№ა-3749-შ-91-2024
09 სექტემბერი, 2024წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.კ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ი–ი
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ვას სარჩელი ზ.ი–ის მიმართ დაკმაყოფილდა. ზ.ი–ს ლ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 000 რუბლის, პროცენტის - 1 704 760 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების 54 224 რუბლის გადახდა.
ლ.კ–ვას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით ლ.კ–ვას შუამდგომლობაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში შუამდგომლობის დედნის, შუამდგომლობაზე დართული ყველა დოკუმენტის დედნის ან დამოწმებული ასლის და სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებასა და მის აღსასრულებლად გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ზ.გ.ძე ი–ი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 სექტემბრის წერილში მითითებული 1976 წლის 18 იანვარს დაბადებული ჯ.გ. ძე ჯ–ი (საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი .......). აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარომადგენელს ნ.გ–ს ჩაბარდა 2024 წლის 07 აგვისტოს. შუამდგომლობის ავტორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ლ.კ–ვას დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2024 წლის 07 აგვისტოს ჩაბარდა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ნ.გ–ს.
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 08 აგვისტოდან და ამოიწურა 2024 წლის 19 აგვისტოს (17 აგვისტო იყო არასამუშაო დღე - შაბათი). ამდენად, შუამდგომლობის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ვას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: რევაზ ნადარაია