Facebook Twitter

ბს-1016-980(კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ციკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “ნ.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 31 აგვისტოს შპს “ნ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 მარტის ¹1377 და 10 აპრილის ¹1595 ბრძანებების თანახმად შპს “ნ.-ს” ჩაუტარდა საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე, რაზეც შედგენილ იქნა 2007 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტი. ხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტით შპს “ნ.-ს” დამატებით გადასახდელად დაერიცხა 576943,46 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი _ 282447,89 ლარი, ჯარიმა _ 174090,85 ლარი, საურავი _ 120404,72 ლარი. შპს “ნ.-ის” დირექტორის მინდობილი პირი არ დაეთანხმა აქტით დამატებით დარიცხული თანხის უმეტეს ნაწილს და საქართველოს საგადასახდო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უარი განაცხადა აქტზე ხელის მოწერაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 6 ივნისს ფოსტის მეშეობით შპს “ნ.-ის” დირექტორის მინდობილ პირს ჩაჰბარდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტი და 2007 წლის 22 მაისის ¹1243/110 საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული 576943,46 ლარის გადახდის თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების აქტს და საგადასახადო მოთხოვნას ნაწილობრივ არ დაეთანხმა არასწორად დარიცხული თანხების გამო, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, რომლის დაკმაყოფილებაზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹6937 ბრძანებით უარი ეთქვა.

საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹6937 ბრძანების ბათილად ცნობა, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 24 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2007 წლის 22 მაისის ¹1243/110 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, აღნიშნული აქტითა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული შემდეგი თანხების ნაწილში: დამატებითი ღირებულების გადასახადის _ 121465,64 ლარის, მოგების გადასახადის _ 105156,38 ლარის, საშემოსავლო გადასახადის _ 81659,54 ლარი, სოციალური გადასახადის _ 127395,80 ლარის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის _ 1925 ლარის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩაება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ნ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ნ.-მ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო აქტების ბათილად ცნობა და საგადასახადო ინსპექციისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დარიცხული თანხების კორექტირება მოხდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით შპს “ნ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 მარტის ¹1377 და 10 აპრილის ¹1595 ბრძანებების თანახმად, შპს “ნ.-ს” ჩაუტარდა საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე, რაზედაც შედგენილ იქნა 2007 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტი. ხსენებული აქტის თანახმად, შპს “ნ.-ზე” დამატებით გადასახდელად დარიცხვას დაექვემდებარა 576943,46 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი _ 282447,89 ლარი, ჯარიმა _ 174090,85 ლარი, საურავი _ 120404,72 ლარი. შპს “ნ.-ის” დირექტორის მინდობილი პირი ა. ჟ.-ე არ დაეთანხმა აქტით დამატებით დარიცხული თანხების უმეტეს ნაწილს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უარი განაცხადა აქტზე ხელის მოწერაზე. 2007 წლის 6 ივნისს მას ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 მაისის ¹1243/110 საგადასახადო მოთხოვნა აქტით დამატებით დარიცხული 576943,46 ლარის გადასახადის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაეთანხმა გადასახადის სახით დარიცხულ 141037,10 ლარს, დანარჩენ ნაწილში, ანუ 435906,36 ლარის დარიცხვის ნაწილში, შემოწმების აქტსა და საგადასახადო მოთხოვნას არ დაეთანხმა და მოითხოვა მათი გაუქმება დამატებითი ღირებულების გადასახადის _ 121465,64 ლარის, მოგების გადასახადის _ 105156,38 ლარის, საშემოსავლო გადასახადის _ 81659,54 ლარის, სოციალური გადასახადის _ 127395,80 ლარის და ჯარიმის _ 1925 ლარის დარიცხვის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომAაღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ადასტურებდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა შემოწმებაში მონაწილე საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმაც მიუთითეს, რომ შემმოწმებელთა მიერ მოძიებულ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც კი საწარმოს გააჩნდა, ასევე მოძიებულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტის დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა შპს “ნ.-ის” სამგზავრო ავტობუსების მიერ საზღვრის გადაკვეთას, საწარმოში დასაქმებული მძღოლების ახსნა-განმარტებები, რაც გახდა სადავო შემოწმების აქტში დაფიქსირებული თანხების დარიცხვის საფუძველი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და მხოლოდ მოსარჩელეთა მითითება იმის თაობაზე, რომ შპს “ნ.-ის” დირექტორი შემოწმების პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში და რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ ეცოდინებოდა თუ რა ხდებოდა წინა პერიოდებში ვერ ჩაითვლებოდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნ.-მ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “ნ.-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 4 დეკემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ნ.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს “ნ.-ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ნ.-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. შპს “ნ.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 70 პროცენტი _ 5 600 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.