საქმე №ა-3818-შ-98-2024
12 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ვ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების განხორციელება, მცირეწლოვანი ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ან ნახვის უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მაისს კოლმარში დაბადებულ ბავშვზე, მ.ნ–ძეზე, მშობლის უფლება განხორციელდება მამის მიერ; დედას ბავშვზე მხოლოდ განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს; ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვრა მამის სახლი.
2. საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილებით, ასევე, განისაზღვრა ბავშვის რჩენასა და აღზრდაში შესატანი წვლილის - ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება.
3. 2024 წლის 15 ივლისს ე.ნ–ძემ (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ნაწილში.
4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ე.ნ–ძე საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს შემდეგში, რომ შუამდგომლობის ავტორს სურს მისმა არასრულწლოვანმა შვილმა მეორე მშობლის თანხმობის გარეშე აიღოს პასპორტი.
5. საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ წესით იყო გამოძახებული, თუმცა არც გამოცხადდა და არც წარმომადგენლის მეშვეობით იყო წარმოდგენილი.
6. საცნობი გადაწყვეტილების ტექსტიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შუამდგომლობაზე დართული კოლმარის სააპელაციო სასამართლოს მდივნის 2024 წლის 27 მარტის ცნობით, მოცემული თარიღისათვის, საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 726-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო კანცელარიაში არ არსებობს არავითარი ჩანაწერი კოლმარის საოჯახო საქმეთა მოსამართლის მიერ 2024 წლის 11 იანვარს მიღებული №RG 23/01596 გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
7. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის მისამართია მეის (May) ასოციაცია, ბინა 1321 .... ქუჩა №77 31400 ტულუზა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, ე.ნ–ძის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მშობლის უფლების განხორცილებისა და ბავშვის საცხოვრებელი სახლის განსაზღვრის ნაწილში, მიღებულ იქნა განსახილველად.
9. ზემოაღნიშნული განჩინება და შუამდგომლობის მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საფრანგეთში, თუმცა არ ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე.ნ–ძის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილების (მშობლის უფლების განხორცილებისა და ბავშვის საცხოვრებელი სახლის განსაზღვრის ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მშობლის უფლების განხორციელება, მცირეწლოვანი ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ან ნახვის უფლების შეზღუდვაა და მხედველობაში იღებს საკითხის მომწესრიგებელ საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობის ნორმებს.
15. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
16. ზემოაღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29.07.2016)
17. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.)
18. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).
19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ წესით იყო გამოძახებული, თუმცა არც გამოცხადდა და არც წარმომადგენლის მეშვეობით იყო წარმოდგენილი. საცნობი გადაწყვეტილების ტექსტიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შუამდგომლობაზე დართული კოლმარის სააპელაციო სასამართლოს მდივნის 2024 წლის 27 მარტის ცნობით, მოცემული თარიღისათვის, საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 726-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო კანცელარიაში არ არსებობს არავითარი ჩანაწერი კოლმარის საოჯახო საქმეთა მოსამართლის მიერ 2024 წლის 11 იანვარს მიღებული №RG 23/01596 გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის მისამართია მეის (May) ასოციაცია, .... ქუჩა №77 31400 ტულუზა, სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება და შუამდგომლობის მასალები, თუმცა არ ჩაბარდა. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის შემოსვლიდან გასულია თითქმის 2 თვე, არსებობს შუამდგომლობის განხილვის წინაპირობები.
21. ზემოაღნიშნული განმარტებების, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და საქმის შინაარსის სპეციფიკის გათვალისწინებით (საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის თებერვლიდან არასრულწლოვანი იმყოფება მამის საცხოვრებელ ადგილას და დედისგან ახალი ამბები არ მიუღია, ეს უკანასკნელი აღარ გამოჩნდა ბავშვის წასაყვანად. ამასთან, ე.ნ–ძემ საფრანგეთის სასამართლოს 2023 წლის სექტემბერში მიმართა, რის შემდეგაც სასამართლო ცდილობდა საქმეში მოპასუხის - ს.ვ–ნის ჩართვას, საბოლოოდ, სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ საქმის განხილვა 2024 წლის 11 იანვარს მოხდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2023 წლის თებერვლიდან უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების გამოსვლამდე თითქმის 1 წელია გასული, დედას კი შვილის შესახებ ინფორმაცია არ მოუკითხავს და არც გამოჩენილა. ამასთან, საცნობი გადაწყვეტილებით დედას უნარჩუნდება გარკვეული უფლებები, მათ შორის, ბავშვზე მხოლოდ განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება), საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც არ არსებობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მაისს კოლმარში დაბადებულ ბავშვზე, მ.ნ–ძეზე, მშობლის უფლება განხორციელდება მამის მიერ; დედას ბავშვზე მხოლოდ განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს; ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვრა მამის სახლი, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ნ–ძის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მშობლის უფლების განხორცილებისა და ბავშვის საცხოვრებელი სახლის განსაზღვრის ნაწილში, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის რესპუბლიკის კოლმარის საერთო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის №RG 23/01596 – No Portalis DB2F-W-B7H-E5GQ გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მაისს კოლმარში დაბადებულ ბავშვზე, მ.ნ–ძეზე, მშობლის უფლება განხორციელდება მამის მიერ; დედას ბავშვზე მხოლოდ განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს; ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვრა მამის სახლი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე