Facebook Twitter

23 ივლისი 2024 წელი

№ას-736-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ გ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.გ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მოპასუხე გ.გ–ძის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 22 დეკემბერს დაბადებული დ.გ–ძის და 2012 წლის 11 თებერვალს დაბადებული რ.გ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 28 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 22 დეკემბერს დაბადებული დ.გ–ძის და 2012 წლის 11 თებერვალს დაბადებული რ.გ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაეკისრა, ყოველთვიურად თითოეულისთვის 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2020 წლის 28 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.1. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებზე:

5.1.1. მოსარჩელე ნ.გ–ძე და მოპასუხე გ.გ–ძე განქორწინებულები არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი არასრულწლოვანი შვილები - 2009 წლის 22 დეკემბერს დაბადებული დ.გ–ძე და 2012 წლის 11 თებერვალს დაბადებული რ.გ–ძე ცხოვრობენ დედასთან - ნ.გ–ძესთან (იხ. ს.ფ. 14-15; პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტი).

5.1.2. მოსარჩელე ნ.გ–ძე უმუშევარია, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იგი ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს (იხ. ს.ფ. 16; პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტი).

5.1.3. მოპასუხე გ.გ–ძე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი 13.01.2006 წლიდან და იღებს სახელმწიფო შემწეობას. მისი დიაგნოზია ეპილეფსია, გულყრებით. დაავადების მიმდინარეობა - წელის ტკივილი, თავის მარჯვენა მხრისა და ორივე ქვედა კიდურის არეში, აღნიშნულ ჩივილებს უკავშირებს ტრავმას, სიმაღლიდან ჩამოვარდნისას (იხ. ს.ფ. 34-35).

5.1.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს შვილების რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდევინებაში. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198.1 (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით), 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ) და 1214-ე (ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენააღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას) მუხლები მიუთითა.

5.1.5. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავო საკითხს წარმოადგენდა მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის მართლზომიერება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, რომელიც ფასდება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა.

5.1.6. სააპელაციო პალატამ საქარველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

5.1.7. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებული კონვენციის როლზე ბავშვთა უფლებების აღქმასა და მათდამი დამოკიდებულებაზე და მიუთითა რამდენიმე მნიშვნელოვან დანაწესზე. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. კონვენციის 27-ე მუხლით კი, აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

5.1.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ის არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე განსაზღვრის მიზნით, სასამართლო ითვალისწინებს შვილების რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნილებებს და ალიმენტის გადამხდელის რეალურ ქონებრივ მდგომარეობას.

5.1.9. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოპასუხის დიაგნოზია ეპილეფსია და მას პერიოდულად ემართება გულყრები, თუმცა იგი ამ დაავადებით დაავადდა ჯერ კიდევ ბავშვების დაბადებამდე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხე სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად არ არის ცნობილი. შესაბამისად, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა, იგი თავის უფლებაუნარიანობას 2006 წლის 13 იანვრიდან დღემდე ახორციელებს დამოუკიდებლად. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის განმარტებაც, რომ მოპასუხე დაკავებულია სოფლის მეურნეობით, ოფიციალურად არსად არ ერიცხება შემოსავალი, თანაცხოვრების პერიოდში ერთადაც მუშაობდნენ და მას შეუძლია ფიზიკური შრომით თანხის გამომუშავება. (ის გარემოება, რომ მოპასუხეს შეუძლია ფიზიკური შრომა ასევე ასახული იყო მოსარჩელის მიერ სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერშიც, რომელიც საქმეს არ დაერთო).

5.1.10. აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის ჯანმრთელობის ისეთი მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომლებიც გამორიცხავდა მის დასაქმებას, მუშაობას და შემოსავლის მიღებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მოპასუხეს არ ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, ფიზიკური თუ ინტელექტუალური უნარების იმგვარი სახის შეზღუდვა, (კიდურების არარსებობა, გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ.), რომელიც მის შრომისუუნარობას განაპირობებდა. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სარჩენად.

5.1.11. სააპელაციო პალატამ არასრულწლოვნების ასაკის გათვალისწინებით (სასკოლო ასაკის - 14 და 12 წლის) მათთვის აუცილებელ საჭიროებებზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის/აპელანტისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით, აუცილებელი იყო ბავშვების მინიმალური კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, არ არსებობდა განსაზღვრული ალიმენტის გაუქმების ან/და შემცირების საფუძველი.

5.1.12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ალიმენტის ეს ოდენობა ნაკლები იყო საქსტატის მიერ დადგენილი, საშუალო მომხმარებლის ერთი თვის საარსებო მინიმუმზე, რაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (08.05.2023წ.) შეადგენდა 253,7 ლარს.

5.1.13. დასკვნის სახით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუნდაც მშობელს არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, აპელანტის მითითება, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, არ წარმოადგენდა მშობლის უშუალო მოვალეობის - შვილს გაუწიოს სათანადო მატერიალური დახმარება ,,გაუქმების ან/და შემსუბუქების’’ საფუძველს. შესაბამისად პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია. შეზღუდული შესაძლებლობის გამო იღებს პენსიას 120 ლარს, რაც თავადაც არ ჰყოფნის ძვირადღირებული მედიკამენტების შესძენად. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოდუგენია არანაირი მტკიცებულება მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ იყო საკმარისი. სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, გაუგებარია რას დაეყრდნო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არაგონივრულია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.

11. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).

14. კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი ფიზიკური და მატერიალური მდგომარეობა, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია. უპირველესად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნები იზრდებიან დედასთან, ამდენად უდავოა, რომ არასრულწლოვნების მამას უნდა დაეკისროს შვილების აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა. კასატორის პრეტენზიის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კასატორი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად არ არის ცნობილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მიუხედავად იგი თავის უფლებაუნარიანობას 2006 წლის 13 იანვრიდან დღემდე ახორციელებს დამოუკიდებლად. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. მშობელს თუნდაც არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან.

15. საკასაციო პალატა, ბუნებრივია, ითვალისწინებს კასატორის რეალურ ფიზიკურ და მატერიალურ მდგომარეობას, ასევე, აანალიზებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო აქტის ფუნქციური დანიშნულება სადავო უფლების რეალური დაცვა და ამ თვალსაზრისით აღსრულებადი გადაწყვეტილების გამოტანაა და თვლის, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვნების სასარგებლოდ ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 150-150 ლარი და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, რადგან ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არათუ ბავშვების აუცილებელი საჭიროება, არამედ ელემენტარული პირობებიც კი და მათ აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.

16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki, v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, განსახილველი დავა არ წარმოადგენს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ადასტურებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი