საქმე №ას-622-2024 11 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 8526 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.11.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4323 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. 09.06.2022 წელს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №450 ხელშეკრულება (შემდეგში - „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა იკისრა შემსყიდველისათვის შსს საპოლიციო დანაყოფებისათვის საწვიმრების მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ: დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმრის (450 ცალი) ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტების საწვიმარი ლაბადის (400 ცალი) ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში მიწოდების თაობაზე.
2.2. ხელშეკრულების 2.3. ქვეპუნქტით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 49 000 ლარს.
2.3. ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია დანართი №1, რომლის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმრის მიწოდების ვადად განისაზღვრა 75 კალენდარული დღე, ხოლო ჯამურ ღირებულებად - 27 000 ლარი, ექსპერტ-კრიმინალისტების საწვიმარი ლაბადის მიწოდების ვადად განისაზღვრა 90 კალენდარული დღე, ხოლო ჯამურ ღირებულებად - 22 000 ლარი.
2.4. ხელშეკრულების 9.3. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
2.5. 07.10.2022 წელს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიაწოდა 413 ცალი დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმარი. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 24 780 ლარი.
2.6. 27.10.2022 წელს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიაწოდა 400 ცალი ექსპერტ-კრიმინალისტების საწვიმარი ლაბადა. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 22 000 ლარი.
2.7. 28.10.2022 წელს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიაწოდა 37 ცალი დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმარი. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 2 220 ლარი.
2.8. 29.12.2022 წლის #MIA 6 22 03707208 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმარი, ნაცვლად 23.08.2022 წლისა, მიწოდებულ იქნა 28.10.2022 წელს, 66 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტების საწვიმარი ლაბადა ნაცვლად 07.09.2022 წლისა, მიწოდებულ იქნა 27.10.2022 წელს, 50 კალენდარული დღის დაგვიანებით.
2.9. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე, 418-ე მუხლებით. სასამართლოს მითითებით, მხარეთა მიერ დაცულია პირგასამტეხლოზე შეთანხმების კანონით დადგენილი წერილობითი ფორმა. ამასთან, სადავო არ არის და წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ გადააცილა მიწოდების ვადას.
2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს. სასამართლოს მითითებით, მხარეებმა ინდივიდუალურად განსაზღვრეს მისაწოდებული საქონლის სახე, რაოდენობა, თითოეული ერთეულის ღირებულება (შესაბამისად, ჯამური ღირებულება), მიწოდების ვადა, საგარანტიო ვადა (იხ. ს.ფ. 26). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ერთიანი ხელშეკრულება, მასში შეთანხმებული პირობების ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორს არა ერთიანი, არამედ თითოეული შესრულების მიმართ დამოუკიდებელი ეკონომიკური ინტერესი გააჩნია. შესაბამისად, თითოეული შესრულებისათვის დამოუკიდებლად უნდა განისაზღვროს შესრულდა თუ არა ვალდებულება ჯეროვნად და, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო სწორედ აღნიშნული შესრულების ღირებულების გათვალისწინებით უნდა გამოითვალოს.
2.11. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმარი შემსყიდველს მიეწოდა ორ ეტაპად. 413 ერთეული - 07.10.2022 წელს, ხოლო 37 ერთეული - 28.10.2022 წელს. აღნიშნული პერიოდისათვის ვადაგადაცილების დრო შეადგენდა - 23.08.2022 წლიდან 66 კალენდარულ დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან - 27 000 ლარიდან. რაც შეეხება ექსპერტ-კრიმინალისტების საწვიმარ ლაბადას, იგი მიეწოდა 27.10.2022 წელს, 50 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს მიწოდებული ნივთის ღირებულებიდან 22 000 ლარიდან. ამდენად, ერთ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა 2673 ლარია (27000X0,15/100=40,5 ლარი ყოველდღიურად, 40,5X66=2673 ლარს), ხოლო მეორე შემთხვევაში, 1650 ლარი (22000X0,15/100=33 ლარი ყოველდღიურად, 33X50=1650 ლარს), ჯამურად 4323 ლარი. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 1441 ლარის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება აღნიშნულ ფარგლებში სარჩელის ცნობის საფუძვლითაც არის განპირობებული (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3 და 208-ე მუხლები). სასამართლომ მხედველობაში მიიღო პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და დაასკვნა, რომ პირგასამტეხლოს სახით 4323 ლარის დაკისრება შეესაბამება ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და იგი დარღვევის პროპორციული და ადეკვატურია.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი - პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა, თუმცა არასწორად მიიჩნია პირგასამტეხლოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშება, რის გამოც გადაწყვეტილებით მოპასუხეს, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 8526 ლარისა, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 4323 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული პოზიცია გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. კასატორი ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
12. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით იკისრა შემსყიდველისათვის დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმრისა (450 ცალი) და ექსპერტ-კრიმინალისტების საწვიმარი ლაბადის (400 ცალი) მიწოდების ვალდებულება. ამასთან, თითოეული შესრულების ვადა და ღირებულება ცალ-ცალკე განისაზღვრა, კერძოდ: დეტექტივ-გამომძიებლის საწვიმრის მიწოდების ვადად განისაზღვრა 75 კალენდარული დღე, ჯამურ ღირებულებად - 27 000 ლარი, ექსპერტ-კრიმინალისტების საწვიმარი ლაბადის მიწოდების ვადად განისაზღვრა 90 კალენდარული დღე, ჯამურ ღირებულებად - 22 000 ლარი. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ თითოეული შესრულების ვადის გადაცილებისათვის ამ შესრულების ღირებულების გათვალისწინებით დამოუკიდებლად უნდა დაანგარიშდეს პირგასამტეხლოს ოდენობა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.11 პუნქტი).
14. ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ; №ას-971-2019, 28.10.2019წ.). შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაიანგარიშეს პირგასამტეხლო თითოეული დარღვევისათვის შესაბამისი შესრულების ღირებულებიდან და სწორად შეამცირეს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია