Facebook Twitter

საქმე №ას-154-2023 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ნ.გ.კ–ცია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – „ფ.რ.ჯ.კ“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სს „ს.ნ.გ.კ–ციის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მეიჯარე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქოს საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით არსებული საიჯარო დავალიანების - 50 759,45 ლარის (ძირითადი თანხა - 37 682,07 ლარი, პირგასამტეხლო - 13 077,38 ლარი) გადახდის დაკისრება; ასევე, 2017 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასმატეხლოს გადახდის დაკისრება ყოველდღიურად 37,68 ლარის ოდენობით; მოპასუხისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ. დედოფლისწყაროში მდებარე რკინიგზის ჩიხით (ს.კ. …..) და ჩიხში მდებარე ესტაკადა/მილგაყვანილობათა სისტემით სარგებლობის აკრძალვა მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე) „ფ.რ.ჯ.კის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების - 15 179,83 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების - 22 502,24 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელესა და მოპასუხის ფილიალს შორის 2013 წლის 10 ივნისს გაფორმდა რკინიგზის ჩიხის იჯარის N74-100613-01 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხეს იჯარით გადასცა მის საკუთრებაში არსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე რკინიგზის ჩიხი (საერთო სიგრძით 600,27 გრძივი მეტრი, ს.კ. …..) და აღნიშნულ ჩიხში არსებული ესტაკადა/მილგაყვანილობათა სისტემა.

2.2. იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარის მიერ იჯარით მიღებული ქონების საიჯარო ქირა განისაზღვრება შემდგენაირად: 0,86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩატვირთული ნავთობის ყოველი ტონისათვის (ბრუტო წონა), დღგ-ს გარეშე. ყოველი გადაზიდვის შემდეგ, არაუგვიანეს 03 (სამი) კალენდარული დღისა, მოიჯარე წარუდგენს მეიჯარეს დამოუკიდებელი საინსპექციო კომპანიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს გადატვირთული ნავთობის მოცულობის/ ტონაჟის თაობაზე და მოიჯარის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ჩატვირთვა/გადატვირთვის აქტს ჩატვირთული/გადატვირთული ნავთობის ოდენობაზე. ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მეიჯარე მოიჯარეს აწვდის შესაბამის ინვოისს. მოიჯარე ვალდებულია, საიჯარო ქირა გადაიხადოს მეიჯარის საბანკო ანგარიშზე ინვოისის გამოწერიდან არაუგვიანეს 02 საბანკო დღის განმავლობაში. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ეროვნულ ვალუტაში, გადაზიდვის ბოლო დღეს საქართველოში არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო რიცხვის კურსისა. ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.

2.3. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა მიერ გაგრძელდა სამჯერ და ამოიწურა 2015 წლის 09 სექტემბერს.

2.4. მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ცხრაჯერ ისარგებლა მოსარჩელის კუთვნილი ჩიხით ნავთობის გადასაზიდად, კერძოდ: 2015 წლის დეკემბერში - გადაზიდა 4245,813 ტონა ნავთობი; 2016 წლის მარტში - 2022,950 ტონა; 2016 წლის ივნისში - 2506,234 ტონა; 2016 წლის ივლისში - 1020,227 ტონა; 2016 წლის სექტემბერში - 1010,491 ტონა; 2016 წლის ნოემბერში - 1442,312 ტონა; 2016 წლის დეკემბერში - 1034,147 ტონა; 2017 წლის თებერვალში - 1025,391 ტონა; 2017 წლის მარტში - 1029,239 ტონა.

2.5. მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო კომპანია „ს–ის“ სამართალმემკვიდრეს.

2.6. საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფო კომპანია „ს–სა“ და მოპასუხეს შორის 1997 წლის 25 ივნისს გაფორმდა „პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ“ კონტრაქტი (შემდგომში - „პწგხ“), რომლის საფუძველზეც, საოპერაციო კომპანიის მიერ ნავთობმოპოვების ოპერაციათა შესრულების მიზნით, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ფინანსური სახსრების მოზიდვა და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. მოპასუხეს გაწეული ფინანსური ხარჯები უნდა ანაზღაურებოდა არა ფულადი სახით, არამედ ნავთობისა და გადამუშავებული პროდუქციის წილით.

2.7. „პწგხ“-ს 13.7 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტორს ან საოპერაციო კომპანიას უნდა ჰქონდეს უფლება გამოიყენოს არსებული მილსადენი და სატერმინალო ინფრასტრუქტურა, რომელიც ეკუთვნის ან კონტროლდება სახელმწიფოს ან „ს–ის” მიერ. სახელმწიფო და „ს–ი” უნდა დაეხმარონ კონტრაქტორსა და საოპერაციო კომპანიას, რომ აღნიშნული საშუალებები მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს იმ პირობებითა და ტარიფებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე ის პირობები, რომლებითაც სარგებლობენ სხვები, მათ შორის, „ს–ი” ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო კომპანია; „პწგხ“-ს 13.8 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო და „ს–ი” შეთანხმდნენ კონტრაქტის მონაწილე უზრუნველეყოთ მისაწვდომობით ნებისმიერი ახალი მოდერნიზებული მილსადენებისადმი და სხვა ინფრასტრუქტურისადმი, რომელიც საქართველოში გადის, რომელიც შეიძლება აიგოს ან გაუმჯობესდეს კონტრაქტის ვადის განმავლობაში იმ პირობებით, რომელიც ითვალისწინებს მისაწვდომობას და ტარიფებს, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე სხვებისთვის ხელმისაწვდომი „ს–ისა” და სხვა ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოს ჩათვლით.

2.8. მითითებული სახელშეკრულებო ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა მოპასუხისთვის მიეცა მის კონტროლ ქვეშ არსებული მილსადენით, სატერმინალო და სხვა ინფრასტრუქტურით შეუზღუდავი სარგებლობის უფლება არადისკრიმინაციული პირობებითა და ტარიფებით.

2.9. „პწგხ“-ს 17.9 პუნქტის შესაბამისად, ზემოხსენებული 17.4 და 17.7 პუნქტებით განსაზღვრული „ს–ის” ვალდებულება, საკუთარ თავზე აიღოს და გადაიხადოს თითოეული კონტრაქტორი მხარის მოგების გადასახადი და საოპერაციო კომპანიისა და თითოეული მხარის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის გადასახადი (და მხოლოდ ეს გადასახადები) და გაათავისუფლოს ზემოხსენებული მხარეები ამ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან, წარმოადგენს საოპერაციო კომპანიისა და თითოეული კონტრაქტორი მხარის საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას სრული მოცულობით. „მოგების გადასახადის“, „სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობის გადასახადის“ და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის დროს მე-17 მუხლით განსაზღვრული დღგ-ის დარიცხვის გარდა, კონტრაქტორი (თითოეული კონტრაქტორი მხარე) და საოპერაციო კომპანია არ უნდა დაექვემდებაროს სხვა გადასახადის, ბაჟის/ტარიფის, საბონუსე ვალდებულების, მოსაკრებლის, საფონდო შენატანის ან მსგავსი ტიპის ნებისმიერი ხასიათის გადასახდელებს, რომლებიც შემოღებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე, მისი შემოღება ხდება ამჟამად, ან მოხდება მომავალში სახელმწიფოს, სამთავრობო ორგანოს, ან სახელმწიფო ქვედანაყოფის მიერ, როგორიცაა, მათ შორის: საწარმოს ქონების გადასახადი; დღგ; საგერბო გადასახადი; მოგების რეპატრიაციის გადასახადი; ექსპორტის მოსაკრებელი; საბაჟო მოსაკრებელი; საგზაო გადასახადი; გადასახადი აქტივებზე; აქციზი; მიწით სარგებლობის გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი; ფრახტის გადასახადი; დივიდენდების გადასახადი; მიწის გადასახადი; ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული მოსაკრებელი, მიწის ქირავნობის ბაჟი/ანაზღაურება (land rental fees); გადასახდელი და მოსაკრებელი განკუთვნილი სახელმწიფოს, სამთავრობო ორგანოს ან სახელმწიფო ქვედანაყოფისთვის, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გეოლოგიური საძიებო სამუშაოების ხარჯების ასანაზღაურებლად; მოსაკრებელი/ბაჟი კარტოგრაფიული, გეოლოგიური ან გეოფიზიკური კვლევების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიებისთვის; ნებისმიერი ტარიფი ან მსგავსი ბაჟი/გადასახდელი ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის გადამუშავებაზე, ტრანსპორტირებაზე და ექსპორტზე; ნებისმიერი ბაჟი ან გადასახდელი, რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტორის ან კონტრაქტორი მხარის ხელშეკრულებით განსაზღვრული წილის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემასთან.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2022 წლის 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე/მოპასუხე, რომელსაც სხდომის დღის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ უცნობებია. აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე. ვინაიდან პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, შესაბამისად, მოითხოვს მხარეთა წერილობით შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ არსებობს, იგი ამოიწურა 2015 წლის 09 სექტემბერს. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. აღნიშნულის შესაბამისად ხელშეკრულების ფარგლებში პირგასამტეხლოს მომავალ პერიოდზე დაკისრების მოთხოვნაც საფუძველს მოკლებულია.

5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ვინაიდან მოპასუხე 5 წელზე მეტია შეგნებულად არიდებს თავს მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებას, პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება მიღწეულად უნდა ჩაითვალოს N74-100613-01 ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეთა შორის არსებულ ფაქტობრივ ურთიერთობებზე გავრცელდეს N74-100613-01 ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 387.2, 387.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

7. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1, 172.2 მუხლებით და ვინაიდან მოსარჩელემ/აპელანტმა დაადასტურა, რომ მოპასუხე სადავო ნივთით აღარ სარგებლობდა, მიიჩნია, რომ ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში სახეზე არ იყო სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლი და არასწორად განმარტა იმავე კოდექსის 417-ე მუხლი და 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

15.2. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა კანონისა და სამართლის ანალოგია და ჩაეთვალა, რომ მსგავსი შემთხვევები პირგასამტეხლოს დარიცხვას ექვემდებარება. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო მოსარჩელის არგუმენტი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა ყოფილიყო მოცემულ შემთხვევაში კანონისა და სამართლის ანალოგია გამოყენებული;

15.3. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეზე მაინც უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა შემდეგი გარემოებების გამო: მხარეთა შორის შეთანხმება/ხელშეკრულება იმის გამო არ არის გაფორმებული, რომ მოწინააღმდეგე მხარე უკვე 5 წელზე მეტია შეგნებულად არიდებს თავს მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებას, შესაბამისად, ეს უკანასკნელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული ურთიერთობები წერილობითი დოკუმენტით დაერეგულირებინა. ერთადერთი მიზეზი, რამაც მოსარჩელეს არ მისცა შესაძლებლობა ჩიხით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები წერილობით დაერეგულირებინა, მოწინააღმდეგე მხარის უპასუხისმგებლო პოზიციაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დარეგულირების საკითხი არ უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვიწრო და პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით გაგებას. ობიექტურად აღნიშნული სამართლებრივი ნორმები იმპერატიულად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, თუ მხარეებმა წერილობითი ფორმით მოაწესრიგეს მათ შორის არსებული ურთიერთობა (და გაითვალისწინეს, ან არ გაითვალისწინეს მასში პირგასამტეხლოს არსებობა), ან ურთიერთობების წერილობითი ფორმით მოუწესრიგებლობა მათი სურვილი იყო. ხოლო, როდესაც ურთიერთობები წერილობითი ფორმით არ არის მოწესრიგებული ერთი მხარის თვითნებობისა და არამართლზომიერი ქმედების გამო, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონისა და სამართლის ანალოგიით;

15.4. ვინაიდან, კანონმდებლობა არ შეიცავს ისეთ ნორმას, რომელიც დაარეგულირებდა პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისა (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ) და აღნიშნული სარგებლობის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევებში, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა გამოყენებული უნდა იყოს იმ ინტერპრეტაციით, რომ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება მიღწეულად ჩაითვალოს N74-100613-01 ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეთა შორის არსებულ ფაქტობრივ ურთიერთობებზე ამ ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები გავრცელდეს.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას წინამდებარე საქმეში კანონის/სამართლის ანალოგიის გამოყენების თაობაზე.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია); თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).

18. ამდენად, კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სადავო სამართალურთიერთობა კანონით პირდაპირ არ არის მოწესრიგებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით სრულყოფილად არის განსაზღვრული პირგასამტეხლოს არსი და მასზე შეთანხმების წესი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კანონის/სამართლის ანალოგიის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული რკინიგზის ჩიხის იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 09 სექტემბერს, რის შემდგომაც, სადავო არ არის, რომ მხარეებს იჯარის ხელშეკრულება აღარ გაუფორმებიათ. შესაბამისად, ვინაიდან პირგასამტეხლო, მისი აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობს, ამასთან, მასზე შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, არ არსებობს ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოიჯარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

24. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2716,85 ლარის 70% – 1901,79 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.ნ.გ.კ–ციის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „ს.ნ.გ.კ–ციას“ (ს/ნ N....) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 25 იანვრის №291 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2716,85 ლარის 70% – 1901,79 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი