საქმე №ას-517-2024 06 აგვისტო, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ.ვ–ა, თ.გ–ა, ლ.გ–ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.გ–ა, ლ.ყ–ი, კ.გ–ას უფლებამონაცვლეები - ლ.მ–ძე, ა.გ–ა, ლ.ყ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 23 თებერვალს განცხადებით მიმართეს ლ.გ–ამ, თ.გ–ამ და ლ.ვ–ამ (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „განმცხადებლები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები") და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წინამდებარე საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს. განმცხადებლებმა ასევე მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2022 წლის 16 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება.
2. განცხადების თანახმად, მოპასუხეებს სადავო საზიარო უძრავ ქონებაზე არ აქვთ მემკვიდრეობა მიღებული და ამ უფლების დამადასტურებელი სანოტარო აქტები (სამკვიდრო მოწმობები) ბათილია. წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას განმცხადებლებისათვის აღნიშნული ფაქტის შესახებ არ იყო ცნობილი. განმცხადებლებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს კანონდარღვევით გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით განმცხადებლების შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. განმცხადებლებმა 2023 წლის 04 მაისს კვლავ მიმართეს განცხადებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას იმავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებისა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2022 წლის 16 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად; განუხილველად დარჩა ასევე განმცხადებლების განმეორებითი შუამდგომლობა დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, ასევე, უსწორობის გასწორების თაობაზე ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოსა და 28 სექტემბრის განჩინებებით მოსარჩელეთა (განმცხადებლები) სააპელაციო საჩივარი და სასარჩელო მოთხოვნა ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ: გაუქმდა საზიარო უფლება დაბა ჩხოროწყუში, …… მდებარე უძრავ ქონებაზე - თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 800 კვ.მ ფართის N…… საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საზიარო ნაწილზე, კერძოდ: ქ. თბილისის უზენაესი სასამართლოს 1990 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით კ.გ–თვის მიკუთვნებულ და ჩხოროწყუს ტექ. ბიუროს 1990 წლის 28 მარტის დასკვნის პირველ ვარიანტზე დაფიქსირებულ 212 კვ.მ ფართზე, ამ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, რაც მოიცავდა კონკრეტულად შემდეგ გამოყოფილ ფართებს:
- 100,9 კვ.მ საცხოვრებელი ფართს: N1-20,4 კვ.მ, N2-18,9 კვ.მ, N13-13 კვ.მ, N14-22,6 კვ.მ, N15-16,4 კვ.მ, N12-9,6 კვ.მ;
- 39,8 კვ.მ დამხმარე ფართს, რაც მოიცავს N3-13,8 კვ.მ, N17-26 კვ.მ;
- 71,3 კვ.მ აივანს, N18-14 კვ.მ, N20-10,8 კვ.მ, N24-46,5 კვ.მ;
- ეზოში მდგომ ავტოფარეხს.
ამასთან, დადგენილ იქნა საზიარო ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად განაწილება თანამესაკუთრეებზე: ლ.ყ–ი 1/6 ნაწილი (მოპასუხე), კ.გ–ა 1/6 ნაწილი (მოპასუხე), გ.გ–ა 1/6 ნაწილი (მოპასუხე), ლ.გ–ა 1/6 ნაწილი, ლ.ვ–ა 1/6 ნაწილი, თ.გ–ა 1/6 ნაწილი; სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და უსწორობის გასწორების თაობაზე ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოსა და 28 სექტემბრის განჩინებები შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
7. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვალს განცხადებით მიმართეს განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 მარტის განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებლებს დაევალათ: ა) წარედგინათ დასაბუთებული განცხადება, სადაც მითითებული იქნებოდა იმ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაცული იყო განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; გ) მიეთითებინათ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე ითხოვდნენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
8. განცხადებლებმა ხარვეზის შევსების მიზნით 2023 წლის 28 მარტს მომართეს სააპელაციო სასამართლოს და მიუთითეს შემდეგი:
სასამართლოში მათი სარჩელისა და სააპელაციო საჩივრების განხილვისას მოწინააღმდეგე მხარეთა საკუთრების უფლების შედავება არ მომხდარა;
მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ დისპოზიციური ნების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლებს ეცნობათ 2023 წლის 25 იანვარს აღმასრულებლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე მოპასუხეთა ფორსირებულმა გადაწყვეტილებამ აიძულა განმცხადებლები, ასევე დაჩქარებული წესით მოეძებნათ გამოსავალი აუქციონის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია შეეხება მათ ერთადერთ საცხოვრებელს, ხოლო აუქციონზე წარუმატებელი მონაწილეობა მათთვის ნიშნავს მემკვიდრეობით მიღებული ჩვეული გარემოს, საცხოვრებლის დაკარგვას;
აუქციონზე გატანილი ქონების, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტის, უფლებაუნარიანობაში, პირველად ეჭვი შეიტანა საბანკო დაწესებულებამ, რომელსაც განმცხადებლებმა მიმართეს კრედიტის მისაღებად. ბანკმა საკრედიტო განაცხადის წინაპირობად მოითხოვა აუქციონის საგანზე უფლებათა დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი. სამკვიდრო მოწმობების ფოტოასლების განხილვისას ბანკის იურიდიული ჯგუფის მიერ მითითებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების სანოტარო წესით კანონშეუსაბამო დადასტურებაზე და მის საეჭვო საფუძველზე, კერძოდ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა მიღებული მემკვიდრეობა და მათ მხოლოდ ნოტარიუსის „ხელგაშლილობით“ მოიპოვეს საკუთრების უფლება;
ამდენად, განმცხადებლებისათვის სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს 2023 წლის 26 იანვარი, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ აღმასრულებლის წინადადების ჩაბარების მომდევნო დღე, საიდანაც დაცულია კანონით დადგენილი აღნიშნული ვადა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით განცხადების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის დაინიშნა სასამართლო სხდომა. სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, შეისწავლა წარდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სახეზე იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების, ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ განმცხადებლები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული იმ გადაწყვეტილების გადასინჯვას და საქმის წარმოების განახლებას ითხოვენ, რომლითაც მათი სასარჩელო მოთხოვნები აუქციონზე რეალიზაციის გზით უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილებულია, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილოს და შეამოწმოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განმცხადებლების მოთხოვნის დასაბუთებულობა. შესაბამისად, მათი განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
11. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავში, რომელიც ეხება საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განხილვის წესებს, პირდაპირ არ არის მითითება მოგებული მხარის გასაჩივრების უფლებაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა არ ნიშნავს, რომ მხარეს, რომლის მოთხოვნაც გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია, ამ ნაწილის გასაჩივრების უფლება გააჩნია.
12. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შევსების საპროცესო ეტაპზე განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ ახალ გარემოებად მიიჩნევდნენ მოწინააღმდეგე მხარეთა საკუთრების უფლების არარსებობას იმ უძრავ ქონებაზე, რომლის აუქციონზე რეალიზაციაც იქნა დადგენილი. ამასთან, ეს გარემოება მათთვის ცნობილი გახდა აღსრულების ეტაპზე ბანკის თანამშრომელთა მეშვეობით, საიდანაც განცხადების წარდგენამდე ერთთვიანი ვადა გასული არ ყოფილა, თუმცა განმცხადებლებს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენიათ,
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 427-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ზემოთმითითებული დაუშვებლობის (სარჩელის დაკმაყოფილების გამო) არარსებობის შემთხვევაშიც კი, ხარვეზის შეუვსებლობა განცხადების განუხილველად დატოვების კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენდა.
14. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7.2, 194.5, 186.1.”ბ”, 425-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სახეზე იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე განმცხადებლების განმეორებითი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებლებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
15.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად მოწინააღმდეგე მხარეთა საკუთრების უფლების არარსებობა;
15.2. ნოტარიული აქტების, სამკვიდრო მოწმობების მიმართ არსებობდა გარკვეული სანდოობა. უძრავი ქონების საზიარო ნაწილზე მოპასუხეთა საზიარო უფლების წარმოშობის საფუძვლის ეჭქვეშ დაყენების საფუძველი მტკიცების ტვირთის მატარებელი მხარისთვის არაბრალეულად იყო უცნობი;
15.3. ის გარემოება, რომ ნოტარიუსის მიერ 07.08.2012წ. გაცემული N120832267 და N120832275 სამკვიდრო მოწმობები (რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა მოიპოვეს საკუთრების უფლება) აშკარად კანონის შეუსაბამო, დამაჯერებლობას მოკლებულ და სინამდვილეს შეუფერებელ გარემოებებზე იყო დაფუძნებული, აღმოაჩინა საბანკო დაწესებულებამ (მისმა შესაბამისმა სამსახურმა), როდესაც მას კრედიტის მისაღებად მიმართეს;
15.4. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულება ბანკისთვის მიმართვის თაობაზე, ასევე, ბანკში წარდგენილი თანხმობები მონაცემების დამუშავებისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, არასაკმარისად და ჩათვალა, რომ მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა;
15.5. საბანკო დაწესებულების მიერ საკრედიტო ურთიერთობისადმი კონსერვატიული დამოკიდებულება და მათ მიერ დადგენილი სტანდარტები საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ბანკის თანამშრომელთა დამოკიდებულება სამკვიდრო მოწმობების საეჭვოობის შესახებ შესაძლებელია გახდა კიდეც კრედიტზე უარის თქმის საფუძველი, მაგრამ არამარტო საეჭვოობის შესახებ რამე ცნობის, არამედ სესხზე უარის თქმის დოკუმენტური, დასაბუთებული სახით მიღება შეუძლებელია. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია პირდაპირი მტკიცებულების წარდგენა, ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა ერთობლიობა უნდა ბადებდეს სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს;
15.6. განმცხადებლები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას ითხოვდნენ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, ვინაიდან სახეზეა ორივე აუცილებელი პირობა: კანონის უხეში დარღვევით გაცემული სამკვიდრო მოწმობები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და განმცხადებლებმა, როგორც მხარეებმა, არ იცოდნენ ამ ფაქტის თაობაზე; ამასთან, მათ ბრალის გარეშე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინათ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. განცხადებით მოყვანილია ისეთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები რელევანტური მტკიცებულებით, რომლებიც სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპზე რომ ყოფილიყო ცნობილი, საქმეზე სხვა შედეგი დადგებოდა. ასევე, მითითებულია გარემოებები, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც;
15.7. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები), შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე დადგენილი გარემოებების დადგენილად მიღება და არა მათი უარყოფა, სასარჩელო წარმოების ეტაპზე განცხადების ავტორთა მხრიდან წარმოადგენს არა ბრალეული არცოდნის, წინდაუხედაობის შედეგს, არამედ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი თუ პროცესუალური ვითარების) და ისეთი მტკიცებულების არსებობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იყო, ხოლო ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წინამდებარე საქმის წამოების განახლების შესახებ განცხადებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. იმავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება; ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამასთან, იმავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
23. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევამდე სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მისი დასაშვებობა. განცხადების წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა კი, მისი ვადის დაცვით წარდგენაა.
24. წინამდებარე საქმეში განმცხადებლებმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოების დადასტურება, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. კერძოდ, განმცხადებლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილი გახდა წინამდებარე საქმეში სადავო, საზიარო უძრავ ქონებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) მოპასუხეთა საკუთრების უფლების არარსებობა, კერძოდ, მათ მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობების კანონშეუსაბამობა, რაც საქმისწარმოების ეტაპზე რომ ყოფილიყო ცნობილი, საქმეზე სხვა შედეგი დადგებოდა. განმცხადებლების განმარტებით, აღნიშნული გარემოების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე - 2023 წლის 25 იანვარს, ბანკის თანამშრომელთა მეშვეობით, თუმცა მათ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება ფორმალური თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ დასტურდება განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დაცულობა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების წინაპირობები, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
26. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამკვიდრო მოწმობების ნამდვილობას ადგენს სასამართლო კანონით დადგენილი წესით და მხოლოდ აღნიშნული შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
27. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის წინაპირობები, ასევე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე განმცხადებლების მოთხოვნის (სსსკ-ის 432-ე მუხლი) განხილვის საფუძველი.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - კერძო საჩივარზე 50 ლარს. შესაბამისად, განმცხადებლებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ვ–ას, თ.გ–ას და ლ.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. კერძო საჩივრის ავტორებს - ლ.ვ–ას (პ.ნ. ......), თ.გ–ას (პ.ნ. .......) და ლ.გ–ას (პ.ნ. ........) დაუბრუნდეთ ლ.გ–ას მიერ 2024 წლის 02 აპრილს №21226403292 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი