საქმე №ა-3584-შ-88-2024 02 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ.ს–ი
ნატურალიზაციის ჩანაწერების კვლევის სერთიფიკატი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის სამხრეთ რაიონის 2024 წლის 10 მაისის ნატურალიზაციის ჩანაწერების კვლევის სერთიფიკატი
დავის საგანი – სახელის და გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის სამხრეთ რაიონის, 2024 წლის 10 მაისის კვლევის სერთიფიკატი ნატურალიზაციის ჩანაწერების თანახმად, სასამართლოს კლერკი, ნათან ოჩსნერი ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის სამხრეთ რაიონისთვის ადასტურებს რომ აღნიშნული სასამართლოს ჩანაწერების კვლევის შემდეგ, მოიპოვა ნატურალიზაციის ჩანაწერი შემდეგი პიროვნებისთვის: სახელი, გვარი: ზ.ს–ი; წინა სახელი, გვარი: ზ.ა–ი; უცხოელის რეგისტრაცია: A046314578; ნატურალიზაციის თარიღი: 2004 წლის 24 სექტემბერი; სერთიფიკატის ნომერი: 27411063; სასამართლოს სიის ნომერი: 2714; გვერდის ნომერი: 55; ხაზის ნომერი:1413.
2024 წლის 03 ივლისს ზ.ს–ის წარმომადგენელმა დ.ხ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის სამხრეთ რაიონის 2024 წლის 10 მაისის ნატურალიზაციის ჩანაწერების კვლევის სერთიფიკატის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაში მითითებული ინფორმაციით, ზ.ს–ი (ზ.ა–ი), რომელიც დაბადებულია 1966 წლის 26 თებერვალს ქ. თბილისში, წლებია ცხოვრობს აშშ-ში. მან ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის სამხრეთ რაიონის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით შეიცვალა სახელი და გვარი. ზ.ს–მა აღადგინა საქართველოს მოქალაქეობა. დღეის მდგომარეობით აქვს პირადობის მოწმობა. ზ.ს–ს მემკვიდრეობის მიღების მიზნით ესაჭიროება დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, რის გამოც მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც მოსთხოვეს ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის სამხრეთ რაიონის 2024 წლის 10 მაისის ნატურალიზაციის ჩანაწერების კვლევის სერთიფიკატის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორს, ზ.ა–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის საქმისწარმოების ვადა გაუგრძელდა 3 თვით, რამდენადაც აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით ზ.ს–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) კანონიერ ძალაში შესული, აპოსტილით, თარგმნილი და სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა შუამდგომლობის ავტორის მიერ სახელი და გვარის შეცვლა. ბ) შუამდგომლობის ავტორის ამჟამინდელი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი/პირადობის მოწმობა).
ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ზ. ხ–ს გაეგზავნა 2024 წლის 10 ივლისს და ჩაბარდა დ.კ–ძეს (იურისტი) 2024 წლის 11 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ დოკუმენტებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის სამხრეთ რაიონის 2024 წლის 10 მაისის ნატურალიზაციის ჩანაწერების კვლევის სერთიფიკატის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინებით ზ.ს–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) კანონიერ ძალაში შესული, აპოსტილით, თარგმნილი და სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა შუამდგომლობის ავტორის მიერ სახელი და გვარის შეცვლა. ბ) შუამდგომლობის ავტორის ამჟამინდელი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი/პირადობის მოწმობა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ზ.ხ–ს გაეგზავნა 2024 წლის 10 ივლისს და ჩაბარდა დ.კ–ძეს (იურისტი) 2024 წლის 11 ივლისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 12 ივლისს და ამოიწურა 26 ივლისს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).
საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ს–ის შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ტეხასის სამხრეთ რაიონის 2024 წლის 10 მაისის ნატურალიზაციის ჩანაწერების კვლევის სერთიფიკატის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე