Facebook Twitter

საქმე №ას-1410-2023 15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე ან სააგენტო) წინააღმდეგ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, მოსარჩელემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტს არ გამოუსწორებია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში.

4.1. კერძო საჩივრის მიხედვით, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განჩინება ხარვეზის თაობაზე მისი ოჯახის წევრს ჩაბარდა, ამასთან მისთვის უცნობი იყო გზავნილის მიღების თარიღი, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება. კერძო საჩივრის ავტორმა, განმარტა, რომ სასამართლოს, თავისი ინიციატივითაც შეეძლო ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინების შეფასება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

8. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის რეკვიზიტები, სააპელაციო საჩივრის ელ ვერსია და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

9. აღნიშნული განჩინება, აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 2 აგვისტოს. დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მიმართა სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად „წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.“, 61-ე მუხლის მიხედვით „საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“ 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ მხარეს სათანადო წესით ეცნობა 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესახებ, რომლის გამოსწორების 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 3 აგვისტოს და ამოიწურა იმავე წლის 9 აგვისტოს. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში სასამართლოსთვის აპელანტს არ მიუმართავს, მხოლოდ, 2023 წლის 10 აგვისტოს წარადგინა განცხადება. აღსანიშნავია, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შევსების ასევე, თანდართული, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის მიხედვით თანხის გადახდის თარიღად მითითებულია 10 აგვისტო, ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის შემდეგი დღე.

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე, გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა აპელანტს თავისი ინიციატივით გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის საფუძვლით, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი