საქმეNას-344-2024 16 ივლისი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ვ.უ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ბ–ის სარჩელი ვ.უ–ის წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა.
2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საპელაციო საჩივრით, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განსახილველადაა მიღებული. იმავე სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით, სხდომა დაინიშნა 2024 წლის 22 იანვარს, 11:00 საათზე.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 22 იანვარს 10:11 საათზე განცხადებით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა სხდომის გადადება. იმავე დღეს დანიშნულ სხდომაზე კი არ გამოცხადდა, ხოლო, სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სხდომის გადადების თაობაზე აპელანტის განცხადებას.
3.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით დროულად მიმართა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე განცხადებით, იმ მოტივით, რომ ძლიერ ავადმყოფობდა. მიუხედავად იმისა, რომ დროულად ვერ წარადგინა შესაბამისი ცნობა, რომელსაც მოგვიანებით წარადგენდა, სააპელაციო სასამართლოს საპატიოდ უნდა ჩაეთვალა აღნიშნული შემთხვევა და სხდომა გადაედო სხვა დროისთვის.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ აპელანტის შუამდგომლობა, სხდომის გადადების თაობაზე არ შეიცავდა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ საპატიოობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
9. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
10. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
11. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
12. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
16. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
18. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
19. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
20. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
21. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე ან შრომისუუნარობის ფურცელი( ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა შემდეგი: „საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბოლატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას (სუსგ №ას-1976-2018, 30.04.2020 წ.)).
22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 22 იანვრის განცხადებაში აპელანტი განმარტავდა, რომ არის მძიმე ავადმყოფი და ვერ ახერხებს გადაადგილებას, რის გამოც ვერ გამოცხადდებოდა დანიშნულ სხდომაზე. ამასთან, განმარტავდა, რომ ავადმყოფობის დამადასტურებელ ცნობას წარადგენდა მომავალ სხდომაზე.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, არც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და არც შემდეგ, მათ შორის კერძო საჩივრით მიმართვისას, სასამართლოსთვის არ წარუდგენია ცნობა, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო (იხ. სუსგ. საქმე №ას-171-2024, 12.06.2024 წელი; საქმე №ას-733-2024, 11.07.2024; საქმე №ას-421-399-2012, 30.04.2012 წელი; საქმე №ას-237-224-2015, 25.05.2015 წელი; საქმე №ას-634-634-2018, 31.10.2018 წელი; საქმე №ას-1151-2021, 21.12.2021 წელი).
25. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.უ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე