¹ბს-1017-973(კ-07) 6 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 25 თებერვალს შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ კონტროლის პალატისა და შპს ,,ე-ის” მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2002 წლის 17 ივნისს აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ მიღებულ იქნა აქტი ¹04-15/221, რომელიც 2003 წლის 7 მაისს გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ. ამის შემდგომ კონტროლის პალატამ დამატებით შეისწავლა აქტში მითითებული საკითხები და მიიღი ორი აქტი 2003 წლის 24 სექტემბერს და 2003 წლის 17 ივნისს.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული აქტი არ არის სრულყოფილი და მისი შედგენისას არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც კონტროლის პალატის აქტს ექნებოდა სხვა სახე და შინაარსი;
მოსარჩელის მოსაზრებით, კონტროლის პალატამ არ შეისწავლა ის ფაქტი, რომ შპს ,,ე-ის” მიერ უკანონოდ მითვისებული შპს ,,მ-ისა” და შპს ,,ი-ის” საკუთრებაში არსებული 7,2 ტონა 64 ცალი კუთხოვანა, შპს ,,ე-ის” საკუთრებად იქნა ასევე ჩათვლილი კომპლექსური ქვესადგურებიც, მაშინ როცა ისინი შპს ,,მ-ისა” და შპს ,,ი-ის” საკუთრება იყო. კონტროლის პალატამ ყურადღება არ მიაქცია 1994 წლის 20 მაისის ცნობას, რომლის საფუძველზეც დ. ბ-ემ ჩამოწერა შპს ,,მ-ის” დავალიანება. მოსარჩელის განმარტებით, ასევე არაფერია ნათქვამი 81,8 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანებების წარმოშობის საფუძველზე. ინვენტარიზაციის აქტში საერთოდ არაა მოხსენიებული ის სამუშაოები და მასალა-მოწყობილობები, რის საფუძველზეც წარმოიშვა აღნიშნული კრედიტორული დავალიანება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2003 წლის 24 სექტემბრისა და 18 ნოემბრის აქტების ბათილად ცნობასა და საქმის მასალების აჭარის ა/რ პროკურატურისათვის გადაცემას.
მოპასუხეებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2003 წლის 24 სექტემბრისა და 18 ნოემბრის აქტები და აჭარის ა/რ კონტროლის პალატას დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა, საქმის მასალების აჭარის ა/რ პროკურატურაზე გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ,,ადმინისტრციული-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები”, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონთ გათვალისწინებული ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე – აჭარის ა/რ კონტროლის პლატის მიერ აქტის გამოცემისას სრულოფილად არ აქვთ შესწავლილი მოსარჩელის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და შპს ,,ი-ისა და შპს ,,მ-ის” სასარჩელო მოთხოვნა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2003 წლის 24 სექტემბრის და 18 ნოემბრის აქტების ბათილად ცნობისა და აქტის აჭარის ა/რ კონტროლის პალატისათვის ხელახალი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ პერიოდის რედაქციის მიხედვით, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 6 თვის ვადაში. შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” წარმომადგენელმა ნ. ი-ემ კი სარჩელი შეიტანა 2005 წლის 25 თებერვალს. საქმეში არსებული აჭარის ა/რ კონტროლის პალატის წერილებიდან ირკვევა, რომ სადავო აქტებს ნ. ი-ე გაეცნო არა უგვიანეს 2004 წლის 19 აპრილისა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სარჩელის შეტანის მომენტისთვის არ მოქმედებდა ადმინისტრციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, ნ. ი-ის სარჩელი 2005 წლის რედაქციით მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ხანდაზმულია. სადავო აქტს ნ. ი-ე ჯერ კიდევ 2003 წელს გაეცნო, რაც დასტურდება 2003 წლის 16 და 17 ნოემბერს შედგენილი კონტროლის პალატის აქტით.
Aამასთან, 2003 წლის 24 სექტემბერს აქტის შედგენას ესწრებოდა ნ. ი-ის წარმომადგენელი ა. ფ-ე, რომლის 2003 წლის 14 ნოემბრის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ინვენტარიზაცია ჩატარებულ იქნა ინვენტარიზაციის წესების სრული დაცვით, ობიექტურად, ინვენტარიზაციის აქტზე წრამომადგენელს პრეტენზია არ გააჩნდა. იგივე განმარტა ა. ფ-ემ 2006 წლის 17 ნოემბერს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრეს შპს ,,ი-მა” და შპს ,,მ-მა”.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორები საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სასარჩელო განცხადებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-დის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვათ შპს ,,ი-სა” და შპს ,,მ-ს” საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. შპს ,,ი-ს” და შპს ,,მ-ს” დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101502;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.