Facebook Twitter

№ას-805-2024

10 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – პ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაცია და მატერიალური ზარალის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით პ.ჩ–ძის სარჩელი ს.ს.გ.დ–ტის მიმართ, კომპენსაციისა და მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით პ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორ პ.ჩ–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივრის ღირებულების დაზუსტების შემდეგ სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითრის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებები. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 24 ივლისს.

2024 წლის 26 ივლისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, ცნობა კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჩატარებული გამოკლვევების კალკულაცია და კასატორისათვის ჩასატარებელი პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის ღირებულების ამსახველი დოკუმენტი. წამომადგენელმა განმარტა, რომ კასატორი არის პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იტარებს ქიმიოთერაპიის კურს, საბოლოო დიაგნოზის დასასმელად საჭიროებს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის ჩატარებას, რომლის ღირებულება შეადგენს 3 500 ლარს და მის დაფინანსებაზე კასატორს ეთქვა უარი. ასევე ადვოკატმა განაცხადა, რომ კასატორს თითქმის ყოველდღიურად ესაჭიროება 50 ლარიდან 200 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები, ჰყავს უმუშევარი შვილი და მეუღლე, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 1 თვით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის 1 თვით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კასატორ პ.ჩ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 20 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის ფასის მითითებით და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს 2024 წლის 6 აგვისტოს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

2024 წლის 27 აგვისტოს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით და სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2024 წლის 6 აგვისტოს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს თემურ გოგსაძეს პ/ნ 01019013925 (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ. III, ს.ფ. 372-374; მინდობილობები ტ.I, ს.ფ 21-26).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 20 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 7 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 26 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო ან რაიმე შუამდგომლობით მოემართა სასამართლოსათვის 2024 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება წარმოადგინა 2024 წლის 27 აგვისტოს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ხოლო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით პალატას მომართა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის - 2024 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 63-ე მუხლებისა, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია