საქმე №ას-966-2024
11 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ.ქ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.მ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ.ქ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ განქორწინების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მხარეებს შორის 2019 წლის 5 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე და მოპასუხე ქორწინებაში იმყოფებიან 2019 წლის 05 დეკემბრიდან (აქტის ჩანაწერი 56193000294);
6.2. მეუღლეებს ჰყავთ ორი საერთო შვილი 2020 წლის 18 ივლისს დაბადებული ლ.მ–ძე და 2022 წლის 14 იანვარს დაბადებული ა.მ–ძე;
6.3. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მეუღლეებს 2023 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 15 თებერვლამდე დაენიშნათ შესარიგებელი ვადა.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ დავა მიმდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში 2023 წლის 19 ივნისიდან (სარჩელის მოპასუხეზე ჩაბარების თარიღი, ს.ფ 33). ამასთან, მხარეებს 2023 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 15 თებერვლამდე სასამართლოს მიერ განესაზღვრათ შესარიგებელი ვადა, მხარეებს ჰქონდათ დრო შერიგებისათვის, რაც, ნების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მიჩნეული იქნეს გონივრულ ვადად.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან ერთად ცხოვრებისა, სარჩელის არ დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი არ არის.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს, რომ არ ეთანხმება სარჩელს და სურს ოჯახის შენარჩუნება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. ქორწინების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ 30.1 მუხლის თანახმად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
17. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით კი გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (იხ. სუსგ საქმე №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (იხ. სუსგ საქმე №ას-1753-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - „სსკ“) 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება წყდება განქორწინებით (სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით (სსკ-ის 1123.1. მუხლი). სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს (სსკ-ის 1127.2. მუხლი). განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა (სსკ-ის 1127.3. მუხლი).
19. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ საქმე №ას-813-2019, 14 თებერვალი, 2020 წელი; სუსგ საქმე №ას-70-70-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელზე საქმის წარმოება 2023 წლის 19 ივნისიდან მიმდინარეობს. ამასთან, მხარეებს 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 15 თებერვლამდე სასამართლომ განუსაზღვრა ვადა შესარიგებლად (5 თვე). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული შერიგების ვადის დაწესებიდან სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებამდე (05.06.2024) პერიოდშიც კი მხარეთა შორის ოჯახური ცხოვრების აღდგენა არ მომხდარა. სადავო არ არის, რომ ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ არაერთხელ დააფიქსირა, რომ არ სურდა შერიგება. ანალოგიური გაიმეორა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელწერილის ფარგლებში, კერძოდ, მხარე მიუთითებს, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას მხარეთა შესარიგებლად აზრი არ აქვს. ასევე, მოსარჩელე ითხოვდა საქმის დროულად განხილვასა და დასრულებას.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ სასამართლომ უკვე მიიღო ზომები მეუღლეთა შესარიგებლად და დაუნიშნა მათ ვადა, თუმცა, მას შედეგი არ მოჰყოლია. გამომდინარე აქედან, მართებულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
22. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია (იხ. მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქმე №ას-490-2024, 16.05.2024, №ას-1831-2019, 2018, 14.11.2019წ.; №ას-1238-2019, 31.01.2020წ.; №ას-813-2019, 14.02.2020წ.; №ას-777-2020, 26.02.2021წ.)
23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ფ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ფ.ქ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 19 აგვისტოს №23378848215 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე