საქმე №ას-1005-2024
11 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.გ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც მოპასუხემ ცნო სარჩელი სრულად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია პირველივე ეტაპზე უნდა დარჩეს განუხილველად.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო, არამედ აღნიშნული მხარემ მორიგების მიზნით გააჟღერა. სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიღების ეტაპზე, ფაქტობრივად, არსებითად განიხილა საქმე, რითაც დაირღვა მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო უფლებები. ამასთან, აპელანტს უნდა მისცემოდა საშუალება წარმდგარიყო სხდომაზე და დაეფიქსირებინა პოზიცია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
14. საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
15. სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი საპროცესო სამართლის ქვაკუთხედია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ნორმაში მითითებული თითოეული ელემენტი წარმოადგენს იმ საპროცესო უფლებათა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა განკარგვა მხარის ნებაზეა დამოკიდებული და, ბუნებრივია, სასამართლოს მხრიდან რაიმე იძულება ამ უფლებათა განხორციელებაში დაუშვებელია. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, რა თქმა უნდა, სრულად ექცევა დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში და იგი მხარის მხოლოდ უფლებას და არა ვალდებულებას წარმოადგენს, ისევე, როგორც სარჩელისა თუ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის მატერიალური საფუძვლიანობის/გამართულობის ტვირთი სრულად აწევს მოდავე მხარეს, თუმცა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში პირის მიერ საპროცესო საშუალებათა განკარგვა და ამ განკარგვის პროცესუალური სისწორე, მაგალითად: სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან ე.წ ფორმალური მოსამზადებელი პროცესის წარმოება (სსსკ-ის 364-ე-3761 მუხლები), რომლის ფარგლებშიც, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს საჩივრის ფორმალური შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მათ შორისაა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტს, რომლებსაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, საჩივარს დაუდგინოს ხარვეზი და მის ავტორს დაავალოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელება, მათ შორის სააპელაციო მოთხოვნის საფუძვლების დასახელება და მითითება, თუ რომელი მტკიცებულებები გაამართლებენ ამ საფუძვლებს. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოების მეორე ეტაპს (სსსკ-ის 377-ე და მომდევნო ნორმები), სწორედ ამ ეტაპზე მოწმდება სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების საფუძვლიანობა და ამ გზით განისაზღვრება საჩივრის წარმატებულობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1357-2018, 24.12.2018).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს). კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-847-2019, 26.12.2019წ; №ას-302-285-2017, 16.06.2017წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.).
19. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად.
20. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მოპასუხის/აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი, ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სსსკ-ის 370-ე მუხლის შესაბამისად, უარი თქვა გასაჩივრების უფლებაზე. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში, აღნიშნა, რომ ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, თუმცა მან არსებითად იმსჯელა სარჩელის ცნობის ინსტიტუტზე, აპელანტის მიერ სარჩელის ცნობაზე და აღნიშნა, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის წინაპირობები.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაშვებობის ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა საჩივრის ფორმალური შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან და თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებდა სსსკ-ის 364-ე-3761-ე მუხლების მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ იქნებოდა გადახდილი, სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი. მხოლოდ დადგენილი ვადის უშედეგო გასვლის შემდგომ (ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში) იყო სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი წინამდებარე სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად. ის საკითხები კი რასაც სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განუხილველობის ფარგლებში აფასებს, არსებითი მსჯელობის საგანია სააპელაციო წესით საქმის არსებითი განხილვისას, რა დროსაც სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 399-ე, 284-ე,285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
მ.ბ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე მ.ბ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე