16 ნოემბერი 2023 წელი
№ას-970-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ს.ს. „ე.ჰ–ბი“, მ.ტ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ი.თ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ მორალური ზიანის დაკისრება, საექიმო საქმიანობის უფლების (ლიცენზიის) შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.თ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ს.ს. „ე.ჰ–ბის“ და მ.ტ–ძის მიმართ და მოითხოვა:
1.1. მორალური ზიანის, 10 000 ლარის, მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.
1.2. მ.ტ–ძისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 წლის ვადით შეჩერება.
2. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა, მ.ტ–ძისთვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 წლით შეჩერების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სხვა ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:
5.1. 2018 წლის 16 ოქტომბერს ქ. ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარჩელეს დაეჯახა ავტომობილი. შეჯახების შედეგად, მოსარჩელემ მიიღო ტრავმები და დაკარგა გონება. იგი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ბორჯომის „ჯ.ჰ–ის“ კლინიკაში (შეყვანის დრო - 12:18 სთ), ხოლო იმავე დღეს, მოგვიანებით, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ს.ს. "ს.კ.ე.ტ.ჰ–ში" მიიყვანა (შეყვანის დრო -19:50 სთ), ამ დროს პაციენტი კვლავ უგონოდ იყო. მოსარჩელეს დაესვა შემდეგი დიაგნოზი: პოლიტრავმა, ეპიდორული სისხლჩაქცევა, ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემატომა, თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, დიდი წვივის დიაფიზის მოტეხილობა, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი.
5.2. ანამნეზითა და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტი მიიყვანეს ქ. ბორჯომში „ჯ.ჰ–ის“ კლინიკაში 2018 წლის 16 ოქტომბერს 12:18 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმით (ქვეითს დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი). შეყვანისას კომა ,,GCS5" ქულა, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, კვლევების საფუძველზე დაესვა დიაგნოზი, გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, შემდგომი კვლევებისა და მკურნალობის მიზნით, გადაიყვანეს თბილისში სამედიცინო კლინიკაში, სადაც - შესვლისას ნევროლოგიურად სრულყოფილად ვერ შეფასდა მიმდინარე სედაციის გამო, გუგები იყო მიოზური, თანაბარი, ფოტორეაქცია დუნე. ინტუბირებული იყო ოროტრაქეალურად, ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე პორტატული აპარატით, ვენტილაცია გაგრძელდა ,,SIMV/PC" რეჟიმში, სასტარტო პარამეტრებით. კანი იყო მშრალი, ხორბლისფერი, სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორიაციები, შუბლის არეში გაკერილი ნახეთქი ჭრილობა, კათეტერიზებული იყო მარჯვენა ლავიწქვეშა ვენა. ,,Pulmo" - ტარდებოდა ორმხრივ, თანაბრად, ქვემო წილებში შესუსტებული, ,,SpO2"-100%, ,,HR"-105“, ,,NIBP"-68/38mmHg, მუცელი შებერილი, ნ/პ არ მოისმინებოდა. შარდვა კათეტერით, შარდი შემღვრეული, ჩალისფერი. არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო, დაწყებული იყო ჰემოდინამიკური მხარდაჭერა ნორადრენალინით. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, პოლიტრავმის რეჟიმში ჩატარებული ,,CT" კვლევით დგინდებოდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, ორმხრივ შუბლის წილში კონტუზიის და სუბარაქნოიდული ჰემორაგიის მცირე უბნები, სუბარაქნოიდული ჰემორაგიის მცირე უბნები ორმხრივ თხემის წილებში და მარჯვნივ საფეთქლის წილშიც. ორმხრივ პლევრებში ვლინდებოდა მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხე, კეროვან ინფილტრაციული ცვლილებები ფილტვებში არ ისახებოდა. მარცხნივ მე-4, მე-5 ნეკნებზე მოტორული არტეფაქტების ფონზე არამკაფიოდ დიფერენცირდებოდა მოტეხილობები აქსილარულ ხაზზე. ღვიძლის ირგვლივ ვლინდებოდა მცირე ოდენობის გამონაჟონი, მარჯვნივ თეძოს ძვალზე, ბოქვენის ძვალზე, საჯდომის ძვალსა და გავის ძვალზე გავა-თეძოს შესახსრებასთან ისახებოდა მრავლობითი მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომილებით. მცირე მენჯსა და რეტროპერიტონეალურ სივრცეში, აგრეთვე რბილ ქსოვილებში ისახებოდა მომატებული სიმკვრივის გამონაჟონი. რენტგენოლოგიური კვლევით გამოვლინდა მარჯვენა ბოქვენისა და საჯდომის ძვლის მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა თეძოს ფრთის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბოქვენის ძვლის მოტეხილობა, დამაკმაყოფილებელი დგომით.
,,FAST" კვლევით ორმხრივ პლევრაში გამონაჟონი არ ფიქსირდებოდა, მცირე მენჯის ღრუში აღინიშნებოდა მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხე, ლაბორატორიულად ანემია, HGB-78g/L, ლეიკოციტოზი, WBC-17 10 9/L. ზოგადი ქირურგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაციით დაესვა დიაგნოზი: პოლიტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ჰემოპერიტონეუმი, ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-სარქვლის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა-დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, კანქვეშა ჰემატომა და ნახეთქი ჭრილობა შუბლის არეში, მარცხენა წვივის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ბოქვენისა და საჯდომი ძვლების მოტეხილობა, მარცხენა მტევნის დაჟეჟილობა. საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციულ მკურნალობას - ჰემოპერიტონეუმის ლიკვიდაციას, დაზიანებული სტრუქტურების აღდგენას ან ამოკვეთას, ზოგადი მდგომარეობის დასტაბილურების შემდგომ - წვივის ძვლების მოტეხილობის ფიქსაციას.
5.3. პაციენტს, სასიცოცხლო ჩვენებით, მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმული დაზიანებისა და ჰემოპერიტონეუმის არსებობის გამო, 2018 წლის 16 ოქტომბერს 22:45 საათზე და 2018 წლის 17 ოქტომბერს 01:50 საათზე გაუკეთდა ოპერაცია: ლაპაროტომია, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის გაკერვა მსხვილი ნაწლავის დესოროზებული უბნების გაკერვა, პერიტონეალური სივრცის დრენირება, მუცლის ღრუს სანაცია დრენირება - ზოგადი ანესთეზიით. ოპერაციის მსვლელობის დროს, სელსეივერის (სპეციალური აპარატურა საკუთარი სისხლის რეინფუზიისთვის) დახმარებით, მოხდა მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლის (დაახლოებით 1200 მლ-მდე რაოდენობით) რეინფუზია, ვინაიდან ტექნიკურად შესაძლებელი იყო აღნიშნული სისხლის შეგროვება და პაციენტისათვის გადასხმა.
პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობდა მძიმედ, სიმძიმეს განაპირობებდა შოკი, გამოწვეული მრავლობითი ტრავმით და სისხლის მასიური დანაკარგით, რასაც ადასტურებდა კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები და რის გამოც საჭირო გახდა სასიცოცხლო ჩვენებებით ჰემოტრანსფუზია. კერძოდ, ოპერაციის დასრულების შემდგომ სისხლის საერთო ანალიზის თანახმად, არტერიულ სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელი იყო 4.6 გ/დლ, მომატებული იყო ლაქტატის მაჩვენებელი (>5), რაც არასტაბილურ ჰემოდინამიკურ მაჩვენებელთან ერთად ადასტურებდა შოკს. ვინაიდან მოცემულ ეტაპზე პაციენტის წარმომადგენლის (შვილის) მიერ გაცხადებული იყო წერილობითი უარი სისხლის გადასხმაზე, შესაბამისად, აღნიშნული ჩარევისაგან იმ ეტაპზე თავი იქნა შეკავებული.
5.4. 2018 წლის 17 ოქტომბერს 03:10 საათზე განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ვენურ სისხლში ჰემოგლობინი იყო 70გ/ლ, არტერიულ სისხლში იყო 5.6 გ/დლ ჰემოგლობინის მაჩვენებელი.
5.5. 2018 წლის 17 ოქტომბერს 07:00 საათზე ჩატარებული კვლევის თანახმად - ჰემოგლობინი ვენურ სისხლში იყო 70გ/ლ, არტერიულ სისხლში - 5.2 გ/დლ. ასევე, გაღრმავდა შოკი, რაზეც მეტყველებდა მომატებული ლაქტატის მაჩვენებელი.
5.6. 2018 წლის 17 ოქტომბერს, 13:16 საათზე ვენურ სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელმა დაიკლო 70 გ/ლ-იდან 5.9 გ/ლ-მდე. ვინაიდან აღნიშნული მაჩვენებელი იყო კრიტიკულად დაბალი, გაიმართა კონსილიუმი, მულტიპროფილურ ექიმთა მონაწილეობით. „კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასიცოცხლო ჩვენებით (HGB-60g/l), გაკეთდა თანამოსახელე ერით მასის ტრანსფუზია. მკურნალობა გაგრძელდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. გაგრძელდა მონიტორინგი, რესპირატორული და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, ანტიმიკრობული, გასტროპროტექციული სიმპტომური მკურნალობა, ,,ABGEL" კორექცია, მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, განპირობებული მრავლობითი ტრავმით, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკით, რჩებოდა ანემია, ჰემოგლობინის მაჩვენებლის კლებადი დინამიკით, ჰემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის საჭიროებდა ადრენომიმეტურ მხარდაჭერას.
პაციენტის მეუღლემ, რელიგიური მოსაზრებით უარი განაცხადა სისხლის პრეპარატების გადასხმაზე, თუმცა პაციენტის დისგან მიღებული იქნა წერილობითი თანხმობა. კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასიცოცხლო ჩვენებით (HGB- 60g/L) გაკეთდა თანამოსახელე ერითროციტული მასის ტრანსფუზია, თორაკოქირურგისა და კარდიოლოგის კონსულტაციისას, დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, გიდ. არტ. ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა II (NYAHA), გამონაჟონი პერიკარდიუმში, ქვემო კიდურების დუპლექსსკანირებით სისხლძარღვები გამავალი, მაგისტრალური ტიპის ნაკადი ფიქსირდებოდა ტერფის დორსალურ არტერიაზე.
2018 წლის 18 ოქტომბრის თავის ტვინის საკონტროლო ,,CT" კვლევით ორივე ჰემისფეროს შუბლის წილში ვლინდებოდა მცირე ზომის, ნაწილობრივ ლიზირებული ჰემორაგიული კონტუზიური უბნები, რჩებოდა მცირე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ვრცელი დისჰემიური უბანი მარჯვნივ პარაკოლოზურად და პარასაგიტალურად, თხემის წილში გავრცელებით, შუბლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. ნევროლოგის და ნეოროქირურგის კონსულტაციის მიხედვით, ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებდა, დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი.
მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, განპირობებული პოლიტრავმით და ტრავმულ-ჰემორაგიული შოკით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკურ მხარდაჭერაზე ნორადრენალინით, ლაბორატორიულად რჩებოდა ანემია, (HGB-72g/L), რის გამოც, შოკის გათვალისწინებით, წინასაოპერაციო მომზადების მიზნით 2018 წლის 20 ოქტომბერს კვლავ გაუკეთდა ჰემოტრანსფუზია, აღნიშნულზე კვლავ იქნა მიღებული წერილობითი თანხმობა პაციენტის დისგან.
2018 წლის 21 ოქტომბერს, 15:30-17:30 საათზე პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია: მარცხენა წვივის მოტეხილობის გარეგანი ფიქსაცია. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დასტაბილურდა, რესპირატორული პარამეტრების გამარტივების შემდგომ 2018 წლის 14 ნოემბერს, 16:00 საათზე პაციენტი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, წვივის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტი, რის გამოც, 2019 წლის 10 იანვარს, 15:40 -19:40 საათზე გაუკეთდა ოპერაცია - მარცხენა გასტროკნემიუსის მედიალური ფეხის ტრანსპოზიცია, ზოგადი ანესთეზიით. 2019 წლის 15 იანვარს პაციენტს აღენიშნა გენერალიზებული გულყრა, რომელიც აღმოიფხვრა რელანიუმით, ნევროლოგთან შეთანხმებით დაწყებული იქნა ავტიკონვულსიური თერაპია - კარბამაზეპინი 600 მგ, კონვულსის ეპიზოდი აღარ განმეორებულა. მდგომარეობა რჩებოდა სტაბილური, კონტაქტური იყო, არ შეცვლილა აფაზია, დისფაგია, იოლი მარცხენა ჰემიპარეზი, სუნთქვა სპონტანური, ტრაქეოსტომული მილით, ჟანგბადის 3ლ“ მიწოდების ფონზე კომპენსირებული, ტრაქეის დეკანულაცია მოცემულ ეტაპზე ვერ ხერხდებოდა ასპირაციის მაღალი რისკის გათვალისწინებით, RR-18, Pulmo - ქვემო ველები შესუსტებული, SpO2- 100%, HR-90, T/A-110/60mmHg. მუცელი რბილი, კვება ზონდით, დიურეზი ადეკვატური, t-36.8C, ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებში. 2019 წლის 24 იანვარს 16:00 საათზე პაციენტი პატრონების მოთხოვნით და მათივე ხელმოწერის საფუძველზე, გაეწერა კლინიკიდან.
5.7. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1995 წლიდან იეჰოვას მოწმეების მიმდევარი ქრისტიანია. ამ რელიგიით იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაწესია, რომ ისინი უნდა მოერიდონ სხვისი სისხლის მიღებას, მათ შორის - სისხლის გადასხმას, რასაც მოსარჩელე იზიარებდა და იზიარებს.
5.8. 2016 წლის 20 ივლისს მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი იქნა ე.წ. „ნების გამოვლენა და მინდობილობა სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ“, აღნიშნული წერილობითი ბარათის მიხედვით, დოკუმენტის ხელმომწერი დოკუმენტის შევსებით გამოხატავს ნებას სამედიცინო მომსახურების და უგონო მდგომარეობაში აღმოჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანდობს თავის წარმომადგენელს. ბარათის მე-2 პუნქტში მითითებულია შემდეგი: „მე ვარ იეჰოვას მოწმე და მოვითხოვ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ გადამისხან მთლიანი სისხლი ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები ან სისხლის პლაზმა. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სამედიცინო მომსახურების გამწევი თვლის, რომ საფრთხეშია ჩემი სიცოცხლე. უარს ვამბობ საკუთარი სისხლის წინასწარ შეგროვებასა და შენახვაზე მოგვიანებით გადასხმის მიზნით“. მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ: „არავის (მათ შორის ჩემს წარმომადგენელს) არა აქვს უფლება, უგულებელყოს ამ დოკუმენტში გამოხატული ჩემი ნება ან მის საპირისპიროდ იმოქმედოს. ოჯახის წევრებს, ნათესავებს ან მეგობრებს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ ახდენს გავლენას ჩემს მტკიცე პოზიციაზე, რომელიც ეხება სისხლის გადასხმას და მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მითითებებს“. მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ: „გარდა ზემოხსენებულისა, ამ დოკუმენტით პირს, რომლის მონაცემებიც ქვემოთ არის მოყვანილი, ვანდობ ჩემს წარმომადგენლად ყოფნის უფლებას, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები ჩემთვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ, მას აქვს სრული უფლებამოსილება, ჩემ მაგივრად თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე (მათ შორის - ხელოვნური გზით მიწოდებულ საკვებ ნივთიერებებზე და სითხეებზე), გაესაუბროს ჩემს ექიმებს, მოითხოვოს სამედიცინო ჩანაწერების ასლები და მიმართოს სამართლებრივ ზომებს ჩემი უფლებების დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ჩემს პირველ წარმომადგენელთან დაკავშირება ან მას არ შეუძლია ან არ სურს ჩემი ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ზემოხსენებულ უფლებამოსილებას ვანიჭებ ქვემოთ მითითებულ მეორე წარმომადგენელს“.
5.9. ბარათი ორგვერდიანი ოთხად მოსაკეცი ბლანკია, სადაც ტექსტი დაბეჭდილია. ბლანკში მოცემულია ცარიელი ადგილები რომელიც ბლანკის ხელმომწერის მიერ ან უნდა შეივსოს ხელით, ან - არა. ბლანკის 1-5 პუნქტები უკვე დაბეჭდილი სახით არის ბლანკში, მის შემვსებს მოეთხოვება მიუთითოს საკუთარი სახელი, გვარი, შეიტანოს ინფორმაცია მიღებული მედიკამენტების და იმჟამად არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის (პრობლემების) და სასურველი მკურნალობის მეთოდის შესახებ, მიუთითოს საკუთარი მისამართი და ხელი მოაწეროს ბლანკს. ბლანკი მოიცავს დაბეჭდილი სახით შემდეგ ტექსტსაც „მოწმეთა განცხადება: ვადასტურებ, რომ პირმა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, ეს გააკეთა ჩემი თანდასწრებით, გაცნობიერებულად, იძულების, მოტყუების ან სხვა სახის ზეგავლენის გარეშე. ვარ სრულწლოვანი, მე არ ვარ წარმომადგენელი, რომელიც ნდობით არის აღჭურვილი ამ დოკუმენტის მიხედვით“, შემდეგ ხელით ჩაწერილია ორი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.
5.10. პირველი გადაუდებელი ოპერაცია მოსარჩელეს 2018 წლის 17 ოქტომბერს გაუკეთდა მოსარჩელის ნათესავების მიერ კლინიკისათვის პაციენტის აღმსარებლობისა და მკურნალობის კონკრეტული მეთოდის (არა სისხლი) აკრძალვის შესახებ მიწოდებული ზეპირი ინფორმაციისა და ბარათის გათვალისწინებით, რასაც მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდიდა და მიიჩნევდა, რომ სამედიცინო მომსახურება გაეწია აღმსარებლობის პატივისცემით.
5.11. მოგვიანებით, 2018 წლის 17 ოქტომბერს, 13:16 საათზე, ვენურ სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელმა დაიკლო 70 გ/ლ-იდან 59 გ/ლ-მდე. ვინაიდან ეს მაჩვენებელი იყო კრიტიკულად დაბალი, გაიმართა კონსილიუმი, მულტიპროფილურ ექიმთა მონაწილეობით. კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასიცოცხლო ჩვენებით (HGB-60g/l), გაკეთდა თანამოსახელე ერითროციტული მასის ტრანსფუზია. დადგენილი იყო, რომ ერითრომასის პაციენტისათვის გადასხმაზე წერილობითი ფორმით თანხმობა გაცხადებული იქნა პაციენტის ნათესავის - ი.ა–ის მიერ. მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოსარჩელის ინტერვიუდან გამომდინარე, მან სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, მოგვიანებით შეიტყო სისხლის კომპონენტების მკურნალობის პროცესში გამოყენების შესახებ, რამაც სულიერი ტრავმა მიაყენა.
5.12. პაციენტისათვის თანამოსახელე ერითროციტული მასის ტრანსფუზია წარმოადგენდა სასიცოცხლო ჩვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანემიის და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების მწვავე დეფიციტის გამო, განვითარებულ შეუქცევად ცვლილებებს შესაძლებელია გამოეწვია ავადმყოფის სიკვდილი. მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სისხლის გადაუსხმელობა პაციენტისათვის იქნებოდა ფატალური. მოსარჩელის განმარტებით, პაციენტს სისხლის გადასხმით მკურნალობის მიმართ წინასწარ ჰქონდა ნება გამოვლენილი და წინააღმდეგი იყო, სამედიცინო მანიპულაციის. შესაბამისად, მიუხედავად შედეგისა, მოსარჩელისთვის სისხლი არ უნდა გადაესხათ.
5.13. სააპელაციო პალატის განმარტებით, დავა შეეხება სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისთვის სისხლის გადასხმის მართებულობას იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი ამგვარ სამედიცინო ჩარევაზე საკუთარი რწმენიდან გამომდინარე აცხადებს უარს. მოსარჩელემ სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის მიმართ აღძრული სარჩელით მოითხოვა სამედიცინო ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მკურნალობის პროცესში მისი უფლებების დარღვევისათვის, კერძოდ, მისი აღმსარებლობისა და მის მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრული მკურნალობის არასასურველი მეთოდის გამოყენებისათვის, რამაც მორალური ზიანი და სულიერი ტანჯვა მიაყენა.
5.14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში უგონოდ შეიყვანეს. პალატამ მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევა სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში მისი ჩართვა დასაშვებია, მხოლოდ პაციენტის მიერ წარსულში (როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი) განცხადებული ნების გათვალისწინებით, ხოლო ასეთი ნების არარსებობისას – პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით. დასახელებული მუხლის მიხედვით, ასეთი ნების გამოვლენა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 50-ე მუხლისა (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). შესაბამისად, ნების გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, იყოს ნამდვილი და არ არსებობდეს მისი ბათილობის საფუძველი.
5.15. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 20 ივლისის ხელწერილი, სადაც მოსარჩელემ წინასწარ დააფიქსირა ნება სისხლის გადასხმის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი ზემოხსენებული დოკუმენტი თარიღდება 2016 წლის 20 ივლისით, როდესაც მოსარჩელეს სამედიცინო მომსახურება არ მიუღია. აღნიშნული ხელწერილი - ნების გამოვლენა განპირობებული იყო მისი მრწამსით, ხოლო რელიგიის უფლება პირისთვის კონსტიტუციით დაცული უფლებაა. განსახილველ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ სამედიცინო დაწესებულება ინფორმირებული იყო მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების შესახებ, ვინაიდან თავდაპირველად კლინიკაში შეყვანისას უარის გამო, სისხლის გადასხმისგან თავი შეიკავეს ექიმებმა.
5.16. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, 2016 წლის 20 ივლისის ხელწერილში ნათლად და გარკვევით იკითხება პაციენტის ნება, რომ წინააღმდეგია სისხლის გადასხმაზე და ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სამედიცინო მომსახურების გამწევი მიიჩნევს, რომ საფრთხეშია მისი სიცოცხლე. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უარი მოსარჩელეს იმდენად ცალსახად ჰქონდა გამოხატული, რომ არავის არ აძლევდა უფლებას, უგულებელეყო მისი ნების საწინააღმდეგო თანხმობის გაცემა. პაციენტს მითითებული აქვს, რომ ოჯახის წევრებს, ნათესავებს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ეს მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული ხელწერილი შედგენილია მარტივი წერილობითი ფორმით, ნების გამოვლენა დაადასტურა თავად მოსარჩელემ. შესაბამისად, სხვა რაიმე სახით მისი ნამდვილობის დადასტურება, მათ შორის - სანოტარო ფორმა, არ შეიძლება სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნილიყო. პალატის მოსაზრებით, ასევე არ დასტურდებოდა ისეთი გარემოებები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობას. აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებდა არც მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი და საქმეში არსებული მტკიცებულებები.
5.17. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე იყო პაციენტის (მოსარჩელის) ინფორმირებული თანხმობა და მისი ფარგლები სამედიცინო მომსახურების მიღების კონკრეტული მეთოდების მიმართ, სისხლის გადასხმა კი, ცალსახად სცდება აღნიშნულ ფარგლებს, არღვევს პირის რელიგიურ უფლებებს და ღირსებას, ვლინდებოდა მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. პალატამ ასანაზღაურებელი მორალური ზიანის გონივრულ ოდენობად კონკრეტულ შემთხვევაში 1000 ლარი მიიჩნია.
5.18. სააპელაციო საჩივრით დავის საგანი იყო ასევე მოპასუხე მ.ტ–ძისთვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება 3 წლის ვადით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დასკვნა და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ ვლინდებოდა. პალატის განმარტებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია: ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება. განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოსარჩელის მიერ მითითებული ვადით შეჩერების არცერთი საფუძველი. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება საქმიანობის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, ვინაიდან არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი რეგულირების სააგენტო, რომელიც იხილავს საკითხს, სწავლობს სამედიცინო ისტორიას და დებს დასკვნას, ხოლო დასკვნის შედგენამდე ხდება აღნიშნული საკითხის სპეციალისტების მიერ შესწავლა, რომელიც უფრო ღრმა კვლევას მოიცავს და ამასთან ექიმსაც აძლევს შესაძლებლობას ამ პროცესში მოახდინოს თავისი უფლებების დაცვა, რომელიც შემდგომში საჩივრდება ადმინისტრაციული წესით. შესაბამისად სამოქალაქო წესით აღნიშნული საკითხი ვერ განიხილებოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. პაციენტის ნების გამოვლენის ნამდვილობა მცირე ეჭვსაც კი არ უნდა იწვევდეს, უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული და არაორაზროვანი, უნდა დგინდებოდეს, რომ ადამიანს, რომელმაც ამგვარი ნება გამოხატა, გადაწყვეტილების მიღების მომენტში გონივრული განსჯა შეეძლო შესაბამისი ექიმის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების შემდეგ. ამასთან, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთ პერიოდში მიღებული, რომ არ იყოს მოსალოდნელი გამოვლენილი ნების შეცვლა, თუნდაც გარკვეული გარემოებებისა და ადამიანის მსოფლმხედველობის შეცვლის გამო. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ექიმი და სამედიცინო დაწესებულება ისეთი შედეგის წინაშე აღმოჩნდეს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია, რადგან გარდაცვლილი ადამიანისათვის სიცოცხლის დაბრუნებას ვერც ექიმი და ვერც სამედიცინო დაწესებულება ვერ შეძლებს. სისხლის გადასხმისას, შესაძლოა პაციენტი გარკვეული ინფექციით დაინფიცირდეს, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია, ხოლო გადაუსხმელობისას სიკვდილის თავიდან აცილება - შეუძლებელი.
6.2. მესამე პირი, მათ შორის - პაციენტის ნათესავი არ არის უფლებამოსილი, გამოხატოს ნება უგონო/კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პირის მკურნალობის ისეთი მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით, მათ შორის მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ, რაც უგონო/კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიკვდილს გამოიწვევს ან სიკვდილის საფრთხეს შექმნის.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიზანია, დავის შემთხვევაში, გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდა მხარეს ნების გამოვლენის მომენტისათვის. ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს კანონში მითითებული სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა - გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. ყურადსაღებია, რომ მოსარჩელემ ბარათზე ხელმოწერით ნება გამოავლინა 2016 წელს, როდესაც ბლანკზე მოაწერა ხელი, რომლის დაბეჭდილი დებულებების შეცვლა მას არ შეეძლო მკაცრი ინსტრუქციიდან გამომდინარე. მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს, 2018 წელს, იგი უგონოდ იყო, მისი ნების გამოვლენიდან გასული იყო თითქმის 2 წელი და ამასთან, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა მას არ შეეძლო.
6.4. სამედიცინო დაწესებულებისათვის წარდგენილი ბარათით პაციენტის გაცნობიერებული ნების გამოვლენის დადგენა შეუძლებელი იყო. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ადამიანმა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გააგრძელოს სიცოცხლე თუ არა, თუნდაც სიცოცხლის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ მანამდე ჰქონდეს გამოვლენილი ნება.
6.5. ყურადსაღებია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება სიკვდილის უფლებას არ მოიცავს, ანუ პაციენტს უფლება არ აქვს, სხვა პირი, მათ შორის - ექიმი სიცოცხლის მოსასპობად გამოიყენოს.
6.6. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და მის მიმართ პალიატიური ან ჰოსპისური მზრუნველობის შესახებ, თუ მითითებული გარემოება გამოწვეულია: ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას. აღნიშნული ნორმის შინაარსი მოიცავს ისეთ შემთხვევას, როდესაც პაციენტი სისხლის გადასხმაზე ან სხვა სამედიცინო მანიპულაციაზე უარს აცხადებს უშუალოდ ექიმის, ან სპეციალისტის წინაშე წერილობითი ფორმით, ანუ, როდესაც, პაციენტის მხრიდან ხდება პირდაპირი ფორმით ნების გამოვლენის დაფიქსირება და თან ამგვარი ნების გამოვლენას წინ უსწრებს სპეციალისტის/ექიმის მიერ შესაბამისი კონსულტაციის გაწევა ამ უარის სავარაუდო შედეგების შესახებ.
6.7. გაუთვიცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მკურნალობის პროცესში ერთვება ნათესავი. ამ კანონის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, პაციენტის ნათესავი არის - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონში საუბარია რიგითობაზე, რომელიც სპეციალური კანონით უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა ჯერჯერობით არ განსაზღვრულა. კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა და უნარი მიეღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება. ასევე, საეჭვო იყო, მკურნალობის ჩამტარებლისათვის ნამდვილად გამოავლინა თუ არა პაციენტმა ამგვარი ნება. პაციენტის უფლებების შესახებ კანონი პირდაპირ არ მიუთითებს როდესაც პაციენტს არ შესწევს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, აქვს თუ არა კონკრეტულად რომელიმე ნათესავს უპირატესი უფლება მიიღოს პაციენტის ნაცვლად გადაწყვეტილება მკურნალობის მეთოდის შერჩევასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, ასეთი გადაწყვეტილებით წყდება პაციენტის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი. კანონში მითითებაა ნათესავზე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მეუღლე, ისე შვილი, და ან ძმა და ა.შ.
6.8. სამედიცინო დაწესებულებამ, მანამ შესაძლებლობა ჰქონდა, სავარაუდო რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით, პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაუწია ალტერნატიული მეთოდით, რათა არ დარღვეულიყო მისი შესაძლო აღმსარებლობის უფლება, რაც სადავო არ გამხდარა. კლინიკამ გამოიყენა მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები, თუმცა პირველი ოპერაციის შემდგომ ისეთი მოცემულობა შეიქმნა, რომ პაციენტის ჰემოგლობინის მაჩვენებელი, დინამიკაში დავარდა იმ ნიშნულამდე, როდესაც უკვე საფრთხე დაემუქრა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის ჩვენებით გამოირკვა, რომ ერითროპოეტინით მკურნალობა ვერ იქნებოდა ეფექტური, ვინაიდან სისხლის აღდგენას ხანგრძლივი დრო სჭირდებოდა, ხოლო ადამიანის სისხლში ჟანგბადის სიმცირის გამო, შესაძლოა განვითარებულიყო სხვადასხვა დაზიანება, კერძოდ, გამოწვეულიყო თავის ტვინის ტრავმა ან სიკვდილი.
6.9. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 25.1, 25.2 და 25.3 მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ როდესაც აშკარაა, პაციენტის გარდაუვალი სიკვდილი ან პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რის გამოც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, იმოქმედოს პაციენტის ინტერესების შესაბამისად, თუ უგონო მდგომარეობამდე პაციენტი თვითონ არ გამოხატავს ნებას მკურნალობასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ნიშანდობლივია, რომ ჰოსპიტალიზაციის ყველა ეტაპზე პაციენტი შეფასდა სწორად, კლინიკური მართვისას, დაცული იქნა შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები. პაციენტისათვის თანამოსახელე ერითროციტული მასის ტრანსფუზია წარმოადგენდა სასიცოცხლო ჩვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანემიისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების მწვავე დეფიციტის გამო, განვითარებულ შეუქცევად ცვლილებებს შესაძლებელია გამოეწვია ავადმყოფის სიკვდილი. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელისათვის სისხლის გადასხმა წარმოადგენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იყო, ემოქმედა პაციენტის ინტერესების შესაბამისად და გადაერჩინა მისი სიცოცხლე.
6.10. შესაძლებელია ითქვას, რომ წამებად და არადამიანურ მოპყრობად შეიძლება შეფასებულიყო კლინიკის ექიმის ისეთი სცენარით მოქმედება, როგორსაც მოსარჩელე მხარე სთავაზობდა სასამართლოს, კერძოდ, მეორე ოპერაციამდე ერითროციტული მასის გადასხმის სანაცვლოდ, ექიმი დალოდებოდა პაციენტის მიერ ბუნებრივად სისხლის მოცულობის აღდგენას ალტერნატიული მედიკამენტის - ერითროპოეტინის გამოყენებით, მაშინ, როდესაც, მოტეხილი წვივი სპეციალისტის ჩვენებით ასევე იწვევს სისხლის დანაკარგს, ერითროპოეტინის ეფექტური შედეგი მცირე დროში არ მიიღწევა და, ამასთან, პაციენტი გონზე რომ ყოფილიყო, განიცდიდა ხანრგძლივ და ძლიერ ტკივილს.
6.11. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ წინამდებარე დავაში მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელის ინფორმირებული თანხმობის სამართლებრივი შედეგები და სისხლის გადასხმაზე გამოვლენილი ნების მართებულობა. სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, მოსარჩელისათვის სისხლის გადაუსხმელობა გამოიწვევდა თუ არა მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად დაზიანებას ან/და სიკვდილს. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 25.3 მუხლი და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის 45.3 მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების გამწევის ვალდებულებას, იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული უგონოდ მყოფი პაციენტისათვის სისხლის გადასხმის შესახებ მოპასუხეთა მიერ მიღებული სამედიცინო გადაწყვეტილების მართლზომიერება.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
11. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.
12. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე (პაციენტი) 1995 წლიდან არის იეჰოვას მოწმეთა მიმდევარი და თავისი აღმსარებლობის გათვალისწინებით, სისხლის ან/და მისი კომპონენტების გადასხმის წინააღმდეგია. აღნიშნულის თაობაზე 2016 წლის 20 ივლისს ხელმოწერილი აქვს ე.წ. „სამედიცინო დირექტივა/მითითება“ (სათაურით - „არავითარი სისხლი“), სადაც ასახულია ჰემოტრანსფუზიის წინააღმდეგობის თაობაზე მოსარჩელის პოზიცია და განკუთვნილია სწორედ ისეთი შემთხვევებისთვის, თუკი პაციენტი აღმოჩნდება უგონო მდგომარეობაში და ვერ შეძლებს თავისი გადაწყვეტილებისა და ნების შესახებ პირადად, სიტყვიერად აცნობოს ექიმს.
2018 წლის 16 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელემ მიიღო რა მძიმე დაზიანებები, იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებისთანავე, მეუღლემ და შვილებმა სამედიცინო პერსონალს აცნობეს უგონოდ მყოფი პაციენტის აღმსარებლობა და ჰემოტრანსფუზიის შესახებ პოზიცია, ამავდროულად, თავადაც განაცხადეს უარი პაციენტისათვის სისხლის გადასხმაზე, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერილობით.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებმა იცოდნენ პაციენტის რელიგიური მიმდევრობა და ჰემოტრანსფუზიის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით მისი წინასწარ წერილობით გამოვლენილი ნება, მათ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოსარჩელის დას ხელი მოაწერინეს სისხლის გადასხმის თანხმობის დოკუმენტს და, პაციენტის ნების უგულებელყოფით, მაინც გადაუსხეს ამ უკანასკნელს სისხლი, რამაც მოსარჩელეს ძლიერი სულიერი ტრავმა მიაყენა და მნიშვნელოვნად შეულახა როგორც ღირსება, ისე - რელიგიური მრწამსი.
მოსარჩელის მტკიცებით, იმ პირობებში, როდესაც, წინასწარ, წერილობით ჰქონდა ნება გამოვლენილი სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო სამედიცინო დაწესებულება და ექიმები, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებმა: მეუღლემ და შვილებმა, უარი განაცხადეს პაციენტისათვის სისხლის გადასხმაზე, ხოლო წერილობითი თანხმობა ჰემოტრანსფუზიაზე მოპოვებული იქნა ფსიქოლოგიური ზეწოლით პაციენტის დისგან (რომელიც არ იყო უფლებამოსილი მსგავსი თანხმობის გაცემაზე), ამასთან, რადგანაც რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, სისხლის გადასხმამ სულიერად მძიმე ტკივილი მიაყენა, იკვეთება მოპასუხეთათვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაეფუძნოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებს (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან; ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად) და 413-ე მუხლის პირველ ნაწილს (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით); ასევე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება), მე-8 მუხლის პირველ პუნქტს (სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა), მე-9 მუხლს (პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა..) მე-11 მუხლს (მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ პაციენტის მიერ წარსულში (როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი) განცხადებული ნების გათვალისწინებით, ხოლო ასეთი ნების არარსებობისას – პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით); „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ პუნქტს (კანონის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა) მე-10 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტს (პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების დარღვევით) და მე-15 მუხლს (პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა).
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნა შემდეგი არგუმენტაციით გამორიცხეს: როდესაც აშკარაა, პაციენტის გარდაუვალი სიკვდილი ან პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და, შესაბამისად, აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, იმოქმედოს პაციენტის ინტერესების შესაბამისად. ვინაიდან, უგონოდ მყოფი მოსარჩელისათვის, რომელსაც არ ძალუძდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, სისხლის გადასხმა წარმოადგენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იყო, ემოქმედა პაციენტის ინტერესის შესაბამისად და გადაერჩინა მისი სიცოცხლე.
მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ კლინიკაში წარმოდგენილი იქნა სისხლის გადასხმის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ხელით შევსებული ბარათი, რომელიც არ იყო დამოწმებული ნოტარიულად. აღნიშნული დოკუმენტით ვერ ხერხდებოდა იდენტიფიცირება მასზე ხელმომწერი პირი ნამდვილად იყო თუ არა მოსარჩელე, ასევე, მასში ასახული ინფორმაცია სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შესახებ იყო თუ არა პაციენტის რეალური ნება, შესაბამისად, ეს დოკუმენტი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, მითუმეტეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და კრიტიკული ანემიის, არასტაბილური ჰემოდინამიკის გათვალისწინებით, სასიცოცხლო ჩვენებით გადაუდებლად საჭიროებდა თანამოსახელე ერითროციტული მასის ტრანსფუზიას.
ამასთან, მოპასუხეთა მითითებით, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ მართალია, მოსარჩელის მეუღლემ და შვილებმა უარი განაცხადეს პაციენტისათვის სისხლის გადასხმაზე, თუმცა ჰემოტრანსფუზია ჩატარდა კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პაციენტის დისგან მიღებული წერილობითი თანხმობის შედეგად. მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გარემოებები კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხავს მათ პასუხისმგებლობას.
16. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, შესაფასებელია საკითხი, დაირღვა თუ არა მედპერსონალის მხრიდან პაციენტისათვის სისხლის გადასხმით ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების, თვითგამორკვევისა და ავტონომიის უფლება, რისთვისაც აუცილებელია, დადგინდეს ზღვარი პაციენტის ნების ავტონომიასა და ექიმის/სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის ვალდებულებას შორის.
პალატა განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ამოსავალი წერტილია, პაციენტის ავტონომიურ უფლებასა და გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ვალდებულებას შორის ბალანსის დაცვა. საგულისხმოა, თუ რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა მსგავსად კრიტიკულად მძიმე და გადაუდებელ შემთხვევაში, უგონოდ მყოფი პაციენტის წინასწარ, ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე გაცხადებულ ნებას (სისხლის გადასხმის წინააღმდეგობის თაობაზე), თუ - პაციენტის მკურნალი ექიმების დასკვნასა და მათ ერთობლივ რეკომენდაციას მისი სიცოცხლის გადარჩენის მოტივით ჰემოტრანსფუზიის აუცილებლობაზე. საკითხის დელიკატური და სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, მხედველობაშია მისაღები, როგორც სამართლებრივი, ისე - სამედიცინო და ეთიკური ასპექტები.
17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არც საკასაციო საჩივრითაა შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
17.1. მოსარჩელე 1995 წლიდან იეჰოვას მოწმეა. 2016 წლის 20 ივლისს მას ხელმოწერილი აქვს იეჰოვას მოწმეთათვის განკუთვნილი წერილობითი დოკუმენტი, სისხლის გადასხმის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. ბარათის მე-2 პუნქტში მითითებულია შემდეგი: „მე ვარ იეჰოვას მოწმე და მოვითხოვ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადამისხან მთლიანი სისხლი ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები ან სისხლის პლაზმა. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სამედიცინო მომსახურების გამწევი თვლის, რომ საფრთხეშია ჩემი სიცოცხლე. უარს ვამბობ საკუთარი სისხლის წინასწარ შეგროვებასა და შენახვაზე მოგვიანებით გადასხმის მიზნით“. მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ: „არავის (მათ შორის - ჩემს წარმომადგენელს) არ აქვს უფლება, უგულებელყოს ამ დოკუმენტში გამოხატული ჩემი ნება ამ მის საპირისპიროდ იმოქმედოს. ოჯახის წევრებს, ნათესავებს ან მეგობრებს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ ახდენს გავლენას ჩემს მტკიცე პოზიციაზე, რომელიც ეხება სისხლის გადასხმას და მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მითითებებს“. მე-5 პუნქტში აღნიშნულია: „გარდა ზემოხსენებულისა, ამ დოკუმენტით პირს, რომლის მონაცემებიც ქვემოთ არის მოყვანილი, ვანდობ ჩემს წარმომადგენლად ყოფნის უფლებას, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები ჩემთვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ, მას აქვს სრული უფლებამოსილება, ჩემ მაგივრად თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე (მათ შორის - ხელოვნური გზით მიწოდებულ საკვებ ნივთიერებებზე და სითხეებზე), გაესაუბროს ჩემს ექიმებს, მოითხოვოს სამედიცინო ჩანაწერების ასლები და მიმართოს სამართლებრივ ზომებს ჩემი უფლებების დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ჩემს პირველ წარმომადგენელთან დაკავშირება ან მას არ შეუძლია ან არ სურს ჩემი ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ზემოხსენებულ უფლებამოსილებას ვანიჭებ ქვემოთ მითითებულ მეორე წარმომადგენელს“.
17.2. 2018 წლის 16 ოქტომბერს ქ.ბორჯომში, მოსარჩელეს დაეჯახა ავტომობილი. შეჯახების შედეგად, მოსარჩელემ მიიღო მძიმე ტრავმები, დაკარგა გონება და დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ადგილობრივ საავადმყოფოში (შეყვანის დრო - 12:18 სთ). იმავე დღეს, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა (შეყვანის დრო - 19:50 სთ), ამ დროს პაციენტი კვლავ უგონოდ იყო. მოსარჩელეს დაესვა შემდეგი დიაგნოზი: პოლიტრავმა, ეპიდორული სისხლჩაქცევა, ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემატომა, თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, დიდი წვივის დიაფიზის მოტეხილობა, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი. პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, მას გაეწია გადაუდებელი დახმარება და ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობდა მძიმედ, რაც განპირობებული იყო მრავლობითი ტრავმით გამოწვეული შოკითა და სისხლის დიდი დანაკარგით (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1-5.6 პუნქტები).
17.3. პაციენტის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმთა კონსილიუმმა სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნია ჰემოტრანსფუზია. პაციენტის მეუღლემ და შვილებმა რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე უარი განაცხადეს სისხლის გადასხმაზე, პაციენტის დამ კი, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმეა, წერილობით ინფორმირებული თანხმობა განაცხადა ჰემოტრანსფუზიაზე.
17.4 პაციენტის დისგან გაცხადებული წერილობითი თანხმობის შემდეგ მოსარჩელეს ჰემოტრანსფუზია რამდენჯერმე ჩაუტარდა.
17.5 ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მოსარჩელის მდგომარეობა გაუმჯობესდა, დასტაბილურდა და იგი 2019 წლის 24 იანვარს, 16:00 საათზე გაეწერა კლინიკიდან.
17.6 მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. მას არც კლინიკიდან გაწერის დროს არ შეეძლო გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება.
17.7 ჰოსპიტალიზაციის ყველა ეტაპზე ექიმების მხრიდან პაციენტი შეფასებული იქნა სწორად. კლინიკური მართვისას დაცული იყო შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები. პაციენტისათვის თანამოსახელე ერითროციტული მასის ტრანსფუზია წარმოადგენდა სასიცოცხლო ჩვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანემიისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების მწვავე დეფიციტის გამო განვითარებულ შეუქცევად ცვლილებებს შესაძლებელია გამოეწვია ავადმყოფის სიკვდილი.
18. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების ან/და მის მიმართ პალიატიური მზრუნველობის ან ჰოსპისური მზრუნველობის განხორციელების შესახებ, თუ მითითებული გარემოება გამოწვეულია: ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25.3 მუხლის მიხედვით, თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების გამწევს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.
19. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის და ,,პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერი სახის სამედიცინო ჩარევაზე, გამონაკლისია განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებების განვითარების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისათვის სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელება. სხვა შემთხვევებში ავადმყოფმა თავად, საკუთარი შინაგანი (რელიგიური თუ არარელიგიური) რწმენის შესაბამისად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების მიზანშეწონილობის შესახებ. თვით ტერმინალურ (სიკვდილისწინა) სტადიაში მყოფ ქმედუნარიან, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ავადმყოფს უფლება აქვს უარი განაცხადოს სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე. უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში, თუ ავადმყოფს წინასწარ, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არ ჰქონია გაცხადებული თანხმობა ან უარი მკურნალობაზე, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მომაკვდავი ადამიანის ღირსების დაცვის მიზნით და პაციენტის პიროვნული შეხედულებების გათვალისწინებით თანხმობა ან უარი განაცხადოს მკურნალობაზე. იმავდროულად პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობის და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა (იხ. ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები" კონსტანტინე კუბლაშვილი, მეხუთე გამოცემა, ,,იურისტების სამყარო" 2020 წ. გვ. 163)
20. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.1 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს. ამავე კანონის 45.3. მუხლის მიხედვით, თუ არსებობს მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რის გამოც აუცილებელია მისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
21. „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს შეუძლებელია სათანადო თანხმობის მიღება, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა უნდა დაუყოვნებლივ ჩატარდეს პირის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო ჩარევისას პაციენტს არა აქვს უნარი გამოხატოს თავისი სურვილი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის მიერ ადრე გამოხატული ნება. თუმცა, საგულისხმოა, რომ დასახელებული კონვენციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნების მხედველობაში მიღება არ ნიშნავს, რომ იგი სავალდებულოა აღსასრულებლად (ი. გელაშვილი, გვ. 101, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 6/2023, „ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ” კონვენციის განმარტებითი ბარათი, ხელმისაწვდომია https://rm.coe. int/1680a8e4d0).
22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. დაუშვებელია, ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც, ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, თავისუფლებას იმისა, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით. რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხოლოდ იმ პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია, დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დაცულ სფეროში ექცევა ადამიანის პირადი ცხოვრების ასპექტი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ფართო სფეროს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს პირის პერსონალურ ავტონომიას, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია თავისუფლად წარმართოს თავისი პიროვნების განვითარება, დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან და გარესამყაროსთან (იხ. Evans v. the United Kingdom [GC], no. 6339/05, § 71, ECHR 2007-IV; Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, §§ 42-50, ECHR 2004-VIII; და Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მრავალი რელიგიის საერთო მახასიათებელია, რომ ისინი განსაზღვრავენ ქცევის დოქტრინალურ სტანდარტებს, რომლებიც მათმა მიმდევრებმა უნდა დაიცვან პირად ცხოვრებაში. რელიგიური წესები, რომლებიც არეგულირებს მიმდევრების ქცევას პირად ცხოვრებაში, მოიცავს, მაგალითად, საეკლესიო მსახურებებზე რეგულარულ დასწრებას, გარკვეული რიტუალების შესრულებას, როგორიცაა ზიარება ან აღსარება, რელიგიური დღესასწაულების დაცვა ან სამუშაოსგან თავის შეკავება კვირის კონკრეტულ დღეებში (იხ. Casimiro and Ferreira v. Luxembourg (განჩინება), no. 44888/98, 27 აპრილი 1999, და Konttinen v. Finland, no. 24949/94, კომისიის 1996 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება), სპეციალური ტანისამოსის ტარებას (იხ. Leyla Şahin v. Turkey [დიდი პალატა], no. 44774/98, § 78, ECHR 2005-XI, და Phull v. France (განჩინება), no. 35753/03, 11 იანვარი 2005), კვებით შეზღუდვებს (იხ. Cha'are Shalom Ve Tsedek v. France [დიდი პალატა], no. 27417/95, § 73, ECHR 2000-VII), და მრავალი სხვა.
იეჰოვას მოწმეებისთვის სისხლის გადასხმა წარმოადგენს რა, მათი რწმენისთვის მიუღებელ სამედიცინო პროცედურას, არის ზემოხსენებული ქცევის დოქტრინალური სტანდარტი, რასაც ისინი იცავენ პირად ცხოვრებაში, შესაბამისად, იგი ექცევა ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში.
23. პაციენტის (მოსარჩელის) პერსონალურ ავტონომიაში ჩარევის ლეგიტიმურობის შესამოწმებლად საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ საკითხებს: 1. საკითხის მაღალი ეთიკური და სენსიტიური სამართლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება დროის ფაქტორმა წარმოშვას ეჭვი ნების ვალიდურობასთან დაკავშირებით და, ასევე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ნების გამოვლენის ფორმას; 2. როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი უგონოდ მყოფი პაციენტის ნათესავების ან/და წარმომადგენელთა შორის აზრთა სხვადასხვაობის დროს.
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ვალიდურობაში სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის მხრიდან ეჭვის შეტანის საფუძველი.
24.1. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ჰემოტრანსფუზიის წინააღმდეგობის შესახებ ე.წ. „სამედიცინო დირექტივა“ ხელმოწერილია ავტოსაგზაო შემთხვევამდე (2018 წლის 16 ოქტომბრამდე) დაახლოებით 2 წლით ადრე - 2016 წლის 20 ივლისს, რა დროსაც, მოსარჩელე დაავადებული არ ყოფილა რაიმე განუკურნებელი, ან/და ისეთი დაავადებით, რომელიც აუცილებლად იწვევს მძიმე ინვალიდობას, ე.წ. „სამედიცინო დირექტივაზე“ ხელმოწერისას, მოსარჩელეს არ შეეძლო ევარაუდა, რომ ორი წლის შემდეგ ის სიცოცხლისათვის უკიდურესად საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რა დროსაც, სისხლის გადასხმაზე უარის თქმა მაღალი რისკის ქვეშ დააყენებდა მის სიცოცხლეს. როდესაც, ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით წყდება სიცოცხლის შენარჩუნების საკითხი, ალბათობა იმისა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე მეტი ვადით ადრე გამოვლენილი პაციენტის ნება იყოს განსხვავებული/შეცვლილი, მაღალია. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ გამოჯანმრთელების და შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადავო გახადა სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელებული ჰემოტრანსფუზია, არ მიუთითებს ვარაუდზე, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარის არსებობის და მოსალოდნელი შედეგების სათანადო განმარტების შემთხვევაშიც, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოსარჩელე გადაწყვეტილებას მიიღებდა სიცოცხლის შენარჩუნების საწინააღმდეგოდ.
საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ პირის რელიგიური შეხედულება ან/და აღმსარებლობიდან გამომდინარე წესები, რიტუალები თუ შეზღუდვები, შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს (საქმეში არსებული მასალების მიხედვით თავად მოსარჩელეც 1995 წლიდან არის არის იეჰოვას მოწმეთა მიმდევარი), შესაბამისად, შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე გამოვლენილი ნება ბუნებრივია, ვერ მიიჩნევა უპირობოდ ვალიდურად და საჭიროებს საქმის სხვა არსებით ფაქტორებთან შეჯერებასა და გულდასმით შემოწმებას.
ამ კუთხით, ყურადსაღებია, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ ევროპის საბჭოს ბიოეთიკის კომიტეტის მიერ შემუშავებული გზამკვლევი, რომლის მიხედვით, იმ ქვეყნებშიც კი სადაც წინასწარი ნების გამოვლენას სამართლებრივად სავალდებულო ძალა გააჩნია, არსებობს ფართო თანხმობა იმ კონკრეტული მიზეზების შესახებ, რომელიც ექიმს უფლებას აძლევს არ დაემორჩილოს, არ გაითვალისწინოს პაციენტის სურვილები. მაგალითად, როდესაც ასეთი ნება, სურვილი გამოხატულია ქმედუუნარობის დადგომამდე რამდენიმე წლით ადრე ან როდესაც ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან სამედიცინო პროგრესს წინასწარი დირექტივების შედგენის შემდეგ, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს მათ შინაარსზე (Guide on the decision-making process regarding medical treatment in end-of-life situations, p. 20, COE).
24.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აღნიშნული მუხლი ადგენს გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას, რომელსაც ბევრი მართლწესრიგი განამტკიცებს. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში. ეს კი, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს (falsa demonstratio non nocet), (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, გვ. 305).
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია, თუ რა პირობებში მოხდა მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა. ყურადსაღებია, რომ მოსარჩელის მიერ ნება გამოვლენილი იქნა ორი იეჰოვას მოწმის თანდასწრებით (რომლებიც არ იყვნენ ექიმები და შესაბამისად სათანადო განმარტებაც არ ჰქონდა მიღებული გამოვლენილი ნების შედეგებთან დაკავშირებით) და თანაც, ავტოსაგზაო შემთხვევამდე ორი წლით ადრე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ნების გამოვლენამდე მოსარჩელეს ექიმთან გავლილი ჰქონდა კონსულტაცია და სათანადოდ ინფორმირებული იყო კრიტიკულ, გადაუდებელ და საჭიროების შემთხვევაში სისხლის გადაუსხმელობის შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ევარაუდა მოსარჩელეს, რომ წლების შემდეგ იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და მისი გადარჩენისთვის აუცილებელი გახდებოდა სისხლის გადასხმა.
24.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ნება გამოვლენილია მარტივი წერილობითი ფორმით და, ამასთან, წინასწარ შედგენილ ნაბეჭდ ბლანკზე ხელმოწერით. ამ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პაციენტის უგონო მდგომარეობაში ყოფნის გამო, ექიმს კრიტიკულ მომენტში არ ძალუძდა იმის გამორკვევა, ნამდვილად იყო თუ არა ხსენებული ბარათი ხელმოწერილი პაციენტის მხრიდან, დადებით შემთხვევაში, კვლავ გააჩნდა თუ არა მას ბარათში გამოვლენილი ნება და ნების გამოვლენის დროს სათანადოდ განმარტებული ჰქონდა თუ არა მოსალოდნელი შედეგები. იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ყოველ წუთს, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პაციენტის სავარაუდო ნებასთან დაკავშირებით, თუ მისი გამორიცხვა სრულად ვერ ხერხდება, მცირედი ეჭვიც უნდა გადაწყდეს პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კრიტიკულ მომენტში, როდესაც ჰემოტრანსფუზიის გარეშე გარდაუვლად დადგებოდა პაციენტის გარდაცვალება, მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ექიმს ნაკლები ნდობა ჰქონოდა მარტივი წერილობითი ფორმით, წლების წინ შედგენილი დოკუმენტისადმი, რომლის შესაბამისად მოქმედების პირობებში პაციენტის გარდაცვალება დადგებოდა. გარდა იმისა, რომ უგონოდ მყოფი პაციენტისგან შეუძლებელია მისი ნამდვილი ნების გარკვევა, შეუძლებელია იმის დადგენაც, ნების გამოვლენისას იყო თუ არა მოსარჩელე ექიმისგან ინფორმირებული თანამდევი შედეგების შესახებ და რამდენად გააზრებულად და თავისუფლად იქნა სისხლის გადასხმაზე წინასწარ უარი გაცხადებული.
24.4. საკასაციო სასამართლოსთვის საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პაციენტის დამ, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმეთა მიმდევარია, კრიტიკულ მომენტში თანხმობა განაცხადა მოსარჩელისათვის ჰემოტრანსფუზიის ჩატარებაზე, შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდი არსებობს იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო მეტ ეჭვს გაუჩენდა სამედიცინო დაწესებულებას, რომ რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად, მაშინ, როდესაც, პაციენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოსარჩელეც მსგავს ნებას გამოავლენდა.
24.5. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს პირის მიერ წინასწარი ნების გამოვლენის შესახებ და აღნიშნავს, რომ როდესაც პირს ნება სამედიცინო მანიპულაციების შესახებ და ზოგადად სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გამოხატული, რომლითაც იგი უარს აცხადებს მის მიმართ კონკრეტული ზომების განხორციელების შესახებ, თუ ეს ნება გამოხატულია სათანადო ფორმით, გონივრული დროის ფარგლებში, ყოველგვარი ზეწოლის ან ზეგავლენის გარეშე და, პირს სათანადოდ განმარტებული აქვს და აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება მის არჩევანს მოჰყვეს, ასეთ შემთხვევაში, ნების ადრესატი უნდა დაემორჩილოს მას, ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ პირის ნება იყოს დაცული. ხოლო, თუ არსებობს გარემოებები რომელთა დეტალური და ფრთხილი შემოწმების შედეგად ჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ შესაძლოა პირის მიერ გამოხატული ნება არ იყოს ნამდვილი, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ექიმმა უნდა იმოქმედოს პაციენტის (ჯანმრთელობის) ინტერესების სასარგებლოდ (ისევ და ისევ პაციენტის ავტონომიის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პაციენტი ავტონომიის ფარგლებში საღ აზრზე რომ ყოფილიყო).
თითქმის ორი წლით ადრე გამოხატული ნების ფაქტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სასამართლოსათვის, იმ მკვეთრად ეთიკური და კომპლექსური სამართლებრივი პრობლემატიკისა და შინაარსის გათვალისწინებით, რაც საქმეშია წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაკუთრებული სიფრთხილით მოწმდება არამხოლოდ პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება და მასთან დაკავშირებული მაღალი სტანდარტები, ასევე, პირის პირადი ავტონომიისა და ნების პატივისცემის უფლება, რამდენადაც სასამართლოს მიერ პირის ნების ნამდვილობასთან დაკავშირებულმა მცდარმა დასკვნებმა შესაძლოა შელახოს როგორც პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, ასევე - მისი პირადი ავტონომიისა და წინასწარი ნების გამოვლენის უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენიმე წლით ადრე გამოხატული ნება შესაძლოა იყოს გონივრული ეჭვის წარმოქმნის საფუძველი პირის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ნების გამოვლენის ფორმასა და მისი დადასტურების საჭიროებაზე და აღნიშნავს, რომ როდესაც პირი წინასწარ ავლენს ნებას, რაც სავარაუდოა გახდება სახელმძღვანელო დოკუმენტი საგანგებო სიტუაციის დროს და თავის მხრივ შესაძლოა წარმოშობდეს მორალურ-ეთიკურ დილემებს, რომლითაც ისეთი მაღალი სამართლებრივი სიკეთის ბედის გადაწყვეტა უნდა მოხდეს, როგორიც არის პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ან თუნდაც პირის ღირსება და პირადი ავტონომია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი შედეგების სათანადო განმარტებების მიღების შედეგად ასეთი ნების ნამდვილობის დადასტურება თანმხლები რეკვიზიტების უზრუნველყოფით წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-8 და რიგ შემთხვევებში მე-9 მუხლით დაცული უფლებების ეფექტიანი სარგებლობისთვის.
25. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ასევე პაციენტის ახლო ნათესავებს შორის სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის არსებობა. სახელდობრ, უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მეუღლე და შვილები კონკრეტულ შემთხვევაში, ეწინააღმდეგებოდნენ სისხლის გადასხმას, ხოლო დამ, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმეა, კრიტიკულ მომენტში, ექიმთა კონსილიუმის დასკვნის გათვალისწინებით, წერილობითი თანხმობა განაცხადა ჰემოტრანსფუზიაზე, მითითებით „და გადამირჩინეთ და ღმერთი ყველაფერს გვაპატიებს“.
25.1. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ როდესაც წყდება ისეთი მაღალი ინტერესის დაცვის საკითხი, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლე, შესაბამისი ნების გამოვლენის საეჭვოობისას და ოჯახის წევრთა მოსაზრებების კოლიზიისას, სამედიცინო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას უგონოდ მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის სასარგებლოდ.
გადაუდებელ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც, ჰემოტრანსფუზია უალტერნატივოა პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამის შესახებ არსებობს ექიმთა კონსილიუმის დასკვნა და არსებულ ვითარებაში შეუძლებელია პაციენტის ნების გამოვლენა, მრავალ მოწინააღმდეგეთა შორის, თუნდაც ერთი ნათესავი აცხადებდეს თანხმობას პაციენტისათვის სისხლის გადასხმაზე, იგი უნდა განხორციელდეს, ანუ, საკითხი უნდა გადაწყდეს პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ.
25.2. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე წინადადებაზე, რომლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება. ამასთან, პაციენტის ან/და ოჯახის წევრების სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის მიზანი და მოლოდინიც ხომ სამედიცინო დაწესებულებისა და მედპერსონალისაგან აპრობირებული სამედიცინო მანიპულაციებისა და მეთოდების გამოყენებით პაციენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნება და ჯანმრთელობის აღდგენა არის.
პალატა განმარტავს, რომ მედიცინის მუშაკის, ექიმის უპირველესი მიზანი, რომელიც ემყარება სამედიცინო ეთიკას და ჰიპოკრატეს ფიცს, არის პაციენტების სიცოცხლისა და კეთილდღეობის შენარჩუნება. მათი უმთავრესი პირობა და მოტივია, რომ ღირსეულად გამოიყენონ სამედიცინო ცოდნა და იმოქმედებენ ყოველთვის პაციენტების ჯანმრთელობის სასარგებლოდ, რაც გულისხმობს ინფორმირებული და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაავადებების განკურნებას, ტკივილის შემსუბუქებას და სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივებას, ბუნებრივია, თითოეული პაციენტის არჩევანისა და ღირებულებების პატივისცემით. როგორც ჯანდაცვის პროფესიონალები, ექიმები, ვალდებული არიან გამოავლინონ თანაგრძნობა, კომპეტენცია და ერთგულება თავიანთი პაციენტების მიმართ, უზრუნველყონ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება და იმოქმედონ მათი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. ასეთი ვალდებულებების აღება ხაზს უსვამს იმ მორალური პრინციპების აუცილებლობას, რომლებიც საფუძვლად უდევს ზოგადად ექიმის პროფესიას. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, მედპერსონალისათვის რთულია იურიდიული საკითხების განჭვრეტაც, ხოლო იმგვარი კრიტიკული სამედიცინო შემთხვევისას, სადაც ყოველი წუთი გადამწყვეტია სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ხშირად შეუძლებელია სამედიცინო მომსახურების გამწევმა მიმართოს სასამართლოს („პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25.1. მუხლი) იმის გამოსარკვევად, თუ როგორ მოიქცეს.
24.3 მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალმა განუმარტა მოსარჩელის ოჯახის წევრებს პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჰემოტრანსფუზიის აუცილებლობის შესახებ, რომლის გარეშეც მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელი და ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა, მათ არ მოუთხოვიათ პაციენტისათვის შემდგომი მკურნალობის შეწყვეტა და საავადმყოფოდან გაწერა. აღნიშნული პალატის მოსაზრებით, მათი მხრიდან ერთგვარად მედპერსონალისათვის მორალური პასუხისმგებლობის გადაკისრებაზე მიუთითებს და, ამასთან, ცხადყოფს, რომ იმ გარემოების მიუხედავად, რომ პაციენტის ოჯახის ზოგიერთი წევრი რელიგიური მოტივით ეწინააღმდეგებოდა სისხლის გადასხმას, მათი იმპლიციტური მოთხოვნა მედპერსონალის მიმართ, რჩებოდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც, პაციენტის დას თანხმობა ჰქონდა გაცხადებული სისხლის გადასხმაზე და ექიმთა კონსილიუმის დასკვნის თანახმადაც, ჰემოტრანსფუზია უალტერნატივო იყო მოსარჩელის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მედპერსონალს არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ემოქმედა თავისი საქმიანობის ძირითადი ვალდებულების შესატყვისად და ყველა ღონე ეხმარა, პაციენტის გადასარჩენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის შესაბამისი/ ადეკვატური მკურნალობის შედეგად, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა.
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მკურნალობის თავდაპირველ ეტაპზე, მედპერსონალის მხრიდან თავი იქნა შეკავებული მოსარჩელისთვის სისხლის გადასხმაზე მიუხედავად საჭიროებისა, პაციენტის ნათესავების მიერ კლინიკისათვის მოსარჩელის აღმსარებლობისა და მკურნალობის კონკრეტული მეთოდის (არა სისხლი) აკრძალვის შესახებ მიწოდებული ზეპირი ინფორმაციისა და ბარათის საფუძველზე. მოსარჩელეს სისხლი გადაესხა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჰემოტრანსფუზია გახდა კრიტიკულად აუცილებელი, რომლის განუხორციელებლობა მაღალი ალბათობით პაციენტის სიკვდილს გამოიწვევდა.
26. წინასწარ გამოხატული ნება რელიგიური მოტივით სისხლის გადასხმის აკრძალვაზე წარმოდგენილია რამდენიმე როგორც საერთაშორისო, ისე - უცხო ქვეყნების პრაქტიკაში, რომელიც თავისი ბუნებით და შინაარსით ჰგავს განსახილველ სამოქალაქო საქმეს.
27. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყანას მიეკუთვნება, საკასაციო სასამართლოსათვის ყურადსაღებია სადავო საკითხზე საფრანგეთის, დანიისა და ესპანეთის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომაც.
27.1. საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის 1111-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, თითოეული ინდივიდი ჯანდაცვის პროფესიონალებთან კონსულტაციის, მიწოდებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით; თითოეულ პირს უფლება აქვს უარი თქვას მკურნალობაზე. ექიმი ვალდებულია, პატივი სცეს ინდივიდის ნებას მას შემდეგ რაც აცნობებს მათ არჩევანის შედეგებსა და სიმძიმეს; თუ მკურნალობაზე უარის თქმით ან შეწყვეტით ინდივიდი საფრთხეში აყენებს საკუთარ სიცოცხლეს, მან გონივრულ ვადაში ხელმეორედ უნდა დაადასტუროს თავისი გადაწყვეტილება (უარის თქმის შესახებ); არანაირი სამედიცინო პროცედურა ან მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს.
ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია წერილობით შეადგინოს წინასწარი დირექტივა ისეთი სამედიცინო შემთხვევისთვის თუკი იგი აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებს საკუთარი სურვილის გამოხატვას. წინასწარი დირექტივები გამოხატავს პირის ნებას სიცოცხლის დასრულებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს სამედიცინო მკურნალობის ან პროცედურების გაგრძელების, შეზღუდვის, შეწყვეტის ან უარის თქმის პირობებს. სამედიცინო მკურნალობაზე ან პროცედურაზე უარის თქმა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საშუალებით შეიძლება გადაისინჯოს და გაუქმდეს. პაციენტის დირექტივები სავალდებულოა ექიმისთვის ნებისმიერი გამოკვლევის, ჩარევის ან მკურნალობის გადაწყვეტილების მისაღებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაუდებელ შემთხვევაში წინასწარი დირექტივები აშკარად შეუსაბამოა ან არ შეესაბამება პაციენტის სამედიცინო მდგომარეობას. წინა დირექტივებით ხელმძღვანელობაზე უარის გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, თუკი ექიმი მიიჩნევს, რომ პაციენტის წინასწარ გამოვლენილი ნების შესრულება არამიზანშეწონილია და არ შეესაბამება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას (https://www.legifrance.gouv.fr, Art. 1111, Code de la santé publique).
27.2. საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ექიმი პაციენტის მიერ წინასწარ გამოხატული ნებით შებოჭილია ნებისმიერი სამედიცინო გამოკვლევის, ჩარევის ან მკურნალობის თობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა, სადაც პაციენტის წინასწარ გამოხატული ნება აშკარად არ შეესაბამება არსებულ სამედიცინო მდგომარეობას. შესაბამისად, ექიმი უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს პაციენტის წინასწარი მითითებები, როდესაც ნება აშკარად არ შეესატყვისება პაციენტის სამედიცინო კონდიციას. ექიმი ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური განხილვის/მსჯელობის შემდგომ, რის თაობაზეც ეცნობება პაციენტის მიერ განსაზღვრულ პირს/რწმუნებულს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ოჯახის წევრს ან სხვა ნათესავს (ი.გელაშვილი, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 6/2023, გვ. 107).
27.3. საკასაციო სასამართლო მოიხმობს ბორდოს ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომელიც შინაარსობრივად თანხვედრაშია წინამდებარე საქმის გარემოებებთან, სახელდობრ:
ბორდოს საუნივერსიტეტო კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ამოღების მიზნით ჰოსპიტალიზებულმა პაციენტმა სამედიცინო პერსონალს აცნობა, რომ რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, წინააღმდეგი იყო სისხლის კომპონენტების გადასხმის. ვინაიდან სამედიცინო ჩარევა (ოპერაცია) გართულდა მასიური სისხლდენით, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს, ექიმებმა უგონოდ მყოფ პაციენტს ჰემოტრანსფუზია ორჯერ ჩაუტარეს. პაციენტს სისხლი მომდევნო დღეს კვლავ (მესამედ) გადაესხა, თუმცა ამ დროს იგი უკვე გონზე იყო მოსული და გადასხმამდე ხელმეორედ ჰქონდა უარი გაცხადებული ჰემოტრანსფუზიაზე.
სასამართლოს განმარტებით, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სისხლის გადასხმა პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩაითვლება არალეგიტიმურად იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტმა, რომელსაც შეუძლია გამოხატოს თავისი ნება (გამოხატოს/მიიღოს გათვიცნობიერებული გადაწყვეტილება), გონივრულ ვადაში ხელმეორედ აქვს გაცხადებული უარი სისხლის გადასხმაზე (საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის 1111-4 მუხლი).
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ პირველი ორი გადასხმის ჩატარება მართლზომიერი იყო, რადგან პაციენტი ამ დროს იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და გადაუდებლად საჭიროებდა ჰემოტრანსფუზიას, ხოლო წინასწარ გამოხატული ნება საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს, ამასთან, უგონოდ მყოფ პაციენტს არ შეეძლო გონივრულ ვადაში ხელმეორედ განეცხადებინა უარი სისხლის გადასხმაზე. სასამართლომ არამართლზომიერად მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის მესამე გადასხმა მიიჩნია, რადგან ეს გადასხმა ჩატარდა პაციენტის დაუთანხმებელი სედაციის შედეგად, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირველი ორი გადასხმის შემდგომ გონზე მოვიდა და სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სისხლის გადაუსხმელობის თანმდევი შედეგების განმარტების მიუხედავად, კვლავ, ხელმეორედ განაცხადა უარი ჰემოტრანსფუზიაზე (Arrêt 20BX03081-20 octobre 2022, https://jurissite-caa-bordeaux.fr/index.php?post/Une-transfusion sanguine-r%C3%A9alis%C3%A9e-contre-la-volont%C3%A9-d%E2%80%99un-patient engage-la-responsabilit%C3%A9-de-l%E2%80%99h%C3%B4pital-si-le-patient-a r%C3%A9it%C3%A9r%C3%A9-son-refus-de-cette-pratique-en-pleine-conscience-des cons%C3%A9quences-potentielles-sur-son-%C3%A9tat-de-sant%C3%A9).
ამრიგად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მედპერსონალის მიერ უგონოდ მყოფი პაციენტისათვის ჩატარებული სისხლის პირველი ორი გადასხმა, მიუხედავად პაციენტის მიერ წინასწარ გაცხადებული უარისა ვალიდურად იქნა მიჩნეული, ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა იმდენად იყო გართულებული, რომ გადაუდებლად საჭიროებდა ჰემოტრანსფუზიას და ამასთან, უგონო მდგომარეობაში აღმოჩენის შედეგად მას არ ძალუძდა ხელმეორედ დაედასტურებინა უარი, ხოლო არაკანონიერად მიჩნეული იქნა მხოლოდ მესამე გადასხმა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჩატარდა პაციენტის სედაციის შედეგად, მას შემდგომ რაც მან გონზე მოსვლისას ხელმეორედ, კვლავ განაცხადა სისხლის ადმინისტრირებაზე უარი კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად.
27.4. მნიშვნელოვანია აგრეთვე საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაც, რომლითაც სახელმწიფო საბჭომ ვალიდურად ცნო სამედიცინო დაწესებულების გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმე პაციენტისათვის ჰემოტრანსფუზიის ჩატარების შესახებ, მიუხედავად ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გაცხადებული უარისა (Conseil d'État - Juge des référés, N° 463713, ECLI:FR:CEORD:2022:463713.20220520, Inédit au recueil Lebon, Lecture du vendredi 20 mai 2022; https://www.legifrance.gouv.fr/ceta/id/CETATEXT000045830611).
დასახელებულ გადაწყვეტილებაშიც განმარტებულია, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სისხლის გადასხმა პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მიიჩნევა არალეგიტიმურად იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტმა, რომელსაც შეუძლია გამოხატოს თავისი ნება (მიიღოს გათვიცნობიერებული გადაწყვეტილება), გონივრულ ვადაში ხელმეორედ განაცხადა უარი სისხლის გადასხმაზე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის 1111-4 მუხლი). საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად: საგზაო შემთხვევის შედეგად 2022 წლის 19 აპრილს პირმა მიიღო მძიმე დაზიანებები და გადაყვანილი იქნა ტულონის სამხედრო სასწავლო ჰოსპიტლის სენტ-ანას გადაუდებელ განყოფილებაში. პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე ჰემორაგიული შოკი და მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური არასტაბილურობა. პაციენტს ჩაუტარდა ინტუბაცია და ხელოვნური ვენტილაცია და გაუკეთდა ხანმოკლე ოპერაცია, რის შედეგადაც დაეწყო ძლიერი სისხლდენა. მას გადაესხა 5 ერთეული შეფუთული სისხლის წითელი უჯრედები და 6 ერთეული პლაზმა. მოგვიანებით (27 აპრილს) ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია (საშვილოსნოს ყელის ხერხემლის თავის ქალასთან სტაბილიზაციის მიზნით). საჭირო იყო მუცლის არეში რამდენიმე ქირურგიული ჩარევაც (21, 23 და 29 აპრილს, ასევე 2, 6, 9, 13 და 16 მაისს). ოპერაციების მსვლელობის დროს (23 აპრილს და 2 მაისს) ჩატარდა 2 და 3 ერთეული შეფუთული სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა. ჩატარებული სამედიცინო პროცედურების შედეგად (16 მაისიდან), პაციენტის დინამიკა გაუმჯობესდა, რაც გამოიხატა სისხლის წითელი უჯრედების რეგენერაციით.
ავარიის დროს პირს თან ჰქონდა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც, უარი ჰქონდა გაცხადებული სისხლის გადასხმაზე, იმ შემთხვევებშიც კი, თუ სამედიცინო პერსონალი მიიჩნევდა, რომ სისხლის გადასხმა აუცილებელი იქნებოდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამავე დოკუმენტში წარმომადგენლად მითითებული იყო პაციენტის ძმა, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას რამდენჯერმე განუმარტა/შეახსენა, რომ პაციენტი იყო იეჰოვას მოწმე და ეწინააღმდეგებოდა სისხლის გადასხმას.
საავადმყოფოს მთავარი ანესთეზიოლოგის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, პაციენტის წერილობითი სამედიცინო ინსტრუქციების გათვალისწინების მიზნით, გადასხმები ჩატარდა მხოლოდ ძალზედ აუცილებელ დროს, რათა შენარჩუნებულიყო მისი სიცოცხლე. თუმცა წესისამებრ, ასეთ კონდიციაში მყოფ პაციენტს არა მკაცრად განსაზღვრული დოზით, წესით და დროს უტარდება ჰემოტრანსფუზია, არამედ - უფრო ინტენსიურად და მაღალი დოზით.
სახელმწიფო საბჭოს განმარტებით, ზრდასრული პაციენტის უფლება, თანხმობა განაცხადოს მკურნალობაზე, განიხილება მის ფუნდამენტურ თავისუფლებად. ამ უფლების შესაბამისად, და გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი იყო უგონოდ, ამ უკანასკნელს ჩაუტარდა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი და მისი მდგომარეობის პროპორციული სამედიცინო მანიპულაციები მხოლოდ მაშინ როდესაც ეს გარდაუვლად საჭირო იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პაციენტის უფლებები არ დარღვეულა სამედიცინო დაწესებულების/ექიმების მხრიდან და აღნიშნა, რომ ტულონის ადმინისტრაციული ტრიბუნალის მიერ მომჩივნის მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი.
27.5. ერთ-ერთ საქმეში, პაციენტმა, რომელსაც გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მისი წინასწარი ნების საწინააღმდეგოდ გადაუსხეს სისხლი და დამატებით საჭიროებდა სისხლის გადასხმას, მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და სამედიცინო დაწესებულებისათვის აკრძალვის დადგენა, შეეწყვიტათ მისთვის იძულებითი ტრანსფუზია. საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონსა და პაციენტის ავტონომიაზე მითითებით დაავალა სამედიცინო დაწესებულებას, შეეწყვიტა მისთვის სისხლის გადასხმის ადმინისტრირება (ი. გელაშვილი, იეჰოვას მოწმე პაციენტთა უარი სისხლის გადასხმაზე და ექიმის ჩარევის ფარგლები, გვ. 73, სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი).
27.6. საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს დანიის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებასაც, რომლის გარემოებებიც ასევე მსგავსია წინამდებარე დავის მოცემულობასთან, კერძოდ: პირი რომელიც იყო იეჰოვას მოწმე, დაცემის შემდგომ გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ჯგუფში. სამედიცინო დაწესებულებაში 2-3 დღის ყოფნის შემდეგ მას უგონო მდგომარეობაში გადაესხა სისხლი. მედპერსონალმა იცოდა, რომ პაციენტს, როგორც იეჰოვას მოწმეს, უარი ჰქონდა გაცხადებული სისხლის გადასხმაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად იქნებოდა აუცილებელი. პაციენტი გონზე მოუსვლელად ერთი თვის შემდგომ გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სისხლის გადასხმას არ უკავშირდებოდა.
უზენაესი სასამართლოს შესაფასებელ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, ჩატარდა თუ არა სისხლის გადასხმა დანიის ჯანმრთელობის კანონის ან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უგულებელყოფით.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანდაცვის აქტიდან გამომდინარე არსებობდა იურიდიული საფუძველი იმისა, რომ უგონოდ მყოფ პაციენტს ჩატარებოდა ჰემოტრანსფუზია. სასამართლომ ყურადსაღებად მიიჩნია ფაქტი, რომ შემთხვევის შემდეგ პაციენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თავისი სურვილები კონკრეტულ სამედიცინო ვითარებაში ჩასატარებელ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით.
სასამართლოს განმარტებით, საავადმყოფოში მოთავსებისას პაციენტის მიერ ბარათის თან ქონა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა სისხლის გადასხმას, არ შეესაბამება დანიის ჯანმრთელობის აქტის 24(2) მუხლის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, ამგვარი უარი გაცხადებული უნდა იყოს მხოლოდ მედიცინის მუშაკთა მიერ პაციენტის ინფორმირებისა და მისი სამედიცინო მდგომარეობის გაცნობიერების საფუძველზე.
სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ პაციენტისათვის სისხლის კონკრეტულ მომენტში გადასხმა აუცილებელი იყო ამ უკანასკნელის სიცოცხლის გადასარჩენად.
უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა საფუძველი იმის დასადგენად, რომ ჩატარებული სამედიცინო პროცედურა (ჰემოტრანსფუზია) ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას. მისი განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა არ იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეროვნულ კანონმდებელს როგორც ინტერესების დამაბალანსებელს ეკრძალება დააწესოს დამატებითი პირობები თუ როდის წარმოადგენს იეჰოვას მოწმეთა სურვილი სისხლის მიღებაზე უარის თქმის შესახებ სავალდებულოს მედიცინის მუშაკებისთვის. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ ჰემატოპოეტიკური პრეპარატები პაციენტს მიეწოდებოდა საავადმყოფოში მოთავსების პირველ დღეებში იმის გათვალისწინებით, რომ მას წინასწარ ჰქონდა უარი გაცხადებული სისხლის გადასხმაზე (Case no. BS-49811/2020-HJR, Judgment delivered on 1 February 2022, https://domstol.dk/hoejesteret/decided-cases-human-rights/2022/2/blood-transfusion-to-member-of-jehovahs-witnesses-was-legal/).
27.7. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განხილვაში არსებულ საქმეზეც - Pindo Mulla v. Spain (საჩივარი No. 15541/20), რომელიც ევროსასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების დარღვევაზე მითითებით გასაჩივრდა მას შემდგომ, რაც ესპანეთის ეროვნული სასამართლოების მიერ იეჰოვას მოწმე პაციენტისათვის სისხლის ადმინისტრირება მართლზომიერად იქნა მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ჰემოტრანსფუზიაზე რელიგიური მოტივით წინასწარ ჰქონდა უარი გაცხადებული.
ხსენებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პაციენტს (მომჩივანს) წინასწარ შედგენილ რამდენიმე წერილობით დოკუმენტში (წინასწარი დირექტივა; მუდმივი მინდობილობა; ინფორმირებული თანხმობა) ჰქონდა ნება გამოვლენილი ჰემოტრანსფუზიის წინააღმეგობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლის გადაუსხმელობით, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის (ძლიერი სისხლდენის) გამო სასწრაფო დახმარების მეშვეობით მოთავსებული იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, მედპერსონალმა იცოდა რა, მისი რელიგიური მრწამსი, შესაბამისი მითითებების მისაღებად მიმართა მორიგე მოსამართლეს, რომელმაც გამოსცა ნებართვა პაციენტისათვის ყველა იმ სამედიცინო თუ ქირურგიული პროცედურის ჩატარების შესახებ, რომელიც საჭირო იყო მისი სიცოცხლის გადასარჩენად. აღნიშნულის საფუძველზე, პაციენტს (რომელიც საოპერაციო ოთახში შეყვანისას ჯერ კიდევ გონზე იყო, თუმცა არ იყო ინფორმირებული მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვის შესახებ) ჰემოტრანსფუზია და ოპერაცია იმავე დღეს ჩაუტარდა.
28. რაც შეეხება საერთო სამართლის ქვეყნებში დადგენილ პრაქტიკას, სისხლის გადასხმაზე უარის თქმისას, ერთი მხრივ, უნდა შემოწმდეს პირის ფსიქიკური მდგომარეობა გადაწყვეტილების მიღებისას, ნების თავისუფლება და, ასევე, რამდენად ჰქონდა სისხლის გადასხმაზე უარის შედეგები განმარტებული და გაგებული ნების გამომვლენს.
მაგალითად, ინგლისური სამართლის მიხედვით, წინასწარი უარი სისხლის გადასხმაზე მოითხოვს ნების ნამდვილობის ზედმიწევნით ფრთხილ შემოწმებას და მაღალ სტანდარტს, ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ პირისათვის სისხლის გადასხმა, პაციენტის მიერ წინასწარი გამოხატული უარის მიუხედავად, მიიჩნია გამართლებულად, რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ვარაუდის საფუძველი, რომ ნება არ იყო გამოვლენილი თავისუფლად, არამედ - დედის გავლენით, რომელიც იყო იეჰოვას მოწმე. სასამართლოს განმარტებით, ზრდასრული პირების შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მათ აქვთ სრული უნარი და შესაძლებლობა (ქმედუნარიანობა) უარი განაცხადონ მკურნალობაზე, თუმცა ეს პრეზუმფცია შეიძლება უგულებელყოფილი იქნას მაშინ, როდესაც, დგინდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაბნეულობა, დაღლილობა, გაუცნობიერებელი თუ შოკის მდგომარეობის არსებობა, რომელიც გავლენას ახდენს პაციენტის გადაწყვეტილებაზე. ამასთან, როდესაც პაციენტი უარს ამბობს ისეთ მკურნალობაზე, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის შემოწმება უნდა მოხდეს უმაღლესი სტანდარტით, მოცემულ საქმეში პაციენტს ხელი ჰქონდა მოწერილი სისხლის გადასხმაზე უარის შესახებ სტანდარტულ ბლანკზე და არ ჩანდა, რომ ის დაჟინებით ამბობდა უარს სისხლის გადასხმაზე სიცოცხლისათვის რისკის არსებობისას. შესაბამისად, სასამართლომ ექიმის ქმედებით სიცოცხლის გადარჩენა არ შეაფასა პაციენტის უფლებების დარღვევად (ი. გელაშვილი, გვ. 73-74, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 6/2023).
29. წინასწარი ნების გამოვლენის ინსტიტუტი აღიარებულია როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებით ასევე სასამართლო პრაქტიკით. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით პაციენტის წინასწარი ნების პატივისცემა და მასთან დაკავშირებული სტანდარტები დადგენილია სხვადასხვა საქმეებში მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულია: Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61-67 et seq., ECHR 2002-III; JEHOVAH'S WITNESSES OF MOSCOW AND OTHERS v. RUSSIA, საჩივარი no. 302/02), § 135-136, 10 ივლისი 2010; ასევე იხ. კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, მუხლი 9, ადრე გამოხატული ნება.
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია ურთიერთსაპირისპირო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. წინამდებარე საქმეში ერთი მხრივ წარმოდგენილია სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას და პატივი სცეს პირის პირადი ავტონომიის უფლებას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები და მიიღოს შესაბამისი ზომები პირთა სიცოცხლის გადასარჩენად და მათი ჯანმრთელობის დასაცავად. პაციენტის უარი პოტენციურად სიცოცხლის შემანარჩუნებელ სამედიცინო მკურნალობაზე რელიგიური საფუძვლით თავისთავად რთულ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს (იხ. Jehovah’s Witnesses of Moscow and Others v. Russia, no. 302/02, 2010, § 134). ასეთ შემთხვევაში, ეროვნულ ხელისუფლებას და მითუმეტეს სასამართლოს ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, რამდენადაც საქმე ეხება საკითხს, რომელიც თავისი სამართლებრივი და ფაქტობრივი შინარსით უკავშირდება მაღალ ეთიკურ და სენსიტიურ სამართლებრივ პრობლემას, ხოლო ასეთ დროს დემოკრატიული საზოგადოების პირდაპირი მოთხოვნაა, რომ სასამართლოებმა ქირურგიული სიზუსტით გაავლონ ზღვარი და დაამყარონ ბალანსი ურთიერთსაპირისპირო ინტერესებს შორის.
31. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეკისრებათ პოზიტიური ვალდებულება, კონვენციის შესაბამისი დებულებების, განსაკუთრებით მე-2 და მე-8 მუხლების მიხედვით, მიიღონ შესაბამისი ზომები მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად (იხ. VAVŘIČKA AND OTHERS v. THE CZECH REPUBLIC, nos. 47621/13 and 5 others, 08/04/2021, § 281;L.C.B. v. the United Kingdom, 9 ივნისი 1998, § 36, Reports of Judgments and Decisions 1998-III; Budayeva and Others v. Russia, nos. 15339/02 and 4 others, §§ 128-30, ECHR 2008 (ამონარიდები); Furdík v. Slovakia (dec.), no. 42994/05, 2 დეკემბერი 2008, დამატებითი მითითებებით; Hristozov and Others, §§ 106 და 116; İbrahim Keskin v. Turkey, no. 10491/12, § 62, 27 მარტი 2018; და Kotilainen and Others v. Finland, no. 62439/12, §§ 78 et seq., 17 სექტემბერი 2020).
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა მიიჩნევა დარღვევად, თუ იგი არ არის კანონით განსაზღვრული, არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
რათა შეფასდეს იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი“, სასამართლო ითვალისწინებს შეფასების ზღვარს, რომელიც რჩება სახელმწიფო ხელისუფლებას, თუმცა სახელმწიფოს მოვალეობაა აჩვენოს ჩარევის მიღმა არსებული მწვავე სოციალური საჭიროება (იხ. Paradiso and Campanelli v. Italy [დიდი პალატა], § 179; Parrillo v. Italy [დიდი პალატა], no. 46470/11, § 168, ECHR 2015; S.H. and Others v. Austria, § 91; და K. and T. v. Finland, § 154). შეფასების გარკვეული ზღვარი ეძლევა ეროვნულ ხელისუფლებას. მისი ზომა დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის მიერ ნაკარნახებ რიგ ფაქტორებზე. ზღვარი იქნება შედარებით ვიწრო, როდესაც სასწორზე დადებული უფლება გადამწყვეტია ინდივიდის ინტიმური ან ძირითადი უფლებებით ეფექტური სარგებლობისთვის. როდესაც საქმე ეხება ინდივიდის არსებობას ან იდენტობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტს, სახელმწიფოსთვის დაშვებული ზღვარი ასევე შეზღუდულია. როდესაც კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შორის არ არის კონსენსუსი, როგორც სასწორზე არსებულ შედარებითი ინტერესების მნიშვნელობასთან, ასევე, მისი დაცვის საუკეთესო საშუალებების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მგრძნობიარე მორალურ ან ეთიკურ საკითხებს, ზღვარი უფრო ფართო იქნება (იხ. Vavřička and Others v. the Czech Republic [დიდი პალატა], §§ 273). ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხები, პრინციპში, ექვემდებარება ეროვნული ხელისუფლების თავისუფალი შეფასების ფარგლებს, რომლებიც საუკეთესო პოზიციაში იმყოფებიან პრიორიტეტების, რესურსების გამოყენებისა და სოციალური საჭიროებების შესაფასებლად (იხ. Vavřička and Others v. the Czech Republic [დიდი პალატა], §§ 274; Hristozov and Others v. Bulgaria, nos. 47039/11 and 358/12, § 119, ECHR 2012 (ამონარიდები)).
მოპასუხე სახელმწიფოს შეფასების ზღვარი, როგორც წესი, ფართო იქნება, თუ მას მოეთხოვება ბალანსის დამყარება კონკურენტ კერძო და საჯარო ინტერესებს ან კონვენციურ უფლებებს შორის (იხ. Evans v. the United Kingdom [დიდი პალატა], no. 6339/05, § 77, ECHR 2007-I; Vavřička and Others v. the Czech Republic [დიდი პალატა], §§ 275).
ჩარევა ჩაითვლება „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, თუ ის პასუხობს „მწვავე სოციალურ საჭიროებას“ და, კერძოდ, თუ ეროვნული ხელისუფლების მიერ მის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები არის „რელევანტური და საკმარისი“, ასევე, თუ იგი პროპორციულია დასახული კანონიერი მიზნისა (იხ. Paradiso and Campanelli v. Italy [დიდი პალატა], § 184; Parrillo v. Italy [დიდი პალატა], no. 46470/11, § 168, ECHR 2015; S.H. and Others v. Austria, § 91; and K. and T. v. Finland, § 154). კონვენციის სისტემას ფუნდამენტურად სუბსიდიარული როლი აქვს. ეროვნულ ხელისუფლებას აქვს პირდაპირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რამდენადაც ეს ეხება ადამიანის უფლებათა დაცვას და, მათი ქვეყნების სასიცოცხლო ძალებთან პირდაპირი და მუდმივი კავშირის გამო, ისინი, პრინციპში, უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე საერთაშორისო სასამართლო ადგილობრივი საჭიროებებისა და პირობების შესაფასებლად (იხ. Vavřička and Others v. the Czech Republic [დიდი პალატა], §§ 273).
საკასაციო პალატის განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პაციენტის პირადი ავტონომიის უფლებაში ჩარევა ამავე მუხლის მე-2 პარაგრაფის საფუძველზე ემსახურებოდა სიცოცხლის, პირადი ავტონომიისა და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას, რაც ლეგიტიმური მიზანია.
33. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ჩარევა იყო პროპორციული და მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის პირადი ავტონომიის ბრალეულ ხელყოფას ადგილი არ ჰქონია, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ ვლინდება მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელი უარყოფილი იქნეს.
35. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან), მე-2 (ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას) და მე-3 (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც) ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს. „ე.ჰ–ბი“-ს და მ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის №2ბ/691-22 გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ი.თ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ი.თ–ძეს (პ/ნ .......) ს.ს. „ე.ჰ–ბი“-ს (ს/ნ ......) და მ.ტ–ძის (პ/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი