საქმე №ას-683-2023 7 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ხ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს (არასრულწლოვნები) – ზ.მ–ძე, ნ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჯ.ხ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–იას (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქ ბორჯომში, ........, საკადასტრო კოდი ........) გამოთხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის განმარტებით, მან სადავო უძრავი ქონება იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ აუქციონზე შეიძინა და წარმოადგენს მის საკუთრებას.
2.2. მოპასუხე ქონებას უკანონოდ ფლობს და მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთარი ქონების განკარგვას, რის გამოც იძულებულია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი მისი ერთადერთი საკუთრებაა, სადაც ცხოვრობს არასრულწლოვან შვილიშვილებთან ერთად, მისი აზრით, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, შესაძლოა, საზიანო იყოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებისათვის.
4. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე პოზიცია:
4.1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი, როგორც არასრულწოვნების წარმომადგენელი, სარჩელს არ დაეთანხმება და სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქ ბორჯომში, ........., საკადასტრო კოდი ........ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება დადგინდა.
5.2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნ.ბ–იამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე და საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ ყოფილა გამხდარი.
6.3. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
6.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის თაობაზე აპელანტის პრეტენზია და განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანი ბავშვების ცხოვრების თაობაზე მითითება, ცალკე აღებული, ვერ გახდებოდა მესაკუთრის კანონიერი უფლებების შეზღუდვის საფუძველი.
6.5. სააპელაციო პალატამ მოიხმო საკუთრების უფლების მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლები და სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მართლზომიერად მიიჩნია.
6.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ბ–იამ.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია პირველი ინსტანციის სასამართლოში სოციალური მუშაკის მიერ გაცემულ დასკვნას, სადაც არაორაზროვნად იყო მითითებული, რომ სადავო ბინიდან არასრულწლოვანი ბავშვების გაყვანა ცუდ გავლენას მოახდენდა მათ სამომავლო განვითარებაზე.
7.2. კასატორის აზრით, „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციითა და ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისთვის, საჯარო დაწესებულებისა თუ ფიზიკური/იურიდიული პირებისთვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
7.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, ნ.ბ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- მოსარჩელის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ ბორჯომში, ვაჟა ფშაველას ქ. №3-ში, საკადასტრო კოდი .......;
- საკუთრების წარმოშობის საფუძველია განკარგულება NA19194810-019/001, დამოწმების თარიღი 06/07/2020, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო;
- მესაკუთრის კუთვნილ უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. ბინაში ცხოვრობენ მოპასუხის არასრულწლოვანი შვილიშვილებიც;
- ბავშვები ადაპტირებული არიან საცხოვრებელ გარემოსთან. ზ.მ–ძე დადის სკოლაში, ხოლო ნ.მ–ძე ბაგა-ბაღის აღსაზრდელია. ბავშვებს აქვთ ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი პირობები, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება დაცულია. ამჟამად ბავშვების საუკეთესო ინტერესი მშვიდი, უსაფრთხო და მზრუნველი ოჯახური გარემოს ქონაა. საჭიროა, მათ მშობლებს/ოჯახის წევრებს ჰქონდეთ ბავშვებზე ზრუნვის სათანადო საშუალება/პირობები.
13. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
14. როგორც ეს სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“, განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
15. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
16. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და ამ ნივთს სხვა პირი ფლობს თუ არა არამართლზომიერად (შდრ. სუსგები: №ას-709-2022, 30.09.2022წ.; №ას-1005-2023, 3.10.2023წ).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია: სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ. სუსგები: №ას-136-2019, 29.01.2021წ.; №ას-1437-2020, 24.12.2020წ.; №ას-1274-2020, 31.01.2020წ).
19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
20. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ იგი დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება სასამართლოს მიერ სადავო ბინაში მცხოვრები არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესის დარღვევის შესახებ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზია. ამ მიმართებით პალატა ეთანხმება კასატორს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების ვალდებულება დადგენილია, როგორც საერთაშორისო („ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი), ასევე – ეროვნული კანონმდებლობით (ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლი). თუმცა, პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლომ, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის ინტერესის უპირატესობის პრინციპით, ამავდროულად, უნდა შეფასდეს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოშობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს.
22. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. შესაბამისად, ბავშვისათვის საცხოვრებელი ადგილის მოძიება და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნა, პირველ რიგში, მისი მშობლების ვალდებულებაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, სახელმწიფო ვალდებულია, ოჯახს დაეხმაროს და ბავშვის სოციალური დაცვისათვის აუცილებელი ზომები მიიღოს (ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 და მე-12, 26-ე, 27-ე და 28-ე მუხლები). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მიუხედავად სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანი ბავშვების ცხოვრების ფაქტისა, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა, ვინაიდან არ არსებობს მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის არცერთი ლეგიტიმური საფუძველი (იხ. სუსგ. საქმე №ას-1474-2023, 10 იანვარი, 2024 წელი).
23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შეფასებაზე გავლენას ვერ იქონიებს ის ფაქტი, რომ სადავო ფართში ცხოვრობენ არასრულწლოვნებიც. პალატა დასძენს, რომ მოცემული დავისათვის გადამწყვეტია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, ხოლო კასატორი სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითებს (შდრ: სუსგ №ას-340-2023, 25 აპრილი, 2023 წელი).
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მხარეს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ბ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ბ–იას (პ/ნ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ს.ქ–ას მიერ 12/06/2023წ. №8713 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი