23 ივლისი 2024 წელი
№ას-551-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ლ.ი–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ლ–ია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2022 წლის 13 ოქტომბერს მ.ლ–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ლ.ი–ძის მიმართ, ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ .......) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ....... (ს/კ ........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე ლ.ი–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 901 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......., (ს/კ .........), რეგისტრირებულია მ.ლ–იას და ს.ბ–ის თანასაკუთრებად (ს.ფ. 19-20).
5.2. მხარეების ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მ.ლ–იას კუთვნილ სადავო უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე ლ.ი–ძე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის სადავო ფართში ცხოვრების უფლება არასდროს მიუცია. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის, ან სხვა რაიმე გარიგება არასდროს დადებულა.
5.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილი იყო ისიც, რომ აპელანტი არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აპელანტის მიერ ფლობის კანონიერი საფუძველი გ.გ–თან 2017 წლის 27 აპრილს დადებული ,,სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთით სარგებლობის“ ხელშეკრულებაა, რომელიც აპელანტის მითითებით, გ.გ–ის მიერ არაჯეროვნად შესრულდა, კერძოდ, მსესხებლის მიერ დაუბრუნდა გასესხებულზე ნაკლები თანხა, რის გამოც არ ტოვებს მოსარჩელის კუთვნილ ფართს და განმარტა შემდეგი:
დადგენილია, რომ აპელანტ ლ.ი–ძესა და გ.გ–ს შორის, 2017 წლის 27 აპრილის ,,სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთით სარგებლობის“ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ლ.ი–ძემ კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი მოსარჩელის კუთვნილ ფართში დაასაწყობა სწორედ მოსარჩელის თანხმობითა და მასთან შეთანხმებით, რისთვისაც მოპასუხეს გადაეცა ბინის გასაღები ბინის მესაკუთრისაგან. ასევე დადგენილია, რომ სადავო ფართში მოძრავი ნივთების განთავსების შემდეგ ლ.ი–ძე სადავო ფართში საცხოვრებლად გადავიდა, დროებით, იპოთეკით დატვირთულ ბინაში მერიის განვითარების ფონდის მიერ დაწყებული სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სადავო უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დასასაბუთებლად მიუთითებდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე, რაც არ იქნა გაზიარებული. კერძოდ, პალატის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხესა და მოსარჩელეს, როგორც ფართის მესაკუთრეს შორის რაიმე შეთანხმება 2017 წლის 27 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებამდე მოპასუხისათვის ფართის ფლობის უფლების მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, აპელანტის მითითება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე, როგორც ფართის ფლობის მართლზომიერ საფუძველზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, აღნიშნული მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საფუძლად ვერ გამოდგებოდა. პალატის დასკვნით, მოპასუხემ/აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და არ შეიცავს მითითებას მტკიცებულებებზე, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომელშიც სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხესა და მოსარჩელეს, როგორც ფართის მესაკუთრეს შორის რაიმე შეთანხმება 2017 წლის 27 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებამდე მოპასუხისათვის ფართის ფლობის უფლების მინიჭების შესახებ და რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე, როგორც ფართის ფლობის მართლზომიერ საფუძველზე, აპელანტის მითითება მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საფუძვლად ვერ გამოდგება.
ზემოაღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება შემდეგი დასაბუთებით: მართალია, მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება ფულადი ვალდებულების შესრულებამდე მოპასუხისათვის ფართის ფლობის უფლების მინიჭების თაობაზე არ ყოფილა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ჯეროვნად არ იყო შესრულებული (ხელშეკრულების დადების მომენტში არსებულ ეროვნული ბანკის კურსსა და თანხის დაბრუნებისას არსებულ კურსებს შორის სხვაობამ მოპასუხისათვის 867 ა.შ.შ. დოლარის დანაკლისი გამოიწვია) შესაბამისად ხელშეკრულება არ იყო შეწყვეტილი. ამასთან, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე მარი და გ.გ–ს შორის შეთანხმება ლ.ი–ძის მიერ სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით რეალურად არსებობდა, სწორედ ამ შეთანხმების შედეგად გადავიდა და განათავსა თავისი ნივთები უძრავ ქონებაში (მდებარე: ......) ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა.
6.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის არც იმ მსჯელობას რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები სრულად. კასატორი თვლის, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხეს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება, ვინაიდან ხელშეკრულება 2023 წლამდე გაგრძელდა, რაც დასტურდებოდა მხარეთა შორის ნოტარიულად დამოწმებული 2021 წლის 24 მაისის შეთანხმებით. მოპასუხე იყო მართლზომიერი მფლობელი გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება არ იყო შეწყვეტილი, ვინაიდან ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
14. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია, რაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას, ხოლო ის გარემოებები რასაც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, საკასაციო სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია, მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების მართლზომიერების სამტკიცებლად. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ქონების გამოთხოვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-731-2019, 28.06.2019წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ი–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი