23 ივლისი 2024 წელი
№ას-373-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ გ.ა–ვა
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ტ–ლი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ა–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.ტ–ლის მიმართ ნოტარიუს მ.ა–ის მიერ 27.08.2014 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულების მოცულობის შემდეგი სახით განსაზღვრა: პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.05% ყოველდღიურად, 2013 წლის 04 დეკემბრიდან 2014 წლის 27 აგვისტომდე, რაც შეადგენს 665 ა.შ.შ. დოლარს.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 2013 წლის 04 მარტს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. კრედიტორმა გასცა სესხი 5000 ა.შ.შ. დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად „ამ ხელშეკრულების ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის“.
5.2. 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს მ.ა–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი #140904314, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მოვალის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 5000 (ხუთი ათსი) ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.3% ყოველდღიურად, აღრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 109 ლარი.
5.3. სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა წარადგინა სააღსრულებო ბიუროში 27.08.2014 წელს, რის შემდეგაც დაიწყო სააღსულებო წარმოება A14064019. 2022 წლის 23 სექტემბერს მოვალეს განმეორებით ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (პირველად ჩაბარდა 2014 წლის სექტემბერში).
5.4. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოძიებულ იქნა მოვალის სახელზე არსებული ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი, მდებარე, ქ. თბილისი, ......., ს/კ ......., რომელიც დაყადაღებულია.
5.5. აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა, რომ მას არასწორად ეთქვა უარი პირგასამტეხლოს შემცირებაზე, რადგან სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და შემცირებას ექვემდებარებოდა.
5.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტა რა შემთხვევაში ენიჭება სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლება. განსახილველი საქმის ფარგლებში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიჩნია, რადგან მხედველობაში მიიღო შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა, ვალდებულების დარღვევის პერიოდი და ის გარემოება, რომ კრედიტორმა გაჭიანურების გარეშე მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რამაც პირგასამტეხლოს დარიცხვა შეაჩერა. სააპელაციო პალატის მითითებით აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ აპელანტს არ წარმოუდგენია არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაში.
პალატამ დამატებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს გადახდას ითხოვს ვალდებულების დარღვევის არა მთელ პერიოდზე, არამედ მხოლოდ მის ნაწილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორმა თავად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ სესხი გაიცა 04.03.2013 წელს და უნდა დაბრუნებულიყო 04.06.2013 წელს. სააღსრულებო ფურცელი გაიცა 27.08.2014 წელს, რომელიც აღსასრულებლად წარედგინა 29.08.2014 წელს. ამდენად კრედიტორის მოთხოვნის წარმოშობიდან სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე გასულია 14 თვე (450 დღე). შესაბამისად ამ პერიოდზე გაანგარიშებული პირგასამტეხლო შეადგენს 6750 (450X15) ა.შ.შ. დოლარს, კრედიტორი კი ითხოვს 3990 ა.შ.შ. დოლარს, რაც 2745 ა.შ.შ. დოლარით ნალებია დარღვევის სრულ პერიოდზე გაანგარიშებულ პირგასამტეხლოზე. აქედან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს უფრო მეტად შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მიზანი და ამიტომ არ მოხდა მისი შემცირება. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ აღსრულების გაჭიანურება აპელანტის ბრალი იყო. კრედიტორი არ აქტიურობდა, მოვალეს კი რა შეეძლო გაეკეთებინა, როცა მისი ქონება კრედიტორის სასარგებლოდ იყო დაყადაღებული. შესაბამისად ვინაიდან სააღსრულებო წარმოების 8 წელზე გაჭიანურებაში კასატორის ბრალი გამოირიცხება, აღნიშნული არ უნდა ამართლებდეს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პროცენტს. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სესხის ძირი თანხა პროცენტებთან ერთად გადახდილი აქვს, თუმცა ვინაიდან მას ამის დამადასტურებელი ხელწერილი არ აქვს, აღნიშნულს ვერ დაამტკიცებს, სწორედ ამიტომ აღიარებს სესხის ძირ თანხას, მაგრამ პირგასამტეხლოს ოდენობას შეუსაბამოდ მაღალ ოდნობად მიიჩნევს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ და მისთვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმა არამართლზომიერი იყო.
11. კასატორის მტკიცებით, აღსრულების გაჭიანურებაში მას ბრალი არ ედება. თავად კრედიტორი არ აქტიურობდა გადაცემული სესხის დასაბრუნებლად და მას რა შეეძლო გაეკეთებინა, როცა ქონება კრედიტორის სასარგებლოდ იყო დაყადაღებული. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტაციით პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმა გაუმართლებელი იყო.
12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის კანონიერება.
13. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; №ას-1056-2021, 17.12.2021წ. №ას-1507-2022 30.05.2023)
15. ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
16. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.).
17. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ. სუსგ. №ას-1597-2019, 13.12.2019წ).
18. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
19. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
20. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვალდებულება დარღვეულია 2013 წლიდან. მოვალეს ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სესხის ძირითად თანხაზე სააღსრულებო ფურცლის ძალით, შეწყვეტილია პირგასამტეხლოს დარიცხვა, ესე იგი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ მოვალე თანხით უსასყიდლოდ სარგებლობს. ამასთან, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ კრედიტორი ითხოვს პირგასამტეხლოს გადახდას ვალდებულების დარღვევის არა მთელ პერიოდზე (ვალდებულების დარღვევიდან სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე პერიოდზე), არამედ მხოლოდ მის ნაწილზე, ანუ კრედიტორმა თავად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო პალატას მიაჩნია სამართლიან ოდენობად, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს მინიმალური პრეზუმირებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო მეორეს მხრივ უსაფუძვლოდ არ გაამდიდრებს კრედიტორს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 372.29 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.ა–ვას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 444.90 ლარის (საგადახდო დავალება № 21820941235, გადახდის თარიღი: 13.05.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 311.43 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი