საქმე №ას-911-2024
11 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ.ა–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ფ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ.ა–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „განმცხადებელი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ფ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების უარყოფის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება ხარვეზის შესახებ ჩაბარდა არა მხარეს, არამედ მის წარმომადგენელს, რომელიც მას აღარ წარმოადგენდა, შესაბამისად, ჩაბარება არაუფლებამოსილ პირზე განხორციელდა და ვადის ათვლა ისე დაიწყო, რომ კერძო საჩივრის ავტორს დადგენილი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს აპელანტისათვის სასამართლოს გზავნილის ჩაბარებისა და, შესაბამისად, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
13. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება ხარვეზის შესახებ ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, კერძოდ, წარმომადგენელს, რომელიც მას პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
15. ამდენად, სასამართლოს გზავნილი შეიძლება გაეგზავნოს და ჩაბარდეს როგორც მხარეს, ისე მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ორივე შემთხვევაში გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.
16. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს, ალექსანდრე გიოშვილს, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ ადვოკატთა - „წევრთა ერთიანი“ სიის მიხედვით, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია (სიითი № 2541).
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
18. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ხოლო, იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა. კერძოდ, ვინაიდან ალექსანდრე გიოშვილი წარმოადგენს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატს, იგი არ იყო უფლებამოსილი, წინამდებარე სამოქალაქო დავაში მხარის უფლებები დაეცვა, მათ შორის, ჩაებარებინა სასამართლოს გზავნილი.
20. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ, რის გამოც არ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (იხ. მსგავს სამართლებრივ საკითხზე სუსგ საქმე №ას-1105-2023, 13.10.2023; №ას-1262-2022. 09.01.2023).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 399-ე, 284-ე,285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ.ა–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინება და საქმე შ.ა–იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე