საქმე №ას-302-2023 8 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ფ–ა (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ზ.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - „მოპასუხე“, „სამინისტრო“ ან „კასატორი“) და ზ.რ–ძის (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ფ–ას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2540 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2019 წლის 02 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში სამინისტროს დასავლეთ სარდლობის ცალკეული საინჟინრო ქვედანაყოფის მძღოლი - თავდაპირველი მოპასუხე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამინისტროს ავტომანქანით - „კრაზი“, სახელმწიფო ნომრით ....., შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ...., და მიაყენა დაზიანება (ს.ფ. 25-38);
2.2. თავდაპირველი მოპასუხე Nბა000159600 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევ პირად საქართველოს ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 250 ლარი (ს.ფ. 27);
2.3. 2019 წლის 02 ოქტომბრის Nბა000159600 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, თავდაპირველმა მოპასუხემ ჩაიდინა საქართველოს ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ: ,,...ბანძა-სენაკის საავტომობილო გზის 11 კმ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის ტერიტორიაზე, გზის მკვეთრ მოსახვევთან ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გადაადგილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან საპირისპირო მხარეს, დაეჯახა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას და მიაყენა დაზიანება“;
2.4. 2019 წლის 02 ოქტომბრის Nბა000159600 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელმოწერით დაეთანხმა თავდაპირველი მოპასუხე (ს.ფ. 27);
2.5. შპს „ე-ა–ის“ მიერ გაცემული ზარალის გაანგარიშების აუდიტორული დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი 190“-ზე, სახელმწიფო ნომერი ......., ფერი - მწვანე, გამოშვების წელი - 1992, ძრავის მოცულობა - 2000, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 2540 ლარი (ს.ფ. 13-25);
2.6. ავტომანქანა - „კრაზი“, სახელმწიფო ნომრით ...., წარმოადგენს სამინისტროს საკუთრებას.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 999-ე და 992-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სამინისტრო, მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევის მიმართ მისი არაბრალეული ქმედებისა, მოსარგებლესთან ერთად სოლიდარულად აგებდა პასუხს მოსარჩელის წინაშე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის.
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ შპს „ე-ა–ის“ მიერ გაცემულ დასკვნას ზარალის გაანგარიშების შესახებ.
5. პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა, მათ შორის, შპს „ე-ა–ის“ დასკვნის, გამაბათილებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს არ წარუდგენიათ და არც ზიანის დადგომაში თავდაპირველი მოპასუხის ბრალეულობის გამომრიცხველ რაიმე ფაქტობრივ საფუძველზე მიუთითებიათ. მოპასუხეები მხოლოდ მოთხოვნის გამომრიცხავი ახსნა-განმარტებებით შემოიფარგლნენ. სასამართლოს განმარტებით, ახსნა-განმარტება, მართალია, მტკიცებულებაა, თუმცა იგი შეიძლება ასევე გაბათილდეს მხარის ანალოგიური მტკიცებულებით - ახსნა-განმარტებით. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ ახსნა-განმარტება გამყარებულია წერილობითი მტკიცებულებით.
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ე-ა–ის“ მიერ გაცემული ზარალის გაანგარიშების აუდიტორული დასკვნა შედგენილია გამოსაკვლევად მიწოდებულ („მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ...... დასკვნას ასევე თან ერთვის ფოტოილუსტრაცია) მასალაზე, შეფასება შესრულებულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების IVSC შესაბამისად და დასკვნის კვლევით ნაწილში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად, არსებობდა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სახით, თანხის სოლიდარულად დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. პირები, რომელთა მიერაც ჩატარდა ექსპერტიზა, არ წარმოადგენენ მოძრავი ქონების შეფასებაში სპეციალიზებულ პირებს. წარდგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ შეფასებაში მონაწილე პიროვნებები ფლობენ უძრავი და არა - მოძრავი ქონების შეფასების სერტიფიკატებს. დასახელებული გარემოება პრობლემურია სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებთან მიმართებით, რადგან ამ ტიპის ექსპერტიზის დასკვნა ვერ ასრულებს მის საპროცესო-სამართლებრივ ფუნქციას და ვერ გამოდგება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად;
13.2. მხედველობაშია მისაღები ასევე ექსპერტიზის ჩატარების დრო და ადგილიც. ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რომლის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ითხოვს, მოხდა 2019 წლის 2 ოქტომბერს. შეფასება კი განხორციელდა 2020 წლის 25 იანვარს, თითქმის 4 თვის შემდეგ. განსხვავებულია ავტოსატრანსპორტო შემთხვევისა (სოფ. ....) და ექსპერტიზის ჩატარების (სოფ. .....) ადგილებიც. დასახელებული გარემოებები, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამის მტკიცებულებაუნარიანობას. არც სარჩელი და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ პასუხობს იმ კითხვას, რატომ წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანი სრულად მოპასუხეთა პასუხისმგებლობას, როდესაც მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება დროის ამ მონაკვეთსა და სივრცეში გადაადგილებისას შესაძლებელია დამატებით დაზიანებულიყო;
13.3. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ვერც ზიანის ფაქტობრივი ოდენობისა და ვერ ზიანის მოთხოვნილ ოდენობასა და მოპასუხეთა ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტს.
14. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სარჩელი მიმართულია ერთდროულად როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის (სამინისტროს), ისე - მოსარგებლის (თავდაპირველი მოპასუხის) მიმართ დელიქტური ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
15. მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლებია: 992-ე მუხლი (თავდაპირველი მოპასუხის მიმართ) [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 999.1. მუხლი [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი], ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება [თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან], 463-ე მუხლი [თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს], 408.1. მუხლი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება], 409-ე მუხლი [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება].
16. სსკ-ის 999.1. მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდ არის მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელთაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მათზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი). სსკ-ის 999.4. მუხლის პირველი წინადადება იურიდიულ მფლობელს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევისათვის, როცა მოსარგებლე მისი ნებისგან დამოუკიდებლად დაეუფლა სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა კანონმდებელი აქვე შემდგომი წინადადებების სახით პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას უპირისპირებს შემთხვევას, როდესაც იურიდიული მფლობელის ბრალით მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუფლება მოსარგებლის მხრიდან ან მოსარგებლე თავად იურიდიული მფლობელის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატატორი (იხ. სუსგ საქმე №ას-630-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში (იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ.). ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4. მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010 წელი).
17. მოცემულ შემთხვევაში ზიანი დადგა სამინისტროს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ექსპლუატაციისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანას მართავდა თავდაპირველი მოპასუხე - სამინისტროში დასაქმებული პირი (მძღოლი). მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია უშუალოდ თავდაპირველი მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, მოპასუხეები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის.
18. რაც შეეხება შედავებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სამინისტროს, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, არ მიუთითებია სათანადო და რელევანტურ მტკიცებულებაზე, რაც გააბათილებდა შპს „ე-ა–ის“ მიერ გაცემული ზარალის გაანგარიშების აუდიტორული დასკვნით დადგენილ გარემოებას, რომლის თანახმად, ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი 190“-ზე, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი - მწვანე, გამოშვების წელი - 1992, ძრავის მოცულობა - 2000, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 2540 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 ქვეპუნქტი). მოპასუხე ვალდებულია ექსპერტიზის დასკვნა არგუმენტირებულად და სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე უარყოს. მოცემულ შემთხვევაში დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხის წარმოდგენილი შედავება არასაკმარისია აღნიშნული დოკუმენტისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის გამოსარიცხად.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი