Facebook Twitter

საქმე №ას-328-2024 18 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ჯ–ი, სს „მ.ო.ჯ.კ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ჯ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჯ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და სს „მ.ო.ჯ.კ–ის“ (შემდგომში – „მეორე მოპასუხე“) მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო მეორე მოპასუხემ როგორც წარდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარისა და სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 1/4 ნაწილის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 06 ნოემბერს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, გარდა ამისა, აპელანტს არ ჰქონდა ფულადი სახსრები და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღით; სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დარჩენილი თანხის ნაწილში ვადის გაგრძელება ითხოვა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 1/4 ნაწილის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (50 ლარის გამოკლებით); აპელანტის წარმომადგენელმა 2024 წლის 08 იანვარს კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგებოდა, აპელანტის მიერ ხარვეზი დადგენილ ვადაში იქნებოდა შევსებული; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღით; აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, ნ.დ–ეს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ......... ქუჩა N19 და ჩაბარდა ადვოკატ ქ.ლ–ძეს 2024 წლის 24 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 25 იანვრიდან და ამოიწურა 2024 წლის 07 თებერვალს, თუმცა აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 73.8, 368.5, 372-ე, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტის წარმომადგენელმა 2024 წლის 06 თებერვალს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად იმავე დღეს გადააგზავნა სასამართლოში „ecourt.ge”-ზე. გადაგზავნისთანავე განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი: 701561163. შესაბამისად, ვინაიდან განცხადებას რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა, აპელანტის წარმომადგენელმა იგი რეგისტრირებულად მიიჩნია და ამის შემდგომ გადაგზავნილი განცხადებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებიდან აპელანტისათვის ცნობილი გახდა, რომ წარმომადგენლის მიერ 06.02.2024 წელს „ecourt.ge”-ზე გადაგზავნილი გზავნილი ხარვეზიანი აღმოჩნდა და იმის გამო, რომ ატვირთული არ იყო განცხადება და მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი იყო გადაგზავნილი, უკან დაბრუნდა. ამ ყველაფრის შესახებ აპელანტის წარმომადგენლისათვის ცნობილი გახდა 2024 წლის 21 თებერვლის განჩინების ჩაბარების შემდგომ. საქმეში წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ადასტურებს, რომ ხარვეზი ვადაში აღმოიფხვრა, ხოლო სასამართლოში მისი წარდგენის დროს მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა, რის შესახებაც სასამართლოსათვის გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს რომ ყოფილიყო ცნობილი, სასამართლო აღნიშნულ განჩინებას არ გამოიტანდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერება წარმოადგენს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

15. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

16. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადით; აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა მითითებულ ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 24 იანვარს (იხ. ს.ფ. 204). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2024 წლის 25 იანვრიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 07 თებერვალს, თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების ან/და სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში ელექტრონულად გადააგზავნა, რა დროსაც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა და გზავნილი ხარვეზის გამო უკან დაბრუნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სათანადო წესითა და შესაბამის საპროცესო ვადაში გამოსწორების ტვირთი თავად მხარეს აწევს, შესაბამისად, აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის თანხის გადახდა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის გარეშე, ხარვეზის შევსებად ვერ იქნება მიჩნეული.

18. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის დადგენილი წესით არ მიუმართავს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი