Facebook Twitter

საქმე №ას-72-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ტ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57 976,79 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2020 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N238 ხელშეკრულება. გამარტივებული წესით შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის შეესრულებინა სამუშაოები, კერძოდ: ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ფოთში, ..... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, რისთვისაც შემსყიდველს უნდა გადაეხადა 136 938,55 ლარი. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-41).

2.2. 03.12.2020წ. N57 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მის მიერ ხორციელდება სადემონტაჟო სამუშაოები, კერძოდ: ლინოკრომის და საიზოლაციო ზედა ფენების დემონტაჟი. ამასთან, სამუშაოების პარალელურად მათ მიერ მოხდა სახურავზე შესასრულებელი სამუშაოების შედარება საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციასთან და გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს გარკვეულ ხარვეზებს, კერძოდ: ,,1. იმ სახეობის ამწე მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მითითებულია ხარჯთაღრიცხვაში, ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან საცხოვრებელი სახლის ირგვლივ არსებული სივრცე არაა საკმარისი მათ განსათავსებლად; 2. ჩვენს მიერ დამატებით იქნა შესწავლილი უშუალოდ სახურავზე არსებული მდგომარეობა და ვერ დგინდება ვარცლისებრი გადახურვის ფილების დემონტაჟის აუცილებლობა, ფილების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო იმ ნაწილის დაზიანება, სადაც მოხდა ფილის ჩამტვრევა, შესაძლოა იყოს გარეგანი ზემოქმედებით გამოწვეული; 3. ფილების მდგომარეობის შესწავლისას გაირკვა, რომ პროექტისაგან განსხვავებით, სახურავის კონსტრუქციაში არ გვაქვს ახალი რკინაბეტონის ფილის მოსაწყობი რიგელები, რომლის გარეშეც შეუძელებელია აღნიშნული სამუშაოების შესრულება; 4. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სინოპტიკური პროგნოზები არ გვაძლევენ ხელსაყრელი ამინდების იმედს, რაც პირდაპირ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას.“ შესაბამისად, ამ წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს შესასრულებელი სამუშაოების პროექტი შესთავაზა და სთხოვდა საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში განეხილა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 43-44).

2.3. 25.12.2020წ. N63 წერილით მოსარჩელემ შემსყიდველს წარუდგინა მის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელი სამუშაოს - ბინის გადახურვის პროექტის მიხედვით, რომლის ღირებულება შეადგენდა 62 412 ლარს, ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N238 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 136 938,55 ლარისა. შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდი დარჩა იგივე - 3 წელი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 45-49).

2.4. 31.12.2020წ. N64 წერილით მოსარჩელემ შემსყიდველს მიაწოდა ინფორმაცია ამინდის შესახებ და წარუდგინა ჰიდროგრაფიული სამსახურის N05/550 წერილი 27 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ამინდის (ქარი, ნალექი) შესახებ, ასევე, წარუდგინა უკვე შესრულებული სამუშაოების ფოტოები და ითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 50-51).

2.5. 2020 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება N238/1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 29 იანვარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52).

2.6. 22.01.2021წ. N2 წერილით მოსარჩელემ აცნობა შემსყიდველს, რომ კომპანიის მიერ შესრულდა სამუშაოების დიდი ნაწილი, სახურავზე აღდგენილი იყო ყველა არსებული დაზიანება და სახურავის მთელ ფართობზე მოეწყო ლინიკრომის პირველი ფენა, აღნიშნული სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულდა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, მას შემდეგ არსებული მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელი იყო მუშაობა. ამასთან, ვინაიდან გამოცხადებული იყო საყოველთაო უქმე და საზედამხედველო კომპანია არ ახორციელებდა ზედამხედველობას, ხოლო შესასრულებელი სამუშაოების დიდი ნაწილი წარმოადგენდა ფარულ სამუშაოს, მოსარჩელის მიერ ისინი მათი მეთვალყურეობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ ითხოვა სამუშაოს ვადის გაგრძელება. ასევე, ითხოვა, რომ ეცნობებინათ ოფიციალური პასუხი მის მიერ წარდგენილ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მიერ მოხდებოდა სამუშაოების წარმოების გაგრძელება ხელსაყრელი ამინდის დადგომისთანავე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 53).

2.7. 28.01.2021წ. N42-422102816 წერილით მოპასუხემ შემსრულებელს აცნობა, რომ საპროექტო ორგანიზაცია არ იყო წინააღმდეგი მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ვარიანტის გათვალისწინებაზე თუ ამ ტექნოლოგიის სანდოობა დადასტურებული იქნებოდა კონსტრუქციული და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომლის წარდგენაც იქნა მოთხოვნილი. იმავე წერილს ერთვის შპს „კ“-ის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი 18.01.2021წ. N1 წერილი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 54-56).

2.8. მოსარჩელემ 03.02.2021წ. N4 და N5 წერილებით მიმართა შემკვეთს და აცნობა, რომ ქ. ფოთში, ……. მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები დასრულებული იყო და წარუდგინა შესრულებული სამუშაოს საბოლოო აქტი სამუშაოს და ხარჯების დასახელებით, რომლის ღირებულება ჯამში 60 594,52 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელემ ასევე აცნობა, რომ საკუთარი ხარჯებით დანიშნული ჰქონდა კონსტრუქციული ექსპერტიზა და დასკვნას მიღებისთანავე წარუდგენდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 63-67).

2.9. მოპასუხის N42-422105565 წერილით მოსარჩელეს 2021 წლის 24 თებერვალს ეცნობა, რომ წარედგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და საბოლოო სამუშაოს შესრულების აქტი წერილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 68-69).

2.10. შემსყიდველს 24 თებერვლის წერილის პასუხად მოსარჩელემ 09.03.2021წ. N7 წერილით აცნობა, რომ მოხდა წერილში მოყვანილი საბუხრეების გადახურვის მოწყობის სამუშაოების გათვალისწინება კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში, რისთვისაც დამატებით დასჭირდათ ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და ხელახლა გადაგზავნა კონსტრუქციული ექსპერტიზისთვის, ამიტომაც ითხოვეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდა, ასევე, აცნობეს, რომ ობიექტზე სამუშაოები, მათ შორის, საბუხრეების მოწყობის, დასრულებული იყო. 2021 წლის 10 მარტს მხარეთა შორის დაიდო N238/2 შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2021 წლის 16 აპრილის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 70-71).

2.11. 12.04.2021წ. N14 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა ქ. ფოთში, ……. მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე კს დასკვნა და ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა ობიექტზე არსებული მდგომარეობის შეფასებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 72).

2.12. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 07.04.2021წ. N002337021 დასკვნის თანახმად: ,,ქ. ფოთში, ….. (ს.კ. ……) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე შესრულებული დროებითი გადახურვის ტექნოლოგია წარმოადგენს კონსტრუქციულად ერთ-ერთ სწორ გადაწყვეტილებას მოცემულ ვითარებაში, რაც უზრუნველყოფს სახურავის კონსტრუქციის დროებით უსაფრთხო ექსპლუატაციას მისი სრული რეკონსტრუქციის განხორციელებამდე და შეესაბამება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.09.2020წ. ექსპერტიზის N005389520 დასკვნას“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 79-78). 10.09.2020წ. N005389520 დასკვნა მომზადებულია მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, შემდგომი ექსპლუატაციის მიზანშეწონილობის რეკომენდაციების დასადგენად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 157-167).

2.13. შპს „ლ–ოს“ 11.03.2021წ. საექსპერტო დასკვნის თანახმად: ,,ქ. ფოთში, ….. მდებარე ცხრასართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის გადახურვის მთელი პერიმეტრის ვიზუალური დათვალიერებით, კონსტრუქციული კუთხით შემოწმების შედეგად, ცალსახად ვერ დგინდება კონსტრუქციის არამდგრადობა, ამასთან წარმოდგენილი კოსტრუქციული გადაწყვეტით შესრულებული სამუშაოები გათვლილია გრძელვადიან ექსპლუატაციაზე, გარეგანი დამანგრეველი ან მიზანმიმართული დაზიანების მიზნით ზემოქმედების გამორიცხვის შემთხვევაში. შესაბამისად, კაპიტალური შეკეთების კორექტირებული პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს ეძლევა დადებითი რეკომენდაცია“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 79-81). საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, სამუშაოების შესრულებიდან უკვე ორი წელია გასული, თუმცა არც მოსახლეობისა და არც დამკვეთის მხრიდან შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რამე პრეტენზია არ გამოთქმულა. ამ გარემოების საწინააღმდეგო პოზიცია აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია (იხ. 08.11.2022წ. სხდომის ოქმი).

2.14. 2021 წლის 21 აპრილს საპროექტო ორგანიზაცია შპს ,,კ“-ის დირექტორმა N3 წერილით აცნობა შემსყიდველს, რომ ვინაიდან შეცვლილი პროექტით მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად იყო შეფასებული ორი საექსპერტო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ქვეშ, საპროექტო ორგანიზაცია ამ საკითხზე ეთანხმებოდა მათ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 85-86).

2.15. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს” მიერ 2021 წლის 16 ივლისს გაიცა საიჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: ,,[მოპასუხის] მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ქ. ფოთში, …… მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების ფარგლებში [მოსარჩელის] მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება მოცემულია დანართ N1-ში და სულ შეადგენს 57 976,79 ლარს” (იხ. ტ. 1, ს.ფ. 92).

2.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ.ს–იას (მოპასუხის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სადავო პერიოდში) განმარტებით, დადასტურებულია, რომ შესყიდული სამუშაოს პროექტი მცდარი იყო, რის გამოც შეუძლებელი იყო შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულება. ამის გამო მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა და შესთავაზა შეცვლილი პროექტით სამუშაოების შესრულება, რაც განახორციელა კიდეც. შეცვლილი პროექტის საფუძველზე დაწყებული სამუშაოების შეწყვეტა მოპასუხეს არ მოუთხოვია. ლ.ს–იამ, როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, რეკომენდაციით მიმართა ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია მშენებლის მიერ წარდგენილი კორექტირებული საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დადასტურება (იხ. 17.02.2022წ. სხდომის ოქმი, 12:15:30-13:13:03სთ, ტ. 1, ს.ფ. 181-188).

2.17. დადგენილია, რომ მიუხედავად გამარტივებული წესით (ტენდერის გამოცხადების გარეშე) სამუშაოს შესყიდვისა და მისი შესრულების დროის სიმჭიდროვისა (აღნიშნული გამოწვეული იყო 2020 წლის ზამთრის პერიოდში მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის სახურავიდან ატმოსფერული ნალექების ჩადინებით, რაც მოსახლეობის მკვეთრი პროტესტის მიზეზი იყო, ბინის გადახურვის სამუშაოების უმოკლეს დროში შესრულების მოთხოვნით), მენარდის (შემსრულებლის) მიერ გაგზავნილ 03.12.2020წ. და 25.12.2020წ. წერილებზე და მასში დასმულ საკითხებზე დამკვეთს სამუშაოს შემსრულებლისთვის საპასუხო წერილი არ გაუგზავნია, სამუშაოები კი მოპასუხის შესაბამისი სამსახურის მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდა. საქმის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განხილვისას მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რა პასუხი გასცა ან რომელი წერილით უარყო დამკვეთმა მენარდის შეთავაზებები, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შეცვლილი პროექტით სამუშაოების გაგრძელების საპასუხო, უარყოფის წერილი დამკვეთმა მენარდეს 28.01.2021 წელს (წერილი N42-422102816) გაუგზავნა (იხ. 08.11.2022წ. სხდომის ოქმი, 13:34:13სთ).

2.18. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებიდან და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მიერ გაკეთებული განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთს არცერთხელ მოუთხოვია შეცვლილი პროექტით სამუშაოს წარმოების შეწყვეტა, რისი უფლებამოსილებაც მას N238 ხელშეკრულების მე-13 მუხლის საფუძველზე გააჩნდა. უფრო მეტიც, სამუშაოთა წარმოებაზე მონიტორინგს ახორციელებდა მოპასუხის ზედამხედველობის სამსახური და, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო სამუშაოთა შეცვლილი პროექტით მიმდინარეობისა და დასრულების თაობაზე (იხ. 04.11.2022წ. და 08.11.2022წ. სხდომის ოქმები, აპელანტის წარმომადგენლის განმარტებები).

3. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1, 398-ე მუხლები და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებული ნების შინაარსი, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოთა შესრულება და დამკვეთის მიერ ამ სამუშაოთა შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების საფუძვლები; აპელანტის ძირითადი არგუმენტია, რომ სამუშაოები არ შესრულდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ნების (პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის) შესაბამისად, რაც დამკვეთის მხრიდან სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურებას გამორიცხავს; მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო ნების გამოსარკვევად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, დაეთანხმა თუ არა დამკვეთი მენარდის მიერ წარდგენილ შეცვლილ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას (ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი - 03.12.2020წ. და 25.12.2020წ. წერილები).

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გამარტივებული წესით (ტენდერის გამოცხადების გარეშე) განხორციელდა სამუშაოს შესყიდვა, რაც განაპირობა ხელშეკრულების მიზნის შემჭირდოებულ ვადაში შესრულების აუცილებლობამ (შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის სახურავიდან ატმოსფერული ნალექების ჩადინებამ და ამით გამოწვეულმა მოსახლეობის პროტესტმა). თუმცა, გამარტივებული და დაჩქარებული წესით დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად შედგენილი პროექტი შეუსაბამო და შესასრულებლად შეუძლებელი აღმოჩნდა (რასაც აპელანტი ვერ უარყოფს). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მენარდის (შემსრულებლის) მიერ გაგზავნილ 03.12.2020წ. და 25.12.2020წ. წერილებზე და მასში დასმულ საკითხებზე (შეცვლილ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით) საპასუხო წერილი (არც თანხმობისა და არც უარყოფის) დამკვეთს არ გაუგზავნია. დამკვეთისთვის ცნობილი იყო თავდაპირველად შეთანხმებული პროექტით სამუშაოთა შესრულების შეუძლებლობისა და ახალი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის წარდგენის თაობაზე, რაზეც მისი მხრიდან რეაგირება მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებით გამოიხატა (31.12.2020წ. შეთანხმება). აღნიშნულით იგი ფაქტობრივად დაეთანხმა მენარდის მიერ შეთავაზებულ უფრო ბიუჯეტურ, ადგილზე არსებული პირობების შესაბამის პროექტს. ხოლო, 2021 წლის 28 იანვარს მოპასუხემ მენარდეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც აცნობა, რომ საპროექტო ორგანიზაცია არ იყო წინააღმდეგი მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ვარიანტის გათვალისწინებაზე თუ ამ ტექნოლოგიის სანდოობა დადასტურებული იქნებოდა კონსტრუქციული და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, მოპასუხის 24.02.2021წ. N42-422105565 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ წარედგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და საბოლოო სამუშაოს შესრულების აქტი წერილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული წერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ დამკვეთისთვის ცნობილი იყო სამუშაოების შესრულების თაობაზე შეცვლილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე და არათუ არ მოუთხოვია ხელშეკრულების ,,დარღვევით“ განხორციელებული სამუშაოების შეწყვეტა, მიმწოდებელს მოსთხოვა წარედგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და საბოლოო სამუშაოს შესრულების აქტი. დამკვეთის მიერ 28.01.2021წ. წერილში მითითებული პირობები რომ შესრულებულია, დადასტურებულია სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 07.04.2021წ. საიჟინრო დასკვნით.

5. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების მიზანი - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები მენარდის მიერ, მართალია, შეცვლილი პროექტით, მაგრამ პირვანდელ პროექტთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები ფინანსური დანახარჯითა (ხელშეკრულების მე-2 პუნქტი და 16.07.2021წ. N005016421 ექსპერტიზის დასკვნა) და შესრულებული სამუშაოს იმავე გარანტიით - 3-წლიანი ვადით (ხელშეკრულების 6.1. პუნქტი), ჯეროვნად შესრულდა. ამ გარემოებას, ასევე, ადასტურებს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 07.04.2021წ. N002337021 დასკვნა, შპს „ლ–ოს“ 11.03.2021წ. საექსპერტო დასკვნა და საპროექტო ორგანიზაცია შპს ,,კ“-ის დირექტორის 21.04.2021წ. N3 წერილი.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ აპელანტმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ გააქარწყლა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დამკვეთის მიერ მენარდისთვის ხელშეკრულების დადებისას წარდგენილი დაზიანებული სახურავის აღდგენითი სამუშაოების პროექტით შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება; დამკვეთმა ვერ უზრუნველყო დაზიანებული სახურავის აღდგენითი სამუშაოების სათანადო პროექტის შედგენა, რის გამოც მიმწოდებელი აღმოჩნდა სამუშაოს შეწყვეტის აუცილებლობის წინაშე; დამკვეთის მიერ წარდგენილი პროექტის შესრულება შეუძლებელი იყო ადგილზე არსებული რეალობიდან გამომდინარე. მითითებული გარემოებები დადასტურებულია მოპასუხის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის - ლ.ს–იას განმარტებებით, რომლის თანახმად, შესყიდული სამუშაოს პროექტი მცდარი იყო, რის გამოც შეუძლებელი იყო შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულება (პროექტის შემდგენის მიერ მითითებული იყო სახურავზე რიგელების არსებობა, რომლებიც რეალურად არ არსებობდა, ასევე, შეუძლებელი იყო პროექტში მითითებული ტექნიკის გამოყენება და გადახურვის ფილების დემონტაჟის სამუშაოების შესრულება).

7. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დაეთანხმა მენარდის მოთხოვნას ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების თაობაზე, რაც საქმეში წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. ხოლო მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლიდან გამომდინარე, სახეზეა მისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 57 976,79 ლარის დაკისრების საფუძვლები.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. 03.12.2020წ. N57 წერილის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების შესახებ, აღნიშნული დოკუმენტის კორექტირების მიზანშეწონილობაზე და სამუშაოების თავდაპირველი პროექტისაგან განსხვავებული მეთოდით შესრულების თაობაზე. წარდგენილი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა ცვლილების განხორციელებამდე თანხმდება, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ისე საპროექტო და საზედამხედველო ორგანიზაციებთან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული;

15.2. 03.02.2021წ. წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების ფარგლებში ქალაქ ფოთში, ....... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულების შესახებ და წარადგინა სამუშაოების შესრულების საბოლოო აქტი (ფორმა N2), ამასთან აღნიშნული იყო, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარდგენილი იქნებოდა ექპერტიზის დასკვნა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნით ვერ დგინდება კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ჩატარება. მოსარჩელემ წარადგინა სსიპ „ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 07.04.2021წ. N5002152021 დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ „ქალაქ ფოთში, ჭანტურიას ქუჩა 9-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე შესრულებულია დროებითი გადახურვა, რაც უზრუნველყოფს სახურავის კონსტრუქციის დროებით უსაფრთხო ექსპლუატაციას, მისი სრული რეკონსტრუქციის განხორციელებამდე“. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ წარდგენლი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება სახურავის მდგრადობა;

15.3. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ გადახურვა შესრულებულია „დროებითი გადახურვის ტექნოლოგიით“, მაშინ, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. მოსარჩელისათვის წინასწარ იყო ცნობილი შესყიდვის ობიექტზე არსებული ვითარება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მან სრული პასუხისმგებლობა აიღო, შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცით, მათ შორის, კონსტრუქციული გეგმა-ნახაზების შესაბამისად. მოსარჩელემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში თვითნებურად დაარღვია;

15.4. მოპასუხის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის განმარტებით, მითითებული საექსპერტო დასკვნით არ დასტურდება შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა. აღნიშნული სამსახური ამავდროულად განმარტავს, რომ მოსარჩელემ, შექმნილი ვითარებიდნ გამომდინარე (მოსახლეობის არსებული მდგომარეობა), მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მიღწეული შეთანხმება ხარჯთაღრიცხვის დაკორექტირების შესახებ და ამასთან არ მომხდარა ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება, განახორციელა სამუშაოები საკუთარი ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რითაც მიმწოდებელმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები;

15.5. მხარეთა შორის 31.12.2020წ. N238/1 შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ითვალისწინებდა მხოლოდ სამუშაოების შესრულების ვადის ცვლილებას და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ხელშეკრულების სხვა არსებითი პირობების ცვლილებასთან; N238/2 და N238/3 შეთანხმებების საფუძველზე განხორციელდა ასევე მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილება;

15.6. შემსყიდველი ორგანიზაცია მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას ითხოვდა და აღნიშნულ პროექტში არსებითი ცვლილების შეტანაზე არ იყო თანახმა;

15.7. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს და მხარე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო. მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ მის წერილებში მითითებული, ცალმხრივად დაფიქსირებული მოთხოვნა ხელშეკრულების არსებითი ნაწილის შეცვლაზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რეალურად განხორციელებულ ცვლილებად;

15.8. შპს „ლ–ოს“ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ არსებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და სპეციფიკაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ცვლილებები იყო თვითნებური, შეთანხმების გარეშე;

15.9. რაც შეეხება კონსტრუქციის მდგრადობას, აღნიშნული დასკვნა პირდაპირ ვერ უთითებს კონსტრუქციის მდგრადობაზე და მხოლოდ არამდგრადობას გამორიცხავს. აქვე აღსანიშნავია ამავე საკითხზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 15.06.2021წ. დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ რადგან სამუშაოები უკვე დასრულებულია, ვერ მოხერხდება ფილებისა და კვანძების შესწავლა, ამიტომ მის წინაშე დასმულ კითხვებს კონსტრუქციის მდგრადობასთან დაკავშირებით პასუხი არ გაეცა. შესაბამისად, თუ დასრულებულ სამუშაოებზე შეუძლებელია აღნიშნული კვლევების განხორციელება, შპს „ლ–ოს“ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადდა სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენად სანდოა;

15.10. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს „კ“ 21.04.2021წ. წერილით დაეთანხმა სამუშაოების შესრულების დადებითად შეფასებას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. წერილში მითითებულია, რომ აღნიშნულ საკითხზე იგი ვერ იმსჯელებს. სინამდვილეს არ შეესაბამება ასევე ის გარემოება, თითქოს სამუშაოები შესრულდა შპს „კ“-ის მიერ დამუშავებული პროექტის შესაბამისად. შპს „კ“ პირდაპირ აღნიშნავს ამავე წერილში, რომ წარდგენილი სამუშაოები შესრულებულია „სულ სხვა ტექნოლოგიით“;

15.11. ამდენად, სამუშაოების პროექტის შესაბამისად შეუსრულებლობისა და არსებული გარემოებების ხელშეკრულებასთან მისადაგების არარსებობის გამო, არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმებული პროექტის შეუსაბამოდ, თვითნებურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა; გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა; იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. ხოლო, თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპი - „pacta sunt servanda“ მსოფლიოს ყველა მართლწესრიგისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე პრინციპია, რომელიც იმპერატიულად ადგენს სახელშეკრულებო პირობების შესრულების სავალდებულოობას სახელშეკრულებო წონასწორობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობისათვის.

18. კანონიერად მიღწეული შეთანხმება იკავებს კანონის ადგილს მათი შემოქმედი მხარეებისთვის. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად „pacta sunt servanda“-ს უზენაესი წესის აღსრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძოსამართლებრივ ღირებულებას. ინდივიდუალურ სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძოსამართლის დაცვითი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით.

19. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეცვლილი გარემოებების აღმოცენება თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელთა პირობებშიც ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის შეუზღუდავი გამოყენება სახელშეკრულებო წონასწორობის, სამართლიანობის, გონივრულობის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთა რღვევას განაპირობებს, შესაბამისად, „pacta sunt servanda-ს“ პრინციპთან ერთად თანაარსებობს „clausula rebus sic standibus“-ის დოქტრინა, რომელიც სახელშეკრულებო პირობების მხოლოდ უცვლელ გარემოებათა პირობებში მბოჭავი ძალმოსილების შენარჩუნებას ითვალისწინებს.

20. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით. კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები. კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედეგით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად.

21. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება, შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც დამატებითი შესრულების ნაირსახეობა, რომლითაც აღსრულდება მხარეთა სახელშეკრულებო ნება. ხელშეკრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს გარემომცველი გარემოებების მხედველობაში მიუღებლად. ხელშეკრულების მისადაგება მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებისადმი არ ცვლის მხარეთა ნებას, არამედ შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა თავდაპირველი განზრახვის, ნამდვილი ნების დადგენის საშუალება ხდება. მხარეთა ნება ხელშეკრულების დადების ეტაპზე მისი აღსრულებაა და შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებაც ხელშეკრულების აღსრულების და შესაბამისად, მხარეთა ნების განხორციელების წინაპირობაა (იხ. სუსგ საქმე Nას-251-2021, 11 ივნისი, 2021 წელი).

22. წინამდებარე საქმეში დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შესყიდული სამუშაოების შესასრულებლად შედგენილი პროექტი არსებული ვითარების შეუსაბამო აღმოჩნდა და შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, ასევე, წინამდებარე საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებებისა და წარგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის შეთავაზებას ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების თაობაზე და ქ. ფოთში, …… მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად განხორციელებას. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

23. წინამდებარე საქმეში ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეცვლილი პროექტით, თუმცა ჯეროვნად განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მრავალბინაინი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. აღნიშნული დასტურება საქმეში წარდგენილი სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 07.04.2021წ. დასკვნით, რომლის თანახმად, ქ. ფოთში, ……. მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე შესრულებული დროებითი გადახურვის ტექნოლოგია წამოადგენს კონსტრუქციულად ერთ-ერთ სწორ გადაწყვეტილებას და შეესაბამება შემდგომი ექსპლუატაციის მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით, იმავე ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე მომზადებულ 10.09.2020წ. დასკვნას; ასევე, შპს „ლ–ოს“ 11.03.2021წ. საექსპერტო დასკვნით, რომლითაც კაპიტალური შეკეთების კორექტირებული პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს მიეცა დადებითი რეკომენდაცია და რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოები გათვლილია გრძელვადიან ექსპლუატაციაზე, გარეგანი დამანგრეველი ან მიზანმიმართული დაზიანების მიზნით ზემოქმედების გამორიცხვის შემთხვევაში. მოპასუხეს საქმეში ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია. აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებულ შედავებას არც საკასაციო საჩივარი შეიცავს.

24. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოპასუხეს/დამკვეთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან [ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური] გამომდინარე, მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი