Facebook Twitter

საქმე №ას-373-2023 8 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ფ.პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინებით შპს „ფ.პ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამკვეთი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „შ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მენარდე“) სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ დამზადებული პროდუქციის ღირებულების - 18 265,75 ლარის გადახდის დაკისრება და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დღეში 4,47 ლარის ოდენობით, 10.11.2019წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე) მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 265 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2019 წლის ოქტომბერში დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, მენარდეს დამკვეთისათვის უნდა გაეწია შპს „ს.ნ–ის“ მაწვნისა და არაჟნის ალუმინის თავსახურების დამზადების სამუშაოები. მოსარჩელემ დაამზადა და მოპასუხემ მიიღო 18 265,75 ლარის ღირებულების პროდუქცია.

2.2. მოპასუხეს მიღებული პროდუქციის საფასური - 18 265,75 ლარი მოსარჩელისთვის არ გადაუხდია.

2.3. მოსარჩელის მიერ ნაკლიანი პროდუქციის დამზადების ფაქტი არ დასტურდება.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მენარდის მიერ დამზადებული ნაკეთობის ნივთობრივი ნაკლის არსებობას ადასტურებს. კერძოდ, არაჟნისა და მაწვნის ქილების ალუმინის თავსახურები არასტანდარტული ზომისაა და საკმარისი წებოვნება არ გააჩნია. აღნიშნულზე მოსარჩელის პასუხი ის არის, რომ მოპასუხეს ნაკეთობის ნაკლის თაობაზე მისთვის არ უცნობებია და არც ნაკლის გამოსწორება მოუთხოვია. გარდა ამისა, მას არც ნაკლის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მოსაზრებით, ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლითაც ნაკეთობის ნაკლი დასტურდება, შემკვეთის მიერ მენარდისადმი მიწერილი შეტყობინება და მასზე მენარდის პასუხია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 122-123). შემკვეთის მოსაზრებით, მენარდემ ამ პასუხით დაადასტურა ნაკლის არსებობა. აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მენარდის განმარტება იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა თავისი პასუხით (“ცოტა იქნება ძალიან”) დასაშვებად მიიჩნია დამზადებული ნაკეთობის პარტიაში მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის თავსახურების არასტანდარტულად მოჭრის შესაძლებლობა. სასამართლოს განმარტებით, იმ ვითარებაში, როდესაც პრეტენზიის წარდგენისას შემკვეთს მიღებული ჰქონდა 9 000 ლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე ათასი თავსახური, მხოლოდ რამდენიმე ლარად ღირებული 100 ან 200 თავსახურის შეთანხმებულ სტანდარტთან შეუსაბამობა ვერ მიიჩნევა ამ დროისათვის მიწოდებული ნაკეთობის მთლიანი მოცულობის ნაკლად. ამასთან, შემკვეთის მიერ წარდგენილი მიმოწერით არ ირკვევა მოსთხოვა თუ არა მან მენარდეს ნაკლის გამოსწორება. უფრო მეტიც, ამ ე.წ. პრეტენზიის წარდგენის შემდეგ შემკვეთმა სამ პარტიად მიიღო თითქმის იგივე რაოდენობის ნაკეთობა, რაც მანამდე ჰქონდა მიღებული, თუმცა არც ამ და არც მანამდე მიღებული პარტიების მიმართ პრეტენზია აღარ წარუდგენია. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ მიწოდებული ნაკეთობის მთლიან მოცულობაში მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის ნაკეთობის უხარისხობა შემკვეთმა არ ჩათვალა ისეთ ნაკლად, რომლის გამოც მენარდეს შესაბამის მოთხოვნებს წაუყენებდა. კერძოდ, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შემკვეთს მენარდისათვის არ მოუთხოვია ნაკლის გამოსწორება (სსკ-ის 641-ე მუხლი), დამატებითი შესრულება (სსკ-ის 642-ე მუხლი) ან გაწეული ხარჯის ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი) და არც ხელშეკრულებაზე უთქვამს უარი (სსკ-ის 644-ე მუხლი). ამასთან, მას არც ფასის შემცირება მოუთხოვია (სსკ-ის 645-ე მუხლი) და არც საქმის განხილვის დროს წარუდგენია ფასის შემცირების შესაგებელი.

5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნაკეთობის დასამზადებლად გამოყენებული მასალის მწარმოებლის წერილი ვერ ადასტურებს ნაკლიანი შესრულების ფაქტს. კერძოდ, ამ წერილიდან ირკვევა, რომ მწარმოებლის მიერ დამზადებული მასალის საგანტიო ვადაა მისი დამზადებიდან 6 თვე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 245-247), თუმცა ის გარემოება, რომ მენარდემ ნაკეთობა ვადაგასული მასალით დაამზადა საქმის მასალებით, მათ შორის, მოპასუხის მიერ მითითებული მოწმის ჩვენებით, არ დასტურდება.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო გარემოებას ვერც შემკვეთის პარტნიორი კომპანიის - შპს „ვ. ს–ოს“ წერილები ადასტურებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 147-148, 167-169). კერძოდ, შპს „ვ. ს–ოს“ მიერ წარდგენილი უკან დაბრუნების ზედნადებით, მართალია, დასტურდება ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა მოპასუხეს უკან დაუბრუნა მიწოდებული საქონელი, მაგრამ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული პროდუქციის დასახელება, რაოდენობა და ერთეულის ფასი არ შეესაბამება მოპასუხის მიერ პარტნიორი კომპანიისათვის მიწოდებული პროდუქციის მონაცემებს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მოპასუხისათვის უკან დაბრუნებული პროდუქცია წარმოებულია არა მოსარჩელის, არამედ სხვა მწარმოებლის მიერ. ყოველ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის ზუსტად იდენტიფიცირება, თუ ვისი წარმოებულია უკან დაბრუნებული პროდუქცია. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მაშინ, როდესაც, მოპასუხეს არ წარუდგენია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის დასკვნა ნაკეთობის ნაკლის თაობაზე, სადავო გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ პარტნიორი კომპანიის განმარტება საკმარისი არაა. გარდა ამისა, ისიც საყურადღებოა, რომ შემკვეთმა, რომელმაც, მისივე განმარტებით, პარტნიორი კომპანიისგან გაიგო მიწოდებული ნაკეთობის ნაკლის თაობაზე და, თანაც ნაკლი საკუთარი ხარჯით გამოასწორა (ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის), არანაირი მოთხოვნა არ წარუდგინა მენარდეს, მაშინ როდესაც, ამ უკანასკნელმა წერილობით მიმართა შემკვეთს დავალიანების გადახდის მოთხოვნით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-29, 33, 70).

7. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის მიერ დამზადებული ნაკეთობის ნაკლის მქონედ მიჩნევის შემთხვევაშიც, რაკი შემკვეთმა ამის თაობაზე იცოდა, მაგრამ ნაკეთობა მაინც მიიღო პრეტენზიის განუცხადებლად, მას ამ ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა (სსკ-ის 652). ამდენად, მოპასუხის მიერ კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, რასაც აპელანტმა დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოპასუხის მიერ წარდგენილი ჩეხეთის რესპუბლიკის საწარმო „ალინვესტის“ წერილი ადასტურებს, რომ ალუმინის თავსახურებისათვის გამოყენებული მასალა იყო ვადაგასული. შესაბამისად, მისგან დამზადებული პროდუქცია იყო ნაკლის მქონე და ვერ იქნებოდა ვარგისი იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც იყო შეკვეთილი. თავად მოსარჩელეც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის მიერ დამზადებული პროდუქცია იყო წუნდებული;

14.2. საქმეში წარდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ არაერთგზის აცნობა მენარდეს, რომ მის მიერ დამზადებული პროდუქცია (ალუმინის თავსახურები) არ პასუხობდა დადგენილ სტანდარტებს და ეს ფაქტი მოსარჩელის მიერ იყო დადასტურებული. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხეს პროდუქციის ნივთობრივ ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია;

14.3. სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მენარდის მიერ დამზადებული პროდუქციის ნაწილი იყო უვარგისი და წუნდებული, თუმცა შეფასებით ნაწილში მიიჩნევს, რომ რადგან მოპასუხემ უარი არ განაცხადა შემდგომი პროდუქციის მიღებაზე, ამიტომ დამზადებული ალუმინის თავსახურები შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტს. დამზადებული პროდუქცია თუ უშუალოდ არ მივიდოდა შემკვეთთან - ს.ნ–თან და არ დაიწყებოდა მისი გამოყენება, მისი ვარგისიანობა ვერ დადგინდებოდა. დადგენილია, რომ კომპანია ს.ნ–მა მოსარჩელის მიერ დამზადებული ალუმინის თავსახურები მოხსნა წარმოებიდან, ვინაიდან არაჟნისა და მაწვნის ქილებს ჰერმეტულად არ ეხურებოდა მისი სუსტი წებოვნების გამო;

14.4. სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმა, მათ შორის, მოსარჩელის წარმოების ხელმძღვანელმა, დაადასტურეს, რომ მათ მიერ დამზადებული ალუმინის თავსახურები 3 წლის წინ ჩეხეთიდან შემოტანილი ალუმინის ფოლგით იყო დამზადებული. ამდენად, საქმეში წარდგენილი მასალებით უდავოდაა დადასტურებული, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქცია - ალუმინის თავსახურები გამოსაყენებლად უვარგისი იყო.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი გარიგებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. იმავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. თავის მხრივ, ნივთობრივად უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულების დარღვევა წარმოშობს იმავე კოდექსის 642-ე (დამატებითი შესრულების მოთხოვნა), 643-ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 644-ე (ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო) და 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) მუხლებით გათვალისწინებულ მეორადი მოთხოვნის უფლებებს.

17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

18. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მენარდის მიერ დამზადებული და შემკვეთისთვის წარდგენილი პროდუქცია (მაწვნისა და არაჟნის ალუმინის თავსახურები) იყო ნაკლის მქონე, თუმცა საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და აღნიშნული გარემოების სათანადოდ დადასტურება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შემკვეთისთვის მიწოდებული ათასობით ნაკეთობიდან მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის უხარისხობა (შეთანხმებულ სტანდარტთან შეუსაბამობა) მთლიანად მიწოდებული პროდუქციის ნაკლად ვერ მიიჩნევა.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებული მასალის მწარმოებლის - ალინვესტის (ALINVEST) წერილით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 246-247) არ დასტურდება მენარდის მიერ ალუმინის თავსახურების დასამზადებლად ვადაგასული მასალის გამოყენების ფაქტი. აღნიშნულ წერილში მითითებულია მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია საქონლის საგარანტიო პერიოდის (6 თვე), შენახვის პირობებისა და შეფუთული მასალის აღწერის შესახებ, რაც, ცხადია, არ ადასტურებს მენარდის მიერ ვადაგასული საქონლის გამოყენების ფაქტს. საკასაციო სასამართლო ვერც მოწმეთა ჩვენებას მიიჩნევს იმის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ალუმინის თავსახურები გამოსაყენებლად უვარგისი იყო. ამასთან, საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება, რომ კომპანია ს.ნ–მა პროდუქციის ნაკლის გამო სწორედ მოსარჩელის მიერ დამზადებული ალუმინის თავსახურები ამოიღო წარმოებიდან.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. სამუშაოს მიღების ვალდებულება გამოიხატება იმაშიც, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგი და თუ მასში აღმოაჩენს ნაკლს, მაშინ ეს გარემოება უნდა გააფორმოს ჯეროვნად. როგორც წესი, სამუშაოს მიღების შესახებ ფორმდება მიღების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მენარდე და შემკვეთი. თუკი შემკვეთი აღმოაჩენს შესრულებული სამუშაოს ნაკლს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა მიუთითოს მიღების აქტში. თუკი შემკვეთი არ შეამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და ისე მიიღებს, იგი კარგავს უფლებას შემდგომში მიუთითოს სამუშაოს ამ ნაკლზე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი, 2001, მუხლი 649).

21. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესრულებული სამუშაოს მიღებით შემკვეთი ადასტურებს, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. შესაბამისად, შემკვეთი ამ მოქმედების განხორციელებით კარგავს ნაკლთან დაკავშირებით მოთხოვნის უფლებებს. სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის შესაბამისად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საუბარია ფარულ ნაკლზე, ასევე თუ შემკვეთი სამუშაოს მიღებისას გააკეთებს დათქმას ნაკლის გამო უფლებების შენარჩუნების შესახებ.

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაამზადა და მოპასუხემ მიიღო 18 265,75 ლარის ღირებულების პროდუქცია - მაწვნისა და არაჟნის ალუმინის თავსახურები. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ შემკვეთმა ისარგებლა ნაკლიანი შესრულების გამო მენარდისთვის მეორადი მოთხოვნის წარდგენის უფლებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

25. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 913,25 ლარის 70% – 639,27 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ფ.პ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ფ.პ.ჯ–იას“ (ს/კ N.....) დაუბრუნდეს ნ. ჩ–ის (პ/ნ N.......) მიერ 2023 წლის 18 აპრილის №16778937784 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 913,25 ლარის 70% – 639,27 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი