Facebook Twitter

საქმე №ას-528-2024 26 ივნისი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში მოსარჩელე, შემსყიდველი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შემსყიდველის სარჩელი შპს „ა–ას“ (შემდეგში მოპასუხე ან მიმწოდებელი) მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, 557.17 ლარის გადახდა.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს საქონლის ნაწილი მიაწოდა დაგვიანებით, ნაწილი კი საერთოდ არ მიუწოდებია, რაც ხელშეკრულების 13.5 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლისთვის ჯარიმის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის, დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2020 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/291020/2 ხელშეკრულება, რომლითაც შემსყიდველმა გამოაცხადა ტვირთების დასალუქად გამოსაყენებელი ძალოვანი ჩამკეტი ტროსიანი ლუქების (CPV35121500 - ლუქები) შესყიდვაზე აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი (NAT200010274) და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა აიღო ვა–ებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის საქონელი 268 000 ლარად;

7.2. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით დადგინდა, რომ შესყიდვის ობიექტი იყო ტვირთების დასალუქად გამოსაყენებელი ძალოვანი ჩამკეტი ტროსიანი ლუქები, რომლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასები, ტექნიკური მახასიათებლები, წარმოშობის ქვეყანა, მიმწოდებელი ფირმა და მოდელი მითითებული იყო ხელშეკრულების დანართ N1-ში;

7.3. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში;

7.4. მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგები: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ მიაწოდებდა შემსყიდველს შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის საქონელს, მას დაეკისრებოდა პირსაგამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (13.1 პუნქტი);

7.5. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 7.1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02% (13.2 პუნქტი);

7.6. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ს, მეორე მხარე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება (13.3 პუნქტი);

7.7. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (13.4 პუნქტი);

7.8. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი არ იქნებოდა ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილი ნიმუშის და ხელშეკრულების N1-ში განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი, აგრეთვე, თუ დადგებოდა ამავე მუხლის 13.3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებელი დაეჯარიმებინა ერთჯერადად, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით და იტოვებდა უფლებამოსილებას შეეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება (13.5 პუნქტი).

7.9. ხელშეკრულება ამოქმედდა მხარეთა ხელმოწერის დღიდან და ძალაში იყო 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით;

7.10. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში 132 600 ლარის ღირებულების პროდუქცია არ მიუწოდებია, პროდუქცია მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 21 დღის ვადაგადაცილებით (18 იანვარს), რაზეც იმავე დღეს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი;

7.11. მიწოდების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე შეადგინა წერილი პირგასამტეხლოს სახით 557.17 ლარის გადახდის ვალდებულების შესახებ. მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხა არ გადაუხდია;

7.12. ხელშეკრულების მე-15 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით;

7.13. ხელშეკრულების 15.2-ე პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი იქნა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია CPB/20-005725, გაცემული 2020 წლის 28 ოქტომბერს, სს „ა.დ–ის“ მიერ 26 800 ლარის უზრუნველყოფით;

7.14. ხელშეკრულების 15.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიემართა გარანტიის გამცემი ორგანოსათვის და მოეთხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა;

7.15. 2021 წლის 3 თებერვალს მოსარჩელემ წერილით მიმართა სს „ა.დ–ას“ და მოითხოვა CPB/20-005725 საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად საგარანტიო თანხის 26 800 ლარის გადახდა ბენეფიციარისათვის, ვინაიდან გასული იყო N1/291020/2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო პრინციპალს არაჯეროვნად ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

7.16. 2021 წლის 5 თებერვალს სს „ა.დ–ამ“ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხის 26 800 ლარის ანაზღაურება ხუთი კალენდარული დღის ვადაში. მოპასუხემ შეასრულა CPB/20-005725 საბანკო გარანტიით აღებული ვალდებულება და 2021 წლის 5 თებერვალს სს „ა.დ–ას“ გადაურიცხა გარანტიის თანხა სრულად, რაც ამ უკანასკნელმა 2021 წლის 10 თებერვალს გადაურიცხა მოსარჩელეს;

7.17. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. მოპასუხემ, მართალია, ვადაგადაცილებით, თუმცა სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს ჯამურად მიაწოდა 400 000 ცალი ძალოვანი ჩამკეტი ტროსიანი ლუქი (21 დღის ვადაგადაცილებით). კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა 132 600 ლარის ღირებულების 198 000 ცალი ძალოვანი ჩამკეტი ტროსიანი ლუქი 2021 წლის 18 იანვარს, რაზეც იმავე დღეს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი;

7.18. დარჩენილი 202 000 ერთეული ძალოვანი, ჩამკეტი ტროსიანი ლუქი მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 33 დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც, მას დაეკისრა ხელშეკრულების 13.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 893.25 ლარის გადახდა, რაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია.

8. წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა, არსებობდა თუ არა ხელშეკრულების 13.5 და 13.3 პუნქტების შესაბამისად მოპასუხისთვის ჯარიმის, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის, 26 800 ლარის დაკისრების წინაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულების 13.5 პუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი არ იქნებოდა ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილი ნიმუშის და ხელშეკრულების N1-ში განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი, აგრეთვე, თუ დადგებოდა ამავე მუხლის 13.3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებელი დაეჯარიმებინა ერთჯერადად, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით და შეეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების 13.3 პუნქტის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ს, მეორე მხარე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება.

10. ამდენად, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტების მიხედვით, შემსყიდველს მოპასუხის დაჯარიმების უფლება წარმოეშობოდა ორ შემთხვევაში: 1) თუ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი იქნებოდა ნივთობრივად ნაკლიანი ან 2) თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ს და აღნიშნულის გამო მხარე შეწყვეტდა ხელშეკრულებას.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავადდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

12. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

13. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შემსყიდველის მიერ წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს მითითებას სადავო ხელშეკრულების 13.5 პუნქტის ამოქმედების წინაპირობების არსებობის შესახებ (მოსარჩელეს არც სარჩელში და არც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე არ მიუთითებია მიღებული პროდუქციის ნაკლსა და მისი ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობაზე). საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მეორე მხარემ შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც სადავო 13.5 პუნქტის ამოქმედების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება სადავო ხელშეკრულების 13.5 და 13.3 პუნქტების ამოქმედებისა და ამ საფუძვლით მოპასუხისთვის ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობებს არსებობა. არც კასატორს წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებებიც, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე