Facebook Twitter

საქმე №ას-301-2023 26 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, მიმწოდებელი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 167 885,6 ლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2020 წლის 7 აპრილს მოპასუხესა (შემსყიდველი) და მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №169 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ....... გამზირზე მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკის“ სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 2 642 776,88 ლარით (მუხლი 2). მიმწოდებელი ვალდებული იყო: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში, 2020 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით (3.1 მუხლი); სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში (3.2 მუხლი); 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით უზრუნველეყო სამუშაოების მინიმუმ 30%-ის შესრულება (3.3 მუხლი); ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო შეესრულებინა შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (3.4 მუხლი); ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებაზე დაყრდნობით, შპს „ს-მ–ის“ მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, რაც უნდა დადასტურებულიყო ზედამხედველის მიერ №2 ფორმაზე ხელმოწერით (5.3 მუხლი); სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რაც დაბრუნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (7.3 მუხლი).

2.2. მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო, შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოები წარედგინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში, არაუმეტეს ორჯერ (9.1 მუხლი). მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (9.2 მუხლი). ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას განახორციელებდა ზედამხედველი, რომელიც ადგილზე შეამოწმებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს (9.3 მუხლი).

2.3. მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (10.1 „დ“ მუხლი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონსტროლს განახორციელებდა შემსყიდველი ან/და ზედამხედველი (11.1 მუხლი). მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (13.2 მუხლი). მხარეები თავისუფლდებოდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იქნებოდა დაუძლეველი ძალის ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა (12.1 მუხლი). შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, დაკისრებული პირგასამტეხლო დაეკავებინა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან (13.5 მუხლი). ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმებულიყო მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით. ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების დანართი მხარეთა ხელმოწერისთანავე წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (18.1 მუხლი). მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, ტექნიკური დავალება, საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათი, სპეციფიკები, ნახაზები, პროექტი წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (18.2 მუხლი). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2021 წლის 8 თებერვლის ჩათვლით (მუხლი 19).

2.4. 2020 წლის 29 აპრილს ამავე მხარეთა შორის დადებული №1 დანართი-შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, პანდემიიდან გამომდინარე, შეცვლილიყო 2020 წლის 7 აპრილის №169 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა და იგი შეჩერებულიყო საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. მათ შორის, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდებოდა თანდართული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2.5. 2020 წლის 10 ივნისს, ამავე მხარეთა შორის დადებული №3 დანართი-შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშემშლელი გარემოებების გამო, სამუშაოს შესრულების გრაფიკის ათვლა დაწყებულიყო 2020 წლის 5 მაისიდან, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2021 წლის 5 იანვრის ჩათვლით.

2.6. 2020 წლის 9 ივლისს ამავე მხარეთა შორის დადებული №4 დანართი-შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ხელშემშლელი გარემოებების გამო, მათ შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ბათილად ცნობილიყო.

2.7. 2020 წლის 30 ნოემბერს, ამავე მხარეთა შორის დადებული №5 დანართი-შეთანხმებით, სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლენილი ხელშემშლელი გარემოებების გამო, მათ შორის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით, გაგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადები 2021 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

2.8. 2021 წლის 9 მარტს ამავე მხარეთა შორის დადებული №8 დანართი-შეთანხმებით, ხელისშემშლელი გარემოებების გამო, გაგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადები 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით.

2.9. 2021 წლის 24 მარტს ამავე მხარეთა შორის დადებული №9 დანართი-შეთანხმებით, ხელშემშლელი გარემოებების (ცუდი მეტეოროლოგიური პირობები) გამო, გაგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადები 2021 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

2.10. 2021 წლის 8 აპრილს ამავე მხარეთა შორის დადებული №10 დანართი-შეთანხმებით, ხელშემშლელი გარემოებების გამო, სამუშაოების დასრულების ვადები გაგრძელდა 2021 წლის 13 აპრილის ჩათვლით, ასევე დაკორექტირდა ხელშეკრულების ღირებულება და განისაზღვრა 2 642 776,88 ლარით.

2.11. 2021 წლის 16 აპრილს ამავე მხარეთა შორის დადებული №11 დანართი-შეთანხმებით, ხელშემშლელი გარემოებების (ცუდი მეტეოროლოგიური პირობები) გამო, გაგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადები 2021 წლის 21 აპრილის ჩათვლით.

2.12. 2021 წლის 11 მაისს ამავე მხარეთა შორის დადებული №12 დანართი-შეთანხმებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშემშლელი გარემოებების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით, იმ პირობით, რომ თუ 2021 წლის 31 მაისისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები სრულყოფილად არ დასრულდებოდა, 2021 წლის 26 აპრილიდან მიმწოდებლის მიმართ გავრცელდებოდა აღნიშნული ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. მხარეთა შორის ასევე შედგა სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი.

2.13. 2020 წლის 7 აპრილს მხარეთა შორის დადებული №169 ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, მხარეთა შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ: ა) 2020 წლის 3 სექტემბერს მიღება-ჩაბარების №1 აქტით, მოსარჩელემ 2020 წლის პირველი აგვისტოსთვის შეასრულა 149 036,76 ლარის ღირებულების სამუშაო; ბ) 2020 წლის 10 ნოემბრის მიღება-ჩაბარების №2 აქტით, მოსარჩელემ 2020 წლის 7 ოქტომბრამდე შეასრულა 123 969,85 ლარის ღირებულების სამუშაო; გ) 2020 წლის 17 დეკემბრის მიღება-ჩაბარების №3 აქტით, მოსარჩელემ 2020 წლის პირველი დეკემბრისთვის შეასრულა 245 720,78 ლარის ღირებულების სამუშაო; დ) 2020 წლის 25 დეკემბრის მიღება-ჩაბარების №4 აქტით, მოსარჩელემ 2020 წლის 20 დეკემბრისათვის შეასრულა 312 807,36 ლარის ღირებულების სამუშაო; ე) 2021 წლის 2 თებერვლის №5 მიღება-ჩაბარების აქტით, მოსარჩელემ 2021 წლის 10 იანვრამდე შეასრულა 127 009,12 ლარის ღირებულების სამუშაო; ვ) 2021 წლის 24 თებერვლის მიღება-ჩაბარების №6 აქტით, მოსარჩელემ 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით შეასრულა 187 271,91 ლარის ღირებულების სამუშაო; ზ) 2021 წლის 19 მარტის მიღება-ჩაბარების №6 აქტით (ნუმერაცია მეორდება), მოსარჩელემ 2021 წლის პირველი მარტისთვის შეასრულა 207 287,78 ლარის ღირებულების სამუშაო; თ) 2021 წლის 31 მარტის მიღება-ჩაბარების №7 აქტით, მოსარჩელემ 2021 წლის 14 მარტის ჩათვლით შეასრულა 330 315,58 ლარის ღირებულების სამუშაო; ი) 2021 წლის 14 მაისის მიღება-ჩაბარების №9 აქტით, მოსარჩელემ 2021 წლის 8 აპრილის ჩათვლით შეასრულა 170 645,21 ლარის ღირებულების სამუშაო; კ) 2021 წლის 28 მაისის მიღება-ჩაბარების №10 აქტით, მოსარჩელემ 2021 წლის 23 მაისისთვის შეასრულა 444 200,17 ლარის ღირებულების სამუშაო; ლ) 2021 წლის 27 ივლისის მიღება-ჩაბარების №11 აქტით, მოსარჩელემ 2021 წლის 5 ივნისს დაასრულა 325 705,46 ლარის ღირებულების სამუშაო. ვინაიდან ორგანიზაციამ დაასრულა მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკის“ სამშენებლო სამუშაოები, მას უნდა დაბრუნებოდა შემსყიდველის მიერ დაკავებული წინა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, რაც სულ 114 913,22 ლარს შეადგენდა. ამავე მიღება-ჩაბარების აქტით დადგინდა, რომ №169 ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 2 623 969,97 ლარი.

2.14. მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული №169 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 მაისის ნაცვლად, დაასრულა 2021 წლის 5 ივნისს.

2.15. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი დაარღვია ორჯერ: 2021 წლის 13 იანვრიდან 2021 წლის 5 თებერვლამდე, ანუ 23 დღე და 2021 წლის 31 მაისიდან 2021 წლის 6 ივნისამდე, ანუ 6 დღე.

2.16. მხარეთა შორის დადებული №169 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკის“ სამშენებლო სამუშაოს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის მოპასუხემ, ხელშეკრულების 13.2 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო 23 დღეზე (2021 წლის 13 იანვრიდან 2021 წლის 5 თებერვლამდე პერიოდისთვის) - 60783,94 ლარი და 41 დღეზე (2021 წლის 26 აპრილიდან ამავე წლის 5 ივნისის მდგომარეობით) - 108353,85 ლარი, რაც დაიანგარიშა ხელშეკრულების ღირებულებიდან.

2.17. მოპასუხემ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად არ აუნაზღაურა. გადაუხდელი დარჩა 169137,79 ლარი, რაც მოპასუხემ დააკავა და ჩათვალა დაკისრებული პირგასამტეხლოს ანგარიშში, იმ მოტივით, რომ №169 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკის“ სამშენებლო სამუშაოებზე 2021 წლის 24 თებერვალს გაფორმებული მე-6 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით გადასახდელი თანხიდან, ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 23 დღეზე - 60783,94 ლარი. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნული თანხა დაკავებულ იქნა ასანაზღაურებელი ოდენობიდან. ასევე, 2021 წლის 27 ივლისს გაფორმებული №11 მიღება-ჩაბარების აქტით, გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, მასვე დაეკისრა და ასანაზღაურებელი თანხიდან დაუკავდა პირგასამტეხლო 41 დღეზე (26 აპრილიდან 5 ივნისის მდგომარეობით) - 108 353,85 ლარის ოდენობით.

2.18. ზემოხსენებულის მიუხედავად, მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო აღნიშნული შუალედური სამუშაო და რაიმე პრეტენზია მის მოცულობაზე, ღირებულებასა და ხარისხზე არ გამოუთქვამს. მითითებულს მოწმობს შპს „ს მ–ის ჯგუფის“ (ზედამხედველის) მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიშები და მოხსენებითი ბარათები, რომლებითაც ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ თითოეულ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოს მიეცა დადებითი შეფასება და შენიშვნები არ გამოთქმულა.

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №169 ხელშეკრულებიდან, რაც თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართელოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს.

4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიერ შესრულებული და მოპასუხის მხრიდან აუნაზღაურებელი შეთანხმებული საზღაურის - 169 137,79 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. მოპასუხე მხარის მტკიცებით კი, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რის გამოც დაეკისრა ხელშეკრულების 13.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სადავო თანხის ოდენობით. პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა დაკავდა მოსარჩელის ანაზღაურებიდან, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

5. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის გათვალისწინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №169 ხელშეკრულების 13.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% - 0.02%-მდე, სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის (გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის).

6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ, მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა დაიანგარიშა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების ვადაგადაცილების გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია, რაც დაუშვებელია.

7. სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულიბის შეფასებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით დამკვეთს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, ასევე, არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს), შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ, განსაზღვრონ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ით.

8. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-ის ოდენობით სრულად უზრუნველყოფს მენარდის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას. მიუწოდებელი მომსახურების ღირებულების 0.1%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება კი არაგონივრულია და გამოიწვევს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას.

9. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ პირგასამტეხლოს ოდენობა დაიანგარიშა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რაც არასწორია. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარებების აქტებით დგინდება, რომ 2021 წლის 13 იანვრისათვის შეუსრულებელი იყო 187 271,92 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, ამ ნაწილში 0,02%-მდე შემცირებული, ერთ დღეში დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს 37,45 ლარს (187271,92X0.02%=37,45), ხოლო 23 დღის პირგასამტეხლო - 861,35 (23X37,45=861,35) ლარს.

10. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ამ ნაწილში არსებობდა მოსარჩელისათვის 861,35 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისთვის ასანაზღაურებელი საზღაურიდან დასახელებული ოდენობით თანხის დაკავების საფუძველი.

11. მოპასუხის მტკიცებით, სამუშაოების დასრულების ვადას მოსარჩელემ 41 დღით გადააცილა, კერძოდ, 2021 წლის 26 აპრილის ნაცვლად, სამუშაოები დასრულდა 2021 წლის 5 ივნისს, რის გამოც ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ დააკისრა პირგასამტეხლო - 108 353,85 ლარი, რაც შემდგომში დაუკავა ასანაზღაურებელი თანხიდან.

12. ამ კუთხით სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 398-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-400-401-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა შორის დადებული №12 შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით. შესაბამისად, მხარეებმა ორმხრივი შეთანხმებით შეცვალეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა და განსაზღვრეს იგი 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით. ამიტომ 2021 წლის 31 მაისამდე მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

13. ამდენად, მოსარჩელემ, 2021 წლის 31 მაისის ნაცვლად, სამშენებლო სამუშაოები დაასრულა 2021 წლის 5 ივნისს, ანუ დააგვიანა მხოლოდ 6 დღით, რაზეც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით, შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისათვის არსებობს მხოლოდ 6 დღის ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

14. მხარეთა შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ 2021 წლის 5 ივნისს მოსარჩელემ დაასრულა ბოლო ეტაპის - 325705,46 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშდეს.

15. შესაბამისად, ამ ნაწილში 0,02%-მდე შემცირებული ერთ დღეში დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს 65,14 ლარს (325705,46X0.02%=65,14), ხოლო 6 დღის პირგასამტეხლო - 390,84 (65,14X390,84=390,84) ლარს.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ამ ნაწილში არსებობდა მოსარჩელისათვის 390,84 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისთვის ასანაზღაურებელი საზღაურიდან ამ ოდენობით თანხის დაკავების წინაპირობა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა 1252,19 ლარი (861,35+390,84=1252,19), რისი ანაზღაურების დაკავებაც მართლზომიერია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.5 პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.

18. შესაბამისად, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, არსებობდა დარჩენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 167 885,6 ლარის (169137,79-1252,19=167885,6) მოსარჩელისათვის ანაზღაურების საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხის მხრიდან განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირებისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02%-ით, სულ - 1252,19 ლარით განისაზღვრის შესახებ, ხოლო დარჩენილი უსაფუძვლოდ დაკავებული შესრულებულ სამუშაოს ღირებულების - 167 885,6 ლარის შემსრულებლისათვის ანაზღაურების თაობაზე გონივრული და სამართლიანია, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

25. საკასაციო საჩივრის თანახმად:

25.1 სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დაირღვა მოპასუხის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესები.

25.2 სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის მე-400, 401-ე, 115-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები. სამოქალაქო კანონმდებლობის მთავარი პრინციპი მხარეთა ნების ავტონომიის გათვალისწინებით ხელშეკრულების დადებაა, რის საფუძველზეც მხარეები უფლებამოსილი არიან, განსაზღვრონ სახელშეკრულებო პირობები. ხელშეკრულების 13.2 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, მხარეთა შორის შეთანხმებული ოდენობაა და ემსახურება მხარის დარღვეული ინტერესების კომპენსირებას და შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

25.3 საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ორ შემთხვევაში გეგმა-გრაფიკი დაარღვია, რაც მოპასუხის ბრალით არ იყო გამოწვეული. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ყოველმხრივ ხელს უწყობდა მოსარჩელეს ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულებაში.

25.4 სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს პირგასამტეხლო კანონიერად დააკისრა.

25.5 სამოქალაქო კანონმდებლობა მეწარმე სუბიექტებს, რომელთაც აქვთ ამა თუ იმ სფეროში საქმიანობის გამოცდილება, აკისრებს გაცილებით მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა საქმიან ურთიერთობებში წინდახედულობის გამოჩენის ვალდებულებას. მაშინ, როდესაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ადმინისტრაციულ ორგანო საჯაროდ განათავსებს სატენდერო დოკუმენტაციას, მათ შორის, კონკრეტულ სატენდერო ობიექტთან დაკავშირებით გასაფორმებელ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტს, სადაც ნათლად არის აღნიშნული ძირითადი სახელშეკრულებო პირობები, მათ შორის, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მხარის პრეტენზია მიუღებელია. მოსარჩელისათვის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე სრულად იყო ცნობილი სახელშეკრულებო მოთხოვნათა შესახებ.

26. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1245-2022, 9 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

28. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

29. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

30. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

31. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 3 დეკემბერი, 2021 წელი).

32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

33. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ., გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 7 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

36. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

38. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია, იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (შდრ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21).

39. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

40. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება დასაშვებია მაშინაც, როდესაც საუბარი მეწარმე სუბიექტს შეეხება. საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების არსებობის დადასტურებას, მხარეთა წინასწარი შეთანხმების მიუხედავად.

41. მოცემულ საქმეზე კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, რა დროსაც მართებულად იქნა მიღებული მხედველობაში საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა პირგასამტეხლოს ოდენობის, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, გამოთვლის შესახებ. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად შეაფასა შესრულებული ვალდებულების ღირებულება, სამუშაოს შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

42. პირველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულება 6 დღის დაგვიანებით შეასრულა, რა დროსაც პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა სამუშაოს ბოლო ეტაპის - 325705,46 ლარის ღირებულებიდან. ამდენად, 0,02%-ის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ყოველდღიური ოდენობა წარმოადგენს 65,14 ლარს (325705,46X0.02%=65,14), ხოლო 6 დღის პირგასამტეხლო - 390,84 ლარს (65,14X390,84=390,84).

43. მეორე შემთხვევაში, დგინდება მოსარჩელის მიერ 187 271,92 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ვადის 23 დღით დარღვევა. შემცირებული პროცენტის პირობებში ერთ დღეში დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს 37,45 ლარს (187271,92X0.02%=37,45), ხოლო 23 დღის პირგასამტეხლო - ლარს 861,35 (23X37,45=861,35).

44. შესაბამისად, სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი სადავო თანხა სააპელაციო პალატამ სულ - 1252,19 ლარით კანონის მოთხოვნათა დაცვით განისაზღვრა.

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შედეგად სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულების ოდენობა - 167 885,6 ლარი (169137,79-1252,19=167885,6) და დააკისრა მოპასუხეს.

46. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლებით მართებულად ისარგებლა.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი