ას-585-2024
31 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ლ–ას“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 27623.70 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება (იხ. სარჩელი: ს.ფ. 3-18).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი გამოთვლა უნდა მოხდეს შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ლ–ას“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ას“ შორის, 2021 წლის 12 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N85 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდვლისათვის მიეწოდებინა, შსს-ს საპოლიციო დანაყოფებისათვის ზამთრის შარვლები, ხელშეკრულების დანართი N1-ში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, ხელშეკრულების პირველი და მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 28 აპრილისა, ხოლო ხელშეკრულების მე-3 პოზიციით გათვალისწინებული საქონლი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში არაუგვიანეს - 2021 წლის 13 აპრილისა.
5.2. მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულების დანართი 1-ის მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - უბნის ინსპექტორის მამაკაცის ზამთრის შარვალი, ნაცვლად 2021 წლის 13 აპრილისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 27 ივლისს - 90 კალენდარული დღის დაგვიანებით.
5.3. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 204 620 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 27 623.70 ლარი.
5.4. 2021 წლის 27 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება N2, რომლითაც მხარეებს შორის მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება, შედეგად ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4 პუნქტი დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.4. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“.
5.5. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მიმწოდებელს გაეგზავნა 2021 წლის 18 აგვისტოს N-2175763 წერილი საჯარიმო სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით და განესაზღვრა 30 დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ იზიარებდა აპელანტის განმარტებას მასზედ რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოთხოვნაზე შედავება არ განხორციელებულა. პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა მოპასუხე და შესაგებლით სადავო გახადა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობის ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, 2021 წლის 27 მაისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმებულ N2 შეთანხმებაზე, რომლითაც ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4 პუნქტი დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.4. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“. ვინაიდან, ხელშეკრულება სრულად შესრულებულ იქნა 2021 წლის 27 ივლისს, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ვადაში და ვადის დარღვევას ადგილი არ ქონდა.
5.7. ვინაიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება დარღვეულია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება შესრულებული იქნა სრულად მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში, პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ქონია, აღნიშნული კი მოსარჩელის მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდიდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მითითებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი. მისი შესაგებელი შემოიფარგლა მხოლოდ პანდემიურ მდგომარეობაზე მითითებით და მას არც სასამართლო პროცესზე და არც შესაგებელში არ მიუთითებია მხარეთა შორის გაფორმებულ N2 შეთანხმებაზე, რასაც სასამართლომ დააფუძნა გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ წარმოდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლისა და სასამართლო პროცესზე შეუდავებლობის პირობებში, მოპასუხის პოზიციის იმგვარად წარმოჩენით, რაც არ გამომდინარეობდა შესაგებლიდან, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.
8.2. მხარეთა შორის გაფორმებული N2 შეთანხმებით ცვლილება შეეხო მხოლოდ ხელშეკრულების ძალაში ყოფნის ვადას, ხოლო ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი. მოპასუხე მხარეს შეთანხმების შედგენისას არ უთხოვია ხელშეკრულების სხვა პირობების შეცვლა, შეჩერება ან დანართი N1-ის კორექტირება, სადაც მითითებული იყო ვალდებულების შესრულების ვადა. შესაბამისად, მოპასუხე კომპანიამ მზაობა გამოთქვა შეესრულებინა ვალდებულება ვადაგადაცილებით, ხოლო მოსარჩელე მხარემ შეიტანა ხელშეკრულებაში ცვლილება, რომლითაც გაზარდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა და არა მიწოდების ვადა.
8.3. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 11.3 პუნქტი ადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას ფორს-მაჟორული გარემოების დადგენისას. მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი და შემსყიდველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე ეთქვა უარი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).
13. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილ–) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
15. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ნაწარმოები ვალდებულებაა, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემდეგაა შესაძლებელი. ვალდებულების დარღვევა მოიაზრებს, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ისე შეუსრულებლობას. წინამდებარე დავაში, შემსყიდველი მიმწოდებელს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ედავება და საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია, რამდენად არსებობდა შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
17. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ას“ შორის, 2021 წლის 12 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N85 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდვლისათვის მიეწოდებინა, შსს-ს საპოლიციო დანაყოფებისათვის ზამთრის შარვლები, ხელშეკრულების დანართი N1-ში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხელშეკრულების დანართი 1-ის მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - უბნის ინსპექტორის მამაკაცის ზამთრის შარვალი, სრულად მიწოდებულ იქნა 2021 წლის 27 ივლისს.
18. კასატორი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სადავო საკითხზე. იგი აცხადებს, რომ წარმოდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლისა და სასამართლო პროცესზე შეუდავებლობის პირობებში, მოპასუხის პოზიციის იმგვარად წარმოჩენით, რაც არ გამომდინარეობდა შესაგებლიდან, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (სუსგ №ას-108-2021, 22.04.2021წ; №ას-301-301-2018, 14.12.2021წ.). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (სუსგ Nას-108-2021, 22.04.2021წ.).
20. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.; სუსგ Nას-132-2019, 30.06.2021წ.).
21. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია.
22. მოცემულ შემთხვევაში, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად უნდა შეფასდეს კასატორის მითითება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელთან მიმართებით. მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში მიუთითებდა, რომ მისაწოდებელი პროდუქციის სრულად მიწოდება განხორციელდა 90 კალენდარული დღის დაგვიანებით. სააპელაციო პალატამ ერთი მხრივ, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ „მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულების დანართი 1-ის მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - უბნის ინსპექტორის მამაკაცის ზამთრის შარვალი, ნაცვლად 2021 წლის 13 აპრილისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 27 ივლისს - 90 კალენდარული დღის დაგვიანებით“, ხოლო მეორე მხრივ, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით „პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ აქვს“. გარდა იმისა, რომ სააპელაციო პალატამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულების/შეუსრულებლობის საკითხი წინააღმდეგობრივად შეაფასა, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგო მითითებას მოპასუხის შესაგებელი არ შეიცავს. შპს „ლ–ა“ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნავდა, რომ მან ვერ უზრუნველყო მისაწოდებელი პროდუქციის ნაწილის მიწოდება შეთანხმებულ ვადაში და ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას, ვინაიდან, იგი განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და არა შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად. ამავდროულად, მოპასუხე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად მიუთითებდა ფორსმაჟორული მდგომარეობის არსებობაზე, რამაც გამოიწვია ვალდებულების ნაწილის ვადაში შეუსრულებლობა. რაც შეეხება 2021 წლის 27 მაისის N2 შეთანხმებით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას, აღნიშნულზე, როგორც ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებაზე და ვალდებულების ვადაში შესრულებაზე, მოპასუხეს არ მიუთითებია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შესაგებლით სადავოდ ხდიდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების ნაწილი შეასრულა ხელშეკრულების N1 დანართით (და არა დამატებითი შეთანხმებით) განსაზღვრულ ვადაში, ნაწილი კი ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება ვადის დარღვევით განხორციელდა, მოპასუხე ნაწილობრივ შეედავა. მოპასუხის მოსაზრებითვე, მას პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების, არამედ, შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობის ფაქტი. ამდენად, სსსკ-ის 201-ე მუხლის 4-ე ნაწილისა და 219-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი იყო არა ის გარემოება, N2 დამატებითი შეთანხმებით გაგრძელდა თუ არა ვალდებულების შესრულების ვადა, არამედ სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა შესასრულებელი ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა ხელშეკრულებით (და არა დამატებითი შეთანხმებით) განსაზღვრულ ვადაში; პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა სახეზე მისი შემცირების საფუძველი და დაეკისრა თუ არა მოპასუხეს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე, როგორც ეს დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით.
23. ზემოაღნიშნული გარემოების მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმეში წარმოდგენილ მხრეთა შორის გაფორმებულ N2 შეთანხმებაზე, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას და რისი განმარტებითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, ვინაიდან, აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილება განიმარტა, როგორც ვალდებულების შესრულების ვადის ცვლილება. 2021 წლის 27 მაისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ლ–ას“ შორის გაფორმებულ N2 შეთანხმებით, ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4 პუნქტი (ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 მაისის ჩთვლით) დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.4. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“. ამავე შეთანხმებით, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი.
24. პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მხარეთა შორის გაფორმებული N2 შეთანხმების 1-ლი პუნქტით გამოვლენილი ნების სსკ-ის 52-ე მუხლიდან გამომდინარე განმარტების საჭიროება. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (სუსგ. Nას-1298-2018, 22.03. 2019წ.). ერთ-ერთ საქმეზე გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა: „მოსარჩელის მოთხოვნის უფლების არსებობა აგრეთვე ვერ დადგინდება ხელშეკრულების დამატებითი განმარტების გზით, ვინაიდან, ხელშეკრულება არ შეიცავს გეგმის საწინააღმდეგო/უნებლიე ხარვეზს. მსგავსი ხარვეზი ხელშეკრულების პირობების გაწერისას სახეზეა, როდესაც მხარეებს გამორჩებათ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, ან შეგნებულად ღიად დატოვებენ მას, ვინაიდან, ხელშეკრულების დადების მომენტში, არ მიიჩნიეს, რომ საჭირო იყო მისი განსაზღვრა, ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მათი ეს ვარაუდი არასწორია. ამასთან, გეგმის საწინააღმდეგო/უნებლიე ხარვეზზე საუბრობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება არ შეიცავს პუნქტს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს მხარეთა იმ შეთანხმებული გეგმის განხორციელება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ პუნქტს, და რის გამოც ხელშეკრულების სრულყოფის გარეშეც ვერ მივიღებთ ჯეროვან, მხარეთა ინტერესების შესატყვის გამოსავალს... (იხ. ამონარიდი გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 20.04.2017 - VII ZR 194/13-NJW 2017, 2025). პალატა კიდევ ერთხელ შეაფასებს N2 შეთანხმებას, რომლითაც შეიცვალა არა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა, არამედ, შეიცვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რადგან ცვლილება შევიდა მხარეებს შორის გაფორმებულ 2021 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების 2.4. პუნქტში, რომელიც თავადაც მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე მითითებას მოიცავდა. ამდენად, N2 შეთანხმების შინაარსი ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას, რაც გონივრული განსჯის შედეგად განმარტებას საჭიროებს. პალატის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ სადავო პუნქტი მისი შინაარსის სიცხადიდან გამომდინარე, არ საჭიროებს გონივრული განსჯის შედეგად განმარტებას, ასევე ამ პუნქტის ბუნდოვანებასა და არაორაზროვნებაზე არ მიუთითებია მოპასუხე მხარესაც, რომელსაც არ განუმარტავს ის სხვაგვარი ინტერპრეტაციით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდით, გაიზარდა ვალდებულების შესრულების ვადა, რის გამოც პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ აქვს.
25. ვინაიდან, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შესასრულებელი ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში; პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა სახეზე მისი შემცირების საფუძველი და პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, დაეკისრა თუ არა მოპასუხეს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ლ–ა“ შესაგებელში თავად მიუთითებდა, ვალდებულების ნაწილის ვადაში შეუსრულებლობაზე. მიუხედავად ამისა, საქმეში დადგენილი არ არის საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, შესასრულებელი ვალდებულების თუ რა ნაწილი შესრულდა ვადაში და რა ნაწილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა მითითებების კვლევისა და მათი სათანადო შეფასების გარეშე შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხის კვლევის შემდეგ უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თვალსაზრისით, რადგან სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ კვალიფიციური შედავება განხორციელდა, უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობს მოპასუხის პოზიციის გაზიარების და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ოდენობის (0.15%) შემცირების საფუძველი, ხოლო მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლო შეაფასებს შემცირების/შემცირებაზე უარის თქმის საკითხს, უნდა შემოწმდეს დაერიცხა თუ არა პირგასამტეხლო მოპასუხეს ვალდებულების თითოეული შესრულების პერიოდისათვის ვადის დარღვევით მიწოდებული პროდუქციის ოდენობისა და მისი ღირებულების გათვალისწინებით, ანუ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (ამ საკითხთან მიმართებით იხ. სუსგ.: ას-971-2019, 28.10.2019წ; ას-581-2019, 31.07.2019წ, ას-164-160-2016, 28.07.2016წ).
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
28. მოცემული ნორმების ანალიზის, წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთებისა და მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ლაშა ქოჩიაშვილი