Facebook Twitter

საქმე №ას-469-2024 24 ივლისი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - კ.მ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,კ.ბ–ის“ სარჩელი კ.მ–ძის, ქ.მ–ძისა და გ.მ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა. კ.მ–ძესა და ქ.მ–ძეს სს „კ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 8592.18 ლარი, საიდანაც 5083.61 ლარი არის ძირითადი თანხა, 2530.48 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 230.63 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 747.46 ლარი - დარიცხული პირგასამტეხლო. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქ.მ–ძესა და გ.მ–ძეს შორის 2021 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 22.11.2021 წ.) უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ........., როგორც მოჩვენებითი გარიგება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების ს/კ .......; 1/3 წილი აღირიცხა კვლავ ქ.მ–ძის საკუთრებად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 07 (შვიდი) დღით და დაევალათ: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ამასთან უნდა განსაზღვრათ სააპელაციო საჩივრის ფასი, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.

5. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძლების შესახებ კ.მ–ძიეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ თბილისი, …….. ბ N 28, სადაც ჩაიბარა ქ.მ–ძემ, კ.მ–ძის ოჯახის წევრმა - დედამ 2023 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 17 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 23 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუმადგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აღნიშნულის შესახებ აპელანტები გაფრთხილებულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და კ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, კ.მ–ძემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია კანონით გზავნილის ოჯახის წევრზე ჩაბარება ჩაბარებულად ითვლება მხარისთვის და აღნიშნულს სადაოდ ვერ გახდის, თუმცა სს “კ.ბ–ი”-ს მიმართ არსებული დავალიანების გამო, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა დედა-შვილს, მამა-შვილს, ასევე ყოფილ მეუღლეებს შორის. აღნიშნული კი გამორიცხავს, დედა-შვილურ ურთიერთბას და ერთი ოჯახის წევრობას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სააპელაციო საჩივრის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს და თვლის, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, თანხის დაკისრების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხარვეზის განჩინება მხარისთვის ჩაბარებულად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 07 (შვიდი) დღით და დაევალათ: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ამასთან უნდა განესაზღვრათ სააპელაციო საჩივრის ფასი, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.

14. სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძლების შესახებ კ.მ–ძიეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ თბილისი, ……, სადაც ჩაიბარა ქ.მ–ძემ, კ.მ–ძის ოჯახის წევრმა - დედამ 2023 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 17 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 23 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუმადგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

15. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კ.მ–ძე წარმოდგენილ კერძო საჩივარში უთითებს, რომ მართალია კანონით გზავნილის ოჯახის წევრზე ჩაბარება ჩაბარებულად ითვლება მხარისთვის და აღნიშნულს სადაოდ ვერ გახდის, თუმცა სს “კ.ბ–ი”-ს მიმართ არსებული დავალიანების გამო, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა დედა-შვილს, მამა-შვილს, ასევე ყოფილ მეუღლეებს შორის. აღნიშნული კი გამორიცხავს, დედა-შვილურ ურთიერთბას და ერთი ოჯახის წევრობას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სააპელაციო საჩივრის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს და თვლის, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, თანხის დაკისრების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია.

16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

17. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამ მუხლის მიზანი არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ უწყების ჩაუბარებლობის მინიმუმადე დაყვანაა, წინააღდეგ შემთხვევაში ნებისმიერ პირი, რომელიც სამოქალაქო ვალდებულების შესრულებას თავს აარიდებდა და უწყების ჩასაბარებლად მისულ მისამართზე არ დახვდებოდა, მის წინააღდეგ სასამართლოში საქმიწარმოება შეუძლებელი გახდებოდა, რაც უდავოდ გამოიწვევს დაინტერესებული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

18. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაჰბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

19. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აღნიშნული განჩინება კ.მ–ძის ნაწილში ჩაჰბარდა ქ.მ–ძეს (ტ.1. ს.ფ.305). აღნიშნული ხარვეზის განჩინების ჩაბარების შემდგომ აპელანტებმა ნაწილობრივ გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და წარმოადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. ასევე, აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ კ.მ–ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაც ქ.მ–ძეს ჩაჰბარდა (ტ.1. ს.ფ.370), რის საფუძველზეც მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა კერძო საჩივარი.

20. საქმეში არსებული ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათების მიხედვით სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორისთვის გაგზავნილი კორესპონდენციები ბარდებოდა ქ.მ–ძეს, კერძო საჩივრის ავტორის დედას. აღნიშნული შეტყობინების ბარათები მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა და როგორც საქმის მასალებით დგინდება, მათ საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორი ახორციელებდა შესაბამის საპროცესო მოქმედებებს.

21. ასევე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება ოჯახის წევრებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ არ წარმოადგენს რელევანტურ გარემოებას, ვინაიდან ისინი განსახილველ საქმეში არ მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები, არამედ არიან მოპასუხეები. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო საქმის მიმდინარეობის ეტაპზე ეცნობებინა სასამართლოსთვის ოჯახის წევრებს შორის არსებული დაძაბული უთიერთობის შესახებ, რათა სასამართლოს შემდგომში უზრუნველყო უშუალოდ კერძო საჩივრის ავტორისთვის კორესპონდენციის ჩაბარება. აღნიშნული მხარის მიერ არ განხორციელებულა, რაც ნიშნავს იმის, რომ კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული პრეტენზია საფუძველსმოკლებულია. შესაბამისად, უწყების ადრესატთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრისთვის ჩაბარება, ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე