საქმე №ა-5633-შ-172-2023 14 აგვისტო, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჯ.ი.ვ.ნ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილებით ჯ.ი.ვ.ნ–ი დაინიშნა პაციენტის - ფ.ი.მ–სის და მისი ქონების მეურვედ (კურატორად) და ქონების კურატორს მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილებები:
1.1. მიიღოს, მოუაროს, მართოს და ადმინისტრირება გაუწიოს პაციენტის ყველა ქონებას;
1.2. ნებისმიერი მოქმედი კანონის შესაბამისად, გააგრძელოს ან შეწყვიტოს პაციენტის ნებისმიერი გარიგება, ბიზნესი ან ვალდებულება;
1.3. შეიძინოს, შესყიდვით ან სხვაგვარად, ნებისმიერი მოძრავი და უძრავი ქონება პაციენტის სასარგებლოდ;
1.4. გააქირავოს, გაცვალოს, დაყოს, გაასხვისოს და ნებისმიერი კანონიერი მიზნით, იპოთეკით ან გირაოთი დატვირთოს ნებისმიერი ქონება, რომელიც ეკუთვნის პაციენტს ან რომლის მიმართაც მას აქვს ინტერესი;
1.5. შეასრულოს პაციენტის ქონებასთან დაკავშირებული, მის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო, სანამ იგი გამოცხადდებოდა ქმედუუნაროდ, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი საქმეების მართვა;
1.6. განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება ან გასცეს ნებისმიერი თანხმობა, რომელიც საჭიროა ასეთი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ ეს უფლებამოსილება მიმართულია პაციენტის სარგებლისთვის ან ატარებს მისთვის სასარგებლო ინტერესს;
1.7. განახორციელოს ყველა უფლებამოსილება, რომელიც მითითებულია დახურული კორპორაციების შესახებ 1984 წლის 69-ე აქტის №29 თავში;
1.8. 1988 წლის სამეურვეო საკუთრების კონტროლის აქტისა და ნებისმიერი სამეურვეო მართვის აქტის დებულებების გათვალისწინებით, განახორციელოს უფლებამოსილება პაციენტის, მოხსნისა და ჩანაცვლების შესახებ, როგორც ნებისმიერი inter vivos ტრასტის რწმუნებულისა, რომელშიც მას ამჟამად უკავია რწმუნებულის თანამდებობა;
1.9. მოაგროვოს თანხა პაციენტის ნებისმიერი მოძრავი ქონების იპოთეკით ან გირავნობით, მისი დავალიანების ან მისი მოვლა-პატრონობისთვის ან სხვაგვარად მის სასარგებლოდ გაწეული ან გასაწევი ხარჯების დასაფარად ან მისი მომავალი მოვლა-პატრონობის ხარჯების უზრუნველსაყოფად ან მისი ქონების გასაუმჯობესებლად ან მოვლა-პატრონობისათვის;
1.10. გამოიყენოს ნებისმიერი თანხა პაციენტის მოვლა-პატრონობისთვის ან სხვაგვარად მის სასარგებლოდ;
1.11. გაიღოს ხარჯები პაციენტის ნებისმიერი ქონების გაუმჯობესების მიზნით მშენებლობის საშუალებით ან სხვაგვარად;
1.12. დახარჯოს პაციენტის კუთვნილი ნებისმიერი თანხა პაციენტის მთლიანად ან ნაწილობრივ მასზე დამოკიდებული ნებისმიერი ნათესავის ან ნებისმიერი სხვა პირის მოვლა-პატრონობაზე, განათლებაზე ან წინსვლაზე. გააგრძელოს დახმარებისა და ქველმოქმედების ასეთი სხვა აქტები, რომელსაც ახორციელებს პაციენტი, როგორც ამას განმკარგულებელი, გარემოებებისა და პაციენტის ქონების ღირებულების გათვალისწინებით, მიიჩნევს სათანადოდ და გონივრულად;
1.13. განახორციელოს პაციენტის ნებისმიერი თანხის ინვესტირება ან რეინვესტირება, რომელიც დროდადრო ხელმისაწვდომი გახდება ინვესტიციებისთვის და რომელიც არ არის დაუყოვნებლივ საჭირო იმ მიზნებისათვის, რომლებიც განსაზღვრულია 1965 წლის №66 (შესწორებული სახით) ქონების ადმინისტრირების შესახებ კანონის 82(გ) ნაწილით;
1.14. აწარმოოს საქმეები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე ან მისი ქონების სათანადო ადმინისტრირებისათვის.
2. 2023 წლის 7 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ჯ.ი.ვ.ნ–ის წარმომადგენელმა ა.გ–მა და მოითხოვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ფ.ი.მ–სის მოძრავი ქონების მეურვეობის, მათ შორის, საბანკო ანგარიშების მართვა/განკარგვის ნაწილში სხვა საკითხებთან ერთად. შუამდგომლობაში მან აღნიშნა, რომ სს „ს.ბ–მა“ მოსთხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების წარდგენა.
3. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის მთავარი რეგისტრატორის ტ. ლ–ას მიერ 2023 წლის 28 ივლისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ფ.ი.მ–ის კურატორის დანიშვნაზე 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაშია, აღსრულებადია და არ ყოფილა გასაჩივრებული.
4. შუამდგომლობაზე დართული საბანკო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ფ.ი.მ–სს სს „ს.ბ–ში“ გახსნილი აქვს საბანკო ანგარიშები და დეპოზიტზე განთავსებული აქვს თანხები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ჯ.ი.ვ.ნ–ის შუამდგომლობა სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ.ი.ვ.ნ–ის შუამდგომლობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5. მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი შუამდგომლობის ავტორის (მეურვის) პასპორტის ასლით დასტურდება, რომ იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეა. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სასამართლო მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა კომპეტენტურ სასამართლოს, ხოლო საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია აღნიშნულ საქმეზე, ვინაიდან მეურვე საქართველოს მეშვეობით ითხოვს მეურვეობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ცნობას [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი: მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი ამას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს], ამასთან, ცნობის მიმართ შუამდგომლობის ავტორს გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან სამეურვეო პირს საქართველოში აქვს საბანკო ანგარიშები და დეპოზიტზე განთავსებული აქვს თანხები.
9. სამოქალაქო საქმეთა პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ქმედუუნარობის ინსტიტუტის რეფორმა განახორციელა და შემოიღო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის (მხარდაჭერის მიმღები) ცნება, რომელიც ასევე ქმედუნარიანად მიიჩნია [სსკ-ის 12.4. მუხლი: ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში]. მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღება უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II-40).
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
11. მოცემულ შემთხვევაში საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ პაციენტი - ფ.ი.მ–სი გამოცხადებულია ქმედუუნაროდ, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი საქმეების მართვა (იხ. წინამდებარე განჩინების 1.5 ქვეპუნქტი).
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
13. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად ქმედუუნარობის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივი სივრციდან გამქრალია და შემოღებულია მხარდაჭერის ინსტიტუტი განსხვავებული სამართლებრივი შინაარსით, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ჯ.ი.ვ.ნ–ის შუამდგომლობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ფ.ი.მ–სს არ წარმოექმნას დაბრკოლება იმ უფლებათა განხორციელებაში, რომლისთვისაც მოთხოვნილია უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.ი.ვ.ნ–ის შუამდგომლობა მოძრავი ქონების მეურვეობის, მათ შორის, საბანკო ანგარიშების მართვა/განკარგვის ნაწილში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუტენგის განყოფილების პრეტორიის 2022 წლის 25 ოქტომბრის №023161/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.ი.ვ.ნ–ი დაინიშნა პაციენტის - ფ.ი.მ–სის და მისი ქონების მეურვედ (კურატორად) და მიენიჭა უფლებამოსილებები ფ.ი.მ–სის მოძრავი ქონების მეურვეობის, მათ შორის, საბანკო ანგარიშების მართვა/განკარგვის ნაწილში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი