Facebook Twitter

საქმე №ას-31-2024 20 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ნი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2023 წლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2016 წლის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.უ–ნის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „მ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ნ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 20.11.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების - 34 322.58 ლარის გადახდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19.11.2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების - 32 428.31 ლარის გადახდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19.11.2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 2 500 ლარის გადახდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19.11.2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 32 428.31 ლარის 0.02%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 09.04.2016 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გარდაცვლილი მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ნ.ჩ–ის 03.12.2019 წლის განცხადება, რომელსაც ერთვის 30.04.2018 წლის განცხადებები სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ. გარდაცვლილი მეორე მოპასუხის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა: მეუღლემ - ნ.ჩ–მა, შვილებმა - ლ. და ე. ჩ–მა, უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე.

4. განჩინებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა კერძო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.10.2020 წლის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020 წლის განჩინება - მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით (მემკვიდრეებმა უარი განაცხადეს სამკვიდროზე), გარდაცვლილი თავდების სამკვიდრო ქონება სახელმწიფოზე უნდა გადავიდეს, თუმცა, ვერ დაეთანხმა საქმეში გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ სახელმწიფოს ჩართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2023 წლის განჩინებით მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

6.1. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს განხილვის საგანია ქონებრივი ხასიათის დავა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1328-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ქონებრივი უფლებები და მოვალეობები წარმოადგენს სამკვიდრო მასას და გადადის მემკვიდრეებზე, სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა. სააპელაციო პალატამ 12.02.2020 წლის განჩინებით ერთხელ უკვე იმსჯელა, რომ მეორე მოპასუხის გარდაცვალების შემდგომ, პირველი რიგის მემკვიდრეთა განცხადების საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ნოტარიულად დამოწმებულ უარს სამკვიდროს მიღებაზე, მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ უნდა ჩართულიყო სახელმწიფო. სსკ-ის 1343-ე მუხლის თანახმად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში. უმკვიდრო ქონება სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში წილის, აქციის ან პაის სახით გადადის მათ ხელში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.2. სააპელაციო პალატის მითითებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1444-ე მუხლით დადგენილია სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე. სსკ-ის 1444-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, უწინარესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ დასახელებული ნორმა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავის შემთხვევაში ემსახურება კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის შექმნას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დათქმისა და სსკ-ის 1343-ე მუხლის გათვალისწინებით, სხვა შესაძლო მემკვიდრეთა მსგავსად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ საკუთარი სურვილისამებრ მიიღოს ან არ მიიღოს უმკვიდრო ქონება. საკასაციო პალატამ უმკვიდრო ქონების მიმღები სუბიექტის დადგენის მიზნით გამოიყენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 17.09.2010 წლის №390 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: კანონით დადგენილი წესით ქონების, მათ შორის უმკვიდრო/მიტოვებული ქონების ასევე სახელმწიფოსთვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 17.09.2012 წლის №391 დადგენილების (სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უმკვიდრო ქონების სახელმწიფო ქონებად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე გარდაცვლილი თავდების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, არამედ ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი, თუმცა საკუთარი სახელით მოქმედი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საკასაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გარდაცვლილი თავდების სამკვიდრო ქონება სახელმწიფოზე უნდა გადავიდეს, თუმცა არ დაეთანხმა საქმეში გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ სახელმწიფოს ჩართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით.

6.3. ის გარემოება, რომ უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას ქონების მიმღები სუბიექტი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სადავო არ არის. შესაბამისად, არსებობს ყველა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც განაპირობებს წინამდებარე დავაში გარდაცვლილი მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ სახელმწიფოს სახით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართვას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების ეროვნული სააგენტო უნდა ჩაერთოს დავაში მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „სააგენტო“) და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. სსკ-ის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. ამავე კოდექსის 1444-ე მუხლით, სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა. დასახელებული ნორმა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავის შემთხვევაში ემსახურება კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის შექმნას, შესაბამისი წინაპირობების შემოწმების საფუძველზე. სხვა შესაძლო მემკვიდრეთა მსგავსად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ, საკუთარი სურვილისამებრ მიიღოს ან არ მიიღოს უმკვიდრო ქონება; უმკვიდრო ქონება სახელმწიფოზე გადადის (სუსგ №ას-650-616-2015, 26.07.2017წ., პუნ. 23).

11. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც გარდაცვლილი მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სააგენტო.

12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.10.2020 წლის განჩინებით, რომლითაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020 წლის განჩინება მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, საკასაციო პალატამ იმსჯელა და დასაბუთებულად მიიჩნია გარემოება მასზე, რომ მეორე მოპასუხის დანაშთი ქონება იყო უმკვიდრო და უნდა გადასცემოდა სახელმწიფოს, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მიზეზი იყო მხოლოდ ის, რომ არ იყო სწორი სახელმწიფოს სახით გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ჩაბმა. დასაბუთებულად იქნა მიჩნეული შედავება მასზე, რომ გარდაცვლილი თავდების უფლებამონაცვლედ სამინისტროს ნაცვლად უნდა ჩართულიყო, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი/სააგენტო. შესაბამისად, სწორედ ეს საკითხი განიხილა სააპელაციო პალატამ უფლებამონაცვლეობის საკითხზე ხელახლა მსჯელობისას.

13. საქართველოს მთავრობის 17.09.2012 წლის №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა. ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სააგენტო ახორციელებს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ნივთის, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზე, რომ სასამართლოს შესაძლო მემკვიდრეების არსებობა სათანადოდ არ გამოუკვლევია. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში არსებულ 31.01.2018 წელს გარდაცვლილი მეორე მოპასუხის პირველი რიგის მემკვიდრეების - მეუღლისა და შვილების, სანოტარო წესით დამოწმებულ 30.04.2018 წლის განცხადებებზე სამკვიდროს მიღებაზე უარის შესახებ (ტ.2, ს.ფ.169-174) და მიუთითებს სსკ-ის 1446-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ მეორე მოპასუხის პირველი რიგის მემკვიდრეებს - მეუღლესა და შვილებს, სამკვიდრო მიღებული აქვთ ფაქტობრივი ფლობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება, მისი დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ ართმევდა მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის უფლებას, თანახმად სსკ-ის 1447-ე მუხლისა - მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

15. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სხვა რიგის ან ანდერძით მემკვიდრეების შესახებ, საკასაციო პალატა მოიხმობს სსკ-ის 1424-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 07.08.2019 წლის წერილით ირკვევა, რომ სამემკვიდრეო რეესტრში 31.01.2018 წელს გარდაცვლილი მეორე მოპასუხის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ რეგისტრირებული ჩანაწერები მხოლოდ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას შეეხებოდა (ტ.2, ს.ფ. 141).

16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისიცაა, რომ მოცემულ საქმეში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია, რადგან თავდებობიდან გამომდინარე მეორე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ წაყენებული მოთხოვნა პირადი ხასიათისაა და სამკვიდრო მასაში არ შედის.

17. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავდების გარდაცვალებისას უფლებამონაცვლეობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, უკვე დაადგინა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი 21.10.2020 წლის განჩინებით, როცა საქმე სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დააბრუნა კონკრეტული მითითებით, რაც შესრულდა სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. წინამდებარე განჩინების პუნქტი 12). ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ.). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია საბანკო გარანტიის გაცემის საზღაურის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება, სადაც მოსარჩელეა გარანტი, პირველი მოპასუხე - პრინციპალი, მეორე მოპასუხე კი - ამ ვალდებულების სოლიდარულად შესრულებაზე პასუხისმგებელი თავდები. ამდენად, დავა ქონებრივი ხასიათისაა. ამასთან, სადავო ვალდებულება არ წარმოადგენს ისეთი სახის ქონებრივ ვალდებულებას, რომელიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით (იხ. სსკ-ის მუხ.1330; (სუსგ №ას-650-616-2015, 26.07.2017წ., პუნ. 20-21).

18. თავდებობის ხელშეკრულების ძალით თავდები კისრულობს ვალდებულებას ძირითადი მოვალის კრედიტორის წინაშე პასუხი აგოს მისი ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით (რუსიაშვილი გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 891, ველი 2, იხ. https://gccc.tsu.ge/). შესაბამისად, თავდების/მამკვიდრებლის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეზე გადადის თავდებობიდან გამომდინარე მამკვიდრებლის ვალდებულება (BGH, Urteil vom 30. Juni 1976 – VIII ZR 52/75 –, juris; OLG Köln, Beschluss vom 2. Oktober 2003 – 2 W 95/03 –, juris; Horn in: Erman BGB, Kommentar, 17. Auflage 2023, § 1967 BGB). მოცემულ შემთხვევაში, რადგან მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროზე, სსკ-ის 1492-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო სააგენტოს სახით პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2023 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია