საქმე №ას-1131-2022 25 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი – ხ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი - შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, სამსახურში აღდგენა, განაცდური და გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ხ.ბ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარების, სამსახურში აღდგენისა და განაცდური, ასევე, გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება აღიარებულ იქნა უვადოდ დადებულ შრომით ხელშეკრულებად; მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 24 000 ლარის, ასევე, 2020 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის ხელფასის ანაზღაურება 6 000 ლარის ოდენობით.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მისი განმარტებით, ვინაიდან არსებობს მოპასუხე კომპანიაში თანამდებობა საიდანაც გათვისუფლდა მოსარჩელე, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა სრულად.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და არასწორად იქნა დადგენილი საქმის გარემოებები რასაც შედეგად კანონის არასწორი განმარტება მოჰყვა. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრისა და 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებებით შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ისა" და ხ.ბ–ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
10.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ.ბ–სა და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს 2016 წლის 1 სექტემბრის შემდგომ.
10.2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მხრიდან ხელფასის პირველად ჩარიცხვა ხ.ბ–ის სასარგებლოდ ფიქსირდება 01.09.2016 წელს, დანიშნულებით „ხელფასი“. შემდგომ, 02.11.2016წ. მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა 01.05.2017წ. ჩათვლით. ამ პერიოდში მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ერიცხებოდა ხელფასი.
10.3. 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლით უწყვეტად ერიცხებოდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისგან“ ხ.ბ–ს ანაზღაურება, დანიშნულებით „ხელფასი“.
10.4. ერთის მხრივ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ და მეორეს მხრივ ხ.ბ–ს შორის 18.07.2018წ. გაფორმდა ხელშეკრულება სახელწოდებით „მომსახურების ხელშეკრულება“.
10.5. ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანებით, ხ.ბ–ი - ახალი მიერთების სამსახურის ინჟინერი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 1 ივლისიდან, პირადი განცხადების საფუძველზე.
10.6. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, 31.01.2019წ. კვლავ გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება ახალი ვადით - 30.06.2019წ. ჩათვლით. მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმდა ასევე 31.07.2019წ და 30.09.2019წ. ბოლო ხელშეკრულება კი თარიღდება 31.12.2019 წლით.
10.7. 31.12.2019წ. ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
10.8. ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული იყო „შემსრულებლის“ ხ.ბ–ის ვალდებულებები. კერძოდ, „დამკვეთის“ მოთხოვნის შესაბამისად მას ევალებოდა: ა) „დამკვეთისთვის“ მიმდინარე სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი; ბ) „დამკვეთის“ სამშენებლო მოედნებსა და ობიექტებზე მძიმე მექანიზაციის გადანაწილება და მუშაობის კონტროლი; ბ) „დამკვეთის“ დღის ბოლოს ინფორმირება შესრულებული სამუშაოს შესახებ; გ) „დამკვეთისთვის“ წყალსადენ-წყალარინების ქსელების მოწყობის დაგეგმვა სირთულეების/პრიორიტეტების მიხედვით და გადანაწილება; დ) „დამკვეთის“ ინფორმირება პროექტით გათვალისწინებული ინვენტარის და მასალის მიწოდების ვადებზე და ამ ვადების კონტროლი; ასევე, აღნიშნული მასალებისა და ინვენტარის გახარჯვის აქტების შევსება და წარდგენა „დამკვეთისთვის“. ამავე დანართის მიხედვით, ხ.ბ–ის მომსახურება ანაზღაურდებოდა თვეში ერთხელ, „ჟურნალის“ ჩანაწერების შესაბამისად, კერძოდ კი, ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 2 500 ლარს.
10.9. „მომსახურების ხელშეკრულებების“ მოქმედების პერიოდში, ხ.ბ–ს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მხრიდან ერიცხებოდა თანხა უწყვეტად, ყოველთვიურად, თვის დასაწყისში - დანიშნულებით „ხელფასი“.
10.10. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის 1 ივლისიდან. ხ.ბ–ის განცხადების პასუხად, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელის 14.08.2020წ. წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულება შეწყდა მისი ვადის გასვლის გამო.
10.11. 2020 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების ანაზღაურება ხ.ბ–ს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მხრიდან არ მიუღია.
10.12. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელის 21.08.2020წ. ინფორმაციის შესაბამისად ირკვევა, რომ ხ.ბ–ი 2016 წლის 1 აგვისტოდან კომპანიაში დასაქმებულია შემდეგ პოზიციებზე: 01.08.2016-01.11.2016წწ. - ურდულებისა და რეგულატორების ჯგუფის ინჟინერი (კონტრაქტორი); 02.11.2016-02.11.2017წწ. - სამშენებლო სამსახურის ინჟინერი; 03.01.2017-30.06.2018წწ. - სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის, ახალი მიერთებების სამსახურის ინჟინერი; 01.07.2018-31.07.2019წწ. - სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის, ახალი მიერთებების სამსახურის უფროსი ინჟინერი (კონტრაქტორი); 01.08.2019-30.06.2020წწ. - სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის, ახალი მიერთებების სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კონტრაქტორი).
10.13. მოსარჩელემ ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით 21.05.2019-დან 05.06.2019-მდე (12 დღე).
10.14. მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა 2016 წლიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით წარმოადგენს შრომით ურთიერთობას.
11. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობის კვალიფიკაციაზე, რადგან კასატორის უმთავრეს არგუმენტს სადავო გარიგების მომსახურების ხელშეკრულებად განხილვის მოთხოვნა წარმოადგენს.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამრიგად, ორივე სახის ხელშეკრულება გულისხმობს პირის მიერ სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების სანაცვლოდ, თუმცა შრომითი ურთიერთობისას დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა)... ნარდობის სამართალურთიერთობის ნამდვილობისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი კი ისაა, რომ ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ურთიერთობა ხასიათდება კონსესუალური ბუნებით, ანუ წარმოშობილად ითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან და ნარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია მისი სუბიექტების თანასწორობა (დამოუკიდებლობა), რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე და არ ახასიათებს ორგანიზაციული დაქვემდებარება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის №ას-1132-1088-2016 განჩინება).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სამართალურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისთვის, განმსაზღვრელია გარიგებით შეთანხმებული, დასაქმებულის მიერ შესასრულებელი ფუნქციები და მათი შესრულების დამოუკიდებლობის ხარისხი. სამუშაოს არსის გათვალისწინებით, მოსარჩელის ვალდებულება კომპანიის წინაშე მოიცავდა არა ერთჯერად ან/და დროებით, არამედ ხანგრძლივ სამართალურთიერთობას, რისთვისაც იღებდა ხელფასს ყოველთვიურად. ამასთან, იგი იყო მოპასუხის დაქვემდებარებაში, რასაც მინიმუმ ის ფაქტები ადასტურებს, რომ დამსაქმებლის (უშუალო ხელმძღვანელის) თანხმობით გავიდა შვებულებაში, მიღებული აქვს სიგელი და სერთიფიკატი, ასევე სამსახურებრივი საშვი და 2020 წლის 26 აგვისტოს შიდა კანდიდატის რეკომენდაციის ფორმა, რომელშიც ცხადად იკითხება, რომ ხორციელდება სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის შეფასება. დასაქმებულის საქმიანობის შედეგი - რეზულტატი მოიცავდა არა მხოლოდ კონკრეტულ ერთ სამუშაოს ან/და ნაკეთობას, რომლის შესრულებისთვისაც მიიღებდა საზღაურს, არამედ მთელ სამუშაო პროცესს, ყოველდღიურად, დატვირთულს სხვადასხვა დავალებებითა და მითითებებით. დასაქმებულმა ისარგებლა კუთვნილი შვებულებით „მომსახურების ხელშეკრულების“ მოქმედების ფარგლებში. შვებულების უფლებაც ასევე შრომითი ურთიერთობისთვის არის დამახასიათებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნული აშკარა ფაქტობრივი მოცემულობაა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, კერძოდ დისპოზიციისა, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ვერ იქნება განხილული მომსახურების ხელშეკრულებად და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებით უნდა შეფასდეს და გადაწყდეს.
14. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
15. (საქართელოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი) შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის 13-ე ნაწილის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითიურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე 2016 წლიდან 2020 წლის ივნისის თვის ჩათვლით საქმიანობდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ში“. ხელშეკრულება შეწყდა 2020 წლის 1 ივლისიდან. მოსარჩელე ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდა მოპასუხის მიერ მასზე ნაკისრ ვალდებულებებს, რისთვისაც იღებდა ანაზღაურებას ყოველთვიურად და უწყვეტად, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები. ყველა ჩარიცხვა კომპანიის მხრიდან ხ.ბ–ის ანგარიშზე ხდებოდა დანიშნულებით „ხელფასი“. შრომითი ირთიერთობა უწყვეტად გრძელდებოდა 2016 წლის სექტემბრიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, რაც აღემატება კოდექსით განსაზღვრულ 30 თვიან პერიოდს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების უვადოდ აღიარების თაობაზე დასაბუთებულია და მართებულად დაკმაყოფილდა.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე, რომლის მე-8 ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო შრომით ხელშეკრულებას და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის, ახალი მიერთების სამსახურის საშტატო განრიგში არ არის გათვალისწინებული უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული და არც მისი ტოლფასი თანამდებობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაუშვებელია დამსაქმებლის იძულება, შექმნას დამატებითი საშტატო ერთეული.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კომპენსაციის გაანგარიშებს წესს; „კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის №ას-536-2021 განჩინება). ამავდროულად, „მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №ას-1032-2020 განჩინება).
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, მათ შორის, მოსარჩელის პიროვნების, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლისა და ყოველთვიური ხელფასის ოდენობის, მხედველობაში მიღებით იქნა გაანგარიშებული. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო პალატას, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრულად მიაჩნია მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. ხ.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ.კ.ის მიერ 10.10.2022წ. №14742706915 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 19.07.2022წ. №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1500 ლარის 70% – 1050 შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი