Facebook Twitter

საქმე №ას-55-2023 10 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.ჯ–ვა, მ.გ–ია, ნ.ჯ–ვა, ა.ჯ–ვა, ი.ჭ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – გ.ჩ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ჯ–ვა, მ.გ–ია, ნ.ჯ–ვა, ა.ჯ–ვა და ი.ჭ–ძე ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, მ.ს–ძის სარჩელი გ.ჯ–ვას, მ.გ–იას, ნ.ჯ–ვას, ა.ჯ–ვასა და ი.ჭ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებისგან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ......, №10-ში, საკადასტრო კოდით – №....... და გადაეცა მესაკუთრეს მ.ს–ძეს.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორების განმარტებით, მათ აქვთ როგორც სადავო ნივთის ფლობის უფლება, ასევე, საკუთრების უფლება. მათივე განმარტებით, სახლი შეიძინეს მემკვიდრეებისგან და 20 წელია სადავო ფართში ცხოვრობენ.

2.1. კასატორები, ასევე, ასაჩივრებენ საოქმო განჩინებას, რომლითაც უარი ეთქვათ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

5.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.4. ქ. ქუთაისში, ......... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ......, მოსარჩელის საკუთრებაა.

5.5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. მოპასუხეები არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

7. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

8. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

10. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება კასატორების მსჯელობა, რომ მათ დავა აქვთ საკუთრების უფლებაზე, კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს, რადგან მოპასუხეებს ასეთი მოთხოვნით შეგებებული სარჩელის აღძვრის საპროცესო უფლებით არ უსარგებლიათ (13.05.2022წ. განჩინებით გ. ჯ–ას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე. მასვე განერტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის უარი განცხადების მიღებაზე ხელს არ უშლის, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე განცხადებით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა). აღნიშნული მოთხოვნით მოპასუხეს შეუძლია ცალკე სარჩელით მომავალშიც მიმართოს სასამართლოს (შდრ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის №ას-316-2022 განჩინება). ამასთან, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთარი მფლობელობის მართლზომიერება დაედასტურებინათ. შესაბამისად, კასატორების ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა.

12. საკასაციო საჩივარში კასატორები მოითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის საოქმო განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც მოწმეთა დაკითხვის თაობაზე მოპასუხეების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რასაც პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს. ხსენებულ განჩინებაში მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის საფუძველი საქალაქო სასამართლომ სრულყოფილად დაასაბუთა, ხოლო, აღნიშნული დასაბუთების გამაქარწყლებელი და ახალი არგუმენტაცია კასატორებმა ვერ წარმოადგინეს.

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჯ–ვას, მ.გ–იას, ნ.ჯ–ვას, ა.ჯ–ვასა და ი.ჭ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ჯ–ვას (პ/ნ .......), მ.გ–იას (პ/ნ ......), ნ.ჯ–ვას (პ/ნ .......), ა.ჯ–ვასა (პ/ნ ......)და ი.ჭ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ გ.ჯ–ვას მიერ 08/02/2023წ. №16005943776 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150.00 ლარის 70% – 105.00 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი