საქმეNას-574-2024 16 ივლისი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ვ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ.ტ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ზ.ტ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ვ–ის“ წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 2 485 288.95 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მისი შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის 7 000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში.
5. განჩინება აპელანტის ადვოკატს გაეგზავნა საადვოკატო ბიუროს მისამართზე და ჩაბარდა იურისტს ა. მ–ს 2024 წლის 27 თებერვალს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით.
6. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 (ათი) დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 28 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 11 მარტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
7.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, დადგენილ ვადაში გადაიხადა, გამორჩა მისი წარდგენა სასამართლოში.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილვ–ად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ მხარემ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, კანონით დადგენილი წესის მიხედვით არ შეავსო.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
13. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა საადვოკატო ბიუროს მისამართზე და ჩაბარდა იურისტს ა. მ–ს 2024 წლის 27 თებერვალს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 (ათი) დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 28 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 11 მარტს (მომდევნო პირველ სამუშაო დღეს. იხ. სსკ-ის 61.2 მუხლი). საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
14. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო, ვერც თავისი ინიციატივით გააგრძელებდა საპროცესო ვადას (სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავხებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
16. კერძო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ვინაიდან, დადგენილი ხარვეზი დროულად გამოასწორა მხარემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2024 წლის 7 მარტს, ხარვეზის გამოსწორებისათვის, განჩინებით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, თუმცა, კომპანიის დირექტორს გამორჩა შესაბამისი განცხადებით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენა სასამართლოში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარზე დართულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რომელზეც გადახდის თარიღად მითითებულია, 2024 წელი, ხოლო, დანიშნულებაში „სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილვ– საქმეებზე“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრით არ ირკვევა, კონკრეტულად რომელ საქმეზეა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრასაც, რომ ემსახურებოდეს აღნიშნული ბაჟის გადახდა, ხარვეზი მაინც ვერ ჩაითვლება გამოსწორებულად, ვინაიდან, კანონით დადგენილ დროში და წესით არ ყოფილა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში (შდრ. სუსგ. საქმე №ას-1459-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი; საქმე №ას-1184-1126-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი; საქმე №ას-472-2022 26.07.2022წ პ24; საქმე №ა-601-ა-6-202421 ივნისი, 2024 წელი )
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).;
18. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ემუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირვ–ი ნაწილი).
19. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-499-2024, 29 მაისი, 2024 წელი თბილისი).
20. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, ხოლო კერძო საჩივრის პრეტენზიების მიხედვით არ დგინდება ამავე განჩინების გაუქმების საფუძვლები, რის გამოც მის ავტორს უარი უნდა ეთქვას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმისწარმოების გაგრძელებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე