Facebook Twitter

საქმე №ას-850-2023 4 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.მ–ი“ (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გაუქმება და შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება (რომლითაც შპს „ს.კ.მ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ და „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 02.03.2018წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/121 ხელშეკრულების ფარგლებში პირგასამტეხლოს სახით ჩამოჭრილი თანხებიდან - 173 175 ლარის (სარჩელით მოთხოვნილი იყო 224 201,34 ლარის) დაბრუნება; მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1 683,04 ლარის (შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი იყო 30 473,19 ლარის) ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა) და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2018 წლის 02 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/121 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 350 000 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით.

2.2. ხელშეკრულების 3.1 და 3.2 პუნქტებით განისაზღვრა სამუშაოების მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 120 კალენდარული დღის ვადაში; მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაოები დაეწყო წერილობითი დავალების მიცემიდან 05 კალენდარული დღის ვადაში.

2.3. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების შესაბამისად, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლებოდა „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესყიდვის ობიექტის ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, რის შემდეგაც განხორციელდებოდა საბოლოო ანგარიშსწორება.

2.4. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო 2018 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ანგარიშსწორება მოხდებოდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ისა.

2.5. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნებოდა წარდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაექვითა მიმწოდებლისათვის, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხებოდა დარჩენილი თანხა.

2.6. ხელშეკრულების 9.6 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.

2.7. მხარეთა შორის 2018 წლის 20 ივლისს შედგა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, გაიზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა და განისაზღვრა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით. 2018 წლის 22 აგვისტოს შეთანხმებით კი, სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

2.8. 2018 წლის 17 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 582 473,10 ლარით.

2.9. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 12.10.2018წ. N12-01182853449 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მას 15.03.2018წ. წერილით დაევალა სამუშაოების დაწყება 2018 წლის 22 მარტიდან, ხოლო აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად 22.08.2018წ. შეთანხმებით განისაზღვრა 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი; ვინაიდან 52 744,14 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2018 წლის 04 ოქტომბერს (12 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით), მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (2 468 254,46 ლარი) 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 5 923,82 ლარი.

2.10. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 14.11.2018წ. N12-0118318920 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ 33 545,75 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2018 წლის 30 ოქტომბერს; ვინაიდან 12.10.2018წ. წერილით მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო სამუშაოების დასრულების ვადის 12 დღით გადაცილებისთვის (2018 წლის 23 სექტემბრიდან 04 ოქტომბრის ჩათვლით), აღნიშნული ვადის გადაცილების გამოთვლა დაიწყო 2018 წლის 05 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით და 26 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 12 834,93 ლარი.

2.11. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 20.12.2020წ. N12-01183543241 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ 72 568,98 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2018 წლის 14 დეკემბერს; 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით 45 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 22 214,30 ლარი.

2.12. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 17.01.2019წ. N12-01190172621 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ 152 255,09 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 09 იანვარს; 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 09 იანვრის ჩათვლით 26 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 12 834,93 ლარი.

2.13. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 19.03.2019წ. N12-0119078536 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ 210 690,03 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 08 თებერვალს; 2019 წლის 10 იანვრიდან 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით 30 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 15 494,86 ლარი.

2.14. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 11.06.2019წ. N12-01191623063 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ 204 574,78 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 07 ოქტომბერს; 2019 წლის 09 თებერვლიდან 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით 115 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 59 396,94 ლარი.

2.15. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 18.10.2019წ. N12-0119291740 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ 511 398,76 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 07 ოქტომბერს; 2019 წლის 04 ივნისიდან 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით 126 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 65 078,37 ლარი.

2.16. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 26.12.2019წ. N12-01193602234 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ 142 630,84 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 05 დეკემბერს; 2019 წლის 08 ოქტომბრიდან 2019 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით 59 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 30 473,19 ლარი. შემსყიდველს აღნიშნული თანხის ჩამოჭრა შესრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან არ განუხორციელებია.

2.17. 16.01.2020წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მიმწოდებლის მიერ ქ. თბილისში ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია 02.03.2018წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/121 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული N18 (ფორმა 2) სამუშაოს აქტის მიხედვით. მთლიანი შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ყველა დარიცხვით შეადგინა 2 523 468,25 ლარი.

2.18. საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებებია, რომ:

- 10.10.2018წ. მიღება-ჩაბარების N10 აქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 52 744,14 ლარი;

- 08.11.2018წ. მიღება-ჩაბარების N11 აქტის შესაბამისად, 33 545,75 ლარი;

- 19.12.2018წ. მიღება-ჩაბარების N12 აქტის შესაბამისად, 72 568,98 ლარი;

- 16.01.2019წ. მიღება-ჩაბარების N13 აქტის შესაბამისად, 152 255,09 ლარი;

- 15.03.2019წ. მიღება-ჩაბარების N14 აქტის შესაბამისად, 210 690,03 ლარი;

- 07.06.2019წ. მიღება-ჩაბარების N15 აქტის შესაბამისად, 204 574,78 ლარი;

- 16.10.2019წ. მიღება-ჩაბარების N16 აქტის შესაბამისად, 511 398,76 ლარი;

- 25.12.2019წ. მიღება-ჩაბარების N17 აქტის შესაბამისად, 142 630,84 ლარი.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს შემსყიდველის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ ვადაგადაცილება მოსარჩელის ბრალეულობით არ ყოფილა გამოწვეული, რადგან თავად მოპასუხის მიერ დაირღვა არაერთი არსებითი ვალდებულება. კერძოდ, მერიის მიერ ტენდერის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური დოკუმენტაცია არსებითად ხარვეზიანი იყო, არასწორად იყო განსაზღვრული სამუშაო ობიექტის ნიშნულები, ტერიტორიაზე გადიოდა სარკინიგზო ლიანდაგი და სხვადასხვა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციის ხაზები. აღნიშნული გარემოებების გამო პროექტი არაერთხელ შეიცვალა და მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმებები გაფორმდა, რაც გახდა შესრულების ვადაგადაცილების წინაპირობა; შეგებებული სარჩელით კი მერია მოპასუხისაგან დაჩენილი პირგასამტეხლოს ანაზღაურებასაც მოითხოვს; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, რადგან სახეზეა არაჯეროვანი (ვადის დარღვევით) შესრულება, რაც, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელის მოთხოვნის წინაპირობასაც ქმნის. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო; სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა.

4. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით, ერთი მხრივ, მოითხოვს დარიცხული და დაკავებული პირგასამტეხლოს თანხების დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო შესრულების ვადაგადაცილებაში შემსყიდველის ბრალეულობა, თუმცა ალტერნატიული პოზიციის სახით მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას (შემსრულებლის ბრალეულ ვადაგადაცილებას), დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშდეს არა მთლიანი ვალდებულების ღირებულებიდან, არამედ დროულად შეუსრულებელი ვალდებულებიდან; აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების დაწყების ეტაპზევე გამოვლინდა მთელი რიგი ობიექტური გარემოებები (სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზის ლიანდაგის ერთ-ერთი ხაზი, წყალმომარაგების კომპანიის მილსადენები, მესამე პირის - შპს “მ-კ–ის” კაბელი, შპს “მ–ის“ კაბელი, გზაგამტარი ტრასა კვეთდა ასევე მესამე პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და სხვა), რამაც დააბრკოლა სამუშაოების ვადაში განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ნაწილობრივ მოსარჩელის მიზეზით იყო განპირობებული, ანუ სახეზე იყო თანაბრალეულობა, რომლის გათვალისწინებითაც პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების, არამედ ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან (0,02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის), რაც ჯამში 20 602,43 ლარს შეადგენდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაზიარებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე კვლევას იმის თაობაზე, თუ რას შეადგენდა დარჩენილი (შეუსრულებელი) სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტისათვის - 2018 წლის 22 სექტემბრისათვის (რა დროსაც მოსარჩელეს სრულად უნდა ჩაებარებინა სამუშაოები). სასამართლოს მიერ ასევე არ არის გამოკვლეული და დადგენილი, რას შეადგენდა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება 2018 წლის 22 სექტემბრის შემდგომ ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტისათვის (2018 წლის 10 ოქტომბრის, 2018 წლის 08 ნოემბრის, 2018 წლის 19 დეკემბრის, 2019 წლის 16 იანვრის, 2019 წლის 15 მარტის, 2019 წლის 07 ივნისის, 2019 წლის 16 ოქტომბრის, 2019 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით), რაც არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობა, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, სწორედ, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან უნდა დაანგარიშებულიყო. ზემოაღნიშნული გარემოებების დაუდგენლობის პირობებში ბუნდოვანია რას ემყარება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს 20 602,43 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება აღნიშნულ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ბუნდოვანი და გაურკვეველია დაანგარიშების რა მეთოდია გამოყენებული სასამართლოს მიერ, რაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობას წარმოადგენდა.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ სახეზე იყო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან ქვემდგომი ინსტაციის სასამართლოს მიერ არ იყო გამოკვლეული და დადგენილი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით (417-418-ე, 420-ე) გათვალისწინებული წინაპირობები, რაც შეუძლებელს ხდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებას.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. აკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. წინამდებარე საქმეში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები;

14.2. მოპასუხემ თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ხელშეკრულების დადებისას მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები და ის შედეგი, რაც ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვებოდა;

14.3. მართალია, სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს შემცირების უფლება და ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, თუმცა „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს ცნებას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და არც იმას აკონკრეტებს, რასთან უნდა იყოს პირგასამტეხლო შეუსაბამო - მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რასთან მიმართებით არის პირგასამტეხლო შეუსაბამო, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს მისი შემცირების საფუძვლიანობა;

14.4. მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ის გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სატენდერო ხელშეკრულების უკან დგას უდიდესი საჯარო ინტერესი და განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში შესრულებას.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

16. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; ას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

18. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მერიის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განხორციელდა, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი შემცირება მართლზომიერია. თუმცა, ვინაიდან წინამდებარე საქმეში დადგენილი არ არის მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების/სამუშაოების ღირებულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), შეუძლებელია პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი