Facebook Twitter

საქმე №ას-550-2023 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის - 68 534,42 ლარის ანაზღაურების დაკისრება) შპს „ი–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2019 წლის 16 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N70 ხელშეკრულება ქალაქ ფოთის ვ.გ–ს სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის თაობაზე (მუხლი 1.1);

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 723 859,20 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (მუხლი 2);

მიმწოდებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით (3.1 მუხლი);

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს (7.1 მუხლი); ხოლო, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის 3 წლის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტები) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო მისი აღმოფხვრა (7.2 მუხლი);

ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაო მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, სამუშაოების საპროექტო დოკუმეტანციის, ტექნიკური დავალების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი (არსებობის შემთხვევაში) ნორმებისა და წესების, შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად (8.1 მუხლი); ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული წესებიდან და ნორმებიდან მიმწოდებლის მხრიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო არ მიეღო სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები (8.2 მუხლი);

მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო, შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განეხორციელებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში, არაუმეტეს ორჯერ (9.1 მუხლი);

მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (9.2 მუხლი);

ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას განახორციელებდა ზედამხედველი, რომელიც ადგილზე შეამოწმებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარისხს (9.3 მუხლი);

მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად; საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგად და ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით გამოვლენილი ყველა დეფექტის აღმოფხვრა (10.1 მუხლი);

შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, ნებისმიერ დროს განეხორციელებინა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება და არ ჩაებარებინა რაოდენობრივად, ხარისხობრივად ან უფლებრივად ნაკლიანი შესრულებული სამუშაო (10.3 მუხლი);

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს (ინსპექტირება) განახორციელებდა შემსყიდველი ან/და ზედამხედველი (11.1 მუხლი);

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) (11.2 მუხლი);

მიმწოდებელი ვალდებული იყო, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო შემსყიდველი კონტროლის (ინპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებდა საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფდა თვით შემსყიდველი (11.3 მუხლი);

მიმწოდებელი ვალდებული იყო, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის აღმოფხვრა და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (11.4 მუხლი);

სამუშაოს მიმდინარეობაზე შემსყიდველი ან/და ზედამხედველი კონტროლს (ინსპექტირებას) აწარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის, საპროექტო დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების, ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა სამუშაოების მიმდინარეობა და განეხორციელებინა ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები (11.6 მუხლი);

ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შემსყიდველის, მიმწოდებლისა და ხელშეკრულების კონტროლის (ინსპექტირება) მიზნით შერჩეული სხვა პირების მონაწილეობით გაფორმდებოდა შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად აღიწერებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზები, რის შემდგომაც შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, საკუთარი შეხედულებისამებრ აემოქმედებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს განაცხადებდა ამ პუნქტში აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობაზე, ხსენებული დაფიქსირდებოდა ამავე აქტში და იგი გამოიწვევდა იმავე სამართლებრივ შედეგს, რასაც გამოიწვევდა მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილი აქტი. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო თავისი სახსრებით დაუყოვნებლივ აღმოეფხვრა დეფექტები. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს არ აუნაზღაურდებოდა დეფექტებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება (11.7 მუხლი);

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით (მუხლი 19) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 42-96).

2.2. მხარეთა შორის 2020 წლის 14 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N70 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N40/4 შეთანხმება, რომლითაც სამუშაოს განხორციელების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადა ამავე შეთანხმებით განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2020 წლის 15 აპრილის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).

2.3. მოპასუხის მიერ 2020 წლის 06 აპრილს წარდგენილ იქნა შესრულებული სამუშაოების საბოლოო აქტი, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს აუნაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 774 795,97 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის საფუძველი იყო 03.04.2020წ. შპს ,,თ. ა–ის“ (ობიექტის ტექნიკური ზედამხედველი) მიერ წარდგენილი ინსპექტირების ანგარიში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 134-179; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტი).

2.4. მოპასუხემ 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე გაგზავნილი წერილებით მოპასუხეს აცნობა მოსარჩელის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის მიერ ობიექტის დათვალიერების შედეგად გამოვლენილი შენიშვნების შესახებ, კერძოდ:

- 21.08.2020წ. N02/4832 წერილით - +14.10 ნიშნულზე სენდვიჩებით სახურავის მოწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლინიკრონით რბილი გადახურვის სეგმენტზე შეიმჩნეოდა ზოგიერთ ადგილებში ხარვეზები, რომელიც საჭიროებდა აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას და ეთხოვა 07 დღის ვადაში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა;

- 09.11.2020წ. N42-422031417 წერილით - თეატრის შენობის ადმინისტრაციული სექტორის მესამე სართულის ფ. მ–ის მხრიდან შენობის ერთ-ერთ სველ წერტილზე წყალსადენის მაგისტრალის მილისა და ჩამრეცხის შემაერთებელი დრეკადი მილის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ, რამაც გამოიწვია პირველი, მეორე და მესამე სართულების ადმინისტრაციული ოთახების დატბორვა. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტების მიერ შესწავლილ იქნა დატბორვის შედეგად გამოწვეული რიგი დაზიანებები და დადგინდა: 1. დაზიანებული იყო მეორე და მესამე სართულის ზოგიერთი ოთახების (ფ.მ–ის ქუჩის მხრიდან), როგორც კედლები, ასევე, იატაკი და მოითხოვდა აღდგენით სამუშაოებს; 2. კიბის უჯრედი მესამედან პირველი სართულის ჩათვლით ჩამორეცხილი იყო და მოითხოვდა აღდგენით სამუშაოებს; 3. მეორე სართულის გიფსოკარდონის ჭერი ერთ ოთახში დაგროვილი წყლის სიმძიმის გამო ჩამოვარდნილი იყო და მოითხოვდა აღდგენას. ასევე, აღნიშნული სართულის სხვა ოთახები და დერეფანში არსებული ჭერი იქნა დასველებული, შესაბამისად, შესამოწმებელი იყო;

- 16.12.2020წ. N42-422035170 წერილით - თეატრის შენობის სახურავის პარაპეტზე მოწყობილი გლუვი თუნუქის რამდენიმე ელემენტი იყო ავარდნილი დამაგრების ადგილიდან და ფასადის მხარეს იყო ჩამოკიდებული;

- 22.02.2021წ. N42-422105367 წერილით - პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტზე გამოიკვეთა ზოგიერთი ხარვეზი, რომელიც დასტურდებოდა ვიზუალური დათვალიერებით და, შესაბამისად, ასახული იყო ფოტომასალებში;

- 10.03.2021წ. N42-4221069123 წერილით - სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: 1. -4,90 ნიშნულზე (სარდაფი) ჭ– ქუჩის მხრიდან ღია აივნის ქვემო სივრცეში ხშირ ადგილებში ჭერიდან და კედლებიდან ჩამოედინებოდა წყალი. წყალი ჩამოედინებოდა ღია აივნის ქვემოთ, ლოკაციის იმ ადგილებიდან, სადაც მათ მიერ იქნა ჩატარებული აივნის გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები; 2. -4,90 ნიშნულზე (სარდაფი) რუსთაველის რკალის მხრიდან ღია აივნის ქვედა სივრცის კედლები და ჭერი სისტემატურად სველდებოდა. წყალი ჩამოედინებოდა იმ ლოკაციებიდან, სადაც მათ შეასრულეს გრანიტის ფილებით ღია აივნისა და კედლების მოპირკეთების სამუშაოები; 3. -4,90 ნიშნულზე რუსთაველის რკალისა და ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან რესტორნისა და მისი მიმდებარე ოთახების შიდა კედლები სველდებოდა ჩამონაჟონი წყლის გამო. ამ ოთახებზე საცრემლურები და გარე კედლების მოპირკეთება შესრულებულ იქნა მათ მიერ გრანიტის ფილებით; 4. 0,00 ნიშნულზე (მთავარი შესასვლელის მხრიდან) შიდა მზიდი კედლებიდან უკვე შესრულებული მეფინთხისა და სამღებრო სამუშაოები ზოგიერთ ადგილზე მწყობრიდან იყო გამოსული. არსებული კედლების დაზიანება არ მომხდარა სტიქიური უბედურებების გამო; 5. სამაყურებლო დარბაზში ასასვლელი კიბის ტერიტორიაზე შიდა მზიდ კედლებზე შეიმჩნეოდა ბზარები და სამღებრო სამუშაოები არ იყო დასრულებული. შიდა კედელზე შექმნილ ბზარებს მოცემულ შემთხვევაში არავითარი კავშირი არ ჰქონდა ბეტოფანით მოპირკეთებულ გარე მზიდ კედელთან. სამუშაოები ამ მონაკვეთზე თავის დროზე უხარისხოდ იყო შესრულებული; 6. მეორე სართულის სარეპეტიციო დარბაზის შიდა მონაკვეთებზე, პლინტუსების კონტურების გასწვრივ სამღებრო სამუშაოები ნაწილობრივ გამოსული იყო მწყობრიდან დაზიანებული მონაკვეთების უდიდესი ნაწილი მოდიოდა შიდა კედლების პერიმეტრებზე; 7. სარეპეტიციო ოთახების ჭერის ზოგიერთ ადგილებში შეიმჩნეოდა სისველე, რაც გამოწვეული იყო სახურავის ლინოკრონის (ჰორიზონტალურის ვერტიკალურთან) არასწორად შეერთებების გამო; 8. ლინოკრონის სახურავის ზოგიერთ მონაკვეთებზე შეიმჩნეოდა დაზიანებები, კერძოდ: ლინოკრონის ადგილები ცუდად იყო დაწებებული არსებულ ჰორიზონტალურ რკინა-ბეტონის გადახურვის ფილაზე და არა არსებულ ვერტიკალურ პარაპეტზე;

- 10.03.2021წ. N42-4221069123 წერილით - დამატებით ეცნობა ობიექტზე არსებული ხარვეზების შესახებ, რომელიც არ იყო დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და მათ მიერ შესრულებული უხარისხო სამუშაოების შედეგად იყო წარმოქმნილი: 1. ჭ–ს ქუჩის მხრიდან ღია აივნის ქვედა სარდაფის ჭერი ხშირ ადგილებში სველდებოდა, რომლის საჰიდროიზოლაციო და გრანიტით მოპირკეთების სამუშაოები შესრულებული იყო მოპასუხის მიერ; 2. პირველი სართულის კიბის უჯრედისა და სამაყურებლო დარბაზის შესასვლელებთან სამღებრო სამუშაოები ზოგიერთ ლოკაციაზე ჩამოყრილი იყო, რომელიც გარე ფაქტორის ზემოქმედებასთან კავშირში არ იყო; 3. მეორე და მესამე სართულის შიდა კედლებზე და ჭერის ზოგიერთ ლოკაციაზე სამღებრო სამუშაოები ჩამოშლილი იყო, რომელთაც გარე ფაქტორებთან არანაირი კავშირი არა ჰქონდათ; 4. ადმინისტრაციულ მხარეს (ლაგრაჟეს ქუჩის მხრიდან) ოთახებში და კორიდორებში სამღებრო სამუშაოები ზოგიერთ ადგილებში ჩამოშლილი იყო; 5. სახურავის ზოგიერთი ლოკაციიდან ჟონავდა წვიმის წყალი. სახურავის სამუშაოები იყო მოპასუხის მიერ შესრულებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-38; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტი).

2.5. მოპასუხემ ზემოთ აღნიშნული წერილების საპასუხოდ მოსარჩელეს 2021 წლის 23 თებერვლისა და 15 მარტის წერილებით აცნობა, რომ:

- წვიმის დროს სველდებოდა ფასადის კედლები და ვინაიდან ფასადის კედელზე გაკრული ბეტოფანის ფილები დაზიანებული იყო, ფანჯრების ფერდულები იყო ბეტოფანის, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდა ფანჯრებთან ჰერმეტულ მიერთებას და ფანჯრებს არ გააჩნდათ საცრემლეები, ამიტომ ნაწვიმარი წყლის ჩადინება ხდებოდა ბეტოფანის ფილების შიგნით არსებულ ბლოკის კედლებზე და, შესაბამისად, ასველებდა კედლებსა და ჭერს;

- ხელშეკრულების ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული ასასვლელი კიბის შეკეთება;

- რესტორნის ფასადის კედლების შეკეთება ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული. რესტორნის იატაკის ნიშნული უფრო დაბლა მდებარეობდა, ვიდრე ქუჩის საფეხმავლო ტროტუარი. ხოლო, რესტორნისა და მიმდებარე დამხმარე ოთახების კედლების დასველება გამოწვეული იყო იმით, რომ ფასადის კედელზე გაკრული ბეტოფანის ფილები დაზიანებული იყო, ფანჯრების ფერდულები იყო ბეტოფანის, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდა ფანჯრებთან ჰერმეტულ მიერთებას და ფანჯრებს არ გააჩნდა საცრემლეები, ამიტომ ნაწვიმარი წყლის ჩადინება ხდებოდა ბეტოფანის ფილების შიგნით არსებულ ბლოკის კედლებზე და, შესაბამისად, ასველებდა კედლებს;

- ფასადის კედლების შეკეთება ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული და, შესაბამისად, არ მომხდარა (ფ. მ–სა და ლ–ს ქუჩის მხრიდან) კიბის უჯრედის შეკეთება;

- 0.00 ნიშნულზე (ფოიეში) სამღებრო სამუშაოები სრულად იყო შესრულებული, მაგრამ 2020 წლის 9-10 ივლისის სტიქიით დაზიანების შემდეგ, მერიის თხოვნის საფუძველზე, მოხდა აღნიშნული კედლის ფითხით დაფარვა;

- როგორც 1. და 3. პუნქტებში აღინიშნა, ანალოგიურად ხდებოდა ამ კედლის დასველება და, შესაბამისად, ბზარის გაჩენა;

- სარეპეტიციო დარბაზს ჭ–ას ქუჩის მხრიდან გააჩნდა ვიტრაჟები, რომლებიც ბეტოფანის ფილებთან არ იყო ჰერმეტულად დაკავშირებული და 2020 წლის 9-10 ივლისის სტიქიის დროს მოხდა წყლის შემოდინება, რამაც გამოიწვია პლინტუსების კონტურების გასწვრივ ნაწილობრივ სამღებრო სამუშაოების დაზიანება, წარდგენილი იყო ფოტომასალა;

- აღნიშნული წყალმიმღები მილების და მისი ყელის შეცვლა ან შეკეთება არ იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული, მაგრამ 2020 წლის 9-10 ივლისის სტიქიის დროს არ მომხდარა ღია აივნის ქვემოთ მდებარე ადმინისტრაციული ოთახების ჭერის დასველება, წყლის ჩადინებას ხელს უშლიდა ქარის დროს ღია აივნებზე ცელოფნის პარკების დაგროვება, რომლებიც შემდეგ წვიმის დროს ხელს უშლიდნენ წყლის ჩადინებას. აუცილებელი იყო აღნიშნული აივნებისა და ყველა წყალმიმღები მილის ყელის შემოწმება რეგულარულად, რათა არ მომხდარიყო ცელოფნის პარკებით წყალმიმღები მილების ყელის ხელოვნური საცობის შექმნა;

- სარეპეტიო ოთახის (ნიშნული 5.7) თავზე ჩილერების გვერდითი ბეტოფანის კედელი იყო ჰორიზონტალურად გახსნილი, აგრეთვე, ამ კედლის თავზე იყო ღია ვიტრაჟები და წვიმის დროს ხდებოდა კედლის დასველება და, შესაბამისად, წყლის ჩადინება;

- ლინეკრომის მიერთება იყო კედლებთან, რომლებიც არ იყო გალესილი და კედლის დასველების დროს ხდებოდა სინესტის შეღწევა.

2.6. ამავე წერილებში მოპასუხე უთითებდა, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო. 2020 წლის 9-10 ივლისის სტიქიამ აჩვენა, რომ ფასადის კედლების სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რის გამოც მოსარჩელემ გადაწყვიტა თეატრის ფასადის კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. ამ სამუშაოების შესწავლაში, სრულყოფილად რომ მომხდარიყო ფასადის კედლების შეკეთება, მოსარჩელის თხოვნით მოპასუხე აქტიურად მონაწილეობდა. გაუგებარია ახლა ამ პრობლემებზე საუბარი და მოპასუხეზე გადაბრალება, როდესაც ზემოთ აღნიშნული პრობლემის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო. ამ წერილს თან დაურთეს მათ მიერ 2020 წლის 10 ივლისს გადაღებული ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანდა თუ საიდან ხდებოდა წყლის ჩადინება შენობაში და კედლების დაზიანება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 457-459; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტი).

2.7. მოსარჩელის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილების მიერ 2021 წლის 16 ნოემბერს შედგენილ იქნა დეფექტური აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ამავე განყოფილების უფროსის მ/შ რ.ც–ვა და მთავარი სპეციალისტი ა.ჯ–ა. აღნიშნული აქტის თანახმად, დეფექტების აღმოფხვრისათვის საჭიროა 68 534,42 ლარის ღირებულების შემდეგი სამუშაოების განხორციელება: 1. არსებული ღია აივნის ბაზალტის ფილების დემონტაჟი-მონტაჟი; 2. ჭ–ს ქუჩის მხრიდან ღია აივნის ქვედა სივრცეში (სარდაფი) ჭერისა და კედლების სამღებრო სამუშაოები; 3. პირველი სართულის (მთავარი შესასვლელიდან) კიბის უჯრედისა და სამაყურებლო დარბაზის ზოგიერთ ლოკაციაზე სამღებრო სამუშაოები; 4. ადმინისტრაციულ ოთახებში (პირველი და მეორე სართული) და დერეფნებში აღდგენითი სამღებრო სამუშაოები; 5. ადმინისტრაციულ მხარეს (მეორე სართული) ჭერის აღდგენითი სამუშაოები; 6. გადახურვის ზოგიერთ ლოკაციაზე (ლინიკრონით გადახურვა) სახურავის აღდგენითი სარემონტო სამუშაოები; 7. სარეპეტიციო დარბაზის (მეორე სართული) პლინტუსების კონტურების გასწვრივ კედლების აღდგენითი სამღებრო სამუშაოები; 8. ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან კიბის უჯრედის კედლების სარემონტო აღდგენითი სამუშაოები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 99).

3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი, თუმცა მან ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა გამოვლენილ ფაქტობრივ დაზიანებებთან მიმართებით მენარდის ბრალეულობა, მისი მხრიდან რაიმე ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამგვარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართვები მენარდისადმი, რომლებიც შეიცავს ზოგადი ხასიათის მითითებას რეაბილიტირებულ ობიექტში საგარანტიო ვადაში გამოვლენილი დაზიანებების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ მიმართვები არ შეიცავს დაზიანებათა კონკრეტულ აღწერილობას, ასევე, მითითებას დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესახებ. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ამ მხრივ რაიმე კვლევა, ხელშეკრულების მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში, არ უწარმოებია, ხოლო გამოვლენილი დაზიანებების ფიქსირება და დაზიანებათა გამომწვევი მიზეზების დადგენა, სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, მერიის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაკლის დასადასტურებლად მიუთითებდა მხოლოდ მის მიერ შედგენილ დეფექტურ აქტზე, ფოტოსურათებზე და მის მიერ მიწერილ წერილებზე, რომლებიც უარყოფილ იქნა შემსრულებლის საპასუხო წერილებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ის გარემოება, რომ შემდგომში ნალექის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები გამოწვეული იყო უშუალოდ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, ხარისხითა და ბრალით.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების მე-11 პუნქტის შესაბამისად, კონტროლი (ინსპექტირება), რომლის შედეგად უნდა დადგენილიყო სამუშაოების ნაკლოვანება ან უხარისხობა, მხარეთა შორის დავის წარმოშობის რისკების რეგულირების მიზანს ისახავდა, რადგან ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენა გულისხმობს ნაკლის არსებობის თაობაზე დასკვნის გაკეთებას კომისიურად, არამარტო დაზიანების ფაქტების კონსტატაციის, არამედ დაზიანების წარმომშობი მიზეზების დადგენის მიზნებისათვის. საქმეში წარდგენილი წერილობითი მიმართვები, რომლებსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი, ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რამეთუ აღწერილია დაზიანებები, თუმცა არავითარი მსჯელობა ან სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის დასკვნა დაზიანებათა წარმოშობის მიზეზების შესახებ აღნიშნულ წერილობით კორესპონდენციაში არ იკითხება. ამდენად, მენარდის მიერ სამუშაოს ნაკლოვნად შესრულების სამტკიცებლად აღნიშნული დოკუმენტები ვერ გამოდგება; მოპასუხემ მიუთითა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 01.02,2022წ. N1054/1 წერილზე (იხ. ტ.1, ს.ფ 463-465) და განმარტა, რომ ობიექტს (ქალაქ ფოთის ვ.გ–ს სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა) დაზიანების გამოვლენის დროისათვის შეჩერებული ჰქონდა წყლის მიწოდება და მოხდა თვითნებურად ჩართვა, რამაც შესაძლოა გამოიწვია დაზიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელეს (აპელანტს) კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შემსყიდველმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა შესრულებული სამუშაო, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და მასზე დართული ხარჯთაღრიცხვით და რაიმე სახის პრეტენზია მის ხარისხთან და მოცულობასთან მიმართებით არ გამოუთქვამს. პირიქით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ სრულად აუნაზღაურა მოპასუხეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ამასთან, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის საფუძველი იყო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველის - შპს ,,თ.ა–ის“ მიერ წარდგენილი ინსპექტირების ანგარიში, რომლითაც შემოწმდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა მხარეთა მიერ შეთანხმებულ სამუშაოებთან.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 408.1, 409-ე, 653-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია, რომ შემსრულებელმა არ შეასრულა ან/და არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადავო სამუშაოები (რაც წარმოადგენდა თვალით ხილულ სამუშაოს), რამაც შემდგომში ობიექტის დაზიანება გამოიწვია.

8. სააპელაციო სასამართლომ ასევე საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მერიის მოსაზრება, რომ მუნიციპალიტეტის მერის წერილობითი მითითებები ობიექტის ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ უთანაბრდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.6 პუნქტში მოხსენიებული ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ შედგენილ აქტს. სასამართლოს განმარტებით, საგარანტიო ვადაში შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანების დადასტურება შემკვეთის მტკიცების ტვირთია, სწორედ მას მართებს იმგვარი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც ფაქტობრივ დაზიანებასთან ერთად დაადასტურებს მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევას და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. 16.04.2019წ. N70 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 06 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში (2023 წლის 06 აპრილის ჩათვლით) ხელშეკრულების ობიექტზე ვრცელდებოდა საგარანტიო ვადა. ხოლო, ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო მათი აღმოფხვრა;

16.2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; „[მოსარჩელის] ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.02.2019წ. N5/6 დადგენილების თანახმად, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილება და მშენებლობის ინსპექტირების განყოფილება უზრუნველყოფს - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს; სამშენებლო დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადებას; სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს ადგილზე გასვლით; მერის ან მერის მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას, რაც დაკავშირებული იქნება კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოების/მომსახურების მიმდინარეობასთან და დოკუმენტაციის შედგენასთან, შესრულებასთან;

16.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილების უფროსი და იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი კომპეტენტურ და უფლებამოსილ პირებს წარმოადგენდნენ, რათა შეედგინათ დეფექტური აქტი, რომლის საფუძველზეც დადგინდა მოპასუხის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ წარმოქმნილი ხარვეზები.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას მეორადი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. საგარანტიო ვადის დაწესება ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ (იხ. სუსგ საქმე Nას-512-2022, 10 ნოემბერი, 2022 წელი).

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამდენად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი).

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ, ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. კერძოდ, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულებების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მათი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მათი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

22. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც სასამართლოსათვის იმგვარი პირდაპირი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომლებიც ფაქტობრივ დაზიანებებთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევასა და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს (იხ. სუსგ საქმე Nას-1790-2018, 19 აპრილი, 2019 წელი).

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის ზემოთ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული 16.11.2021 წელს შედგენილი დეფექტური აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მოსარჩელის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილების უფროსის მ/შ და იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ისინი, შესაძლოა, იყვნენ დეფექტური აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები, თუმცა დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების ობიექტზე მოპასუხის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდგომ გამოვლენილი დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესახებ რაიმე კვლევა, რაც სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, სწორედ მისი უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა, არ უწარმოებია. მოსარჩელეს საქმეში არ წარუდგენია აღნიშნულის თაობაზე სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ შედგენილი დასკვნა, რის გამოც არ დასტურდება მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ბრალეულობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 06 აპრილს მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,თ.ა–ის“ - ობიექტის ტექნიკური ზედამხედველის მიერ წარდგენილი 03.04.2020წ. ინსპექტირების ანგარიში, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. მან მოპასუხეს სრულად აუნაზღაურა აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული, შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი