საქმე №ას-1006-2024
11 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეს – ა.ნ–ი
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისისა და 11 ივლისის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“ , „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა რამდენი მონაწილეც არის საქმეში, საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში.
6. 2024 წლის 3 ივლისს მოსარჩელემ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
8. 2024 წლის 10 ივლისს მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით განუხილველად დარჩა.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც მხარეს არ მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებებზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შესამოწმებლად.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ფორმალურ სააპელაციო საჩივარში მითითებული ჰქონდა, რომ დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს წარადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ. სააგენტომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი 8 ივლისს გააგზავნა სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კი info.court.ge-ს მეშვეობით გაეცნო (რომელიც დასახელებულ პორტალზე მხარისვე მითითებით, 2024 წლის 28 მაისს აიტვირთა), თუმცა სასამართლო ვალდებული იყო ჩაებარებინა მხარისათვის გადაწვეტილება, რამდენადაც მათი ატვირთვა პორტალზე არ ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის ნაწილობრივ შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასაართლოს 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა რამდენი მონაწილეც არის საქმეში, საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. 2024 წლის 3 ივლისს მოსარჩელემ წარადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2024 წლის 3 ივლისის განცხადებაში აპელანტი მიუთითებს, რომ 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით მხარეს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა არაფერს ამბობს ხარვეზის დანარჩენ ნაწილზე. სააგენტომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი მხოლოდ 2024 წლის 8 ივლისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) წარადგინა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით, ასევე, დარჩა განუხილველად. კერძო საჩივარში მხარე უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია და მას info.court.ge-ს საშუალებით გაეცნო (როგორც მხარე მიუთითებს, პორტალზე გადაწყვეტილება 2024 წლის 28 მაისს არის ატვირთული). საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით, მხარეებს განემარტათ გასაჩივრების წესი, კერძოდ, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ აღნიშნული ვადის დარღვევით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, კერძოდ, იგი ვალდებული იყო დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით არა უადრეს 12 და არა უგვიანეს 22 მაისისა მიემართა სასამართლოსათვის, თუმცა მან განცხადება საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 27 მაისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) (იხ. ს.ფ. 229-230) წარადგინა. ამასთან, სხვა განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ საქმეში არ მოიპოვება. ასევე მნიშვნელოვანია თავად მხარის მითითება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება პორტალზე (info.court.ge) 2024 წლის 28 მაისს აიტვირთა, შესაბამისად, მხარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გასვლამდე (2024 წლის 3 ივლისი) საკმარისი დრო ჰქონდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაცნობად, ჩასაბარებლად და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის მოსამზადებლად. ასეც რომ არ იყოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, სააპელაციო პალატა საკუთარი ინიციატივით კი, ვერ იმსჯელებდა საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხზე, ამ ვითარებაში, მან სწორად იხელმძღვანელა ამავე ნორმის მე-5 ნაწილით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოპასუხეს ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, ეშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 64-ე მუხლი), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე №ას-195-195-2018, 18 მაისი 2018 წელი).
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
21. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად (იხ. სუსგ: №ას-501-469-2017; 2017 წლის 23 ივნისის განჩინება).
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისისა და 11 ივლისის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე