28 მაისი 2024 წელი
№ას-396-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „რ“
მოწინააღმდეგე მხარე - ი.პ–ვა, ი.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, ი.პ–ვას და ი.მ–ის სარჩელი შ.პ.ს. „რ“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ.პ.ს. „რ“-ს მოსარჩელე ი.პ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 17 283 ლარის (საიდანაც 11600 ლარია ორი თვის საიჯარო ქირის ღირებულება, ხოლო 5683 ლარი ზიანი) გადახდა; მოპასუხე შ.პ.ს. „რ“-ს მოსარჩელეების ი.მ–ისა და ი.პ–ვას სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრა 11 600 ლარის გადახდა; შ.პ.ს. „რ“-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნა ი.პ–ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: თბილისი, ......., ს/კ ....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ი.პ–ვას. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე შ.პ.ს. „რ“-მა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, შ.პ.ს. „რ“-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნით დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, მისი ელექტრონული ვერსიისა და სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 1 315.32 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენა. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა განისაზღვრა 07 დღით.
3.2. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინება აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......) არაერთხელ გაეგზავნა. საფოსტო უკუგზავნილებიდან დადგინდა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა. კერძოდ, 2023 წლის 06 ნოემბრის უკუგზავნილის თანახმად, მისამართზე ზემოაღნიშნული ორგანიზაცია არ არის; 2023 წლის 20 ნოემბრის უკუგზავნილის მიხედვით, ზემოაღნიშნული ორგანიზაცია გზავნილში მითითებულ მისამართზე ვერ იქნა მოძიებული, ხოლო 2023 წლის 14 დეკემბრის უკუგზავნლის თანახმად, მისამართზე ვერ იქნა მოძიებული კომპანიის დირექტორიც, სადარბაზო კოდირებულია, დატოვებული იქნა შეტყობინება.
3.3. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე სამჯერ გაეგზავნა. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სასამართლოს მიერ იყო მცდელობა კომპანიის დირექტორთან კომუნიკაციისა, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია ფოსტის კურიერის მესამე ვიზიტის თარიღიდან - 2023 წლის 18 დეკემბრიდან. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07-დღიანი ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2023 წლის 19 დეკემბერს და ამოიწურა იმავე წლის 25 დეკემბერს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
3.4. ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით არ შეავსო ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის საფუძველზე, განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
4.1. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ ვერ უზრუნველყო აპელანტისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება, მან ყველა საჭირო ღონისძიება არ გამოიყენა მხარესთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით, რითაც აპელანტს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე კომპანია განთავსებულია ........ ქუჩის ცენტრში, პირველ სართულზე და გვერდით გამოკრულია ქუჩის ნომრის აღმნიშვნელი აბრაც. აღსანიშნავია ასევე, რომ დასახელებულ ქუჩაზე მდებარეობს არაერთი ცნობილი ობიექტი, სადაც მომუშავე ყველა პირმა იცის თუ ვინ არის მოპასუხე კომპანიის დირექტორი და რომელი ობიექტია შ.პ.ს. „რ“. ამდენად, შ.პ.ს. „რ“-ის მისამართი არის ადვილად იდენტიფიცირებადი და კურიერს არ უნდა შექმნოდა პრობლემა მის პოვნაში.
4.2. კურიერის მიერ სადარბაზოს კოდირების და შეტყობინების დატოვების ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ...... ქუჩის ყველა პირველი სართული კომერციული ფართია (განთავსებულია კაფე-ბარები და რესტორნები) და აქვს პირდაპირი შესასვლელი ქუჩიდან. რაც შეეხება სადარბაზოს, არცერთ სადარბაზოს პირველი სართული არ აქვს, ასასვლელია პირდაპირ მეორე სართულზე და შემდგომ სართულებზე.
4.3. კურიერის ჩანაწერები და მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც მიუთითებს მხარესთან კომუნიკაციის მცდელობაზე, არ შეესაბამება რეალობას და დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. ამასთან, გაურკვეველია თუ რა სამართლებრივი შედეგი უნდა მოყოლოდა ზ.მ–თან დაკავშირების ფაქტს და მისთვის მინდობილობის მოთხოვნას, იმ პირობებში, როდესაც, დასახელებული პირი არ წარმოადგენს საქმეში მინდობილი პირს. ყურადსაღებია ისიც, რომ ზ.მ–ის განმარტებით, მოსამართლის თანაშემწე 2024 წლის 18 იანვარს დაუკავშირდა და სთხოვა შეეტყობინებინა შ.პ.ს „რ“-ის დირექტორისათვის, რომ ორშაბათი - 22 იანვარი, იყო ბოლო დღე ხარვეზის განჩინების ჩასაბარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ზ.მ–ი მომდევნო დღეს დაუკავშირდა აპელანტი კომპანიის დირექტორს და გადასცა აღნიშნული ინფორმაცია. დირექტორი სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 22 იანვარს, პირველსავე სამუშაო დღეს გამოცხადდა, თუმცა შეატყობინეს, რომ განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უკვე მზად იყო და გადასცეს 2024 წლის 17 იანვრით დათარიღებული განჩინება.
4.4. სასამართლოს შეეძლო განჩინების ჩაბარების დასახმარებლად პოლიციისთვის მიემართა, თუმცა იგი მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების ფორმალური განხორციელებით შემოიფარგლა და გასაჩივრების უფლების გარეშე დატოვა აპელანტი. არაკეთილსინდისიერმა კურიერმა ან/და სასამართლოს ნაკლებმა ძალისხმევამ არ უნდა განაპირობოს პირის კონსტიტუციური უფლების - სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.
8. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ აპელანტმა ხარვეზი დადგენილი ვადის დაცვით არ აღმოფხვრა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, არ იკვეთებოდა, სახელდობრ:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლში ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამასთან, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.
8.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ სასამართლოს გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, გზავნილის გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს ის, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამრიგად, სასამართლო თავად ირჩევს, რა ფორმით გაუგზავნოს მხარეს შეტყობინება და მისთვის ცნობილ რომელ მისამართზე, ხოლო თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ორჯერ მაინც ვერ ჩაბარდა კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს მხარის ინფორმირების მიზნით საპროცესო საშუალებათა გონივრულად განკარგვის აუცილებლობას სასამართლოს მხრიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის №30459/13 გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“). სწორედ ამიტომ, დასახელებული საპროცესო ნორმა არ შეიძლება, განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს უწყების გაგზავნის წესი, არამედ - სასამართლომ უნდა განკარგოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რომელიც გონივრულობის დაცვით იძლევა პირის ინფორმირების საშუალებას. ზემოხსენებული ჩამონათვალი, ასევე, ნორმის დანაწესი, რომ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, მიანიშნებს სასამართლოს ვალდებულებაზე, შეისწავლოს პირველი გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი და ეცადოს, განმეორებითი შეტყობინება მეტად უზრუნველყოფდეს მხარის დაბარებას.
8.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინება აპელანტს მის მიერ მითითებულ ერთსა და იმავე მისამართზე (ქ. თბილისი, ........... ქ. N 3-5) სამჯერ გაეგზავნა, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 06 ნოემბრის უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილზე მითითებულ მისამართზე ზემოაღნიშნული ორგანიზაცია არ არის; 2023 წლის 20 ნოემბრის უკუგზავნილზე ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე კურიერმა ორგანიზაცია ვერ მოიძია; 2023 წლის 14 დეკემბრის უკუგზავნილის მიხედვით კი, ხსენებულ მისამართზე კომპანიის დირექტორი ვერ იქნა მოძიებული, ამასთან, სადარბაზო იყო კოდირებული და კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება (იხ. ტ.3, ს.ფ. 418, 425, 447).
8.5. სააპელაციო სასამართლომ მხარისათვის სამჯერ გაგზავნილი კორესპონდენცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია მხარისათვის ჩაბარებულად და ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
8.6. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება არც ხსენებული საპროცესო ნორმის სწორ განმარტებას და არც საფოსტო უკუგზავნილების მართებულ შეფასებას.
8.7. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, აპელანტის რეგისტრირებული მისამართა ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ........... ქუჩა №3-5, პირველი სართული. მისამართი ამავე სახითაა მითითებული მხარის მიერ წარდგენილ შესაგებელში, შეგებებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში, ასევე, საქმეში არსებულ რწმუნებულებასა და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების ამონაწერში. შესაბამისად, საქმეში არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ აპელანტის მისამართი იგივეა და არ შეცვლილა და მისამართი ამ უკანასკნელს სწორად აქვს მითითებული. როგორც უკვე აღინიშნა, საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, გზავნილების ჩაუბარებლობა განაპირობა იმან, რომ დასახელებულ მისამართზე აპელანტი ორგანიზაცია და მისი დირექტორი კურიერმა ვერცერთხელ ვერ მოიძია, ამასთან, სადარბაზო იყო კოდირებული და კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არცერთ უკუგზავნილზე არ არის დატანილი კურიერის ხელმოწერა, ერთ-ერთი უკუგზავნილით საერთოდ არ იდენტიფიცირდება პირი (კურიერი) რომელმაც შეადგინა იგი, ხოლო დანარჩენ ორ უკუგზავნილზე მითითებულია ერთი და იმავე კურიერის სახელი და გვარი, ხელმოწერის გარეშე.
ყურადსაღებია ისიც, რომ გზავნილებზე არ ყოფილა მითითებული მხარის საკონტაქტო ნომერი, რაც კურიერს მისცემდა მასთან დაკავშირების საშუალებას და, გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზების გათვალისწინებით, შესაძლებელს გახდიდა ან/და გაამარტივებდა კორესპონდენციის ადრესატისთვის გადაცემას.
8.8. ზემოხსენებული გარემოებები საკასაციო პალატას უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საფოსტო დაწესებულება არაგულისხმიერად მოეკიდა გზავნილის ჩაბარების შესახებ ნაკისრ ვალდებულებას. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კორესპონდენციის ჩაუბარებლობის მიზეზი ყველა შემთხვევაში იდენტურია, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ გამოკვლეულა სათანადოდ გზავნილის ჩაუბარებლობის განმაპირობებელი ფაქტორები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, გზავნილის რამდენჯერმე გაგზავნა, არ არის საკმარისი, თუ სასამართლო არ გამოარკვევს პირველადი გზავნილის ჩაუბარებლობის რეალურ მიზეზს და სათანადო ზომებს არ მიიღებს, რათა უზრუნველყოს ადრესატთან კომუნიკაცია. საქმეში არსებული მასალებით არ იკვეთება სასამართლოს მცდელობა იმგვარი დამატებითი ზომების მიღებისა, რაც უზრუნველყოფდა ადრესატთან კომუნიკაციას.
8.9. მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილ აქტში (ტ.3, ს.ფ. 465) აღნიშნულია, რომ მოსამართლის თანაშემწემ არაერთხელ სცადა დაკავშირებოდა აპელანტი კომპანიის დირექტორს, საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა, რადგან ადრესატის ნომერი იყო გამორთული. საკასაციო პალატა აღნიშნულთან მიმართებით, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებულ მასალებში ფიქსირდება აპელანტის დირექტორის სხვა სატელეფონო ნომერიც (იხ. ტ.3. ს.ფ. 366), რომელზეც მხარესთან დაკავშირება არ მომხდარა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს შესაბამის მოხელეს აპელანტთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით შეეძლო კიდევ ეცადა სატელეფონო ზარის განხორციელება როგორც იმავე, ისე - საქმეში მითითებულ დირექტორის სხვა ნომერზე, რაც მას არ განუხორციელებია. აღნიშნული კი, კიდევ მეტად უმყარებს პალატას რწმენას, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიყენა ყველა შესაძლო პროცესუალური ზომა ადრესატთან დასაკავშირებლად.
8.10. საკასაციო პალატის განმარტებები ასევე ემყარება ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადებას. ევროსასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის გამოყენება და შემდგომში გამოუცხადებელი მხარის განცხადებაზე უარის თქმა, რომლითაც იგი საქმისწარმოების განახლებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მართლზომიერად არ განკარგა საპროცესო შეტყობინების წესები. ამ თვალსაზრისით, ევროსასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე (იხ. ს.უ.ს.გ: №ა-2257-შ-73-09, 2 მარტი, 2010 წელი და №ას-214-199-2014, 8 აპრილი, 2015 წელი) და მიიჩნია, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს მხარის ინფორმირების მიზნით საპროცესო საშუალებათა გონივრულად განკარგვის აუცილებლობას სასამართლოს მხრიდან (იხ. ECHR: GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი # 30459/13). მითითებულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის დარღვევად განიხილა ის, რომ ეროვნული სასამართლოს მხრიდან არც ერთი მცდელობა არ განხორციელებულა - დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას, რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი (იხილეთ, მაგალითად, mutatis mutandis, „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya)). აღნიშნული საშუალება ასევე ხელმისაწვდომი იყო სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით.
8.11. პრეცედენტული სამართლით განმარტებულია, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან, ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ (Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). შემდგომში, სასამართლო ხაზს უსვამს ეროვნული ორგანოების ვალდებულებას - უზრუნველყოს „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A no. 274). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხ. „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07, 10/06/2010), თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262).
8.12. სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015) (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA) (განაცხადი N 30459/13), 17.01.2017წ. გადაწყვეტილება, 33).
8.13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, რათა უზრუნველეყო აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება. კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების მხოლოდ ფორმალურად დაცვა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს მხარის ინფორმირებისათვის მის ხელთ არსებული საპროცესო საშუალებები ამოწურულად მიეჩნია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა გზავნილი (ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინება) აპელანტისათვის 2023 წლის 18 დეკემბრიდან ჩაბარებულად (კურიერის მესამე ვიზიტის თარიღი).
9. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები და არასწორად დაადგინა, რომ აპელანტს საპროცესო დოკუმენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით გაეგზავნა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „რ“-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი