№ას-857-2024
16 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.გ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ლ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განქორწინება, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ზ.გ–ის სარჩელი თ.ლ–ის მიმართ, განქორწინების, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების (ფულადი თანხა) და მოძრავი ქონების - ავტომობილის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. შეწყდა ქორწინება თ.ლ–სა (პ/ნ ......) და ზ.გ–ნს (პ/ნ ........) შორის, რეგისტრირებული 2005 წლის 29 ოქტომბერს, სსგს. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი #0050052;
2. მოძრავი ქონების, ავტომობილი "NISSAN JUKE", ფერი წითელი, სახელმწიფო ნომრით - ....., 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ზ.გ–ი;
3. თ.ლ–ს ზ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 600 აშშ დოლარის გადახდა;
4. ზ.გ–ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით თ.ლ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით ზ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
2024 წლის 8 ივლისს, საკასაციო საჩივრის ფორმალურ შემოწმებამდე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა - ნ.კ–ამ და განაცხადა, რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.
2024 წლის 12 ივლისს კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კასატორ ზ.გ–ის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას. ასევე წარმოდგენილი იქნა კასატორის მიერ ადვოკატ ნ.კ–ას სახელზე გაცემული მინდობილობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი – ზ.გ–ი უფლებამოსილია მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, რაც თავის მხრივ შედეგად იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის - ზ.გ–ნის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ზ.გ–ნის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება ზ.გ–ის საკასაციო საჩივარზე თ.ლ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: რევაზ ნადარაია