საქმე №ას-19-2023 24 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.ნ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მერიისა და მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ზიანის სახით, 3 612.89 ლარის გადახდა; სარჩელი მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ.თბილისში, .......... მდებარე 63.51 კვ.მ. ფართის ბინა №20-ის (საკადასტრო კოდი: N.......) მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე;
2.2. ქ.თბილისში, .......... მდებარე 57.40 კვ.მ. ფართის ბინა №24-ის (საკადასტრო კოდი: N......) მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე;
2.3. 2019 წლის 25 თებერვლის №001278919 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ......... მდებარე 63.51 კვ.მ. ფართის ბინა №20-ისა და მის ზემოთ მე-7 სართულზე განთავსებული მეზობლის ბინის (სველი წერტილის) ადგილზე შესწავლით დადგინდა, რომ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში, მე-7 სართულზე არსებულ წყლის საკომუნიკაციო სისტემებში წყლის გაშვებით დაფიქსირდა მე-6 სართულზე განმცხადებლის ბინაში არსებული აბაზანის ოთახის ჭერზე წყლის გამოჟონვა. შესაბამისად, ვინაიდან, მე-7 სართულზე განთავსებული მეზობლის კუთვნილი სააბაზანო ოთახის კედლები და ჭერი მთლიანად მოპირკეთებულია კაფელ-მეტლახის ფილებით, წყალ-კანალიზაციის სისტემაზე არსებული დაზიანებისა და დაზიანებული ადგილის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ ზედაპირული (ვიზუალური) დათვალიერებით, წყალ-კანალიზაციის სისტემების გაშიშვლების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია. ქ.თბილისში, ........., მე-7 სართულიდან ჩამოსული წყლისაგან მიყენებული ზარალის დადგენის მიზნით ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, ასევე ღირებულების (სავარაუდო) განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზა დაეყრდნო სამშენებლო ბაზარზე არსებული სამშენებლო მასალებისა და შრომითი ანაზღაურების მონაცემებს და დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით შედგა საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: ქ.თბილისში, ........, ზემოდან (მე-7 სართულიდან) ჩამოსული წყლისაგან მიყენებული ზარალის ღირებულებამ, დაზიანებული სარემონტო სამუშაოების მოცულობებისა და სამშენებლო ბაზარზე არსებული როგორც მასალების, ასევე შრომითი ანაზღაურების ღირებულებების გათვალისწინებით, პირდაპირი დანახარჯებით საორიენტაციოდ შეადგინა 1462,28 ლარი, ხოლო ნორმატიული დარიცხვებით და დღგ-ს ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგინა 2049.89 ლარი;
2.4. 2019 წლის 28 თებერვლის №001340719 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ ავეჯზე დაზიანებით მიყენებული ზარალის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 645 ლარს;
2.5. 2019 წლის 28 მარტის №002111119 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განმცხადებლის საცხოვრებელი ბინის აბაზანაში და სამზარეულო ოთახში შეინიშნება ზემოდან წყლის ჩამოდინების შედეგად არსებული დაზიანებები. დაზიანებების გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით განმცხადებლის და მე-7 სართულზე არსებული მეზობლის ბინის სველ წერტილში (აბაზანა-ტუალეტი), კანალიზაციის ცენტრალურ მილთან ჩატარდა სადემონტაჟო სამუშაოები, რა დროსაც მოხდა აღნიშნული ცენტრალური დ=100 მმ პლასტმასის მილის და მასზე დაერთებული განშტოების დეტალის გაშიშვლება. ვიზუალურად დადგინდა, რომ ცენტრალურ დ=100მმ პლასტმასის მილზე დაერთებული განშტოების დეტალზე დაფიქსირდა დაზიანება (პლასტმასის დეტალი არის გატეხილი). შესაბამისად, აღნიშნული დაზიანებული უბნიდან ხდება მე-6 სართულზე განმცხადებლის კუთვნილ ბინაში წყლის ჩამოდინება. ზემოთ ხსენებულ დაზიანებულ დეტალზე, ერთ განშტოებაზე დაერთებულია მე-7 სართულის სველი წერტილის უნიტაზის საკომუნიკაციო მილი, ხოლო მეორე განშტოებაზე - სარეცხი მანქანისა და სხვა საკომუნიკაციო წყალგადამყვანი სისტემების მილი.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის კუთვნილი ბინის წყალ-კანალიზაციის დაზიანებული სისტემიდან მის საკუთრებაში არსებულ ბინაში წყლის ჩაშვებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები, კერძოდ: მოპასუხის კუთვნილი ბინის წყალ-კანალიზაციის დაზიანებული სისტემიდან გაჟონილი წყალი არაერთგზის ჩავიდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში; წყალ-კანალიზაციის სისტემის გამართულობაზე პასუხისმგებელია ბინის მესაკუთრე ანუ მოპასუხე; მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი კუთვნილი ბინის წყალ-კანალიზაციის სისტემის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, რამაც მოსარჩელის ქონება დააზიანა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მტკიცებულებებს და დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანება არ გამოუწვევია მოპასუხის კუთვნილი ბინის წყალ-კანალიზაციის სისტემის გაუმართაობას ან რომ მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის ზიანის დადგომაში.
4. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ სასამართლოს სსკ-ის 1004.2 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად ბინის მფლობელი (იქ მცხოვრები ფიზიკური პირი) უნდა ეცნო და არა - მესაკუთრე. პალატამ მოპასუხის აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა. სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი ურთიერთობის ამ ნორმით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ ზიანი დადგეს უშუალოდ იმ პირის მიზეზით (ქმედებით), რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი. ამასთან, ნორმაში პირდაპირ არის მითითებული ზიანის გამომწვევი ქმედებები (საგნის გადაგდება, გადავარდნა, გადაღვრა). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მის საკუთრებაში მცხოვრებმა პირმა რომელიმე ზემოხსენებული ქმედება ჩაიდინა. მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლა სსკ-ის 1004.2 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებად - შენობიდან წყლის გადაღვრად ვერ მიიჩნევა, რადგან მოსარჩელის ბინაში წყალი ჩავიდა მოპასუხის ბინის წყალ-კანალიზაციის დაზიანებული სისტემიდან. ამ სისტემის გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი კი მოპასუხეა. მესაკუთრის ასეთი ვალდებულება გამომდინარეობს როგორც სხვისი ნივთის მიმართ გაფრთხილების ზოგადი ვალდებულებიდან, ასევე - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონიდან. რადგან მოპასუხემ არ შეასრულა მის ბინაში არსებული წყალ-კანალიზაციის სისტემის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების პოზიტიური ვალდებულება და სათანადო ყურადღებაც არ გამოიჩინა, არ შეამოწმა მის ბინაში არსებული წყალ-კანალიზაციის სისტემის მდგომარეობა, იკვეთება როგორც მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება (პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა), ასევე - ზიანის დადგომაში გაუფრთხილებელი ბრალიც. ამასთან, რაკი ზიანიც დადგა, რომლის ოდენობაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და ისიც აშკარაა, რომ ზიანი მოპასუხის უმოქმედობამ გამოიწვია, იკვეთება, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შესრულებულია სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
10. საკასაციო საჩივრის თანახმად:
10.1. სასამართლოებმა დაუსაბუთებლად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, ........ მდებარე ბინა №24, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, იმყოფებოდა სხვა პირების მფლობელობაში და სწორედ მათ მიერ აღნიშნული ფართით სარგებლობის შედეგად განხორციელდა წყლის ჩაშვება მეზობელ ბინაში. ამასთან, კონკრეტული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით მიმართული იქნა სამართალდამცავი ორგანოსთვისაც;
10.2. სსკ-ის 1004.2 მუხლის თანახმად, კანონმდებელი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს არა მესაკუთრეს, არამედ - მფლობელს, პირს, რომელსაც რეალურად აქვს საფრთხის/ზიანის თავიდან აცილების რეალური შესაძლებლობა და არა - მესაკუთრეს, რომლის მფლობელობიდანაც ნივთი გავიდა პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად;
10.3. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სსკ-ის 992-ე მუხლით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმს - მესაკუთრის ქმედების მართლწინააღმდეგობას.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია. სსკ-ის მე-1000 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის [1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით].
12. პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან (სსკ-ის 992-ე მუხლი), ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი, 2016 წელი). სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი; შდრ. სუსგ საქმე №ას-1287-1208-2015, 26.02.2016). მე-1000 მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. სსკ-ის მე-1000 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი).
13. ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ. სუსგ საქმე №ას-90-90-2018, 11 მაისი, 2018 წელი; №ას-322-2021, 21 ოქტომბერი, 2021 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული სპეციალური ნორმით დადგენილი წინაპირობები სახეზეა. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი ბინის წყალ-კანალიზაციის დაზიანებული სისტემიდან გაჟონილი წყალი არაერთგზის ჩავიდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში; წყალ-კანალიზაციის სისტემის გამართულობაზე პასუხისმგებელია ბინის მესაკუთრე ანუ მოპასუხე; მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი კუთვნილი ბინის წყალ-კანალიზაციის სისტემის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, რამაც მოსარჩელის ქონება დააზიანა.
15. რაც შეეხება კასატორის აპელირებას სსკ-ის 1004.2 მუხლზე [თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით], ამ მუხლის რეგულირების ქვეშ, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მოექცევა მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლის შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია არა წყლის გადაღვრით, არამედ -წყალ-კანალიზაციის სისტემის გაუმართაობით. ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია სადგომის მფლობელის ზემოაღნიშნული ქმედებები (საგნის გადაგდება, გადავარდნა ან გადაღვრა), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი