Facebook Twitter

საქმე №ას-388-2021 15 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით დ.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ბანკი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების თანხის - 138,46 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 26 ივლისის №1061-კ ბრძანება მხარეთა შორის დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ბანკს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა); სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2010 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ბანკში დაინიშნა უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე 6 თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელდება შემდგომი 6-თვიანი ვადებით. ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელის ძირითადი მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართ „გ“-ში (ს.ფ. 21-27);

3.2. 2013 წლის 1 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე 1 წლის ვადით დაინიშნა რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე (ს.ფ. 28-32);

3.3. 2018 წლის 26 ივლისის მდგომარეობით (№1061-კ ბრძანების გამოცემის დროისათვის) მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1182 ლარს (ხელზე მისაღები თანხა) (ს.ფ. 34-39);

3.4. უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის ფუნქციები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: 1. ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად; 2. დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირება: საბანკო დაწესებულებების ტექნიკური დაცვის საშუალებების გამართული მუშაობის კონტროლი; 3. დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში); 4. არსებული დაცვის ტექნიკური სისტემების ტესტირების ორგანიზება, დაზიანებული ტექნიკის გამოსაცვლელად წინადადებების მომზადება; 5. არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში); 6. სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია; 7. ბანკში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება; 8. დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი; 9. ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (ადმინისტრატორი, გუშაგი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება; 10. უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგებისათვის ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმების მომზადება; 11. უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება; 12. უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების დაფიქსირება; 13. ექსპლუატაციის წესების უნებლიე თუ განზრახ რეგულარული დარღვევების შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინფორმირება; 14. მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: 14.1 საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; 14.2. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; 14.3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება; 15. არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება; 16. მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად; 17. რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; 18. მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში. 19. მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს; 20. აქტიური მონაწილეობა უსაფრთხოების ახალი თანამშრომლის (ადმინისტრატორი, გუშაგი) შერჩევის, ტრენინგის და ეკიპირების საკითხებში; 21. მონაწილეობა ბანკში ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში (კომპეტენციის ფარგლებში); 22. რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ მოთხოვნებზე: 22.1. ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება; 22.2. ბანკში დადგენილი პროცედურებით გადაცემა (იურიდიული სამსახურის მხარდაჭერით); 23. ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება; 24. რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების დროს; 25. უსაფრთხოების რეჟიმის, ბანკის შინაგანაწესის დარღვევის, კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის გამოვლენა - დაფიქსირების მიზნით; 26. დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი; 27. ბანკის კუთვნილ შენობებში სასაშვო (დაშვების) სისტემის ორგანიზაცია; 28. კონტროლი ინკასაციის და ბანკის სხვა სამსახურებში უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში; 29. საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით და წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით, პირადი შემადგენლობის მობილიზაცია; 30. შეხვედრა ბანკის კლიენტურასთან, ბანკსა და კლიენტებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; 31. მოულოდნელად წარმოშობილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზაცია, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით (ს.ფ. 62);

3.5. 2018 წლის 26 ივლისს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გამოსცა №122 ბრძანება, რომლის თანახმად, ბანკის ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში გაუქმდა უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უფროსის, უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის, უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების უფროსი ოფიცრისა და უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობები. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე: 1. განხორციელდა ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი სტრუქტურის დამტკიცება და შევიდა დებულებაში ცვლილებები; 2. ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში გაუქმდა: უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის თანამდებობა (ჯამში 11 საშტატო ერთეული), უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უფროსის თანამდებობა (ჯამში 1 საშტატო ერთეული), უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების უფროსი ოფიცრის თანამდებობა (ჯამში 4 საშტატო ერთეული), უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობა (ჯამში 6 საშტატო ერთეული) (ს.ფ. 60-61);

3.6. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №122 ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზეზად მითითებულია შემდეგი: ბანკში მიმდინარე გამოწვევებზე ეფექტური და ოპერატიული რეაგირების მიზნით, უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პროცესების გათვალისწინებით, საჭირო გახდა ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში განახლებული მიზნებისა და ამოცანების დასახვა და განხორციელება, რამაც განაპირობა ოპერატიული რეაგირების, ინფორმაციული უზრუნველყოფის და შიდა კონტროლის სამსახურში არსებული პროცესების განახლება, ცვლილება, მათ შორის, უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უფროსის, უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის, უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების უფროსი ოფიცრისა და უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობის და შესაბამისი საშტატო ერთეულების გაუქმება, მის ნაცვლად ფუნქციურად ახალი ჯგუფისა და თანამდებობების შექმნა და შესაბამისი თანამშრომლებით დაკომპლექტება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური და ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას (ს.ფ. 60-61);

3.7. რეორგანიზაციის შედეგად, რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის გაუქმებული 11 თანამდებობის ნაცვლად შეიქმნა რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის 6 შტატი, რომელთა თანამდებობრივი ინსტრუქცია განისაზღვრა შემდეგნაირად: ფუნქციები: 1. ანგარიშგება; 1.1. ანგარიშგების წარმოება უშუალო და იერარქიულ მენეჯერებთან და შიდა მარეგულირებლებთან, კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით; 2. პერსონალის მართვა კომპანიის HR პოლიტიკის შესაბამისად: 2.1 უშუალო მენეჯერთან ერთად დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების (შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და ა.შ.) მართვა; 2.1.1. დაქვემდებარებული თანამშრომლების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება; 2.2. თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, შესრულების შეფასება და საჭირო ტრენინგების განსაზღვრა; 2.3. დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ჯეროვანი მართვა, კონტროლი, მათ შორის, მათ სამუშაო ადგილებზე სისტემატიური ვიზიტი; ასევე, მათი მუშაობის კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად გადანაწილების მიზნით; 3. დეპარტამენტის ბიზნეს-ამოცანების საფუძველზე, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ბიზნეს-ამოცანების შესრულება; 4. წინასწარ დათქმულ დროს განგაშის ღილაკების გამართულობის შემოწმება; დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებების დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტზე; 5. დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში); 6. არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში); 7. სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან და მის რეგიონში არსებულ ბანკის მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება/დაკარგვასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით, წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია; 8. ბანკში უსაფრთხოების წესების, შინაგანაწესის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება (კომპეტენციის ფარგლებში); 9. ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (უფროსი ადმინისტრატორი, ადმინისტრატორი, დაცვის უფროსი ოფიცერი, ოფიცერი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება; 10. მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: 10.1 საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; 10.2. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; 10.3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება; 11. არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება, შესაბამისი ინციდენტის ამოწურვამდე; 12. მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად; 13. რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; 14. მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში; 15. მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; 16. რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ კანონიერ მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს: 16.1. ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება, შესაბამისი მოთხოვნის შესრულება, ბანკის წარმომადგენლობა სისხლის სამართლის საქმეებზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა (ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით); 17. ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა (მომხმარებელთა) მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში); 18. რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე (მომხმარებლებზე) თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, სალაროში აღმოჩენილ ზედმეტობა/დანაკლისის ფაქტებზე, ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების მიზნით, შესაბამისი ვიდეოჩანაწერების განხილვა, კლიენტებთან (მომხმარებლებთან) კომუნიკაცია და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება; 19. დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში); 20. საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით პირადი შემადგენლობის მობილიზაცია; 21. შეხვედრა ბანკის მომხმარებლებთან, ბანკსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით (კომპეტენციის ფარგლებში); 22. ბანკის მიმართ, მოსალოდნელი ზიანის რისკების შემცირების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ოპერატიული ვითარების შესწავლა, მისი უშუალო ხელმძღვანელი პირების დავალებით (ს.ფ. 65, 88);

3.8. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №1061-კ ბრძანებით შეწყდა ბანკსა და ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის, ოპერატიული რეაგირების, ინფორმაციული უზრუნველყოფის და შიდა კონტროლის სამსახურის, უსაფრთხოების რეგიონალური ჯგუფის უსაფრთხოების რეგიონალურ ოფიცერ - მოსარჩელეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე და შრომითი ურთიერთობის ბოლო დღედ განისაზღვრა 2018 წლის 31 ივლისი. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ სშკ-ის 38.1 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მიეცეს კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით (ს.ფ. 40).

4. სააპელაციო პალატის მითითებით, ბანკში მოსარჩელე დასაქმებული იყო რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე. აღნიშნული თანამდებობა გაუქმდა ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №122 ბრძანებით და მის ნაცვლად შეიქმნა რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის შტატი. საქმეში წარმოდგენილია რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელთა შედარებით ირკვევა, რომ მათი უმეტესობა ერთმანეთის მსგავსია, კერძოდ:

4.1. რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობრივი ინსტრუქციის პირველ პუნქტში მითითებული ფუნქცია (ანგარიშგება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის პირველ პუნქტში დასახელებული ფუნქციისა;

4.2. მე-2 პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირება: საბანკო დაწესებულებების ტექნიკური დაცვის საშუალებების გამართული მუშაობის კონტროლი) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-4 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (წინასწარ დათქმულ დროს განგაშის ღილაკების გამართულობის შემოწმება; დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებების დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტზე);

4.3. მე-3 პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში)) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-5 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.4. მე-4 პუნქტში მითითებული ფუნქცია (არსებული დაცვის ტექნიკური სისტემების ტესტირების ორგანიზება, დაზიანებული ტექნიკის გამოსაცვლელად წინადადებების მომზადება) რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივ ინსტრუქციაში გათვალისწინებული არ არის;

4.5. მე-5 პუნქტში მითითებული ფუნქცია (არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში)) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-6 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.6. მე-6 პუნქტში მითითებული ფუნქცია (სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-7 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან და მის რეგიონში არსებულ ბანკის მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება/დაკარგვასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია);

4.7. მე-7 პუნქტში მითითებული ფუნქცია (ბანკში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-8 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (ბანკში უსაფრთხოების წესების, შინაგანაწესის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.8. მე-8 პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.3. პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ჯეროვანი მართვა, კონტროლი, მათ შორის, მათ სამუშაო ადგილებზე სისტემატური ვიზიტი. ასევე მათი მუშაობის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად გადანაწილების მიზნით);

4.9. მე-9 პუნქტში მითითებული ფუნქცია (ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (ადმინისტრატორი, გუშაგი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-9 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (უფროსი ადმინისტრატორი, ადმინისტრატორი, დაცვის უფროსი ოფიცერი, ოფიცერი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება);

4.10. მე-10 და მე-11 პუნქტებში მითითებული ფუნქცია (უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგებისათვის ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმების მომზადება და უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება) ნაწილობრივ იდენტურია 2.1.1. პუნქტში მითითებული ფუნქციისა (დაქვემდებარებული თანამშრომლების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება);

4.11. მე-12 და მე-14 პუნქტებში მითითებული ფუნქციები (უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების დაფიქსირება; მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-10 პუნქტში მითითებული ფუნქციისა (მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება);

4.12. მე-15 პუნქტში მითითებული ფუნქცია (არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-11 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება, შესაბამისი ინციდენტის ამოწურვამდე);

4.13. მე-16 პუნქტში მითითებული ფუნქცია (მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-12 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად);

4.14. მე-17 პუნქტში მითითებული ფუნქცია (რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-13 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ);

4.15. მე-18 პუნქტში მითითებული ფუნქცია (მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-14 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში);

4.16. მე-19 პუნქტში მითითებული ფუნქცია (მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-15 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით);

4.17. მე-20 და 21-ე პუნქტებში მითითებული ფუნქცია (აქტიური მონაწილეობა უსაფრთხოების ახალი თანამშრომლის (ადმინისტრატორი, გუშაგი) შერჩევის, ტრენინგის და ეკიპირების საკითხებში, მონაწილეობა ბანკში ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში (კომპეტენციის ფარგლებში)) ნაწილობრივ იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1. პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (უშუალო მენეჯერთან ერთად, დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების (შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და ა.შ.) მართვა);

4.18. 22-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ მოთხოვნებზე: ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება; ბანკში დადგენილი პროცედურებით გადაცემა (იურიდიული სამსახურის მხარდაჭერით)) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-16 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ კანონიერ მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს: 16.1 ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება, შესაბამისი მოთხოვნის შესრულება, ბანკის წარმომადგენლობა სისხლის სამართლის საქმეებზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა (ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით));

4.19. 23-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-17 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა (მომხმარებელთა) მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.20. 24-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების დროს) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-18 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე (მომხმარებლებზე) თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, სალაროში აღმოჩენილ ზედმეტობა/დანაკლისის ფაქტებზე, ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების მიზნით, შესაბამისი ვიდეოჩანაწერების განხილვა, კლიენტებთან (მომხმარებლებთან) კომუნიკაცია და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება));

4.21. 26-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-18 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.22. 29-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით და წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით პირადი შემადგენლობის მობილიზაცია) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-20 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედით პირადი შემადგენლობის მობილიზაცია);

4.23. 30-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (შეხვედრა ბანკის კლიენტურასთან, ბანკსა და კლიენტებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის 21-ე პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (შეხვედრა ბანკის მომხმარებლებთან, ბანკსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით (კომპეტენციის ფარგლებში)).

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის და რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ფუნქციები უმეტესწილად ერთმანეთის მსგავსია, ხოლო რაც შეეხება იმ ფუნქციებს, რომლებიც განსხვავდება და მოიცავს უსაფრთხოების რეგიონალური მენეჯერის ახალი თანამდებობა, დამსაქმებელმა (მოპასუხემ) ვერ დაასაბუთა, რატომ ვერ შეძლებდა მოსარჩელე მათ შესრულებას.

6. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაეფუძნა, თუმცა, კონკრეტულად რა ობიექტურ გარემოებას ეყრდნობოდა დამსაქმებელი ორგანიზაცია მაშინ, როდესაც დასაქმებული თანამშრომლებიდან მოსარჩელის დათხოვნაზე შეაჩერა არჩევანი, 2018 წლის 26 ივლისის ბრძანებაში აღნიშნული არ არის. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას, რომ ახალ თანამდებობებზე „საუკეთესო“ კადრების შერჩევა მოხდა და მათ შორის იყო დავით ზაქარაია, მისი სამსახურებრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული არის მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ზოგადი განმარტება და არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ რაიმე მტკიცებულებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი განმარტება ვერ ადასტურებდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერ საფუძველს. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში, ყოველგვარი დარღვევებისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების გარეშე მუშაობდა ორგანიზაციაში განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე დამსაქმებელს სხვა თანამდებობაზე გადაყვანაც არ შეუთავაზებია.

7. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ორგანიზაციამ ვერ დაასაბუთა, განხორციელებულ რეორგანიზაციას რა ეკონომიკური გარემოებები უძღოდა ან ასეთმა შესაძლო ეკონომიკურმა ცვლილებებმა რატომ გამოიწვია მოსარჩელის შტატის შემცირება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №122 ბრძანებაში მითითებული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად, არ დგინდება რეორგანიზაციის განხორციელების მართლზომიერება.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ კომპანიაში დარჩა მსგავსი სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), თუმცა ნაწილობრივ შეიცვალა (დაემატა, გამოაკლდა) უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის ფუნქციები. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სახეზეა მოსარჩელის გათავისუფლების გონივრული საფუძველი, რადგან ბანკმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის დასაქმებულს უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია გააჩნდა. ასევე არ დასტურდება, რომ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. უცნობია, რა აუცილებლობით არის გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, აღნიშნულ კითხვებზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს. მოპასუხე კომპანიას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც რეორგანიზაციის მიზანშეწონილობას დაადასტურებდა.

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, რეორგანიზაციის პირობებში დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა ახალ თანამშრომელს და არა -მოსარჩელეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა სშკ-ის მოთხოვნებს. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საწარმოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როდესაც რეალურად ადგილი არ ჰქონდა რეორგანიზაციას, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად ისეთივე ფუნქციის მატარებელია, როგორც ძველი სტრუქტურული ერთეულები. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა გათავისუფლების უკანონობაზე უნდა უთითებდეს, აგრეთვე, სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა. ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, მაშინაც კი, როდესაც მას შტატების შემცირება მოსდევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნება შეესაბამება თუ არა ამ ნების საკანონმდებლო რეგლამენტაციას.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 54-ე მუხლით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან დადგინდა გასაჩივრებული ბრძანების არაკანონიერება, შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის 48.8. მუხლით (დავის წარმოშობის პერიოდში ამავე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებდა სშკ-ის 38.8. მუხლი) და აღნიშნა, რომ, მოსარჩელის მითითებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობა (ამჟამად უსაფრთხოების რეგიონული მენეჯერი) კონკურსის წესით დაკავებული აქვს დავით ზაქარიას. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის თანამდებობაზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენას. პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა და არ დაუსახელებია, რომელია ის ტოლფასი თანამდებობა, რომელზედაც მისი აღდგენა უნდა განხორციელდეს, ამ ნაწილში მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა 1182 ლარს და მას ანაზღაურებული ჰქონდა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ს.ფ. 39, 87). შესაბამისად, ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა).

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბანკისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება 1200 ლარის ოდენობით 2018 წლის 31 ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ დგინდება, რა გახდა კომპენსაციის ოდენობის დაახლოებით რვა თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით შემოფარგვლის მიზეზი, მაშინ როდესაც რვა თვის შრომის ანაზღაურება დამსაქმებლისათვის არც სანქციის სახეს შეიძლება ატარებდეს და ვერც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციისთვის იქნება საკმარისი;

14.2. კომპენსაცია პირს მიეცემა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.ი. კომპენსაციის ოდენობამ უნდა მოახდინოს პირის რესტიტუცია არა მხოლოდ იმ დანაკარგისათვის, რომელიც განაცდურის მიღების შეუძლებლობას მოჰყვა, არამედ - იმ ზიანისთვისაც, რომელიც სამსახურში აღდგენის შეუძლებლობამ და მუშაკის სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებამ გამოიწვია;

14.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგა ის შედეგი, რომ კასატორი ვერც სამსახურში აღდგება და იძულებით განაცდურს მიიღებს სამსახურში აღდგენის დღემდე და მხოლოდ რვა თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციას უნდა დასჯერდეს. შესაბამისად, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოახდინა მოსარჩელის როგორც მატერიალური დანაკარგების, ასევე - მორალური ზიანის კომპენსაცია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5. მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

18. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის უკანონო გათავისუფლების გამო ბანკისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა.

19. სშკ-ის 38.8. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

20. საკასაციო პალატის განმარტებით, სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (იხ. სუსგ საქმე №ას-890-857-2016, 9 ოქტომბერი, 2017 წელი).

21. შრომით დავებზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ.; ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება არა დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ მისი ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია. ამასთან, დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე, იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; №ას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი).

22. საკასაციო პალატის განმარტებით, ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი არ წარმოადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის თანასწორ სიკეთეს, რამეთუ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული, დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-969-934-2016, 5 იანვარი, 2017 წელი). განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო, ხოლო კომპენსაცია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ალტერნატივაა, რომლითაც უკანონოდ გათავისუფლებული პირის მატერიალური და არამატერიალური დანაკარგის კომპენსირება ხდება (იხ. სუსგ საქმე №ას-890-857-2016, 9 ოქტომბერი, 2017 წელი).

23. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა). დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივლისის მდგომარეობით (№1061-კ ბრძანების გამოცემის დროისათვის) მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1182 ლარს (ხელზე მისაღები თანხა) (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.3 ქვეპუნქტი). ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა წარმოადგენს მოსარჩელის შრომის ანაზღაურების დაახლოებით 8 თვის ჯამს, რაც სადავოდ აქვს გამხდარი კასატორს.

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის ოდენობის არაგონივრულობის თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი კომპენსაციის ოდენობა ვერ ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ განიცადა უკანონო გათავისუფლებით, დადგენილი კომპენსაციის ოდენობა ვერ ფარავს განაცდურის იმ ოდენობასაც კი, რასაც მოსარჩელე მიიღებდა პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში (დასაქმებულის გათავისუფლებიდან სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გასულია 30 თვე). ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ, ასევე, საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს, დამსაქმებლის ფინანსურ მდგომარეობას და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობა დასაქმებულის მიერ 34 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის - 40188 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაციის - 10 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) გარდა, დამატებით, კომპენსაციის სახით, 30 188 ლარის გადახდა, რაც ჯამში 40 188 ლარს შეადგენს (1182X34 თვე).

25. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ამავე კოდექსის 412.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების შესახებ; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაციის - 10 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) გარდა, დამატებით დაეკისროს კომპენსაციის სახით 30 188 ლარის გადახდა, რაც ჯამში 40 188 ლარს შეადგენს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

28. სსსკ-ის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

29. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გამომდინარე აქედან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 3 622,56 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. დ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების შესახებ;

3. დ.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სს „ს.ბ–ს“ დ.მ–ძის სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაციის - 10 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) გარდა, დამატებით დაეკისროს კომპენსაციის სახით 30 188 ლარის გადახდა, რაც ჯამში 40 188 ლარს შეადგენს;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;

6. სს „ს.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3 622,56 (სამი ათას ექვსას ოცდაორი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

8.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი