადგენილი წესით წარედგინა. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

33. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც დასაქმებულისათვის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობაზე უარის თქმას გაამართლებდა. კერძოდ, მან სარწმუნოდ ვერ დადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პერიოდში მისი სამსახურში არყოფნა სამუშაო პროცესის შეფერხებას გამოიწვევდა და კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხეს შეუქმნიდა. მოპასუხეს/დამსაქმებელს სასამართლოსთვის ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო ასეთად ვერ მიიჩნევს მხოლოდ მოპასუხის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვიდეო მონიტორინგისა და ობიექტების უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ცალმხრივად შედგენილ 30.08.2021წ. მოხსენებით ბარათს; დამსაქმებელმა ასევე ვერ დაადასტურა, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას შრომის შინაგანაწესის 21.7 მუხლის შესაბამისად, იმავე პერიოდში მოსარჩელის სამუშაოს შესრულება სხვა დასაქმებულისათვის დაეკისრებინა; საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შვებულების სოციალური დანიშნულებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი თავად არის ვალდებული, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, შვებულების უფლებით სარგებლობის შემთხვევაში იგი სხვა თანამშრომლით ჩაანაცვლოს, რათა სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას.

34. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ დამსაქმებლის თხოვნით მოსარჩელემ მანამდე წარდგენილი, 09.08.2021წ.-დან 24.08.2021წ.-მდე მოთხოვნილი შვებულების განაცხადი გააუქმა, ხოლო საქმეში არაა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეები მოსარჩელის შვებულების სექტემბერში გადატანაზე შეთანხმდნენ. ამასთან, კომპანიის მთაწმინდა-კრწანისის ფილიალის ზონის სხვა მენეჯერმა, გ.ი–მა ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით 2021 წლის 02 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ამავე ზონის მეორე მენეჯერმა, რ.ო–იმა კი - 2021 წლის 18 აგვისტოდან 02 სექტემბრის ჩათვლით.

35. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა/ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა დასაქმებულისათვის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობაზე უარის თქმის მართლზომიერება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი პირების თანხმობის არარსებობის მიუხედავად, დასაქმებულის/მოსარჩელის მიერ შვებულებით სარგებლობა ვერ შეფასდება შრომითი ხელშეკრულებით/შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების იმგვარ დარღვევად, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაძლოა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა გახდეს; მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელე მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის ფარგლებში და მის თვითმიზანს დამსაქმებლის გაუფრთხილებლად ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა არ წარმოადგენდა. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

38. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 475 ლარის 70% – 1032,5 ლარი.

39. მოწინააღმდეგე მხარე/მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის, შუამდგომლობის წარდგენის დროისათვის ჯამში 32 250 ლარის 4%-ის 1 290 ლარის კასატორისთვის დაკისრებას.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება სარჩელით არ მოუთხოვია. შესაბამისად, ამ კუთხით მას არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება გაუსაჩივრებია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სამართლებრივი დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზრაურების თაობაზე ვერ იმსჯელებს.

42. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯს, დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 300 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 16 მაისს №18 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 475 (ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) ლარის 70% – 1032,5 (ათას ოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. მ.კ–იას შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ მ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 300 (სამასი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი