Facebook Twitter

საქმე №ას-388-2021 31 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით დ.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების თანხის - 138,46 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 26 ივლისის №1061-კ ბრძანება მხარეთა შორის დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ბანკს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა); სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2010 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ბანკში დაინიშნა უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე 6 თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელდება შემდგომი 6-თვიანი ვადებით. ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელის ძირითადი მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართ „გ“-ში (ს.ფ. 21-27);

3.2. 2013 წლის 1 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე 1 წლის ვადით დაინიშნა რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე (ს.ფ. 28-32);

3.3. 2018 წლის 26 ივლისის მდგომარეობით (№1061-კ ბრძანების გამოცემის დროისათვის) მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1182 ლარს (ხელზე მისაღები თანხა) (ს.ფ. 34-39);

3.4. უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის ფუნქციები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: 1. ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად; 2. დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირება: საბანკო დაწესებულებების ტექნიკური დაცვის საშუალებების გამართული მუშაობის კონტროლი; 3. დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში); 4. არსებული დაცვის ტექნიკური სისტემების ტესტირების ორგანიზება, დაზიანებული ტექნიკის გამოსაცვლელად წინადადებების მომზადება; 5. არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში); 6. სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია; 7. ბანკში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება; 8. დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი; 9. ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (ადმინისტრატორი, გუშაგი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება; 10. უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგებისათვის ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმების მომზადება; 11. უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება; 12. უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების დაფიქსირება; 13. ექსპლუატაციის წესების უნებლიე თუ განზრახ რეგულარული დარღვევების შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინფორმირება; 14. მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: 14.1 საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; 14.2. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; 14.3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება; 15. არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება; 16. მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად; 17. რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; 18. მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში. 19. მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს; 20. აქტიური მონაწილეობა უსაფრთხოების ახალი თანამშრომლის (ადმინისტრატორი, გუშაგი) შერჩევის, ტრენინგის და ეკიპირების საკითხებში; 21. მონაწილეობა ბანკში ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში (კომპეტენციის ფარგლებში); 22. რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ მოთხოვნებზე: 22.1. ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება; 22.2. ბანკში დადგენილი პროცედურებით გადაცემა (იურიდიული სამსახურის მხარდაჭერით); 23. ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება; 24. რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების დროს; 25. უსაფრთხოების რეჟიმის, ბანკის შინაგანაწესის დარღვევის, კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის გამოვლენა - დაფიქსირების მიზნით; 26. დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი; 27. ბანკის კუთვნილ შენობებში სასაშვო (დაშვების) სისტემის ორგანიზაცია; 28. კონტროლი ინკასაციის და ბანკის სხვა სამსახურებში უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში; 29. საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით და წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით, პირადი შემადგენლობის მობილიზაცია; 30. შეხვედრა ბანკის კლიენტურასთან, ბანკსა და კლიენტებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; 31. მოულოდნელად წარმოშობილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზაცია, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით (ს.ფ. 62);

3.5. 2018 წლის 26 ივლისს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გამოსცა №122 ბრძანება, რომლის თანახმად, ბანკის ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში გაუქმდა უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უფროსის, უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის, უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების უფროსი ოფიცრისა და უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობები. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე: 1. განხორციელდა ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი სტრუქტურის დამტკიცება და შევიდა დებულებაში ცვლილებები; 2. ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში გაუქმდა: უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის თანამდებობა (ჯამში 11 საშტატო ერთეული), უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უფროსის თანამდებობა (ჯამში 1 საშტატო ერთეული), უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების უფროსი ოფიცრის თანამდებობა (ჯამში 4 საშტატო ერთეული), უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობა (ჯამში 6 საშტატო ერთეული) (ს.ფ. 60-61);

3.6. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №122 ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზეზად მითითებულია შემდეგი: ბანკში მიმდინარე გამოწვევებზე ეფექტური და ოპერატიული რეაგირების მიზნით, უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პროცესების გათვალისწინებით, საჭირო გახდა ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში განახლებული მიზნებისა და ამოცანების დასახვა და განხორციელება, რამაც განაპირობა ოპერატიული რეაგირების, ინფორმაციული უზრუნველყოფის და შიდა კონტროლის სამსახურში არსებული პროცესების განახლება, ცვლილება, მათ შორის, უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უფროსის, უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის, უსაფრთხოების თბილისის ჯგუფის უსაფრთხოების უფროსი ოფიცრისა და უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობის და შესაბამისი საშტატო ერთეულების გაუქმება, მის ნაცვლად ფუნქციურად ახალი ჯგუფისა და თანამდებობების შექმნა და შესაბამისი თანამშრომლებით დაკომპლექტება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური და ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას (ს.ფ. 60-61);

3.7. რეორგანიზაციის შედეგად, რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის გაუქმებული 11 თანამდებობის ნაცვლად შეიქმნა რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის 6 შტატი, რომელთა თანამდებობრივი ინსტრუქცია განისაზღვრა შემდეგნაირად: ფუნქციები: 1. ანგარიშგება; 1.1. ანგარიშგების წარმოება უშუალო და იერარქიულ მენეჯერებთან და შიდა მარეგულირებლებთან, კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით; 2. პერსონალის მართვა კომპანიის HR პოლიტიკის შესაბამისად: 2.1 უშუალო მენეჯერთან ერთად დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების (შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და ა.შ.) მართვა; 2.1.1. დაქვემდებარებული თანამშრომლების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება; 2.2. თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, შესრულების შეფასება და საჭირო ტრენინგების განსაზღვრა; 2.3. დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ჯეროვანი მართვა, კონტროლი, მათ შორის, მათ სამუშაო ადგილებზე სისტემატიური ვიზიტი; ასევე, მათი მუშაობის კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად გადანაწილების მიზნით; 3. დეპარტამენტის ბიზნეს-ამოცანების საფუძველზე, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ბიზნეს-ამოცანების შესრულება; 4. წინასწარ დათქმულ დროს განგაშის ღილაკების გამართულობის შემოწმება; დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებების დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტზე; 5. დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში); 6. არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში); 7. სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან და მის რეგიონში არსებულ ბანკის მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება/დაკარგვასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით, წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია; 8. ბანკში უსაფრთხოების წესების, შინაგანაწესის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება (კომპეტენციის ფარგლებში); 9. ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (უფროსი ადმინისტრატორი, ადმინისტრატორი, დაცვის უფროსი ოფიცერი, ოფიცერი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება; 10. მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: 10.1 საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; 10.2. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; 10.3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება; 11. არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება, შესაბამისი ინციდენტის ამოწურვამდე; 12. მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად; 13. რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; 14. მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში; 15. მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; 16. რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ კანონიერ მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს: 16.1. ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება, შესაბამისი მოთხოვნის შესრულება, ბანკის წარმომადგენლობა სისხლის სამართლის საქმეებზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა (ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით); 17. ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა (მომხმარებელთა) მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში); 18. რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე (მომხმარებლებზე) თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, სალაროში აღმოჩენილ ზედმეტობა/დანაკლისის ფაქტებზე, ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების მიზნით, შესაბამისი ვიდეოჩანაწერების განხილვა, კლიენტებთან (მომხმარებლებთან) კომუნიკაცია და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება; 19. დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში); 20. საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით პირადი შემადგენლობის მობილიზაცია; 21. შეხვედრა ბანკის მომხმარებლებთან, ბანკსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით (კომპეტენციის ფარგლებში); 22. ბანკის მიმართ, მოსალოდნელი ზიანის რისკების შემცირების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ოპერატიული ვითარების შესწავლა, მისი უშუალო ხელმძღვანელი პირების დავალებით (ს.ფ. 65, 88);

3.8. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №1061-კ ბრძანებით შეწყდა ბანკსა და ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის, ოპერატიული რეაგირების, ინფორმაციული უზრუნველყოფის და შიდა კონტროლის სამსახურის, უსაფრთხოების რეგიონალური ჯგუფის უსაფრთხოების რეგიონალურ ოფიცერ - მოსარჩელეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე და შრომითი ურთიერთობის ბოლო დღედ განისაზღვრა 2018 წლის 31 ივლისი. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ სშკ-ის 38.1 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მიეცეს კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით (ს.ფ. 40).

4. სააპელაციო პალატის მითითებით, ბანკში მოსარჩელე დასაქმებული იყო რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე. აღნიშნული თანამდებობა გაუქმდა ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №122 ბრძანებით და მის ნაცვლად შეიქმნა რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის შტატი. საქმეში წარმოდგენილია რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელთა შედარებით ირკვევა, რომ მათი უმეტესობა ერთმანეთის მსგავსია, კერძოდ:

4.1. რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობრივი ინსტრუქციის პირველ პუნქტში მითითებული ფუნქცია (ანგარიშგება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის პირველ პუნქტში დასახელებული ფუნქციისა;

4.2. მე-2 პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირება: საბანკო დაწესებულებების ტექნიკური დაცვის საშუალებების გამართული მუშაობის კონტროლი) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-4 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (წინასწარ დათქმულ დროს განგაშის ღილაკების გამართულობის შემოწმება; დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებების დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტზე);

4.3. მე-3 პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში)) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-5 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (დაფიქსირებული ცრუ განგაშების მიზეზების დადგენა, ხარვეზების აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.4. მე-4 პუნქტში მითითებული ფუნქცია (არსებული დაცვის ტექნიკური სისტემების ტესტირების ორგანიზება, დაზიანებული ტექნიკის გამოსაცვლელად წინადადებების მომზადება) რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივ ინსტრუქციაში გათვალისწინებული არ არის;

4.5. მე-5 პუნქტში მითითებული ფუნქცია (არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში)) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-6 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (არსებული ობიექტების ტექნიკური დაცვის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.6. მე-6 პუნქტში მითითებული ფუნქცია (სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-7 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში თანამშრომლების უსაფრთხოებასთან და მის რეგიონში არსებულ ბანკის მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება/დაკარგვასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია);

4.7. მე-7 პუნქტში მითითებული ფუნქცია (ბანკში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-8 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (ბანკში უსაფრთხოების წესების, შინაგანაწესის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა და ადეკვატური რეაგირების განხორციელება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.8. მე-8 პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.3. პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ჯეროვანი მართვა, კონტროლი, მათ შორის, მათ სამუშაო ადგილებზე სისტემატური ვიზიტი. ასევე მათი მუშაობის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად გადანაწილების მიზნით);

4.9. მე-9 პუნქტში მითითებული ფუნქცია (ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (ადმინისტრატორი, გუშაგი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-9 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (ობიექტებზე დასაქმებულ პასუხისმგებელ პირებთან (უფროსი ადმინისტრატორი, ადმინისტრატორი, დაცვის უფროსი ოფიცერი, ოფიცერი) არსებული დაცვითი ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება);

4.10. მე-10 და მე-11 პუნქტებში მითითებული ფუნქცია (უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგებისათვის ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმების მომზადება და უსაფრთხოების ადმინისტრატორებისა და გუშაგების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება) ნაწილობრივ იდენტურია 2.1.1. პუნქტში მითითებული ფუნქციისა (დაქვემდებარებული თანამშრომლების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება);

4.11. მე-12 და მე-14 პუნქტებში მითითებული ფუნქციები (უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების დაფიქსირება; მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-10 პუნქტში მითითებული ფუნქციისა (მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალების მიზნით, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება: საფრთხეების დროულად და სრულად იდენტიფიცირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირება; დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება);

4.12. მე-15 პუნქტში მითითებული ფუნქცია (არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-11 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (არასამუშაო საათებში, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაცავ ობიექტზე განგაშის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება, შესაბამისი ინციდენტის ამოწურვამდე);

4.13. მე-16 პუნქტში მითითებული ფუნქცია (მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-12 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (მონაწილეობა ახალი ს/ც-ს, ბანკომატის და ა.შ. მოკვლევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის სამსახურებთან (ან მათ გარეშე) ან/და ბანკის სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად);

4.14. მე-17 პუნქტში მითითებული ფუნქცია (რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-13 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (რეკომენდაციის მომზადება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ბანკომატის სიგნალიზაციით აღჭურვის, ადგილმდებარეობის შეცვლის ან სხვა გასატარებელი ღონისძიებების შესახებ);

4.15. მე-18 პუნქტში მითითებული ფუნქცია (მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-14 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (მხარდაჭერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების სრულყოფილად დაცვის ან/და სხვა გასატარებელი ღონისძიებების შემთხვევაში);

4.16. მე-19 პუნქტში მითითებული ფუნქცია (მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-15 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (მხარდაჭერა საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით);

4.17. მე-20 და 21-ე პუნქტებში მითითებული ფუნქცია (აქტიური მონაწილეობა უსაფრთხოების ახალი თანამშრომლის (ადმინისტრატორი, გუშაგი) შერჩევის, ტრენინგის და ეკიპირების საკითხებში, მონაწილეობა ბანკში ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში (კომპეტენციის ფარგლებში)) ნაწილობრივ იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1. პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (უშუალო მენეჯერთან ერთად, დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების (შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და ა.შ.) მართვა);

4.18. 22-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ მოთხოვნებზე: ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება; ბანკში დადგენილი პროცედურებით გადაცემა (იურიდიული სამსახურის მხარდაჭერით)) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-16 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან შემოსულ კანონიერ მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს: 16.1 ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება, შესაბამისი მოთხოვნის შესრულება, ბანკის წარმომადგენლობა სისხლის სამართლის საქმეებზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა (ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით));

4.19. 23-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-17 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (ბანკომატებიდან თანხების განაღდების პროცესში კლიენტთა (მომხმარებელთა) მხრიდან წარმოქმნილ პრეტენზიებზე რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.20. 24-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების დროს) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-18 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (რეაგირება ბანკის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებზე (მომხმარებლებზე) თანხების გადაყოლების/ზედმეტობის დროს, სალაროში აღმოჩენილ ზედმეტობა/დანაკლისის ფაქტებზე, ბანკის თანამშრომელთა გამოკითხვა პრობლემების დარეგულირების მიზნით, შესაბამისი ვიდეოჩანაწერების განხილვა, კლიენტებთან (მომხმარებლებთან) კომუნიკაცია და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება));

4.21. 26-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-18 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (დაცვის სამსახურებიდან (სახელმწიფო ან კერძო) დაქირავებული დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში));

4.22. 29-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით და წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით პირადი შემადგენლობის მობილიზაცია) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-20 პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (საბანკო დაწესებულებებში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების დროს წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედით პირადი შემადგენლობის მობილიზაცია);

4.23. 30-ე პუნქტში მითითებული ფუნქცია (შეხვედრა ბანკის კლიენტურასთან, ბანკსა და კლიენტებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში) იდენტურია რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის 21-ე პუნქტში დასახელებული ფუნქციისა (შეხვედრა ბანკის მომხმარებლებთან, ბანკსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების გარკვევის მიზნით (კომპეტენციის ფარგლებში)).

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის და რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ფუნქციები უმეტესწილად ერთმანეთის მსგავსია, ხოლო რაც შეეხება იმ ფუნქციებს, რომლებიც განსხვავდება და მოიცავს უსაფრთხოების რეგიონალური მენეჯერის ახალი თანამდებობა, დამსაქმებელმა (მოპასუხემ) ვერ დაასაბუთა, რატომ ვერ შეძლებდა მოსარჩელე მათ შესრულებას.

6. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაეფუძნა, თუმცა, კონკრეტულად რა ობიექტურ გარემოებას ეყრდნობოდა დამსაქმებელი ორგანიზაცია მაშინ, როდესაც დასაქმებული თანამშრომლებიდან მოსარჩელის დათხოვნაზე შეაჩერა არჩევანი, 2018 წლის 26 ივლისის ბრძანებაში აღნიშნული არ არის. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას, რომ ახალ თანამდებობებზე „საუკეთესო“ კადრების შერჩევა მოხდა და მათ შორის იყო დ.ზ–ია, მისი სამსახურებრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული არის მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ზოგადი განმარტება და არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ რაიმე მტკიცებულებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი განმარტება ვერ ადასტურებდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერ საფუძველს. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში, ყოველგვარი დარღვევებისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების გარეშე მუშაობდა ორგანიზაციაში განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე დამსაქმებელს სხვა თანამდებობაზე გადაყვანაც არ შეუთავაზებია.

7. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ორგანიზაციამ ვერ დაასაბუთა, განხორციელებულ რეორგანიზაციას რა ეკონომიკური გარემოებები უძღოდა ან ასეთმა შესაძლო ეკონომიკურმა ცვლილებებმა რატომ გამოიწვია მოსარჩელის შტატის შემცირება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №122 ბრძანებაში მითითებული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად, არ დგინდება რეორგანიზაციის განხორციელების მართლზომიერება.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ კომპანიაში დარჩა მსგავსი სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), თუმცა ნაწილობრივ შეიცვალა (დაემატა, გამოაკლდა) უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის ფუნქციები. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სახეზეა მოსარჩელის გათავისუფლების გონივრული საფუძველი, რადგან ბანკმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის დასაქმებულს უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია გააჩნდა. ასევე არ დასტურდება, რომ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. უცნობია, რა აუცილებლობით არის გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, აღნიშნულ კითხვებზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს. მოპასუხე კომპანიას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც რეორგანიზაციის მიზანშეწონილობას დაადასტურებდა.

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, რეორგანიზაციის პირობებში დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა ახალ თანამშრომელს და არა -მოსარჩელეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა სშკ-ის მოთხოვნებს. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საწარმოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როდესაც რეალურად ადგილი არ ჰქონდა რეორგანიზაციას, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად ისეთივე ფუნქციის მატარებელია, როგორც ძველი სტრუქტურული ერთეულები. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა გათავისუფლების უკანონობაზე უნდა უთითებდეს, აგრეთვე, სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა. ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, მაშინაც კი, როდესაც მას შტატების შემცირება მოსდევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნება შეესაბამება თუ არა ამ ნების საკანონმდებლო რეგლამენტაციას.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 54-ე მუხლით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან დადგინდა გასაჩივრებული ბრძანების არაკანონიერება, შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის 48.8. მუხლით (დავის წარმოშობის პერიოდში ამავე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებდა სშკ-ის 38.8. მუხლი) და აღნიშნა, რომ, მოსარჩელის მითითებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობა (ამჟამად უსაფრთხოების რეგიონული მენეჯერი) კონკურსის წესით დაკავებული აქვს დ.ზ–ას. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრის თანამდებობაზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენას. პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა და არ დაუსახელებია, რომელია ის ტოლფასი თანამდებობა, რომელზედაც მისი აღდგენა უნდა განხორციელდეს, ამ ნაწილში მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა 1182 ლარს და მას ანაზღაურებული ჰქონდა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ს.ფ. 39, 87). შესაბამისად, ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა).

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

18. საკასაციო საჩივრის თანახმად:

18.1. სასამართლომ მოპასუხე ბანკს არაკანონიერად შეუზღუდა კონსტიტუციით მინიჭებული მეწარმეობის თავისუფლების განხორციელების უფლება და განუსაზღვრა ბუნდოვანი საზღვრები;

18.2. მეწარმე პირმა - ბანკმა მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტური და ოპერატიული რეაგირების მიზნით, უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პროცესების გათვალისწინებით, ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში განახლებული მიზნებისა და ამოცანების დასახვა-შესრულებისათვის, განახორციელა ოპერატიული რეაგირების, ინფორმაციული უზრუნველყოფის და შიდა კონტროლის სამსახურში არსებული პროცესების განახლება, ცვლილება. ბანკმა გამოიყენა რა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, თავისუფალი მეწარმეობის ფარგლებში, ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით ჩაატარა რეორგანიზაცია. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნა, ბანკს ემტკიცებინა ეკონომიკური ცვლილებების გამო გამოწვეული რეორგანიზაციის აუცილებლობა;

18.3. თანამდებობრივი ინსტრუქციებით დასტურდება, რომ მოსარჩელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციები გაიზარდა და უსაფრთხოების ოფიცერმა შეითავსა მენეჯერის ფუნქციებიც. რეორგანიზაციის შედეგად შემოვიდა სუბორდინაციის ელემენტი, მოსარჩელეს არ ექვემდებარებოდა არცერთი თანამშრომელი, ხოლო ამჟამად მის თანამდებობაზე გაიზარდა ფუნქციები, კერძოდ, მენეჯერის დაქვემდებარებაში დაინიშნა რამდენიმე ადამიანი. ბანკი დადგა მენეჯერული მართვის მცოდნე კადრის აყვანის აუცილებლობის წინაშე, რომელიც უზრუნველყოფდა რამდენიმე დასაქმებულისაგან შემდგარი ჯგუფის მართვას. დამატებით მენეჯერი ქვემო ქართლის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, შესაბამისად, მისი ფუნქციები გაიზარდა და დაევალა ფართო მასაზე კონტროლის განხორციელება და მეთვალყურეობა. რაც შეეხება მოსარჩელეს, მისი მოვალეობა იყო ბანკის უსაფრთხოების კონტროლი;

18.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მენეჯერული მოვალეობების განმსაზღვრელი ფუნქციების არსებობაზე უსაფრთხოების რეგიონალური მენეჯერის სამუშაოს აღწერილობაში, კერძოდ: პერსონალის მართვა კომპანიის HR პოლიტიკის შესაბამისად; უშუალოდ მენეჯერთან ერთად დაქვემდებარებული პროცესების (შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და ა.შ.) მართვა; დაქვემდებარებული თანამშრომლების გეგმიური როტაციისათვის წინადადებების მომზადება; თანამშრომელთა განვითარება. შესაბამისად, მტკიცებულებათა ობიექტური გამოკვლევისას სასამართლო შეძლებდა უსაფრთხოების რეგიონალური ოფიცრისა და უსაფრთხოების რეგიონალური მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებს შორის არსებითი სხვაობის აღმოჩენას.

19. კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესამოწმებელია მის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 26-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების - მეწარმეობის თავისუფლების - ხელშეწყობა მოხდეს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). მეწარმე სუბიექტის კონსტიტუციური უფლებაა, საკუთარი შეხედულებისამებრ, საწარმოს საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განსაზღვროს საკუთარი ბიზნესსაქმიანობის ეფექტურად წარსამართი ღონისძიებები, მათ შორის, გამოსაყენებელი ადამიანური რესურსის მოცულობა და ამა თუ იმ საშტატო ერთეულის არსებობა. დამსაქმებელი არაა შებოჭილი, ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური და რეორგანიზაციული ცვლილებებისას შეამციროს სამუშაო ძალა (იხ. სუსგ საქმე №ას-703-2022, 15 სექტემბერი, 2022 წელი). თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ წახალისდეს უსაფუძვლოდ, ობიექტური საფუძვლის გარეშე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება და ამით უგულებელყოფილ იქნეს კონსტიტუციითა და სშკ-ით გარანტირებული შრომითი უფლება დასაქმებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1178-2018, 18 მარტი, 2020 წელი).

21. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).

22. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

23. დადგენილია, რომ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 26 ივლისის №1061-კ ბრძანებით შეწყდა ბანკსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) (იხ. წინამდებარე განჩინების 3.8 ქვეპუნქტი).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი; საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

25. რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

26. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის და რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი რეგიონალური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობრივი ფუნქციები უმეტესწილად ერთმანეთის მსგავსია, ხოლო რაც შეეხება იმ ფუნქციებს, რომლებიც განსხვავდება და რომლებზეც აპელირებს კასატორი, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა, რატომ ვერ შეძლებდა მოსარჩელე მათ შესრულებას და ამ მხრივ არც საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ შედავებას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე ყოველგვარი დარღვევების გარეშე მუშაობდა ბანკში, მოპასუხეს არც ის დაუსაბუთებია სათანადოდ, რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა პირს და, ამასთან, არც სხვა თანამდებობაზე გადაყვანა შეუთავაზებია მოსარჩელისთვის.

27. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა განსახილველ შემთხვევაში ვერ მოახდინა თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაში (აუცილებლობაში) სასამართლოს დარწმუნება.

28. კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

29. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 500 ლარის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.ბ–ს“ (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 10 მარტს №36689 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარისა და მის მიერ 2021 წლის 11 მარტს №32378 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 (ორასი) ლარის, ჯამში 500 (ხუთასი) ლარის 70% – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი