საქმე №ას-398-2024 24 ივლისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობადახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, .... მდებარე საცხოვრებელი სადგომიდან ლიტერი „ბ“ - საერთო ფართი - 28.03 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 18.83 კვ.მ., დამხმარე ფართი - 9.20 კვ.მ. და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 10.15 კვ.მ. აღრიცხულია ს.კ–ვის სახელზე.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 ივლისის წერილის თანახმად, საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნულ ფართზე ს.კ–ვის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილის მიხედვით, შენობა N1 (ლიტ „ა“)-ზე რეგისტრირებულია ვ.მ–ძის და თ.მ–ძის თანასაკუთრების უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის დადგენილების საფუძველზე ს.ი. ძე კ–ვის გარდაცვალების თარიღად მიჩნეული იქნა 1986 წლის 04 სექტემბერი.
4. ს.კ–ვის მეუღლე - მ.ა. ას. კ–ვა გარდაიცვალა 2000 წლის 19 ივნისს.
5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2021 წლის 25 მარტისა და 2022 წლის 24 მარტის ინფორმაციებით დადგენილია, რომ 1986 წლის 04 სექტემბერს გარდაცვლილი ს.ი. ძე კ–ვის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. რეგისტრირებული ასევე არ არის ჩანაწერი ს.ი. ძე კ–ვის სახელით დამოწმებულ ანდერძზეც, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში.
6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 26 დეკემბრის N01/264965 წერილის მიხედვით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება 1984 წლის 04 სექტემბერს გარდაცვლილი ს.ი. ძე კ–ვის მიმართ რეგისტრირებული სააქტო ჩანაწერები მისი ქორწინების, შვილებისა და დაბადების შესახებ.
7. თ.კ–ძე (ქორწინების შემდგომ - დ–ძე) არის ნ.ხ–ის (ქორწინების შემდგომ - კ–ძე) შვილი. მოსარჩელის დედა - ნ.კ–ძე გარდაიცვალა 2006 წლის 09 თებერვალს.
8. ნ.კ–ძის მეუღლემ - ზ. კ–ძემ და ნ.კ–ძის დედამ - მ.ხ–მა ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებში დაადასტურეს, რომ მათ არ მიუღიათ ნ.კ–ძის სამკვიდრო არც ფაქტობრივი დაუფლებით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით და აღნიშნულს არც აპირებენ, ვინაიდან არანაირი პრეტენზია დანაშთ ქონებაზე არ გააჩნიათ.
9. თ.დ–ძის განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - თ.დ–ძის მიერ დედის - ნ.კ–ძის სამკვიდროს მიღების ფაქტი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა სრულ დანაშთ ქონებაზე.
10. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2021 წლის 30 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით ნ.ხ–ი (მოსარჩელის დედა) 1998 წლის 15 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თბილისი, ......., რომელიც გაუქმებულია 2008 წლის 16 ივნისს.
11. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2021 წლის 30 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით თ.კ–ძე 2001 წლის 01 ნოემბრიდან 2008 წლის 16 ივლისამდე რეგისტრირებული იყო ქ.თბილისი, ........ თ.დ–ძე 2008 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 17 ივლისამდე რეგისტრირებული იყო ქ.თბილისი, .......
12. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2021 წლის 30 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით ქ.თბილისში, .......... მიმდებარედ, დაუმისამართებელ შენობაში თ.დ–ძე რეგისტრირებულია 2021 წლის 06 ივნისიდან.
13. არ დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ....... მდებარე ს.კ–ვის კუთვნილი 66,21 კვ.მ. ფართის სადგომის მოსარგებლეს წარმოადგენდა ნ.კ–ძე, რომლის უფლებამონაცვლე არის მოსარჩელე თ.დ–ძე.
14. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
14.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით ს.კ–ვის სახელზე აღრიცხული 66,21 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ.თბილისი, ........ და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს თ.დ–ძეს.
14.2. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თ.დ–ძის (ქორწინებამდე გვარი - კ–ძე) დედამ - ნ.კ–ძემ (ქორწინებამდე გვარი - ხ–ი) 1984 წელს ქ.თბილისში, ........ იქირავა საცხოვრებელი სადგომი, რომელიც ეკუთვნოდა 1913 წელს დაბადებულ ს.ი. ძე კ–ვს. იმავე წელს ს.კ–ვმა და ნ.კ–ძემ მოილაპარაკეს, რომ ს.კ–ვი მას მიჰყიდდა მთლიან საცხოვრებელ სახლს, კერძოდ, 66,21 კვ.მ-ს 3500 საბჭოთა მანეთად. აღნიშნული სიტყვიერი შეთანხმება მხარეებმა წერილობით გააფორმეს 1984 წლის 25 მაისს, რომლის სინამდვილე დაამოწმეს როგორც ს.კ–ვმა, ისე მოწმეებმა. ნ.კ–ძემ თანხა სრულად გადასცა გამყიდველს ხელწერილის შედგენისას.
14.3. ს.კ–ვი გარდაიცვალა 1986 წლის 04 სექტემბერს, ხოლო მისი მეუღლე მ.კ–ვი - 2000 წლის 19 ივნისს. მათ არ დარჩენიათ მემკვიდრეები.
14.4. ნ.კ–ძემ მოახდინა ბინის რემონტი, სადაც მეუღლე ზ. კ–სთან და შვილთან - თ.კ–ძესთან (მოსარჩელე) ერთად ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, 2006 წლის 09 თებერვლამდე. მოსარჩელე თ.დ–ძე 1984 წლიდან დღემდე ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ფართში, ამჟამად უკვე შვილებთან ერთად და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
15. მოპასუხის შესაგებელი
15.1. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი. მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი არ პასუხობდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
15.2. მოპასუხე დადასტურებულად არ მიიჩნევდა სადავო სადგომის უმკვიდროობის ფაქტს და მიუთითებდა, რომ არ დგინდებოდა ს.კ–ვის რომელიმე რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
15.3. საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე აპელირებდა მარეგულირებელი კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტავდა, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მოსაზრებით, არ დასტურდებოდა როგორც ს.კ–ვს და ნ.კ–ძეს შორის 1984 წელს შედგენილი ხელწერილის ავთენტურობა, ისე თანხის გადახდის ფაქტი, ასევე უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელის დედისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი არ იყო ასევე საინფორმაციო ბარათი ან სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ან მისი დედა რეგისტრირებული იქნებოდნენ სადავო სადგომში. შესაგებლით სადავოდ იყო გამხდარი კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტობრივი გარემოებაც, რამდენადაც, საქმეში არ იყო წარმოდგენილი არც აბონენტად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც თანხის გადახდის ქვითრები.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, უმკვიდროდ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით ს.კ–ვის სახელზე აღრიცხული 66,21 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ.თბილისი, ........ და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა თ.დ–ძეს.
17. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
19. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა
19.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს სწორად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მაგრამ არასწორად განმარტა ის. ნორმის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის მოქმედების მომენტისთვის კანონიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალურის გადახდით და მესაკუთრისთვის გარკვეული საფასურის გადახდით.
19.3. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ აღნიშნული კრიტერიუმები დააკმაყოფილა, წარმოადგინა ნასყიდობის ხელწერილი, ნოტარიუსთა პალატის, საჯარო რეესტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროვაიდერი კომპანიების ცნობები, ასევე მოწმეები, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღებისა და ქონების ფლობის ფაქტები, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი დასაბუთება სახეზეა, სააპელაციო პალატამ კი არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი.
19.4. მიუხედავად ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა დაენიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და მოითხოვა შესადარებელი მასალების წარმოდგენა, რომლებიც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა მოპოვებული მისი მცდელობის მიუხედავად, სწორედ ხელწერის დადასტურების შეუძლებლობის გამო არ დააკმაყოფილა სააპელაციო პალატამ სარჩელი, რაც მტკიცების არასტანდარტულ გადანაწილებას გულისხმობს, რადგან სხვა მტკიცებულებებით დასტურდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი წინაპირობები.
19.5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგება ვერც საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით და ვერც კომუნალური გადასახადის გადახდით, თუმცა უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნულ სახლში მოსარჩელე რეგისტრირებულია 2021 წლის 06 ივნისიდან.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
24. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.). სსსკ-ის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, პოზიტიური მტკიცების ტვირთი ევალება იმ მხარეს, რომლის ინტერესებშიცაა ამ ფაქტის დადასტურება, თუმცა მისთვის ობიექტურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
28. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
29. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
30. კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამდენად, აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპური სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულაციურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც (იხ. 2012 წლის 23 ივლისი, №ას-198-191-2012).
31. განსახილველ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი პრობლემა მდგომარეობს საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობასა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი წინაპირობების შემოწმების შედეგად სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების კვლევა.
32. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ხელწერილის დედანზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც უნდა დადგენილიყო ხელწერილზე არსებული ხელმოწერა „ს.ი. კ–ვი“ ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ს.ი. ძე კ–ვს. აღნიშნული საკითხი დასადგენი ფაქტობრივი გარემოება გახდა, რადგან მოპასუხე მხარემ მისი ნამდვილობა გახადა სადავო.
33. 2023 წლის 13 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილი სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5005918323 წერილში მითითებულია შემდეგი: „გაცნობებთ, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თქვენი 2023 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინების საფუძველზე, სამოქალაქო #2ბ/1780-23 საქმეზე, დანიშნულ ხელწერის #1007303823 ექსპერტიზის (ბიუროში რეგისტრაციის თარიღი 12.09.2023წ) საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ კვლევისათვის არ არის წარმოდგენილი შესადარებელი მასალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ექსპერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად, აუცილებელია წარმოგვიდგინოთ: ს.კ–ვის ხელმოწერების (გამოსაკვლევი ხელმოწერების შესაბამისი ტრანსკრიფციის, ქართულ ენაზე, ტექსტის სახით) თავისუფალი ნიმუშები (დედნები) შესრულებული ამ საქმისაგან დამოუკიდებლად (ხელმოწერები განცხადებებზე, ავტობიოგრაფიაზე, პასპორტზე, პირადობის მოწმობაზე, უწყისებზე, შემოსავლისა და გასავლის ორდერებზე, ჩანაწერები, მიმოწერები და ა.შ.) გთხოვთ, გვაცნობოთ შესაძლებელი არის თუ არა ზემოთ მითითებული მასალების მოპოვება, ხოლო დადებით შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ ათ სამუშაო დღის ვადაში.“
34. აღნიშნული მომართვის საფუძველზე, მოსარჩელეს დაევალა შესადარებელი სხვა ხელმოწერის სასამართლოში წარმოდგენა, ან დაეყენებინა შუამდგომლობა ხელმოწერის შესადარებელი ნიმუშების გამოთხოვის თაობაზე. მოსარჩელემ წარადგინა სწორედ აღნიშნული შინაარსის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და გადადო სხდომა. მიუხედავად ამისა, შემდეგ სხდომებზე მოსარჩელე მხარეს შუამდგომლობა ხელმოწერების შესადარებელი ნიმუშების რომელიმე უწყებიდან გამოთხოვის მიზნით სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ვინაიდან მისთვის უცნობია, თუ სად შეიძლება არსებობდეს ნიმუშები. ასევე არ წარმოდგენილა შესაბამისი უწყებებიდან უარი, რაც წინაპირობა იქნებოდა, რომ სასამართლოს გამოეთხოვა მტკიცებულებები მხარის (მხარეთა) შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება სასამართლოს შეკითხვაზე კომუნალურ გადახდებთან დაკავშირებით, თ.დ–ძემ ამავე სხდომაზე განმარტა, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მას ნამდვილად გააჩნდა, თუმცა, მათი მოძიება ვეღარ მოახერხა და შესაბამისად, წარმოდგენილი არ ყოფილა.
35. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საკანონმდებლო რეგულირების ურთიერთშეჯერების საფუძველზე აღნიშნავს, იმისათვის, რომ ასეთი სახის სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია უპირველესად, მოსარჩელემ დააკმაყოფილოს მოსარგებლის სტატუსის მინიჭების წინაპირობები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირმა მფლობელობის უფლება უნდა მიიღოს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ არსებული გარიგების საფუძველზე.
36. დათმობის შესახებ გარიგების, როგორც ფაქტის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდა, ან მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა. ამ წინაპირობებს არ აქვთ კუმულაციური ხასიათი, თუნდაც ერთ-ერთის არსებობა უკვე საკმარისია წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის. განსახილველი დავის ფარგლებში კი მოსარჩელემ ვერ შეძლო ვერც ერთი აღნიშნული მოცემულობის დამტკიცება.
37. მართალია, საქმეში წარმოდგენილია 1984 წლის 25 მაისის ხელწერილი, რომლის თანახმად, ს. კ–ვმა განაცხადა, რომ 1984 წლის 25 მაისს ნ.ხ–ისგან მიიღო 3500 მანეთი და სანაცვლოდ გადასცა მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ...... ხელწერილზე მითითებულია ს.ი. კ–ვის ხელმოწერა და მოწმეების ხელმოწერები - ე. ბერიანიძე და ი. ხინჩახაშვილი, თუმცა, სააპელაციო პალატის განხილვის დროს, მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ დადასტურდა ს. კ–ვის ხელწერილზე არსებული ხელმოწერის ავთენტურობა, რაც გამორიცხავს ხელწერილის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიმართ არსებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მტკიცების ტვირთის დაძლევა.
38. სააპელაციო განხილვის ეტაპზე, აპელანტის მეორე შედავება გულისხმობდა მეორე კრიტერიუმის სადავოობაც. შესაბამისად, აუცილებელი გახდა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც, ცხადია, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი შემავალი ვალდებულება იყო, რაც, როგორც საქმის მასალებით ჩანს, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო. ასევე, საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელე თ.დ–ძე 2001 წლიდან დღემდე სამ სხვადასხვა მისამართზე იყო რეგისტრირებული (ტ.1, ს.ფ. 41-44) და სადავო მისამართზე მხოლოდ 2021 წლის 06 ივნისიდან არის რეგისტრირებული. მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 1984 წლიდან (ხელშეკრულების დადების თარიღიდან) ან თუნდაც ს.კ–ვის გარდაცვლილად გამოცხადებიდან - 1986 წლიდან, ან დედის გარდაცვალებიდან 2006 წლიდან სადავო ფართში რეგისტრაციას. უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელი - დედა, რომ იყო 1984 წლიდან გარდაცვალებამდე ან თუნდაც 1997 წლამდე სადავო ფართში იყო რეგისტრირებული. საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ნ.ხ–ი (შემდგომში - კ–ძე) 1998 წლის 15 ივნისიდან გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო ქ.თბილისში, ..........
39. დამატებით, კომუნალური გადახდის ქვითრებთან მიმართებით, სს "თ–დან" (ტ.1, ს.ფ. 112), ასევე სს "თ.ე–დან" გამოთხოვილია ინფორმაციით არ დასტურდება ს.კ–ვის დანაშთი ქონების ფლობის ფაქტი 1984 წლიდან 1997 წლამდე პერიოდში ვერც მოსარჩელისა და ვერც მისი მამკვიდრებლის მიერ.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მის მიმართ არსებული მტკიცების ტვირთის უზრუნველყოფა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ მართლზომიერად გახდა.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განმხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე