საქმე №ას-145-2024 02 აგვისტო, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ტ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ნა (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – ნ.ა–ნი, ნ.გ–ნი, ს.უ–ნი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ვ.ტ–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ბ–ნას (შემდგომში - „მოსარჩელე”) სარჩელი მოპასუხის მიმართ, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები - ნ.ა–ნი, ნ.გ–ნი და ს.უ–ნი, დაკმაყოფილდა და გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ….., ს.კ. ……., შენობა N7, ფართით 71,61 კვ.მ, აუქციონზე რეალიზაციის გზით და დადგინდა მიღებული შემოსავლის მხარეთა შორის თანაბარწილად განაწილება.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1 035,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 15, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-დან 11-ის ჩათვლით, ს.კ. ......., თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია: ნ.ა–ნის, ნ.გ–ნის, ს.უ–ნის, მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე შემდეგი წილობრივი გადანაწილებით: ნ.ა–ნი - 1/4 ნაწილი, ნ.გ–ნი - 1/4 ნაწილი, ს.უ–ნი - 1/4 ნაწილი, მოსარჩელე და მოპასუხე - შენობა N7, ფართით 71,61 კვ.მ.
2.2. მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში რიცხული, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, შენობა N7, ფართით 71,61 კვ.მ (იტალიურ ეზოში), წარმოადგენს ერთსართულიან შენობას, სარდაფით, გარედან მიდგმული კიბით და 3,79 კვ.მ ფართით, სადაც გადის კანალიზაციისა და წყლის მილები.
2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 03.06.2022წ. წერილის თანახმად, მოსარჩელის ინიციატივით დანიშნული საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან მოპასუხემ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მისულ ექსპერტს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.01.2023წ. წერილის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და ორთოფოტოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გაბარიტული ზომები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა არ შეესაბამება ფაქტობრივად ადგილზე არსებული საზღვრისა და შენობა-ნაგებობების გაბარიტულ ზომებს, კონფიგურაციას და ადგილმდებარეობას. ასევე, რეგისტრირებული საკადასტრო საზღვრის (წითელი ხაზი) ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი გადის შენობა-ნაგებობებზე (ჭრის შენობა-ნაგებობებს). უძრავი ქონების გამიჯვნისთვის საჭიროა მისი ხელახალი აზომვა, ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი საკადასტრო ნახაზის შედგენა და რეესტრში რეგისტრაცია.
2.5. მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული ინდივიდუალური აუდიტორის - თ.კ–ძის 14.09.2022წ. აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის თანახმად, თბილისში, …….., ს.კ. ……., მდებარე შენობა-ნაგებობა N7-ის, ფართით 71,61 კვ.მ, გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის ერთგვაროვან ნაწილებად შესაძლებელია მცირე დანახარჯებით და ფუნქციური დანიშნულებრივი ღირებულების შენარჩუნებით.
3. სააპელაციო სასამართლო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დადგინდა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გამომდინარეობს მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნიდან. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ შემფასებელმა მოახდინა ადგილზე ვიზუალური დათვალიერება, აზომვა და ფოტოგრაფირება. შენობა N7 წარმოადგენს (იტალიურ ეზოში) ერთსართულიან შენობას, სარდაფით, გარედან მიდგმული კიბით და 3,79 კვ.მ ფართით, სადაც გადის კანალიზაციისა და წყლის მილები. გასამიჯნი ფართი მდებარეობს პირველ (ბელეტაჟის) სართულზე და მას ესაზღვრება: ჩრდილოეთის მხარეს - შენობა N1 უკან, აღმოსავლეთ მხარეს - ეზო, დასავლეთ მხარეს - შენობა N04/1, წინა მხარეს - სამხრეთით - ეზო; აუდიტორი აღნიშნავს, რომ თუ მხარეები მოახდენენ საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქციას იმგვარად, როგორც ეს დანართ N2-ზეა აღნიშნული, შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით გაყოფა/გამიჯვნა ისე, რომ უძრავი ქონება არ დაკარგავს დანიშნულებას, მას ხელს უწყობს აგრეთვე მდებარეობა. ამგვარად, მოპასუხის მიერვე წარდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი ხარჯების გაწევის შემთხვევაში, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით.
4. სააპელაციო პალატამ გასაყოფი უძრავი ქონების მდგომარეობასთან დაკავშირებით ყურადღება მიაქცია საქმეში წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.01.2023წ. წერილს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4 პუნქტი) და აღნიშნა, რომ ამ გარემოების საპირისპირო მტკიცება მოპასუხეს არ წარუდგენია.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გამომრიცხველი წინაპირობა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია და ამონაგების საზიარო საგნის მესაკუთრეთა შორის განაწილება.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში ჩართულმა მესამე პირებმა, რომლებიც არიან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები შესაბამისი წილობრივი მონაცემებით - 1/4, 1/4, 1/4, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი ეთანხმებიან სადავო ქონების სარეალიზაციოდ გატანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. სადავო ქონება მოსარჩელის საცხოვრებელ სადგომს არ წარმოადგენს, რადგან ის ცხოვრობს უკრაინაში და არასდროს უცხოვრია საქართველოში, სადავო ქონება ჩუქებით აქვს მიღებული და მისთვის ფულადი ანაზღაურება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სადავო ქონების არსებობა, განსხვავებით მოპასუხისაგან, რომელიც მეუღლესთან, შვილთან, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში, ამონაგები თანხით მოპასუხე ვერ შეძლებს სხვა ქონების შეძენას, რადგან ეს თანხა ქონების შესაძენად არ იქნება საკმარისი;
13.2. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მე-2 ნაწილი გამოიყენება მაშინ, თუ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია. მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის თანახმად, სადავო ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის ერთგვაროვან ნაწილებად შესაძლებელია მცირე დანახარჯებითა და ფუნქციური დანიშნულებრივი ღირებულების შენარჩუნებით. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის (საზიარო უფლებები) წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. იმავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამასთან, აღნიშნული კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას - საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებაზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად და 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ისე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014 წელი; Nას-774-741-2014, 20 ივლისი, 2015 წელი; Nას-39-39-2016, 01 მარტი, 2016 წელი; Nას-1389-1309-2017 , 30 აპრილი, 2018 წელი).
16. საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობა არ უკარგავს პირს უფლებას, საზიარო საგანზე საკუთრების უფლება დაიცვას კანონით გათვალისწინებული სხვა წესით საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამ უფლების გაუქმებით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
17. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის - თ.კ–ძის 14.09.2022წ. აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნით დგინდება, რომ საზიარო საგნის, სადავო უძრავი ქონების დაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. კერძოდ, სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი ხარჯების გაწევის შემთხვევაში, რეკონსტრუქციის შედეგად. სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების აუცილებლობა კი, საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მიუთითებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი; Nას-1228-2020, 25 ივნისი, 2021 წელი; Nას-602-2019, 22 თებერვალი, 2022 წელი). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მართებულად დადგინდა სადავო ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
20. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ტ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ვ.ტ–ნს (პ.ნ. .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 07 თებერვალს №20481390231 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი