საქმე №ას-40-2023 24 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ბ–კა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ქ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ბ–კას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი გ.ქ–იას (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ ალიმენტის და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - 2006 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული კ.ქ–ას სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 220 ლარის გადახდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 4 მაისს დაბადებული კ.ქ–ას სასარგებლოდ - ყოველთვიურად 240 ლარის გადახდა 2021 წლის 19 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე და ასევე, - თითოეული ბავშვის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 600 ლარის ოდენობით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე დამატებით დაეკისრა: ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა 2021 წლის 19 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე და ასევე დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 600 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 2007 წლის 2 ოქტომბერს. თანაცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 3 ოქტომბერს - კ.ქ–ა და 2011 წლის 4 მაისს - კ.ქ–ა (ბავშვები);
3.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, ..........;
3.3. 2020 წლის 12 აგვისტოს მხარეებმა დადეს შეთანხმებები, რომელთაგან ერთით მოაწესრიგეს მეუღლეთა თანასაკუთრების საკითხი, ხოლო მეორე შეთანხმებით განისაზღვრა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილების ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა. მოპასუხემ ასევე აიღო ვალდებულება, მოსარჩელესთან ერთად მისი მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით, მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯებში, რაც შეეხება შვილების სწავლა-განათლებას, სამედიცინო მომსახურებას, დასვენებას და ა.შ;
3.4. მხარეებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა. 2020 წლის 2 თებერვალს და 2020 წლის 28 აგვისტოს მოპასუხის წინააღმდეგ გამოიწერა შემაკავებელი ორდერები მოსარჩელის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. 2022 წლის 14 ივნისს ბავშვები ცნობილი იქნენ №007010622008 სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულებად ოჯახური ძალადობის ფაქტზე;
3.5. მოპასუხე დასაქმებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2022 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, მისი სახელფასო სარგო განისაზღვრებოდა თვეში დარიცხული 1250 ლარისა და ხელზე ასაღები 980 ლარის ოდენობით. თუმცა მოპასუხის დეკლარირებული შემოსავალი განსხვავებულია თვეების მიხედვით და 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში შეადგენს 24278,7 ლარს. შესაბამისად, ამ პერიოდისათვის მისი ყოველთვიური შემოსავალი გადასახადების ჩათვლით არის საშუალოდ 1517 ლარი, ხოლო 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით ჯამში შეადგენს 7068,4 ლარს. შესაბამისად, ამ პერიოდისათვის მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი გადასახადების ჩათვლით არის 1767,1 ლარი. ამასთან, მოპასუხე არის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე;
3.6. მოსარჩელეს 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით დეკლარირებული ანაზღაურება მიღებული აქვს რამდენიმე ორგანიზაციისგან არასტაბილურად. აღნიშნული შემოსავალი განსხვავებულია თვეების მიხედვით (რიგ შემთხვევაში, შემოსავალი არ ფიქსირდება) და ჯამში შეადგენს 2258,06 ლარს. შესაბამისად, ამ პერიოდისათვის მისი ყოველთვიური დეკლარირებული შემოსავალი გადასახადების ჩათვლით შეადგენს 141 ლარს. მოსარჩელე პერიოდულად ასრულებს ბულგარულ ენაზე თარგმანს და იღებს შესაბამის გასამრჯელოს;
3.7. კ.ქ–ა ავად არის ასტიგმატიზმით, ქრონიკული ბლეფარტით, შფოთვითი აშლილობით. სამკურნალო რეკომენდაციაა სპორტი, ფსიქოთერაპია. მისი ფსიქოთერაპიის კურსის ღირებულება შპს „ბ.კ.ფ.კ–ში“ შეადგენს 1200 ლარს. მოსარჩელე იღებს ხარჯებს არასრულწლოვნების მკურნალობისთვის;
3.8. კ.ქ–ას დიაგნოზია მწვავე ყურის ზედაპირული ტრამვა, დაფის აპკის სხვა კიდურა პერპორაციები, მიოპია. მას აღენიშნება მხედველობის დაქვეითება შორ მანძილზე. ხოლო იგი ასევე ავად არის გენერალიზირებული შფოთვით. მას შემდგომი კვლევის სახით განესაზღვრა ფსიქიატრის კონსულტაცია, დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა და მიეცა სამკურნალო რეკომენდაცია - ფიზ. აქტივობა, ფსიქოთერაპია. მისი ფსიქოთერაპიის კურსის ღირებულება შპს „ბ.კ.ფ.კ–ში“ შეადგენს 1200 ლარს.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1214-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია ბავშვების ყოველთვიურ საჭიროებებთან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობის შესაბამისობა. სადავო არის მხოლოდ ბავშვების საჭიროებების შესაბამისობა მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით მოპასუხის დარიცხული ხელფასი 1250 ლარს შეადგენდა; 2021 წლის სექტემბრიდან იმავე წლის ნოემბრამდე მას ხელფასი 1309,66 ლარამდე გაეზარდა; 2021 წლის ნოემბერში მოპასუხემ ხელფასის სახით 1375, ხოლო დეკემბერში - 1364,14 ლარი მიიღო. 2022 წელს მოპასუხის შემოსავალი კვლავ გაიზარდა და მან 2022 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით დარიცხული ხელფასის სახით მიიღო 7068,42 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ ხელზე ასაღები თანხა - 5683,01 ლარი. გამომდინარე აქედან, 2022 წლის 4 თვეში მოპასუხის საშუალო, ყოველთვიურმა შემოსავალმა, გადასახადების გადახდის შემდეგ შეადგინა 5683,01/4=1420,75 ლარი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს მოპასუხის შემოსავლის ოდენობა საერთოდ არ მიუთითებია, ხოლო დაზუსტებული სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოებით კი მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი 1289,69 ლარით (ხელზე ასაღები თანხა) განსაზღვრა.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა შვილებისა, სხვა პირი, ვისი რჩენის ვალდებულებაც მოპასუხეს კანონით გააჩნია, მის კმაყოფაზე არ იმყოფება.
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხის მიერ ბინის დაქირავების ფაქტი სარწმუნო არ არის. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „ქირავნობის ხელშეკრულება“ ქირავნობის საგანზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს. გარდა ამისა, საქმეში არის ამონაწერი მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც არათუ სავარაუდო გამქირავებლის, ლ.თ–თვის თანხის გადარიცხვის, არამედ 2021 წლის 4 მარტის შემდეგ საბანკო ანგარიშიდან 300 ლარის, ე.ი. სავარაუდო ქირის თანხის გამოტანის ფაქტიც კი არ ფიქსირდება. ასეც რომ ყოფილიყო, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ მართალია, როგორც თავდაპირველ, ისე ე.წ. დაზუსტებულ სარჩელებზე შესაგებლები წარადგინა, თუმცა სარჩელში მითითებულ არცერთ ფაქტობრივ გარემოებას სრულყოფილად არ შედავებია. გამომდინარე აქედან, დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხის შედავება დაუშვებელია და სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება. ამ ვითარებაში პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ბავშვების სარჩოდ შემოსავლის დაახლ. 35%, ე.ი. ყოველთვიურად 240 და 260 - სულ 500 ლარი უნდა გადაიხადოს.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1215-ე მუხლით და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ, გარდა ალიმენტისა, ბავშვებს ფსიქოთერაპიის კურსის გავლა ესაჭიროებათ, რომლის ღირებულებაც თითოეულ მათგანთან მიმართებით 1200 ლარს შეადგენს. ამ ხარჯის გაწევისა და მასში მონაწილეობის აუცილებლობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და სარჩელი ნაწილობრივ ცნო კიდეც. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ყოველთვიური, დეკლარირებული შემოსავლები საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, ხოლო მოპასუხის ხელფასი მათ მრავალჯერ აღემატება. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელესთან შედარებით ბავშვების საჭიროებებისათვის დამატებითი ხარჯის გაღების მეტი შესაძლებლობა აქვს და, რაც მთავარია, სასამართლოში წარდგენილ არცერთ შესაგებელში მოპასუხე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ შედავებია. გამომდინარე აქედან, პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვებისათვის საჭირო ფსიქოთერაპიის კურსის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება მთლიანად მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. სააპელაციო სასამართლოს ყოველთვიური ალიმენტის სახით მოპასუხისთვის უნდა დაეკისრებინა 2 შვილზე ერთიანად 700 ლარი, რაც იქნებოდა მოპასუხის დასაბეგრი შემოსავლის 41%, ხოლო ხელზე ასაღები შემოსავლის - 48%;
14.2. კ.ქ–ას სრულწლოვანებამდე დარჩა 1 წელი და 10 თვე და, როგორც მისი, ასევე კ–ის ასაკი ზუსტად ის ასაკია, როდესაც არასრულწლოვანს ყველაზე მეტი სჭირდება;
14.3. ალიმენტის ეს ოდენობა იმ პირობებში, როდესაც მამის ხელფასი 1700 ლარზე მეტია, დადგენილი პრაქტიკით ინიშნება სრულიად ჯანმრთელი და პრობლემების არმქონე შვილებზე, მაგრამ ამ კონკრეტულ საქმეში ვითარება დამძიმებულია, როგორც ქრონიკული დაავადებებით, ასევე ოჯახის ზოგადი სიტუაციით, სადაც ორივე შვილი წლობით არის ძალადობის მსხვერპლი და დედის მიმართ ძალადობის მომსწრე.
15. განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე [მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ], 1234.1. [იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან], 1198.2. [მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება] და 1202.1. მუხლები [მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ].
16. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27.2. მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
17. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის ალიმენტის ოდენობას.
18. სსკ-ის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი).
20. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს. ამასთან, აღნიშნული მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (იხ. სუსგ საქმე №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი).
21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებებისა და ასევე მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 240 და 260 ლარი ანუ ჯამში 500 ლარი, რაც შეადგენს მოპასუხის შემოსავლების დაახლოებით 35%-ს. ამასთან, მოპასუხის მატერიალური შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში მოსარჩელეს უნარჩუნდება სსკ-ის 1221.2. მუხლით [იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა] დადგენილი წესით ახალი სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ბ–კას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი