საქმე №ას-355-2024 05 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ს.კ.ქ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ე.ჯ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე”) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ს.კ.ქ.ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 700 ლარის გადახდა.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.11.2023წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 15 დეკემბერს 11:00 საათზე; აპელანტი საქმის განხილვაში მიწვეულ იქნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (აღნიშნული გარემოება მხარეს სადაოდ არ გაუხდია). კერძოდ, სასამართლო უწყება აპელანტის წარმომადგენელს - ა.ქ–ას გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...... და 2023 წლის 28 ნოემბერს ჩაბარდა მ. გ–ას (ოფისის მენეჯერს); 2023 წლის 15 დეკემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. კერძოდ, აპელანტის ერთ-ერთი წარმომადგენელი - ტ.ც–ძე, საქმის განხილვის გადადების საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ ის გაემგზავრა საზღვარგარეთ და, შესაბამისად, ვერ შეძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუმცა აპელანტის წარმომადგენელმა არ განმარტა საზღვარგარეთ მისი გამგზავრების მიზეზი.
7. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარის ან მისი წარმომადგენლის საზღვარგარეთ გამგზავრება სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად რომ იქნეს მიჩნეული, უნდა არსებობდეს პირის საზღვარგარეთ გამგზავრების ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, აპელანტის წარმომადგენელს არ მიუთითებია და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია საზღვარგარეთ მისი გამგზავრების მიზეზის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის საზღვარგარეთ გამგზავრების ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად ვერ მიიჩნეოდა. ამასთან, ასეც რომ ყოფილიყო, აპელანტს მინდობილობა გაცემული ჰქონდა სხვა პირებზეც (საქმეში წარდგენილია აპელანტის დირექტორის - რ.ა–ვის მიერ მოპასუხის იურისტების: ტ.ც–ძის, ქ.მ–სა და ა.ქ–ას სახელზე უვადოდ გაცემული საერთო მინდობილობა, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელები უფლებამოსილნი არიან ერთობლივად ან/და დამოუკიდებლად დაიცვან მარწმუნებლის ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ. 3, ს.ფ. 85)), რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სხვა წარმომადგენელთა გამოუცხადებლობას ვერ გაამართლებს, თუკი მათაც არ გააჩნიათ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტის სხვა ორი წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები ვერ მიიჩნევა სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. კერძოდ, აპელანტის მეორე წარმომადგენლის, ქ.მ–ს განმარტებით, ის კომპანიას უწევს იურიდიულ მომსახურებას მხოლოდ კორპორატიული კუთხით და დირექტორის მითითებიდან გამომდინარე, პროცესუალურ საკითხებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ანუ ვერ წარმოადგენს საწარმოს სასამართლოში. აპელანტის წარმომადგენლის ეს განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან საწარმოს დირექტორის მიერ გაცემული მინდობლობით მას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარმოადგინოს საწარმო ყველა ინსტანციის სასამართლოში. რაც შეეხება აპელანტის მესამე წარმომადგენლის - ა.ქ–ას გამოუცხადებლობას, საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობაში მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ეს უკანასკნელი აღარ თანამშრომლობს საწარმოსთან და, შესაბამისად, ვეღარ წარმოადგენს მას სასამართლოში. ეს განცხადებაც დაუსაბუთებელია, რადგან არ არის წარმდგენილი აპელანტის მესამე წარმომადგენლის სამსახურიდან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება და, ამასთან, მას არც უარი არ უთქვამს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე (მისი სახელით სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის მეორე წარმომადგენელმა). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღავანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე, 229-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
11. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა ჩანიშნული იყო 2023 წლის 15 დეკემბერს, აპელანტის მხრიდან კი გაცილებით ადრე, 2023 წლის 04 დეკემბერს მოხდა თავდაპირველი შუამდგომლობის დაყენება, სადაც იგი უთითებდა, რომ სხდომის დღეს არ იქნებოდა საქართველოში, ვინაიდან სამსახურებრივი მიზეზით დიდი ხნით ადრე ჩანიშნული იყო მივლინება საზღვარგარეთ. მართალია, თავდაპირველ შუამდგომლობას არ ერთვოდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 08 დეკემბერს მიმართა სასამართლოს ახალი შუამდგომლობით, რომელსაც დაურთო ავიაკომპანიის ფრენის ბილეთი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ საქმეში არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება საპატიო მიზეზის თაობაზე;
11.2. მნიშვნელოვანია ის გარემობაც, რომ 2023 წლის 08 დეკემბრის შუამდგომლობაში ცალსახად იყო მითითებული, რომ აპელანტი სასამართლოს სთხოვდა აღნიშნული შუამდგომლობა განეხილა არა პროცესზე, არამედ პროცესამდე, ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მხარისთვის ეცნობებინა. ეს თხოვნა იმით იყო განპირობებული, რომ თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას და მაინც გადაწყვეტდა საქმის განხილვას 15 დეკემბერს, აპელანტს ჰქონოდა შესაძლებლობა მოეძებნა წარმომადგენელი ვინც კომპანიის ინტერესებს სათანადოდ დაიცავდა. თუმცა, აპელანტის თხოვნის მიუხედავად, სასამართლომ პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა უშუალოდ პროცესზე განიხილა, რითაც პრაქტიკულად დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და აპელანტს დაეკარგა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა აღნიშნული შუამდგომლობის განხილვაში და წარედგინა არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა მომხდარიყო საქმის განხილვის გადადება;
11.3. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გარდა წერილობით წარდგენილი შუამდგომლობისა და მტკიცებულებებისა, პროცესის ჩანიშვნამდე არაერთხელ მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია სასამართლოს შემადგენლობასთან და ინფორმაციის მიწოდება, რომ სამსახურებრივი მივლინების გამო აპელანტის წარმომადგენელი ვერ ახერხებდა პროცესზე დასწრებას;
11.4. პროცესის თარიღამდე მესამედ, კერძოდ, 2023 წლის 14 დეკემბერს აპელანტის მეორე წარმომადგენელმა კვლავ მიმართა წერილობითი შუამდგომლობით სასამართლოს, სადაც განმარტა, რომ აპელანტის დირექტორის მიერ გაცემული იყო საერთო ტიპის მინდობილობა, რომელსაც იყენებს ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია. აღნიშნულ მინდობილობაში დირექტორის მიერ კომპანიის წარმომადგენლებისთვის მინიჭებული იყო არამხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება, არამედ მთელი რიგი სხვა უფლებები, მაგალითად, როგორიცაა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, საჯარო რეესტრში, თბილისის მერიაში და სხვა კერძო სამართლის იურიდულ და ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული ტიპის მინდობილობის გაცემას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ კომპანიის რამდენიმე იურისტმა შეძლოს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინონ კომპანიის ინტერესები. აპელანტის მიერ 2023 წლის 14 დეკემბერს წარდგენილ შუამდგომლობაში სასამართლოს განემარტა, რომ მართალია ქ.მ–ს ამ მინდობილობით ჰქონდა უფლებამოსილება მონაწილება მიეღო პროცესში, თუმცა მისი საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენდა კომპანიის ინტერესების სასამართლოში დაცვა და მას ამ საქმის შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა, ის კომპანიას უწევდა სამართლებრივ მხარდაჭერას კორპორატიული მიმართულებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა საჯარო რეესტრთან ურთიერთობა და კომპანიის წარმომადგენლობა სხვადასხვა კერძო სამართლის სუბიექტებთან;
11.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, აპელანტს ჰქონდა როგორც პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ასევე, მისი მხრიდან წარმოდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებაც და არაერთი წერილობითი შუამდგომლობაც ახსნა-განამარტებასთან ერთად თუ რატომ ვერ ახერხებდნენ წარმომადგენლები სასამართლოში გამოცხადებას.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
18. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას.
19. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს - ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
21. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, სადავო არ არის, რომ აპელანტს 2023 წლის 15 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების არსებობის ფარგლებში, არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სახეზე იყო სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
23. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
24. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი, ტ.ც–ძე მის მიერ სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 04 დეკემბერსა და 08 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაში 15.12.2023წ. სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ 2023 წლის 14 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით არ იქნებოდა საქართველოში, ხოლო კომპანიას მის გარდა არ ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოში კომპანიის ინტერესების წარმოდგენასა და დაცვას შეძლებდა (იხ. ტ. 4, ს.ფ. 32-34).
25. საკასაციო სასამართლო აპელანტის წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ მითითებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილია მოპასუხის დირექტორის მიერ მოპასუხე კომპანიის იურისტების - ტ.ც–ძის, ა.ქ–ას და ქ.მ–ს მიმართ უვადოდ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, მათ მიენიჭათ უფლებამოსილება ერთობლივად ან/და დამოუკიდებლად დაიცვან მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და აწარმოონ შესაბამისი სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციულ საქმე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 85). საქმეში აღნიშნული მინდობილობის არსებობის პირობებში, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ქ.მ. ტ.ც–ძესთან ერთად მონაწილეობას იღებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26.10.2022წ. და 21.12.2022წ. გამართულ სასამართლო სხდომებში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 267-270; ტ. 3, 26-40), საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ ქ.მ–ს საქმიანობის სფეროს კომპანიის ინტერესების სასამართლოში დაცვა არ წარმოადგენდა და იგი კომპანიას წარმომადგენლობას მხოლოდ კორპორატიული კუთხით, სხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში უწევდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ქ.მ–ს 2023 წლის 15 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილება ან/და შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა.
26. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც ის გარემოება დასტურდება, რომ ა.ქ–ა აპელანტის წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა. კერძოდ, აპელანტს არ წარუდგენია ა.ქ–ას მიმართ გაცემული მინდობილობის გაუქმების ან/და მისი სამსახურიდან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი ამ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
27. ამდენად, მოპასუხეს ტ.ც–ძის გარდა ჰყავდა ორი უფლებამოსილი წარმომადგენელი - ა.ქ–ა და ქ.მ., რომლებსაც შეეძლოთ გამოცხადებულიყვნენ 2023 წლის 15 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, თუმცა ისინი აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.
28. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ საქმე Nას-152-148-2016, 03 ივნისი, 2016 წელი; Nას-345-330-2016, 06 ივნისი, 2016 წელი; Nას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა მართებულად მიიჩნია არასაპატიოდ.
30. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მან სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის სასამართლო სხდომამდე, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა მოითხოვა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის - ტ.ც–ძის მიერ 15.12.2023წ. დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობების წარდგენის შემდგომ, 11.12.2023 წელს სასამართლოს მხრიდან განხორციელდა კომუნიკაცია მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის წარმომადგენელთან, რომელსაც ეცნობა სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობის შესახებ, თუმცა ამ უკანასკნელმა სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობას და გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე (იხ. ტ. 4, ს.ფ. 38); აღნიშნულის შემდგომ, 14.12.2023 წელს სატელეფონო კავშირი ასევე შედგა მოპასუხის წარმომადგენელთან - ა.ქ–ასთან, რომელსაც ეცნობა სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პოზიცია, თუმცა სატელეფონო საუბრისას ა.ქ–ამ განაცხადა, რომ იგი აღარ ახორციელებდა მოპასუხის წარმომადგენლობას (თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება) და როგორც მისთვის ცნობილი იყო, კომპანიის დირექტორი უკრაინაში იმყოფებოდა (იხ. ტ. 4, ს.ფ. 39); აღნიშნულიდან გამომდინარე, იმავე დღეს მოხდა დაკავშირება მოპასუხის სხვა წარმომადგენელთან - ქ.მ–თან, რომელსაც ასევე ეცნობა სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია. სატელეფონო საუბრისას ქ.მ–მა განმარტა, რომ იგი აღარ ახორციელებდა მოპასუხის პროცესუალურ წარმომადგენლობას, როგორც მისთვის ცნობილი იყო აპელანტის ერთადერთი წარმომადგენელი იყო ტ.ც–ძე, ხოლო კომპანიის დირექტორი უკრაინაში იმყოფებოდა. ადრესატს სასამართლოს მხრიდან განემარტა, რომ სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩენილიყო ან/და აპელანტის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული (იხ. ტ. 4, ს.ფ. 40).
31. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლებისათვის ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ 15.12.2023წ. სხდომის გადადების შუამდგომლობაზე სასამართლო გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე მიიღებდა. მიუხედავად ამისა, მოპასუხის არცერთი წარმომადგენელი გამოცხადებულა 15.12.2023წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე ინფორმაციის წინასწარ მიღების შემთხვევაში ისინი შესაბამისად იმოქმედებდნენ და სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენელს გამოუშვებდნენ; მოპასუხის წარმომადგენლის, ქ.მ–ს განმარტება, რომ იგი მოპასუხის პროცესუალურ წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა, მას სასამართლოს მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის მოპასუხისათვის გადაცემისაგან არ ათავისუფლებდა, ვინაიდან საქმეშია მოპასუხის მიერ მის მიმართ გაცემული მინდობილობა, რომლითაც, როგორც აღინიშნა, მას სხვა უფლებამოსილებებთან ერთად სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს არ შეზღუდვია 15.12.2023წ. სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის წარდგენის შესაძლებლობა.
32. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ შეექმნა იმის შინაგანი რწმენა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. შესაბამისად, მას მართებულად ეთქვა უარი სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ხოლო, ვინაიდან სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ ის ასევე მართებულად დატოვა განუხილველად.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს-ს.კ.ქ.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი