29 დეკემბერი 2023 წელი
№ას-793-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება, შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ქ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ია“-ს მიმართ და მოითხოვა:
1.1. 2021 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ შინაგანაწესში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობა;
1.2. მოპასუხისათვის ქმედების დავალება, კერძოდ, სამუშაო ადგილზე დაშვებამდე, ყველა თანამშრომლისთვის ანტიგენ-ტესტის გაკეთება;
1.3. მოპასუხისათვის ქმედების დავალება, კერძოდ, ბანკის შენობაში მომხმარებელთა დაშვება მხოლოდ ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში;
1.4. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.5. მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე (მოპასუხე ბანკის ცენტრალური ფილიალის მოლარე ოპერატორის) ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადით (ვადა, რომელიც დარჩენილი იყო სასამართლოსთვის სარჩელით პირველად მომართვიდან - 2021 წლის 16 ნოემბრიდან, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე - 2021 წლის 19 ნოემბრამდე).
1.6. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2021 წლის 04 ოქტომბრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდის სახელფასო დავალიანების, 435 ლარის, დაკისრება.
1.7. მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის სახით, ყოველთვიურად, 900 ლარის (დარიცხული) დაკისრება, 2021 წლის 21 ოქტომბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.8. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის, 20 000 ლარის, დაკისრება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა ნ.ქ–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნაა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
მოხმობილი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საკასაციო სასამართლოს განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ თვალისწინებს და საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, გამოცხადებისთანავე, გასაჩივრებული საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება საბოლოოა და მასზე კერძო საჩივრის წარდგენა დაუშვებელია.
13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ.ქ–ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვეველი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ–ის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი