Facebook Twitter

ბს-1016-972(კ-07) 19 მარტი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ო.-ა 08.09.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.08.05წ. ¹54/კს ბრძანების 94-ე პარაგრაფის, მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაუქმება, 2005 წლის 10 აგვისტოდან საკონკურსო ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა და იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1979 წელს განაწილებით მუშაობა დაიწყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, წარმატებით დაძლია საკონკურსო გამოცდების სამივე ეტაპი (წერითი გამოცდა ქართულში, ტესტური გამოცდა უნარჩვევებში და გასაუბრება). გასაუბრების ჩატარებამდე, მის საკონკურსო თანამდებობაზე, ანუ იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის პერიოდში დროებით ეკავა, კონკურენტი აღარ ჰყავდა. მიუხედავად ამისა საკონკურსო თანამდებობაზე არ დანიშნეს. ამასთან, მინისტრის 10.08.05წ. ¹54/კს ბრძანების 94-ე პარაგრაფით, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, რის საფუძვლადაც მიუთითეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 10.08.05წ. სხდომის ¹29 ოქმი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო არა უგვიანეს ორი დღისა, წერილობით ეცნობებინა მოსარჩელისათვის მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, რაც არ გაუკეთებიათ. საკითხის გასარკვევად რამდენჯერმე მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას (მინისტრის მოადგილეებს და აპარატის უფროსს), რომლებმაც განუმარტეს, რომ მისი შემდგომი სამსახურის გაგრძელების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იყო უშუალოდ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, ანუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პრეროგატივა. მინისტრი კი 11 აგვისტოდან 26 აგვისტომდე მოკლევადიან შვებულებაში იმყოფებოდა, შემდეგ მივლინებებში და მიღებაზე ჩაწერის მიუხედავად, მასთან საკითხის გარკვევა ვერ მოხერხდა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად, თანაბარი პირობებში სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მას ეძლეოდა, რადგან მის 6 - სულიან ოჯახში დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი არ იყო, ხოლო თანამდებობაზე დანიშნულებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი სტაჟი (25 წელი ერთ სამინისტროში) გააჩნდა. ამასთან, საკონკურსო ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურენტი არ ჰყავდა და ეს თანამდებობა ვაკანტური დარჩა.

საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საკონკურსო ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მაგივრად გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. 13.10.05წ. მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 10.08.05წ. ¹29 ოქმის საფუძველზე იქნა გამოცემული. აღნიშნული ოქმი მართლსაწინააღმდეგო აქტს წარმოადგენდა, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული მისი საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ კენჭისყრის შედეგი. ამასთან, კომისიამ ...-ის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად რეკომენდაციები 29 ივლისს ჩატარებული გასაუბრების შედეგების მიხედვით გასცა. 29 ივლისის ოქმის შედგენა კი კომისიას მხედველობიდან გამორჩა. 10 აგვისტოს სხდომის მონაწილე 8 წევრთაგან, მხოლოდ 4 წევრი ესწრებოდა 29 ივლისს ჩატარებულ გასაუბრებას, ამდენად, სათანადო კვორუმის არარსებობის გამო, კომისია უფლებამოსილი არ იყო ნ. ო.-ის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი განეხილა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არამართლზომიერად შედგენილ ოქმს ეფუძნებოდა, რის გამოც სადავო ბრძანება უნდა გაუქმებულიყო. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ, იგი ერთი თვით ადრე არ გაუფრთხილებიათ, რის გამოც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ვალდებული იყო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელფასი გადაეხადა მისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.05წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ო.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ო.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.06წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ო.-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.05წ. გადაწყვეტილება და ნ. ო.-ის სარჩელი ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.06წ. განჩინება 24.05.06წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.05წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.07.06წ. განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ო.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.08.05წ. ¹54/კს ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და დაევალა მოპასუხეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელე ნ. ო.-თვის 2005 წლის 10 აგვისტოდან 2006 წლის 1 აპრილამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ იქნა გამოკვლეული რიგი გარემოებები, კერძოდ: ჰყავდა თუ არა კონკურენტი ნ. ო.-ს, როგორი შეფასება მიიღო ნ. ო.-მ კონკურისის პირველ ორ ეტაპზე, გასაუბრების ეტაპზე კომისიის წევრთა ქვორუმის არსებობა, არ გარკვეულა თუ რა შეაჯამა კომისიამ, მხოლოდ კონკურსის თუ ასევე ატესტაციის შედეგებიც. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად შიდა სამართლებრივი ექსპერტიზის მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, აღნიშნული ნორმის თანახმად დროებით მოვალეობის შემსრულებელი რჩება დაკავებულ თანამდებობაზე იმ დრომდე, სანამ იგი არ შეივსება კონკურსის წესით. საკონკურსო-საატესტაციო სხდომის ოქმის თანახმად დასტურდება, რომ ...-ის შიდა სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი სპექციალისტის 2 თანამდებობა დარჩა ვაკანტური. სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი აქტის გამოცემისას გარკვევას საჭიროებდა საქმის ზემოაღნიშნული გარემოებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.07წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.08.05წ. ¹54/კს ბრძანება მოსარჩელე ნ. ო.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად და მის მიმართ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისათვის დადგენილი ნორმები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით,Yსაკონკურსო- საატესტაციო კომისია იქმნება ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნისა და ფუნქციების განსახორციელებლად. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის (კანონით დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი) შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ, ამ უკანასკნელის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებით. კომისიის რეკომენდაციით, ადმინისტრაციული ორგანოს (ხელმძღვანელის) გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეზღუდული და იგი უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ატესტირებული მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არსებობს მხარის გადაუდებელი ინტერესი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით (10.08.05წ. მოქმედი რედაქცია) და შრომის კანონთა კოდექსით (10.08.05წ. მოქმედი რედაქცია) მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცილდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს და განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძვლით მიიჩნია, რომ საკონკურსო ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.08.05წ. ¹54/კს ბრძანება მოსარჩელე ნ. ო.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი განაცდური. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო ნ. ო.-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და მისი მოთხოვნის გათვალისწინებით ანაზღაურებოდა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდისათვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 2006 წლის 1 აპრილამდე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 02.11.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.08.05წ. ¹54კ/ს §94-ე ბრძანებით. ამ ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი გახდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 10.08.05წ. ¹29 ოქმი, რომლითაც ნ. ო.-ი არ იქნა წარდგენილი სამინისტროს ...-ს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსანტის მიმართ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კანდიდატი შეეფერებოდა შესაბამის თანამდებობას. მოსარჩელე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული იყო მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრული ვადით, კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე. შესაბამისად, კონკურსის შედეგების გამოცხადებისთანავე ამოიწურა მისი უფლებამოსილების ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდებოდა გამარჯვებულად, ამ ვითარებაშიც მოხდებოდა მისი გათავისუფლება მოვალეობის შესრულებისაგან და დაინიშნებოდა შესაბამის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სამსახურიდან იმ პირის გათავისუფლების შესაძლებლობას, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული. ამ მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად თანამდებობაზე გარკვეული ვადით არჩეული ან დანიშნული პირი არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი ახალი ვადით იქნა არჩეული ან დანიშნული იმავე თანამდებობაზე. ნ. ო.-ი ახალი ვადით არ დანიშნულა თანამდებობაზე და ამდენად, მისი გათავისუფლების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა. კასატორის მოსაზრებით, გარდა მითითებული გარემოებებისა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლი (სამსახურიდან გათავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო). აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტების შესაბამისად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე ან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო. მოცემულ შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 10.08.05წ. ¹29 ოქმში მითითებულია, რომ ...-ს მთავარი სპეციალისტის თანამდებობა რჩება ვაკანტური, ანუ ოქმის მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ნ. ო.-ი არ იქნა მიჩნეული ამ თანამდებობაზე შესაფერის კანდიდატად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.08.05წ. ¹54კ/ს §94-ე ბრძანებაში არ იყო მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლი, ეს ნორმა იგულისხმებოდა ამ ბრძანების გამოცემის საფუძვლად, ვინაიდან ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრძანება გამოცემულია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 10.08.05წ. ¹29 ოქმის საფუძველზე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული გარემოებები და არასწორად არის განმარტებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლი, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.11.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.07წ. განჩინებაზე 03.12.07წ. მოსაზრება წარმოადგინა ნ. ო.-მ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან მოპასუხის იმავე შინაარსის საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ერთხელ უკვე განიხილა და 19.07.06წ. განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.